საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება — ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, არასამთავრობო, ჰუმანიტარული საქმიანობის სფეროში ხელისუფლების დამხმარე დამოუკიდებელი ორგანიზაცია. საზოგადოებას რეგიონული და ადგილობრივი განყოფილებები აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრია. დაარსდა 1918 წელს და დამოუკიდებლად იარსება 1923 წლამდე, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრის ნაწილი გახდა. 1991 წლიდან ისევ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. საზოგადოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია განსაკუთრებული უფლება-მოვალეობები.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მისიაა გაჭირვებულთა დახმარება საგანგებო სიტუაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსების გამოყენებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადოებამ დამოუკიდებლად იარსება 1918-23 წლებში. გასაბჭოების შემდეგ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გახდა საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის ნაწილი და ფუნქციონირებდა მის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის დაშლამდე.

1991 წლიდან ეროვნული საზოგადოება კვლავ დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და აღიარებულ იქნა სახელმწიფოს მიერ 1997 წლის 16 ოქტომბერს შესაბამისი კანონით "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ", ხოლო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ 1997 წლის 6 ნოემბერს და წარმოადგენს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ნაწილს.

1997 წლის 20 ნოემბერს ეროვნული საზოგადოება გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნულ საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი.

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორწლიან სტრატეგიულ გეგმაში განსაზღვრულია ეროვნული საზოგადოების უპირატესი მიმართულებები:

  • ზრუნვა მოსახლეობის დაუცველი ფენების ჯანმრთელობაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა;
  • კატასტროფების და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების ეფექტიანი მეთოდების შემუშავება;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]