საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო კონფერენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანი სანქციების პირობებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პირობებში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მსოფლიოს ეკონომიკური სისტემის ცვლილებები და ამ კონტექსტში ცალკეული ქვეყნების მიმართ ეკონომიკური სანქციების გამოყენების საკითხები. ბევრი მკვლევარის აზრით, მსოფლიოში სულ უფრო რთული ხდება პროცესების პროგნოზირება, მაგრამ სანქციების გამოყენების პრეცედენტები პერსპექტივაში ალბათ გაიზრდება როგორც ცალკეული სახელმწიფოების, ასევე ცალკეული ჯგუფების მიმართ. მაგრამ, როგორც გამოცდილება, გვიჩვენებს, სანქციები პრობლემებს კი არ წყვეტს, არამედ მათ უფრო ამწვავებს. ამ აზრის დასტურად შეიძლება გამოდგეს ირანის მაგალითი. სანქციებმა გავლენა იქონია ირანის ეკონომიკაზე, მაგრამ ეკონომიკური კოლაფსის ორგანიზება ვერ მოხერხდა. დაგეგმილი ხუთწლედების საშუალებით, ირანმა პრობლემებს თავი გაართვა და შუა და ახლო აღმოსავლეთში მეორე ადგილი დაიმკვიდრა, ხოლო აზიის ქვეყნებს შორის მეშვიდე. შედეგებმა ნათლად დაგვანახა, რომ სანქციების პირობებშიც ქვეყანას შეუძლია განვითარდეს და თავი დაახწიოს პრობლემებს.

ირანი - რეგიონის ლიდერი ქვეყანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანი თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი რესურსების გამო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა არამარტო რეგიონის, არამედ საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებში. ირანისათვის დაწესებული სანქციების მოხსნის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რამაც გავლენა იქონია მის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. კვლევის მიზანს წარმოადგენს ირანის პოსტსანქციების პერიოდის საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესის განხილვა. ხაზგასმულია ის, რომ ისლამური რესპუბლიკის თანამედროვე საგარეო პოლიტიკა ძირითადად ემყარება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური პროცესების ვითარებაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას მრავალმხირივი განვითარების გრძელვადიან პერსპექტივებს. თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ირანს როლს, მიზნებს მათი მიღწევის გზებს. ირანი ცდილობს საკუთარი რეგიონალური გლობალური როლის გაზრდას. მათ შორის ისლამური დემოკრატიის განვითარებას. ამასთანავე ცალმხრვი მრავალმხრივი და ურთიერთობების გაღრმავებას მეზობელ სახელმწიფოებთან. ირანი ისლამური რესპუბლიკა დიდი ძალისხმევით ცდილობს უთანხმოებების მოგვარებას სხვა ქვეყნებთან. როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე პოზიტიური ჩართულობით ხელსუწყობს მშვიდობის გამყარებას. თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის გათვალისწინებით ირანის პოსტსანქციების საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. ეს ქვეყანა კრიზისებით სავსე რეგიონში მდებარეობს. მას, როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ ძალას თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო უნიკალური პოზიცია აქვს. ირანის ისლამური რესპუბლიკა აქტიურად მონაწილეობს რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისათვის. მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ხელისშემშლელი მოვლენების გათვალისწინებითა და საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელი ხდება ირანის საგარეო პოლიტიკის პრაგმატული მიდგომების დაგეგმვა. ისლამური ისტებლენშმენტი პირველ ადგილზე ამჟამადაც პრაგმატიზმს აყენებს. ხოლო ისლამური იდეოლოგია მის გამამყარებელ როლს ასრულებს. ამას ადასტურებს ამჟამინდელი დიპლომატიური გუნდის აქტიური პრაქტიკული საქმიანობა. ამას გარდა გასათვალისწინებელია ირანის ისლამური რესპუბლიკის სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, რაც მისი, როგორც რეგიონის ლიდერის პოზიციას კიდევ უფრო აძლიერებს. სანქციების მოხსნის შემდგომ ირანის სწრაფი ეკონომიკური დაწინაურება შესამჩნევია. ირანული სხვადასხვა სახის პროდუქცია ბევრად გასცდა რეგიონის ქვეყნების ბაზარს.

აქემენიდები და სამხრეთ კავკასია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეროდოტეს ცნობით, სპარსელთა (აქემენიანთა) ძალაუფლება კავკასიონის მთებამდე ვრცელდებოდა და სამხრეთი კავკასია ნაწილობრივ მაინც უშუალოდ შედიოდა XI, XVIII და შესაძლებელია XIX სატრაპიაშიც. ,,კოლხები და მათი მეზობლები“ კი პერიოდულად უგზავნიდნენ ძღვენს ,,დიდ მეფეს“. სამხრეთ კავკასიაში, არქეოლოგიური თვალსაზრისით, სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული რეგიონი გამოიყოფა. ერთი რეგიონია დღევანდელი სომხეთის სამხრეთი ნაწილი. აქ ქ.წ. VI საუკუნეში მისულ სპარსელებს დახვდათ ურარტული ტაძრები და სასახლეები, რომლებიც სპარსელებმა გადააკეთეს და გამოიყენეს. ეს ტერიტორია შედიოდა XVIII სატრაპიაში. მეორე რეგიონია, დღევანდელი აზერბაიჯანი და საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი - კახეთი. აქ არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილია ქ.წ. V საუკუნის პირველ ნახევარში სპარსეთის დედაქალაქში განსწავლული არქიტექტორების მიერ აგებული სასახლეები სვეტების ზარისებრი ბაზისებით, რომლებიც ტიპურია აქემენიანთა სპარსეთისათვის. სარი-თეფეს და გუმბათის სასახლეები სპარსული ადმინისტრაციის რეზიდენციები უნდა ყოფილიყო, გარაჯამირლიში კი, როგორც ჩანს, იჯდა XI სატრაპიის - კასპიანას სატრაპი. მესამე რეგიონი მოიცავს დღევანდელ საქართველოს (კახეთის გამოკლებით) და ჩრდილოეთ სომხეთს (ლორეს). როგორც ჩანს, სწორედ აქ სახლობდნენ ,,კოლხები და მათი მეზობლები“. სამხრეთ კავკასიის მხოლოდ ამ რეგიონში, სხვა რეგიონისაგან განსხვავებით, აქემენიდურ ხანაში (ქ.წ. VI-IV სს.) იჭრება და მიმოიქცევა მონეტა, რაც სახელმწიფოებრიობის არსებითი ნიშანია. ამ რეგიონში გათხრილი და შესწავლილია აქემენიდური და პოსტ-აქემენიდური ხანის ადგილობრივ დიდებულთა მდიდრული სამარხები. ამ სამარხებში, ნატიფი ხელობის ოქროსა და ვერცხლის სამკაულების გარდა, დიდი რაოდენობით აღმოჩენილია სპარსულ-აქემენიდური იმპორტი (ოქროს, ვერცხლის და მინის ჭურჭელი და სამკაული), მათ შორის ისეთი ნივთებიც, რომლებიც საქართველოში დიპლომატიური საჩუქრების სახით შეიძლებოდა მოხვედრილიყო. უმაღლეს ხელისუფლებასთან გაგზავნილ ძღვენს აუცილებლად მოსდევს საპასუხო საჩუქარი - ეს დიპლომატიის კანონია. დამპყრობელ და დაპყრობილ ქვეყნებს შორის ამგვარი ურთიერთობა არ შეიძლება არსებობდეს, ამიტომ არ ჩანს სამხრეთ კავკასიის ორ დანარჩენ რეგიონში არც მდიდრული სამარხები, არც მონეტა და არც ასეთი რაოდენობის სპარსულ-აქემენიდური იმპორტი. კოლხეთის სამეფომ კი დამოუკიდებლობა შეინარჩუნა იმის ფასად, რომ იცავდა და აკონტროლებდა კავკასიონის უღელტეხილებს. როგორც ჩანს, სპარსეთის ხელისუფლებას ეს უფრო იაფი უჯდებოდა.

აქემენიდურ წარწერათა ჟანრი დიაქრონიაში და რეტროსპექციაში: ლიტერატურულობა და ეპოსის ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქემენიდურ წარწერათა ქართული ლიტერატურული მხატვრული თარგმანების ორიგინალთან შედარებისა და გამხტავრულების პარამეტრების გამოვლენის შედეგად დადგინდა აღნიშნული სისტემის გარკვეული შემადგენლები, როგორიცაა თარგმანში გამოყენებული შემდეგი პარამეტრები: ვარიანტების ხერხი – მრავალფეროვნება, მრავალმხრივობა; დამატებანი ან შევსება, განმეორების ან ცვლილების გზით: დამატებითი აღწერები, ცნობები, განსაზღვრებანი, კომენტარები, სხვა სიტყვები იმავე სემანტიკით, დამატებითი მონაცემები ან ელემენტები და სხვა; თარგმანული ენის რელიგიური ლექსიკა; სინონიმურობა (სინონიმები); რემინისცენციები, ასოციაციები, ასოციატური რიგები; ჩანაცვლება–შეცვლა (შენაცვლება); სიტყვათა რიგი და გადასმები/გადანაცვლებები; საკუთარ სახელთა ფორმები; სათაურები, – დასათაურება, თავები და თემატური ჯგუფები (თემები). მოცემულ კვლევას სწორედ თემატურმა ჯგუფებმა მისცეს ბიძგი. აღნიშნული მიმართულებით შემდგომმა კვლევა–დაკვირვებამ არა მარტო განამტკიცა ამგვარი ლიტერატურული თარგმნების შესაძლებლობები, არამედ თვით ქვეშეცნეული შემოქმედებითი პროცესების წყალობით წარმოაჩინა თავად ორიგინალის ტექსტოლოგიური განსაზღვრისა და კოდიფიკაციების ახლებური საკითხები, ძველი მსოფლიოს ისტორიულ ეპიკრაგიფიკულ ძეგლთა შესწავლის სფეროში ერთგვარი სიახლის სახით (იხ. სახოკია 2012, 2014, 2015). ჩვენი დასკვნით, ძველპარსული აქემენიდური წარწერების ტექსტი მიჩნეული უნდა იყოს ლიტერატურული ჟანრის კუთვნილებადაც, ისტორიული ქრონიკების ჟანრთან ერთად; ეს იდეა კი მოსულია სწორედ რომ მხატვრული თარგმანების, – კერძოდ, გადმოქართულების – პროცესში. უფრო მეტიც, ორიგინალიც, რომელიც იძლევა პოეტიზირებული, გალექსვითი თარგმანების შესაძლებლობას, თავადაც შეიცავს პოეტიზირების ნიშნებს. სხვადასხვა მკვლევართა მოსაზრებების მოშველიებითაც დავადგენ, რომ ეს თითქმის ლექსებია ან გარკვეულად ლექსები, სულ ცოტა თეთრი ლექსებია (შდრ. მ. ანდრონიკაშვილი, მ. მოინი, ი. ფრიდრიხი, ვ. კენიგი). ჩვენ ცოტა რამ ვიცით ამ დროის ირანულ ფოლკლორზე, სადაც უთუოდ ივარაუდება ამა თუ იმ ფორმის პოეტური ნიმუშების არსებობა; ივარაუდება ისიც, რომ ძველსპარსულ ქრონიკებში ჩადებული უნდა იყოს მოცემული ენის გარკვეული ცოცხალი ტრადიციებიც, მარტო წერილობითი კი არა, ზეპირიც, თუნდაც ხალხური ზეპირმეტყველი, ზეპირსიტყვიერი მემკვიდრეობაც. მათ შორის ცნობილია სასახიობო (ხალხური თეატრის) მონაცემებიც (იხ. მამულაშვილი და სხვ.), რამაც დიდწილად დღემდეც მოაღწია. პოეტური ფორმების მხრივ უძველესი ვითარების კუთხით ფაქტობრივად და მასალობრივად ჩვენ ხელი მიგვიწვდება შესადარებლად და პარალელის გასავლებად მხოლოდ ავესტის ჰიმნებზე თუ ავესტის სხვა ნაკვეთებზე; მაგრამ ყველა შემთხვევაში აშკარაა აქემენიდურ ტექსტურ სტრუქტურებში რიტმისა და რითმის, აგრეთვე სხვადასხვა მრავალი მხატვრულ–ლიტერატურული ხერხის, ნიშნის, მახასიათებლის არსებობა (კვლავ შდრ. ზემოთ დასახელებული ავტორები). შედეგად შექმნილია საკმაოდ ეფექტიანი მხატვრული სისტემა. გამეორების ეფექტი, მაგალითად: განმეორებათა ეფექტი ძალიან თვალსაჩინოა. აქემენიდური ტექსტურის მუსიკალობა და მელოდიკა ადასტურებს ორიგინალურ წარწერათა პოეტურობას. ამაღლებული პათოსი, ბელეტრისტული პათეტიკა და აღწერათა სტილი გვიბიძგებს შედარებისკენ ახალსპარსულ ეპოსთან, პირველ რიგში „შაჰნამესთან“, რადგან თემატური და სტილური მსგავსება თვალსაჩინოა ერთი შეხედვითვე და თვალის გადავლებითვე. განმეორებადი გამოთქმებისა და ფრაზირების მთელი სისტემების პარალელები დევს პირდაპირ ხელისგულზე, ზედაპირზე. აქ საგულისხმოა კულტურული, კულტუროლოგიური მემკვიდრეობის როლი, ზეპირსიტყვიერი ტრადიციის ფაქტორი და ა. შ. ამგვარი დეტალიზაცია სამომავლოდ დასაზუსტებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო კონფერენცია, შრომები; თბილისი; 2016