საქართველო-ინდოეთის ურთიერთობები
საქართველო |
ინდოეთი |
საქართველო-ინდოეთის ურთიერთობები — ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის. საქართველოს აქვს საკუთარი საელჩო ნიუ-დელიში[1]. ინდოეთის საელჩო ერევანში ერთდროულად არის აკრედიტებული საქართველოშიც.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოსა და ინდოეთის ხალხებს შორის კავშირები ძველ დროში დამყარდა. ეს ჩანს ქართულ ხალხურ ლეგენდებში, სადაც შესამჩნევია პანჩატანტრას გავლენა. შემონახულია შუა საუკუნეებში ქართველი მისიონერების, მოგზაურებისა და ვაჭრების ინდოეთში მოგზაურობის ცნობები. ზოგიერთი ქართველი დიდ მუღალთა კარზეც მსახურობდა. უდაიპური ბეგუმი, მუღალის იმპერატორ აურანგზების ერთ-ერთი ცოლი, წარმოშობით ქართველი იყო[2].
1955 წელს სსრკ-ში სამუშაო ვიზიტის დროს თბილისს ეწვია ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ და შეხვდა ქართველ ინდოლოგ აკა მორჩილაძეს[3]. 1976 წელს ქალაქს ეწვია ინდირა განდი[4]. 1978 წლის ივნისში საქართველოს სსრ-ს ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრი ატალ ბიჰარი ვაჯპაი[3].
1991 წლის 26 დეკემბერს ინდოეთმა ოფიციალურად აღიარა საქართველო. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 28 სექტემბერს[1]. 2000 წლის მაისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ეწვია ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელის. ეს იყო პირველი დიპლომატიური ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ისტორიაში 1991 წლის შემდეგ[3].
1994 წლის დეკემბერში ინდოეთმა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა აფხაზეთს[3].
ეკონომიკური ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ინდოეთს შორის 2015 წელს 107,04 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინდოეთმა საქართველოში 82,57 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი და 24,47 მილიონი დოლარის იმპორტი განახორციელა. ინდოეთის მიერ საქართველოში ექსპორტირებული ძირითადი საქონელია მარცვლეული, ბირთვული რეაქტორები, ქვაბები, მანქანები და მექანიკური მოწყობილობები, ფარმაცევტული პროდუქტები, ელექტრო მანქანები და აღჭურვილობა, ალუმინი და ალუმინის პროდუქტები. ინდოეთის მიერ საქართველოდან შემოტანილი ძირითადი საქონელია სასუქები, ალუმინისა და სპილენძის პროდუქტები.
2024 წლის 8 თვეში, საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 7%-ით შემცირდა და 86,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (114%-იანი ზრდა), ხოლო იმპორტმა 62,7 მლნ აშშ დოლარი (23,3%-იანი კლება)[5].
2023 წელს საქართველოში 7,7 მლნ აშშ დოლარის ინდური ინვესტიცია განხორციელდა. ამ მხრივ რეკორდული 2017 წელი იყო, 9,3 მლნ დოლარის ინვესტიციით[6].
კულტურული კავშირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში პოპულარულია ინდური ფილმები და სამზარეულო. თბილისში რამდენიმე ინდური რესტორანი ფუნქციონირებს, თუმცა ქართველებში ჰინდი ენის მიმართ ინტერესი მცირეა[3].
2014 წლის 30 ივნისს განდის ფონდის მხარდაჭერით თბილისში გაიხსნა მულტიდისციპლინური დიპლომატიის ინსტიტუტი, რომლის მიზანიც იყო განდის იდეების საქართველოში პოპულარიზაცია[3].
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სტიპენდიები ინდოეთის ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. კულტურულ ურთიერთობათა ინდოეთის საბჭო (ICCR) ახორციელებს სტიპენდიებს ქართველებისთვის ინდოეთის უნივერსიტეტებში ბაკალავრიატსა და სხვა საფეხურებზე სწავლისათვის[3].
2023-2024 სასწავლო წლისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების 53% (16,357) ინდოეთის მოქალაქეა. მათგან 3,750 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, ხოლო 12,607 - კერძო უნივერსიტეტებში. Galt&Tagart-ის კვლევის მიხედვით, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა 31,000-მდე გაიზარდოს[5].
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წელს საქართველოში ინდოეთიდან 84,688 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 60%-ით მეტია. 2024 წლის პირველი სამი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში 87,491 ინდოეთის მოქალაქის ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47,6%-ით მეტია[5].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Republic of India
- ↑ THE PAPER | India-Georgia Relationship: A Window of Opportunity
- 1 2 3 4 5 6 7 India - Georgia Relations
- ↑ The Delhi Declaration, Cardinal of Indo-Soviet Relations: A Bibliographical ...
- 1 2 3 ინდოეთში ექსპორტი 114%-ით გაიზარდა - როგორია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირი?
- ↑ ინდოეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
| ||||||||||||||||||||||||||||