შინაარსზე გადასვლა

საქართველოს ტყეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს ტყეები — ტყის მცენარეულობით დაფარული საქართველოს ტერიტორიები, წარმოადგენს ქვეყნისათვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივ რესურსს და ქვეყნის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს, რომელსაც უდიდესი ეროვნული, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობა აქვს. ტყეების საერთო ფართობი საქართველოში 2 767 300 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს მოიცავს.[კომ. 1][კომ. 2][კომ. 3]

ტყეები საქართველოსა და ზოგადად, კავკასიის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოსისტემებია. კავკასიის სახეობების დაახლოებით 65% თავისი არსებობისათვის ტყის ეკოსისტემებზეა დამოკიდებული.[1]

ენდემური და რელიქტური სახეობებით მდიდარი საქართველოს ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეების დიდი ნაწილი (98%) მთის ტყეებს წარმოადგენს და გააჩნია წყალმარეგულირებელი, ნიადაგის დამცველი (იცავს ნიადაგს ეროზიისაგან), კლიმატის მასტაბილიზებელი ფუნქციები (წვლილი შეაქვს კლიმატის რეგულირებაში), ამცირებს ბუნებრივი სტიქიური მოვლენების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვა­თაც­ვე­ნა და სხვა) შედეგებს, არის მერქნული და არამერქნული რესურსების წყარო,[კომ. 4] ამასთანავე წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილსამყოფელს მცენარეთა და ცხოველთა რელიქტური, ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი მრავალი სახეობისათვის. საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია თითქმის ხელუხლებელი ტყის კორომები, რომლებსაც გააჩნიათ უდიდესი კონსერვაციული ღირებულება. ტყის ეკოსისტემები გვხვდება ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ჯავახეთის პლატო, ხოლო ხევისა და თუშეთის რეგიონებში ტყეს ძალიან მცირე ფართობი უკავია.[2]

საქართველოს ტყეები ძირითადად მერქნიანი მცენარეების შემდეგი სახეობებით არის წარმოდგენილი: ფოთლოვანი სახოებებიდან — წიფელი (1164000 ჰა ტყით დაფარული ფართობის 42%), რცხილა (298000 ჰა — ტყით დაფარული მთელი ფართობის 11.8%), მუხა (281000 ჰა — ტყით დაფარული ფართობის 11.2%), მურყანი (200000 ჰა — ტყით დაფარული მთელი ფართობის 7.2%), წაბლი (105000 ჰა — ტყით დაფარული ფართობის 3.8%), წიწვიანი სახეობებიდანსოჭი, ნაძვი და ფიჭვი (445000 ჰა — ტყით დაფარული ფართობის 17.4%).

ტყეების 22.3% გავრცელებულია ზღვის დონიდან 500 მეტრ სიმაღლემდე, 23.5% ზღვის დონიდან 501–1000 მეტრ სიმაღლემდე, 16.6% — ზღვის დონიდან 1001–1500 მეტრ სიმაღლემდე, 17.4% ზღვის დონიდან 1500–2000 მეტრ სიმაღლემდე, ხოლო 19.8% ზღვის დონიდან 2001 მეტრზე ზემოთ სიმაღლეზე. ტყეების დიდი ნაწილი დიდი და მცირე კავკასიონის კალთებზეა გავრცელებული. ტყეების 3.8% 0–10° დაქანების ფერდობებზე, 16.4% — 11–20° დაქანების ფერდობებზე, 17% — 21–25° დაქანების ფერდობებზე, 18.6% — 26–30° დაქანების ფერდობებზე, 20.1% – 31–35° დაქანების ფერდობებზე, ხოლო 24.1% — 35° და მეტი დაქანების ფერდობებზეა გავრცელებული.

დასავლეთ საქართველოში ტყე ზღვის დონიდანვეა გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტყის სარტყელი 600–700 მეტრის სიმაღლიდან იწყება. ნიადაგობრივ და კლიმატურ პირობებზე დამოკიდებულებით ტყის ძირითადად გავრცელებული ტიპებია — ფოთლოვანი, წიწვოვანი, სუბალპური მეჩხერი და ტანბრეცილი, არიდული მეჩხერი და ჭალის ტყეები. ფოთლოვან ტყეებს უკავია ტყით დაფარული ფართობების 81%,[კომ. 5] ხოლო წიწვოვან ტყეებს შესაბამისად, — 19%. სახეობების მიხედვით ტყის ფონდი შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: წიფლნარები (46.6%), მუხნარები (10.6%), რცხილნარები (8.8%), სოჭნარები (7%), მურყნარები (5.5%), ნაძვნარები (4.5%), ფიჭვნარები (4%), წაბლნარები (3.2%).[2][კომ. 6]

დასავლეთ საქართველოს ტყეებისათვის დამახასიათებელია მარადმწვანე ფართოფოთლოვანი მერქნიანი სახეობების ქვეტყე, რომელიც შექმნილია რელიქტური გვარების Rhododendron, Epigaea, Ruscus, Ilex, Daphne, Hedera, Laurocerasus-ის სახეობებით: შქერი, უნგერნის შქერი (Rhododendron ungernii), სმირნოვის შქერი (Rhododendron smizhowii), წყავი, ბაძგი, ძმერხლი, ეპიგეა, კოლხური სურო. აღნიშნული სახეობები კოლხეთის ბიოგეოგრაფიული პროვინციის ტყეებში ქვეტყეს ქმნიან, როგორც დამოუკიდებლად, ისე ერთმანეთში შერეული ნაირგვარი კომბინაციების სახით, რაც ამ ტყეების განუმეორებლობასა და მაღალ საკონსერვაციო ღირებულებას განაპირობებს. კოლხური ქვეტყე განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთში, სადაც ის ზღვის დონიდან 2300−2400 მ-მდე ვრცელდება.[2]

აღსანიშნავია უთხოვრისა და ძელქვის რელიქტური ტყეები, რომლებიც შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოში — ბაწარასა და ბაბანეურის ნაკრძალებში. 1800−1900 მეტრის სიმაღლიდან იწყება სუბალპური მეჩხერი ანუ „პარკისებური“ ტყეები, რომლებსაც ძირითადად წარმოქმნიან მაღალმთის ბოკვი და მაღალმთის მუხა. კავკასიის სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებს ქმნიან წიფელი, არყი, მაღალმთის ბოკვი, იმერული ხეჭრელი. ეს ტყეები მდიდარია ენდემური და რელიქტური სახეობებით: მეგრული არყი, მედვედევის არყი, პონტოური მუხა.[2]

ჭალის ტყეები აღმოსავლეთ საქართველოში განვითარებულია დაბლობებსა და მთისწინეთში მდინარეების — მტკვრის, ივრის, ალაზნის და ქციის ქვემო წელის გასწვრივ. მათში ჭარბობს მუხა (Quercus pedunculiflora), აგრეთვე, ვერხვი (Populus canescens, Populus hybrida), ეს ტყეები მდიდარია ლიანებით. დასავლეთ საქართველოს ჭალის ტყეებში კი წამყვანი პოზიცია უჭირავს მურყნარებს.[2]

საქართველოს ტყის 95−98% ბუნებრივი წარმოშობისაა. მისი შემადგენლობა, აღნაგობა, ზრდა-განვითარება და სხვა მახასიათებლები განაპირობებს მდიდარ ბიომრავალფეროვნებას — საქართველოს ტყეებში დაახლოებით 400-მდე სახეობის მერქნიანი მცენარე იზრდება, გაერთიანებული 123 ბოტანიკურ გვარსა და 56 ოჯახში. ბოტანიკოსების მიერ აგრეთვე აღწერილია ამ სახეობათა 182 ფორმა და 91 ვარიაცია. მათ შორისაა 153 სახეობის ხე, 202 სახეობის ბუჩქი, 29 სახეობის ნახევარბუჩქი და 11 სახეობის ლიანები.[3] დენდროფლორის დიდი მრავალფეროვნების მაჩვენებელია ენდემური მერქნიანი მცენარეების სიმრავლე. მათ შორის საქართველოს ენდემია 61 სახეობა, ხოლო კავკასიისა — 43. საქართველოს მთებში შემორჩენილი ტყის მასივები დედამიწის ზომიერ სარტყელში უკანასკნელი ხელუხლებელი ტყეებია, რაც მათ გლობალურ მნიშვნელობას განაპირობებს.[4]

დიდი და მცირე კავკასიონის კალთებზე ტყეები ზ.დ. 2300–2600 მ სიმაღლემდეა გავრცელებული. სადღეისოდ ტყეები რაოდენობრივად მნიშვნელოვნად შემცირებულია მთათა კალთების ქვემო ნაწილში — დასავლეთ საქართველოში ზ.დ. 500 მ-მდე, აღმოსავლეთ საქართველოში ზ.დ. 800 მ-მდე, ასევე სუბალპებშიც (ზ.დ. 1800–2500 მ ფარგლებში). სამაგიეროდ, მთათა კალთებზე საკმაოდ ფართო ზოლი — ზემოაღნიშნულ აბსოლუტურ სიმაღლეთა შორის — უხვტყიანია. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ფაქტობრივად ხელუხლებელი და სამეურნეო საქმიანობით მცირედ სახეშეცვლილი ბუნებრივი ტყის მასივებიც.[5] მცირეტყიანი, ფაქტობრივად უტყეოა საქართველოს მთათაშორისი ბარის ტერიტორია. ბუნებრივი ტყე აქ მხოლოდ ცალკეული კუნძულების სახით არის შემორჩენილი, რომელთა უმეტესობა დაცულ ტერიტორიებად არის გამოყოფილი.

ვასილ გულისაშვილის მონაცემებით საქართველოს ტყეები განლაგებულია შვიდ განსხვავებულ ბუნებრივ-ისტორიულ ტერიტორიაზე (ტყემცენარეულობის ოლქები). წარმოდგენილია როგორც ნახევრად უდაბნოების არიდული (ნათელი), ასევე კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ტყეები. ტყემცენარეულობის ოლქები განსხვავებულია აგრეთვე ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, რის გამოც თითოეულ ტყემცენარეულობის ოლქში გამოიყოფა ვერტიკალური სარტყლები. ვერტიკალური სარტყლიანობის მიხედვით ტყეები იწყება უშუალოდ შავი ზღვისპირიდან და ვრცელდება ზღვის დონიდან 2600 მ სიმაღლემდე (სუბტროპიკული ზონიდან ალპურ მდელოებამდე).

ტყის ფონდის 60% განეკუთვნება შავი ზღვის აუზს, 40% — კასპიის ზღვის აუზს. ტყის ფონდის 97% წარმოდგენილია მთის ტყეებით და განლაგებულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის განშტოებათა ფერდობებზე (69% — მათ შორის 1.3% წყალგამყოფი ქედის ჩრდილო განშტოებებზე) და მცირე კავკასიონის და სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთის მთათა სისტემების ფერდობებზე (28%), ხოლო 3% განეკუთვნება ბარის ტყეებს, აქედან 2% განლაგებულია კოლხეთის დაბლობზე, 1% — აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეების — მტკვრის, ქციის, ივრის და ალაზნის ქვემო დინებების (ზ.დ. 500 მ-ზე ქვემოთ) მიმდებარე ვაკე რელიეფის ტერიტორიებზე.

საქართველოს ბუნებრივი ტყეები უნიკალურია მრავალი ასპექტით, უმთავრესად კი — სახეობრივი და ფიტოცენოზური შედგენილობის მრავალფეროვნებით. იგი განპირობებულია, ძირითადად, სამი გარემოებით: ქვეყნის ადგილობრივი ფლორის სიმდიდრით (4200-მდე სახეობის უმაღლესი ჭურჭლოვანი მცენარე), გარემო პირობების (რელიეფის და ჰავის) მრავალგვარობით, ფლორისა და მცენარეულობის განვითარების ხანგრძლივი და უწყვეტი გზით (მესამეულიდან დღემდე).[5]

საქართველოს ბარში და მთის კალთების ქვემო ნაწილში ფართო გავრცელებას აღწევს მესამეულ-რელიქტური მცენარეულობის წარმომადგენლები (ფიტოცენოზები). განსაკუთრებით დიდი მრავალფეროვნებით ეს უძველესი მცენარეულობა დასავლეთ საქართველოშია წარმოდგენილი, რაც იმან განაპირობა, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი ცვლილებების გარეშე შემონახული იქნა მესამეულ-რელიქტური ჰავა (შავი ზღვის ძლიერი გავლენა). აღმოსავლეთ საქართველოში მესამეულ-რელიქტური მცენარეულობა, ძირითადად არასრული სახით (რელიქტურია ფიტოცენოზთა ცალკეული იარუსები), მხოლოდ მის დასავლურ ნაწილში და კახეთშია შემორჩენილი.[6]

ამჟამად დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოქცეულია ტყით დაფარული ფართობების დაახლოებით 10%. ხოლო დაცული ტერიტორიების გარეთ დარჩენილ ჭალის ტყეებსა და ტყის სუბალპურ ზოლში მოქმედებს დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი.

ტყის ეკოსისტემებთან ასოცირებულია საქართველოს ფაუნის სახეობების უმრავლესობა, მათ შორის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მურა დათვი, ნიამორი, კავკასიური არჩვი, კეთილშობილი ირემი, ენდემური კავკასიური სალამანდრა. ძალიან მდიდარია ტყეების ორნითოფაუნა, თუმცა მცირეა ენდემური და გლობალურად მოწყვლადი სახეობების რაოდენობა.[2]

საქართველოს შედარებით სამხრეთული მდებარეობისა და მეოთხეულ პერიოდში მომხდარი კლიმატური ცვლილებების შედარებითი სისუსტის მეოხებით, აქ შემოინახა ზოგიერთი ელემენტი ძველი, სითბოსმოყვარული ფაუნისა, რომელიც ცხოვრობდა ზომიერ ზონაში მესამეულ პერიოდში, და რომელიც ნეოგენური და მეოთხეული კლიმატური რხევების შედეგად გაქრა აღნიშნული ზონის უმეტესი ნაწილიდან.

საქართველოს ცხოველთა სამყაროს მნიშვნელოვნად ამრავალფეროვნებს რელიქტების (შავი ვირთაგვა, ღეროთვალიანი ბუზი, უფრთო ჭრიჭინა და სხვ.) და ენდემების (კოლხური ხოხობი, დასავლეთკავკასიური ჯიხვი, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი და სხვ.) სიმრავლე. თანამედროვე ფაუნის მნიშვნელოვანი ელემენტია გარედან შემოყვანილი და აკლიმატიზებული ცხოველები — ნუტრია, ენოტისებური ძაღლი, ამერიკული წაულა, ალთაური ციყვი, ცოცხალმშობი თევზი გამბუზია, სარკისებრი კობრი, სიგა და სხვა. საქართველოს ბარის ზონა უმეტესწილად ათვისებულია, რის გამო ველური ფაუნაც უფრო გაღარიბებულია. აქ გვხვდება ევროპული ზღარბი, თხუნელა, კურდღელი, გარეული ღორი, ციყვი, მაჩვი, შველი და სხვ. ფრინველებიდან — მწყერი, გვრიტი, ქორი, მიმინო, შაშვი, ბულბული, კოდალა, გუგული და სხვა.

ტყის ზონა ხასიათდება მდიდარი და ნაირგვარი ფაუნით, რომელიც დღეისათვის მნიშვნელოვნად გაღარიბებულია. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია — შველი, ირემი, გარეული ღორი, მგელი,[კომ. 7] მელა, მურა დათვი, კვერნა, ციყვი, ამიერკავკასიური ზაზუნა, კურდღელი და სხვ. მაჩვის ქვესახეობებიდან გვხვდება ამიერკავკასიური და ჩრდილოკავკასიური მაჩვი. ფოცხვერის ქვესახეობებიდან გვხვდება ჩვეულებრივი და კავკასიური ფოცხვერი.[კომ. 8] ფრინველებიდან გვხვდება — ბატი,[კომ. 9] ბატკანძერი, გარეული იხვი, იშხვარი, ლაკლაკი, როჭო, ხოხობი და სხვ. ქვეწარმავლებიდან ტყის ზონაში გავრცელებულია — ჯოჯო, გველხოკერა, წყლის ანკარა, ჩვეულებრივი ანკარა, კავკასიური გველგესლა და სხვა. ამფიბიებიდანკავკასიური სალამანდრა, მცირეაზიური ტრიტონი, მწვანე გომბეშო, ჩვეულებრივი გომბეშო და სხვა. თევზებიდანორაგული, კალმახი, შამაია, ხრამული, ლოქო, წვერა და სხვა. ალპურ ზონაში ძუძუმწოვრებიდან ბინადრობენ ჯიხვი, ნიამორი, კავკასიური არჩვი, პრომეთეს მემინდვრია და სხვა. ალპურ ზონაში ბევრია ფრინველი — შურთხი, როჭო, მთის ტოროლა, სტვენია, მთის არწივი და სხვა.

2010 წელს პროექტის „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით შემუშავდა ჰაბიტატების კლასიფიკაციის ეროვნული სისტემა, რომელიც განახლდა 2012 წელს. „ზურმუხტის ქსელის“ განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდა ბერნის კონვენციის მე-4 დანართში შეტანილი ჰაბიტატებიდან საქართველოში არსებული 15 ჰაბიტატის შერჩევა. ასევე შერჩეული იქნა 27 პრიორიტეტული ჰაბიტატი მათზე მოქმედი საფრთხეების და თვით ამ ჰაბიტატების სენსიტიურობის მიხედვით, რომელთა შორის წარმოდგენილი იყო — სუბალპური წიფლნარი ტყე ნეკეჩხლის სახეობებით (Acer spp.), კირქვიანების წიფლნარი ტყე (Cephalanthero-Fagenion), წიფლნარი კოლხური ქვეტყით (Fageta fruticosa colchica), ფერდობის, ნაშალის და ნაპრალის შერეული ტყეები (Tilio-Acerion), ჭაობიანი ტყე, მდინარის სანაპირო ტყე, ქსერო-თერმოფილური მუხნარი, ბიჭვინთის ფიჭვის ტყე (Pinus pithyusa), უთხოვრის ტყე (Taxus baccata), წაბლის ტყე (Castanea sativa), ძელქვის ტყე (Zelkova carpinifolia), ბზიანი ტყე (Buxus colchica), კოლხეთის რელიქტური ფართოფოთლოვანი შერეული ტყე, არიდული ნათელი ტყე, სუბალპური არყნარი (Betula litwinowii).[1]

საქართველოში გავრცელებული უცხო ინვაზიური სახეობები საფრთხეს უქმნიან როგორც ხმელეთის, ისე წყლის ეკოსისტემებს, რისი მაგალითიცაა ინვაზიური მავნებლებით ტყის ეკოსისტემების დაზიანება დიდ ფართობებზე. საქართველოს ტყეებს, განსაკუთრებით ჭალის ტყეებს, საშიშროებას უქმნიან პავლოვნია (Paulownia tomentosa) და ხემყრალა (Ailanthus altissima). ხემყრალამ შესაძლოა დათრგუნოს ჭალის ტყის ადგილობრივი სახეობები, როგორიცაა კავკასიური ლაფანი (Pterocaria pterocarpa). პავლოვნიას გაშენება ხდება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მერქნული რესურსის მიღების გამო. პავლოვნია იწყებს გავრცელებას დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ ტყეებში (აჭარა) და კახეთში, ლაგოდეხში და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს.[1]

საქართველოს ტყის ეკოსისტემებისათვის ძირითადი საფრთხეებია: ტყის რესურსებით არამდგრადი სარგებლობა, რისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი ალტერნატიული ენერგორესურსების ნაკლებობა; პირუტყვის ჭარბი ძოვება, რაც იწვევს ტყის ბუნებრივი განახლების უნარის დაკნინებას; ტყის მავნებლები და დაავადებები; არაადგილობრივი ინვაზიური სახეობები; ტყის გახშირებული ხანძრები; და ასევე, არსებული ხარვეზები კანონმდებლობასა და მართვაში. ტყის რესურსებით არამდგრადმა სარგებლობამ დიდი ზიანი მიაყენა წიფლნარებს საქართველოს მთიანეთში და წაბლის ტყეებს კოლხეთის მთისწინეთში, მუხის ტყეები მხოლოდ შორეულ ხეობებში და შედარებით მწირ ნიადაგებზეა შემორჩენილი.[1]

2013 წელს მომზადდა „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია“, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას.[1]

საქართველოს ტყის ფონდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ტყის ფონდი წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდისა და საქართველოში საკუთრების სხვა ფორმებით არსებული ტყეების და მათი რესურსების ერთობლიობას. სახელმწიფო ტყის ფონდი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ტყის, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მიკუთვნებული მიწებისა და მისი რესურსების ერთობლიობას. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდი წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდს, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების გარდა. ადგილობრივი ტყის ფონდი წარმოადგენს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ნაწილს, რომელთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს ტყის კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.[7][8]

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წყაროებზე დაყრდნობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ქვემოთ წარმოდგენილი მონაცემები ასახავს 2023 წლისთვის არსებულ საქართველოს ტყის ფონდის მდგომარეობას რეგიონების მიხედვით.[9]

საქართველოს ტყის ფონდი რეგიონების მიხედვით, 2023
(ათასი ჰექტარი)
ტყის ფონდის
ფართობი
აქედან ტყით
დაფარული
საქართველო 3069.1 2812.6
აფხაზეთის არ-ის ტყის ფონდი[] 423.3 423.3
აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის ფონდი 149.6 141.8
დაცული ტერიტორიების ტყის ფონდი 574 430.3
ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის ფონდი[] 1922.2 1817.2
გურია 85.4 82.1
იმერეთი 280.2 269
კახეთი 283.6 263.7
მცხეთა-მთიანეთი 181.9 169.2
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 267.9 254.5
სამეგრელო-ზემო სვანეთი 271.6 255.3
სამცხე-ჯავახეთი 122.2 117.3
ქვემო ქართლი 145.1 132
შიდა ქართლი 284.3 274.1
  1. მონაცემები შეფასებულია სატელიტური დაკვირვებით, სპექტრული ანალიზის შედეგად.
  2. ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.

საქართველოს ძირეული ტყეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებრივ ტყეებს საქართველოში ტერიტორიის დაახლოებით 1/3 ნაწილი (32–35%) უკავია. მათგან დიდი უმეტესობა ძირეული ტყეებია, რომელთა ფიტოცენოლოგიური სტრუქტურის ჩამოყალიბება განხორციელდა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე (მესამეულიდან დღემდე). სადღეისოდ საქართველოს ძირეული ტყეები (ფიტოცენოზები) მეტ-ნაკლებად სტაბილურ, ე.წ. კლიმაქსურ მცენარეულობას წარმოადგენს.[10]

საქართველოს ძირეული ტყეების მთავარი ფორმაციებია (საერთო ფართობის მიხედვით) — წიფლნარი (Fagus orientalis), ქართული მუხის (Quercus iberica) მუხნარი, წაბლნარი (Castanea sativa), სოჭნარი (Abies nordmanniana), ნაძვნარი (Picea orientalis). მათ წილად მოდის ქვეყნის ბუნებრივი ტყეების ორ მესამედზე მეტი. ძირეულ ტყეებს მიეკუთვნება შედარებით შეზღუდული გავრცელების ფორმაციებიც — ჭალის მუხის (Quercus longipes), მაღალმთის მუხის (Quercus macranthera), იმერული მუხის (Quercus imeretina) და მუხის სხვა სახეობებისაგან შექმნილი ტყეების ფორმაციები (მუხნარები); არიდული ტყეები — საკმლისხიანი (Pistacia mutica) და ღვიიანი (Juniperus foetidissima, J. polycarpos); მურყნარი (Alnus barbata); ლიტვინოვის არყის (Betula litwinowii) არყნარი; კავკასიური ფიჭვის (Pinus sosnowskyi) ფიჭვნარი; ბიჭვინთის ფიჭვის (Pinus pithyusa) ფიჭვნარი; ძელქვნარი (Zelkova carpinifolia) და სხვ.[10]

ძირეული ტყეების ფორმაციების ბუნებრივი არეალის ფარგლებში გვხვდება დროებითი (წარმოებული, მეორადი) ტყეების ფორმაციებიც, კერძოდ — რცხილნარი (Carpinus caucasica), ფიჭვნარი (Pinus sosnowskyi), მტირალა არყის (Betula pendula) არყნარი, მთრთოლავი ვერხვის (Populus tremula) ვერხვნარი, მურყნარი (Alnus barbata). ძირეული ტყეების ფორმაციების ბუნებრივი არეალის ფარგლებშივე გავრცელებულია (ზოგან საკმაოდ ფართოდ) ტყისშემდგომი (მეორადი) მცენარეულობაც — ბუჩქნარები და ბალახეულობა.[11]

აღნიშნული მცენარეულობის ფორმირება ძირეული ტყეების ამა თუ იმ ფორმაციის არეალის ფარგლებში მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის (ათასწლეულების) მანძილზე, როგორც ბუნებრივად (ბუნებრივი სუქცესიები), ისე ადამიანის გავლენით (ანთროპოგენური სუქცესიები). ძირეული ტყეების დროებით (წარმოებულ) ტყეებად და ტყისშემდგომ მცენარეულობად ტრანსფორმაციის პროცესები დაჩქარდა და ტრანსფორმირებული (მეორადი) მცენარეულობის წარმომადგენელთა არეალი მეტისმეტად გაფართოვდა უკანასკნელ საუკუნეებში, რაც ძირითადად განაპირობა ძირეული ტყის მცენარეულობაზე (ფიტოცენოზებზე) ადამიანის მრავალმხრივმა უარყოფითმა ზემოქმედებამ (ტყის რესურსების გადაჭარბებული ამოღება, უსისტემო ჭრა, ხელოვნური ხანძარი ტყეში, ტყეში და ნატყევარზე შინაური პირუტყვის ძოვების მოუწესრიგებლობა და სხვ.). საქართველოს ძირეული ტყეების ფორმაციების ბუნებრივი გეოგრაფიული და ეკოლოგიური არეალის ფარგლებში ჩამოყალიბებული ტყისშემდგომი მცენარეულობის მრავალი წარმომადგენელი (ძირეული ტყეების ანთროპოგენური სუქცესიების შუა და ბოლო სტადიების მცენარეულობა) — მეორადი ქსეროფილური ბუჩქნარები (ჯაგრცხილნარები, ძეძვიანები, გრაკლიანები, ნაირბუჩქნარები და სხვ.), სტეპები, ნახევრად უდაბნოები — სადღეისოდ, ძირეული ტყეების ანთროპოგენურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ, მეტ-ნაკლებად ტრანსფორმირებულ გარემო პირობებში (მიკრო- და მეზოკლიმატის ცვლილება გამშრალების მიმართულებით, ყოფილი ტყის ნიადაგების დეგრადირება) უკვე სტაბილურ (კლიმაქსურ) მცენარეულობას წარმოადგენს, რომელთა ბუნებრივად შეცვლა წინამორბედი ძირეული ტყით პრაქტიკულად გამორიცხულია (თანამედროვე კლიმატის პირობებში იგი შესაძლებელია მხოლოდ ძირეული ტყის ხელოვნურად აღდგენა-რეკონსტრუქციის გზით).[12]

ძირეული ტყეები (ტყის ცენოზები) ქვეყნის მრავალფეროვანი, მეტ-ნაკლებად სტაბილური ბუნებრივი ეკოსისტემების საფუძველს წარმოადგენს. მათზე უშუალოდ არის დამოკიდებული ცხოველური ორგანიზმების (სახეობების, პოპულაციების) სტაბილურობაც. ძირეული ტყეების ცენოზები ბუნებრივ ეკოსისტემათა სხვა კომპონენტების (ნიადაგი, წყლის რეჟიმი და სხვ.) სტაბილურობის მთავარ გარანტსაც წარმოადგენს.[13]

ბუნებრივი მცენარეული რესურსების გამოყენების საკითხების კვლევით დადგენილი იქნა, რომ ძირეული ტყეები ამ მხრივაც გამორჩეულია. დადგენილია, რომ დედამიწის ნებისმიერ ბუნებრივ რეგიონში თუ ქვეყანაში ძირეული ტყე მთლიანობაში არის ყველაზე ოპტიმალური და პერსპექტიულიც — ძვირფასი მერქნის და ტყის სხვა რესურსების მდგრადი გამოყენების თვალსაზრისით. ძირეული ტყეების შემქმნელი სახეობები პრაქტიკულად არ ან იშვიათად ზიანდება მცენარეთა მავნებლებით, სოკოვანი და სხვა დაავადებებით, კლიმატური და ნიადაგური შეუთავსებლობით და ა.შ. ამითაა განპირობებული, რომ ძირეული ტყე ოპტიმალურად ასრულებს მოცემულ რეგიონში ძალზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ (ნიადაგდაცვით, წყალშენახვით და წყალმარეგულირებელ, ჰავის გამაჯანსაღებელ და სხვ.) ფუნქციებსაც.[13]

საქართველოში ძირეულ ტყეების დაცვის (არეალის შენარჩუნების) მიზნით შექმნილია დაცული ტერიტორიების (ძირითადად ნაკრძალების) ფართო ქსელი, რომლის საერთო ფართობი სადღეისოდ ასი ათასამდე ჰექტარია. ნაკრძალები განლაგებულია ქვეყნის სხვადასხვა ბუნებრივ-კლიმატურ ზონაში, რაც საშუალებას იძლევა საიმედოდ იყოს დაცული ძირეული ტყეების პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელი (ფორმაცია).[14]

აღმოსავლეთ საქართველოს ძირეული ტყეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ საქართველოს ძირეული ტყეების ფორმაციებს შორის დომინირებს ქართული მუხის (Quercus iberica) ტყე (მუხნარი) და აღმოსავლური წიფლის (Fagus orientalis) ტყე (წიფლნარი). საქართველოს ძირეული ტყეების უძველესი ფორმაციები — აღმოსავლური ნაძვის (Picea orientalis) და კავკასიური სოჭის (Abies nordmanniana) ტყეები (ნაძვნარი, სოჭნარი, ნაძვნარ-სოჭნარი, წიფლნარ-სოჭნარი და სხვ.) აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულია, ძირითადად, დასავლურ (კოლხეთის მოსაზღვრე) ნაწილში (ბორჯომ-ბაკურიანის რეგიონი, მდ. დიდი ლიახვის ხეობა). ნაძვნარები და ნაძვის სიჭარბით ტყეები (წიფლნარ-ნაძვნარი, სოჭნარ-ნაძვნარი) საკმაოდ ფართო გავრცელებას აღწევს ცენტრალურ თრიალეთზეც, გვხვდება აღმოსავლეთ თრიალეთზეც (მდ. ალგეთის ზემო წელის აუზი).[15]

აღნიშნულ ტყეებზე, როგორც სატყეო მეურნეობის უმთავრეს ობიექტებზე, ანთროპოგენური ზემოქმედების მასშტაბები ყოველთვის მაღალი იყო. იგი განსაკუთრებით ძლიერი და ხანგრძლივი იყო აღმოსავლეთ საქართველოს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, ძირითადად ბარში და მთის ქვედა სარტყელში, აგრეთვე — გზების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (კულტურული მცენარეულობა, ბუნებრივი სათიბ-საძოვრები) მოსაზღვრე ტყიან ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით, პირველადი ძირეული ტყეების ანთროპოგენურ-დიგრესული სუქცესიებიც ყველაზე მასშტაბურად სწორედ ამ ტერიტორიაზე განხორციელდა.[15]

საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია მუხის (Quercus) 7 სახეობა, რომელთაგან მთაში ტყეებს ძირითადად 2 სახეობის მუხა ქმნის — ქართული მუხა (Quercus iberica) და მაღალმთის ანუ აღმოსავლეთის მუხა (Quercus macranthera).

ქართული მუხის გაბატონებით (მონოდომინანტური) ან მუხის სიჭარბით (ბიდომინანტური) შექმნილი ტყეები (მუხნარები, რცხილნარ-მუხნარები, იფნარ-მუხნარები) გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა მთიან რეგიონში. მათი საერთო ფართობი 1980-იანი წლებისათვის დაახლოებით 200000 ჰექტარს შეადგენდა.

ქართული მუხის ტყეების ჰიფსომეტრიული გავრცელება აღმოსავლეთ საქართველოში საშუალოდ ზღვის დონიდან 600–700 მ-დან იწყება (დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სვანეთსა და რაჭაში 400–500 მ-დან). გავრცელების ზემო საზღვარი 1000–1100 მ-ზე მდებარეობს. ზოგან (ზემო სვანეთში, თრიალეთის ქედის ცალკეულ ხეობებში) სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე მუხნარი ტყის კორომები ზღვის დონიდან 1500–1700 მ სიმაღლემდე ვრცელდება.[16]

ქართული მუხის ტყეები, რომლებიც ბართან ტერიტორიულად ახლოს იყო გავრცელებული (ისტორიულ წარსულში ქართული მუხა აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც ქმნიდა ტყის მასივებს), მოსახლეობის მოთხოვნილებას ტყის რესურსებზე ძირითადად ეს ტყეები აკმაყოფილებდა. ამასთან დაკავშირებით, მუხნარებით დაფარული ფართობები თანდათან შემცირდა, თავდაპირველად ქალაქების და დაბების მიდამოებში, მთისწინებზე. მოგვიანებით მთის კალთებზეც (განსაკუთრებით სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე). უკანდახეული მუხნარების ადგილი თანდათანობით დაიჭირა ტყისშემდგომმა მცენარეულობამ — ბუჩქნარებმა, აღმოსავლეთ საქართველოში — სტეპისა და ნახევრად უდაბნოს მცენარეულობამაც.

ამჟამად მუხნარი ტყეების ქვესარტყელში (ზღვის დონიდან 500–600 მ-დან 1000–1100 მ-მდე) მუხის ტყის მოზრდილი მასივი იშვიათობაა. შემორჩენილია, ძირი- თადად, მუხნარი ტყის ცალკეული კორომები, რომელთა უმეტესობა მეტ-ნაკლებად გამეჩხერებული და დაბალპროდუქტიულია. მათი ბუნებრივი განახლება სუსტად მიმდინარეობს, მრავალგან განახლება პრაქტიკულად შეწყვეტილია.[17]

მაღალმთის მუხნარები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუხნარები, შექმნილი მაღალმთის მუხის (Quercus macranthera) მიერ, გავრცელებულია ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, ზღვის დონიდან 1600–1700 მ-დან 2100–2200 მ-მდე. დასავლეთ საქართველოში მაღალმთის მუხნარების გავრცელება შეზღუდულია, გვხვდება, ძირითადად, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო და ზემო სვანეთში.

მუხნარი ტყეები, რომლებიც ძირითადად სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზეა განვითარებული (საუკეთესო სათიბ-საძოვრების არეალში), ტრადიციულად განიცდიდა ანთროპოგენურ წნეხს (უსისტემო ჩეხვა, შინაური პირუტყვის ტყეში სისტემატური ძოვება), რამაც ამ ტყეების ფართობების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. ამჟამად საქართველოს მაღალმთიანეთში მუხნარი ტყის მომცრო მასივები და ცალკეული ტყის კორომებია გადარჩენილი, რომელთა ხევნარები მეტ-ნაკლებად გამეჩხერებულია.[18]

ქართული მუხის ტყეების ანთროპოგენური სუქცესიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ საქართველოს ტყეების ერთ-ერთი მთავარი ფორმაციის — ქართული მუხის (Quercus iberica) ტყის ანთროპოგენურ-დიგრესული სუქცესიების შესწავლაში წვლილი მრავალმა მკვლევარმა შეიტანა (სახოკია, 1958; კეცხოველი, 1960, 1980; მახათაძე, 1962; კეცხოველი, ხარაძე, ივანიშვილი, გაგნიძე, 1975; ქვაჩაკიძე, ჯანდიერი, 1976; ქვაჩაკიძე, იაშაღაშვილი, 1992; ქვაჩაკიძე, 1996, და სხვ.).[19]

ნიკო კეცხოველი (1960), იხილავს რა აღმოსავლეთ საქართველოს მთების კალთებზე ქართული მუხის (Quercus iberica) ტყეებიდან ქსეროფილური ბუჩქნარების (ჯაგეკლიანების, ძირითადად — ძეძვიანების Paliurus spina christi) ჩამოყალიბების სუქცესიურ პროცესს, გამოჰყოფს ამ პროცესის 4 თანმიმდევრულ საფეხურს:

I საფეხური: მუხნარ (მუხნარ-ჯაგრცხილნარ) ტყეში, მის ტყისპირებში შეჭრილია ძეძვის თითო-ოროლა ეგზემპლარი. ძეძვის ბუჩქები, მოქცეული ტყის საბურველის ქვეშ, მორფოლოგიურად განსხვავებულია ღია ადგილებში მოზარდი ძეძვისაგან (დაგრძელებულია ღერო-ტოტები და სხვ.). ტყის ნიადაგური საფარი პრაქტიკულად შენარჩუნებულია. ანალოგიური სურათები ხშირად გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მთიან რეგიონში, კავკასიონისა და თრიალეთის ქედებისა და შტოქედების კალთებზე.[19]

II საფეხური: ანთროპოგენური ზეწოლის შედეგად მუხის ხეები დაჯაგულია. პრაქტიკულად უკვე ჩამოყალიბებულია ტყისშემდგომი ბუჩქნარი – ჯაგრცხილნარი. ბუჩქნარის საერთო ფონზე შეინიშნება მეჩხრად მდგარი წინამორბედი ტყის სახეობები — ქართული მუხა, იფანი, მინდვრის ნეკერჩხალი და სხვ. ჯაგრცხილნარის შემადგენლობაში მონაწილეობს ქსეროფილური ბუჩქები — ძეძვი, გრაკლა, შავჯაგა და სხვ. ტყის ნიადაგური საფარი (მუხნარი ტყისათვის დამახასიათებელი ნიადაგები) მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია.[20]

III საფეხური: ცენოზებში გაბატონებულია ჯაგრცხილა, შერეულია დაჯაგული მუხა, იფანი. შედარებით გამეჩხერებულ ადგილებში მყარად იკიდებს ფეხს ძეძვი და სხვა ქსეროფილური ბუჩქები. მუხნარი ტყისათვის დამახასიათებელი სახეობები (ხე, ბუჩქი, ბალახი) მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი. ნიადაგური საფარი დეგრადირებულია, ხშირად დედაქანიცაა გაშიშვლებული. ამ ცენოზების შემდგომ დეგრადირებას აჩქარებს შინაური პირუტყვის ხშირი ძოვება. ისპობა, ძირითადად, მუხის, იფანის, ჯაგრცხილას ამონაყარი; ძეძვი და სხვა ეკლიანი ბუჩქები საქონლისაგან პრაქტიკულად არ ზიანდება.[21]

IV საფეხური: ცენოზებში გაბატონებულია ძეძვი (ფორმირებულია ძეძვიანები). მეტნაკლები რაოდენობით შერეულია სხვა ქსეროფილური ბუჩქები — შავჯაგა, ჯორის ძუა და სხვ. გვხვდება ბიდომინანტური ცენოზებიც — ძეძვიან-შავჯაგიანი, ძეძვიან-გრაკლიანი და სხვ. ნიკო კეცხოველის მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოს მუხნარი ტყეების დეგრადაციის პროცესში (სუქცესიის ბოლო საფეხურებზე) ხშირად ვითარდება ბალახოვანი ცენოზებიც, კერძოდ, მეორადი უროიანი ველი (Botriochloa ischaemum).[21]

მიხეილ სახოკიას (1958) თბილისის შემოგარენისათვის მოჰყავს ქართული მუხის ტყეების ანთროპოგენური დიგრესიის პროცესში ფორმირებული ცენოზები — ძეძვიანები, გრაკლიანები, ნაირბუჩქნარები, გლერძიანები და სხვ. სტეპის მცენარეულობის წარმომადგენელთაგან დომინირებს უროიანები, ვაციწვერიანები და სხვ. ავტორის მიხედვით, აღნიშნული მცენარეულობა ქართული მუხის ტყეების, აგრეთვე — რცხილნარების, ნათელი (არიდული) ტყეების და ჭალის ტყეების ანთროპოგენური სუქცესიის ამა თუ იმ სტადიის მცენარეულობას განეკუთვნება.[22]

ქართული მუხის მუხნარები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზ.დ. 500–600 მ-დან 1000–1100 მ სიმაღლემდე გავრცელებულია ქართული მუხის ტყეები. მუხასთან ერთად ამ სარტყელში იზრდება ჩვეულებრივი იფანი, მინდვრის ნეკერჩხალი, რცხილა, ჯაგრცხილა. ქვეტყეში გვხვდება ჭანჭყატი, ზღმარტლი, შინდი და სხვა.[23]

საქართველოს ძირეული ტყეების ფორმაციათაგან ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გავლენით ერთ-ერთი ყველაზე მეტად „დაზარალებული“ — ქართული მუხის (Quercus iberica) ტყეებია (ფორმაცია — მუხნარი). საქართველოს ბარში ქართული მუხის ტყე სადღეისოდ თითქმის აღარსადაა შემორჩენილი, გარდა აქა-იქ გაფანტული ცალკეული ხეებისა და მომცრო კორომებისა. პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა და ტყისშემდგომი მცენარეულობით (ჯაგრცხილნარი, ნაირბუჩქნარი, ძეძვიანი, გრაკლიანი, მეორადი სტეპები) შეიცვალა ქართული მუხის ტყე მთისწინებზეც. სადღეისოდ ქართული მუხის ტყე შემორჩენილია ფორმაციის ბუნებრივი არეალის ზემო ნაწილში — ზ.დ. 600–700 მ-დან 1000–1100 მ-მდე. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში (სვანეთი, რაჭა, თრიალეთის ქედის ჩრდილო კალთა და სხვ.) ქართული მუხის ტყის მოზრდილი დაჯგუფებები გვხვდება უფრო მაღლაც — ზ.დ. 1400–1600 მ-მდე.[24]

ძირეული მუხნარები, რომლებიც ქართული მუხის საქართველოს არეალში ისტორიულ წარსულში წარმოდგენილი იყო მაღალტანიანი და მაღალპროდუქციული კორომებით, აღარსად შემორჩა. მათ ადგილზე სადღეისოდ გვხვდება დაბალტანიანი, დაბალპროდუქტიული, ძირითადად ამონაყრით განახლებადი, ე. წ. მეორადი მუხნარები, რომელთა ფიტოცენოლოგიური სტრუქტურის ფორმირება განხორციელდა ადამიანის სამეურნეო საქმიანობის (ანთროპოგენური წნეხის) პირობებში. ამდენად, იგი არ შეესაბამება ბუნებრივი პირველადი მუხნარების ფიტოცენოლოგიურ სტრუქტურას, მის უმთავრეს პარამეტრებს (ფიტოცენოზების სახეობრივი შედგენილობა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური სტრუქტურა), განახლების (კვლავწარმოების) ბუნებრივ მსვლელობას, პროდუქტიულობას, ტყის სხვა ფორმაციებთან ურთიერთობის (სუქცესიური განვითარების) ხასიათს.[25]

მეორადი (უმთავრესად ამონაყრითი) მუხნარები ხასიათდება დაბალი პროდუქტიულობით (მერქნის მცირე წლიური შემატება; მერქნის საერთო მარაგი ერთ ჰა-ზე მეტწილად 70–100 მ³ ფარგლებში ცვალებადობს). იგი განპირობებულია, ძირითადად, ქართული მუხის პოპულაციების გენეტიკური დაკნინებით (მრავალჯერადი ამონაყრითი თაობები). ამონაყრითი მუხნარების დღევანდელი თაობები აღარ შეესაბამება არც ქართული მუხის (სახეობის) ბიოლოგიურ პოტენციურ შესაძლებლობას, არც მუხნარების ქვეშ განვითარებული ნიადაგების (ძირითადად ტყის ყავისფერი და ყომრალი, საკმაოდ მაღალი ნაყოფიერებით გამორჩეული) შესაძლებლობებს. მეორადი (ამონაყრითი) მუხნარები, გარდა მცენარეული რესურსების (მერქანი და სხვა) სიმწირისა, ხასიათდება დაქვეითებული გარემოსდაცვითი უნარით, რაც მათი დარღვეული სტრუქტურით არის განპირობებული (კორომების დაბალი სიხშირე, სუსტი კალთაშეკრულობა, სუსტად განვითარებული მკვდარი საფარი).[26]

მუხნარები იმერული მუხისაგან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმერული მუხის (Quercus imeretina) ტყე — მუხნარი გავრცელებულია კოლხეთის დაბლობზე და გარემომცველი მთების კალთებზე, ზ.დ. 400 მ-მდე. მუხნარის შედარებით დიდი მასივი (5000 ჰა-მდე) შემორჩენილია სოფ. აჯამეთთან (აჯამეთის ნაკრძალი). ტყის მნიშვნელოვანი მასივი (480 ჰა) მდებარეობს ქუთაისთან (საღორიას ტყე).[27]

წიფლნარი, შექმნილი აღმოსავლური წიფლის (Fagus orientalis) მიერ, საქართველოს ძირეული ტყეების უმთავრესი ფორმაციაა. მის წილად მოდის ქვეყნის ტყითდაფარული ტერიტორიის ნახევარზე მეტი (ოფიციალური მონაცემებით — 51,8%; გიგაური, 1980).[28]

წიფლის ტყეების დიდი უმეტესობა მთების საშუალო და დიდი დაქანების კალთებზეა განვითარებული, ზ.დ. 700–800 მ-დან 1700–1900 (2200–2300) მ-მდე. წიფლის ტყეები ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსების წყაროა (სამასალე ხე, შეშა, სხვადასხვა ნაკეთობანი). უაღრესად მაღალია წიფლნარების ბუნებისდაცვითი (ეკოლოგიური) როლი (ნიადაგდაცვითი, წყალმარეგულირებელი, კლიმატმარეგულირებელი, ზვავსაწინააღმდეგო და სხვ.).[29]

აღმოსავლური წიფლის ტყეები გავრცელებულია ზღვის დონიდან 1000–1100 მ-დან 1500–1600 მ სიმაღლემდე. ნიადაგობრივი საფარი ძირითადად სხვადასხვა სიღრმის ტყის ყომრალი ნიადაგებით ხასიათდება. წიფლის ტყეები მეტყევეობითი ნიშნების ნაირგვარობით გამოირჩევა, ისინი ძირითადად ნაირხნოვანებითა და რთული აღნაგობით ხასიათდებიან, რაც ამ ტყეების ბიომრავალფეროვნებაზე მეტყველებს. ტყეები უმეტესად წარმოდგენილია კორომებით, სადაც წიფელია გაბატონებული და სხვადასხვა ხარისხით შერეულია კავკასიური რცხილა, ჩვეულებრივი იფანი, ცაცხვი, მთის თელა, მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი, აღმოსავლეთის ნაძვი და კავკასიური სოჭი. ქვეტყეში გვხვდება წყავი, შქერი, პონტოური მუხა, კავკასიური მოცვი და სხვა. წიფლის ტყეებში, ისევე როგორც სხვა ტყეებშიც, გარემო პირობების (რელიეფი, ნიადაგი, კლიმატი, ფერდობთა დაქანება და ექსპოზიცია) შესაბამისად, მიკრო თუ შედარებით დიდ ფართობებზე უხვადაა გავრცელებული სხვადასხვა მერქნიანი სახეობების ბიოჯგუფები მათთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური თუ მეტყევეობითი ნიშან-თვისებებით რაც ამ ტყეების ბიოლოგიურ ნაირგვარობასა და მრავალფეროვნებაზე მიუთითებს.[23]

აღმოსავლეთ საქართველოში წიფელი მთაში თავის გავრცელების სარტყელს ქმნის ზ.დ. 800 (1000) მ-დან 1500 (1600) მ-მდე. მთავარ კავკასიონზე, მაგალითად შიდა კახეთში წიფელი ტანბრეცილების სახით ადის სუბალპებში ზ.დ. 2200–2300 მ-მდე. წიფელი ძირითადად ნაირხნოვანი კორომებითაა წარმოდგენილი. აღმოსავლეთ საქართველოში წიფლით გაბატონებული ტყეები ფართოდაა წარმოდგენილი და დაახლ. 456709 ჰექტარზეა გავრცელებული. გამონაკლისის სახით მხოლოდ დედოფლისწყაროს, ყაზბეგისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში არაა გავრცელებული, იქ სადაც კლიმატი უფრო კონტინენტალურია. ხნოვანების ჯგუფების მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოს წიფლით გაბატონებული ტყეები ძირითადად შუახნოვანი (41–100 წლის) კორომებითაა წარმოდგენილი.

საქართველოს წიფლნარებში, ადამიანის არარაციონალური სამეურნეო საქმიანობის შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა კორომების (ფიტოცენოზების) ბუნებრივი სტრუქტურა, დაეცა პროდუქტიულობა, გაუარესდა ბუნებრივი განახლება. მე-20 საუკუნის შუა წლებიდან განსაკუთრებით შესამჩნევია წიფლნარების ფართობის შემცირების ტენდენცია ბუნებრივი ჰიფსომეტრიული არეალის ქვემო (ზ.დ. 700–1000 მ) და ზემო (1700–2300 მ) საზღვრის რაიონებში, რაც ანთროპოგენური განსაკუთრებით დიდი ზეწოლის შედეგია (ტყის უსისტემო ჭრა, შინაური პირუტყვის სისტემატური ძოვება — ტყეში და ტყის ველობებზე). წიფლნარის ბუნებრივი არეალის ფარგლებში ჩამოყალიბდა დროებითი (მეორადი, წარმოებული) რცხილნარები (Carpinus caucasica) და შერეული (პოლიდომინანტური) ტყეები, მეორადი ბუჩქნარები (წყავიანი, შქერიანი, თხილიანი, იელიანი და სხვ.) და მეორადი მდელოები (მარცვლოვანი, მარცვლოვან-ნაირბალახოვანი).[30]

ანთროპოგენური პრესის გავლენით ქვეყნის წიფლის ტყეების უმეტესობა მეტ-ნაკლებად ტრანსფორმირებულია. სახეცვლილება განიცადა, უწინარესად, კორომების (ფიტოცენოზების) სტრუქტურამ (სახეობრივი შემადგენლობა, ვერტიკალური და ჰორიზონტალური სტრუქტურა). მე-20 საუკუნის მიწურულს, ოფიციალური მონაცემებით (გიგაური, 1980), ძლიერ დაქვეითდა საქართველოს წიფლნარების ხეთადგომის სიხშირე — ტყეების 55% ნაწილში საშუალო სიხშირემ 0.5 ნიშნულზე და უფრო ქვემოთაც დაიწია. პარალელურად ძლიერ შემცირდა წიფლნარების პროდუქტიულობა: სამეურნეო წიფლნარებში (ქვეყნის წიფლნარი ტყეების 80%-ზე მეტი) პროდუქტიულობა (მერქნის საერთო მარაგი 1 ჰა-ზე) 2–3 ჯერ დაბალია ხელუხლებელ წიფლის ტყეებთან შედარებით (გიგაური, 1980, 2000).[31]

ბუნებრივი (ძირეული) წიფლნარების დეგრადირებამ (ცვლა მეორადი ტყეებით, ბუჩქნარებით და ბალახეულობით; წიფლნარი კორომების სიხშირისა და კალთაშეკრულობის შემცირება) განაპირობა მათი გარემოსდაცვითი ფუნქციების შესუსტება. ხეობებში, რომელთა კალთები სამეურნეო წიფლნარი ტყეებითაა შემოსილი, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა წყაროების დაშრობა, უეცარი წყალდიდობები, თოვლის ზვავები, მეწყერები, რომელთაც დიდი ზიანი მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობისათვის და მთლიანად ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოებისათვის.[32]

წიფლნარები მარადმწვანე ქვეტყით

წიფლნარები, რომლებშიც განვითარებულია მძლავრი ქვეტყე მარადმწვანე ბუჩქებისაგან (წყავი, შქერი, ჭყორი), წარმოდგენილია როგორც პირველადი ცენოზებით (ძირეული ასოციაციები: წიფლნარი წყავის ქვეტყით, წიფლნარი ჩვეულებრივი შქერის ქვეტყით, წიფლნარი ჭყორის ქვეტყით), ისე მეორადი ცენოზებითაც (ნაწარმოები ასოციაციები: დეგრადირებულ-გამეჩხერებული წიფლნარები, რომლებშიც შეიჭრა მარადმწვანე ბუჩქები და ჩამოყალიბდა გაუვალი ქვეტყე; ტყის ტიპოლოგიაში ეს მოვლენა ცნობილია ფიტოცენოზთა კონვერგენციის სახელით).[33]

წიფლნარები ფოთოლცვენია ბუჩქების ქვეტყით

ასოციაციათა ამ ჯგუფში შედის წიფლნარები, რომლებშიც განვითარებულია ქვეტყე ფოთოლცვენია ბუჩქებისაგან (კავკასიური ანუ მაღალი მოცვი, მოლოზანა, იელი, მაყვალი და სხვ.).[33]

წიფლნარი შქერის ქვეტყით

ამ ტიპის წიფლის ტყეები გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთების დაჩრდილულ ტენიან ნაწილში. კორომებში წიფელთან შერეულია ცაცხვი, რცხილა, წაბლი, ზოგან სოჭიც. კორომები მაღალპროდუქტიულია. ქვეტყეში გავრცელებულია პონტური შქერი, კავკასიური მოცვი და სხვა. ბალახეული საფარი სუსტადაა განვითარებული და ძირითადად წივანათი და მთის ჩადუნათი არის წარმოდგენილი.[34]

წიფლნარი წყავის ქვეტყით

გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს ტენიანი ხეობების ყველა ექსპოზიციის დიდი დაქანების ფერდობებზე. წიფელთან შერეულია რცხილა, ცაცხვი, ბოყვი; მძლავრად არის განვითარებული ქვეტყე; წყავთან შერეულია იელი, ჭყორი, კავკასიური მოცვი და სხვა. ბალახეული საფარი თხელია. გავრცელებულია ჩიტისთვალა სურნელოვანი, მდედრობითი გვიმრა, მაყვალი.[34]

წიფლნარები წვრილბალახოვანი და მარცვლოვანთა საფარით

ამ ჯგუფში გაერთიანებულია ზომიერად დატენიანებულ (ე. წ. „გრილ“) და მომშრალო ადგილსამყოფელებში განვითარებული ფიტოცენოზები (ასოციაციები), კერძოდ: წიფლნარი მკვდარსაფრიანი, წიფლნარი მთის წივანიანი, წიფლნარი ჩიტისთვალიანი, წიფლნარი ქრისტესბეჭედიანი, წიფლნარი ხახიანი და სხვ.[35]

წიფლნარები გვიმრების და ფართოფოთოლა ბალახების საფარით

ჯგუფი აერთიანებს დაბალი წარმადობის, მათ შორის ტანბრეცილი (სუბალპური) წიფლნარების ფიტოცენოზებს (ასოციაციები: წიფლნარი გვიმრიანი, წიფლნარი ანჩხლიანი, წიფლნარი მაღალბალახიანი და სხვ.), რომლებიც განვითარებულია მოტენიანო და ტენიან ადგილსამყოფელებში, ზ.დ. 1700–2300 მ ფარგლებში.[36]

წიფლნარის ნაალაგევზე განვითარებული მეორადი (წარმოებული) ტყეები

წიფლნარი ფიტოცენოზების (ტყის კორომების) პირწმინდა ჩეხვით ან ხანძრით განადგურების შემდეგ მათ ნაალაგევზე მრავალგან განვითარებულია დროებითი (ხანმოკლეწარმოებული) ტყეები, ძირითადად რცხილნარი, უფრო იშვიათად — მთრთოლავი ვერხვის ვერხვნარი.[36]

მომშრალო წიფლნარები

წივანიანი წიფლნარები (Fagetum festucosum). ამ ტიპის წიფლნარები გავრცელებულია მთელ საქართველოში, ზ.დ. 1000 მ-დან 1800 მ სიმაღლემდე. სამხრეთის რუმბის ძლიერი დაქანების ფერდობებზე წიფელთან შერეულია რცხილა, მინდვრის ნეკერჩხალი, ცაცხვი. მისი გავრცელების ზედა საზღვარზე აღმოსავლეთის ნაძვი, კავკასიური სოჭი. ქვეტყე ნაკლებადაა განვითარებული. იშვიათად გვხვდება ძახველი, დიდგულა; ბალახოვანი მცენარეებიდან წივანა, მთის პიტნა, ხარისთვალა, მთის ჩადუნა და სხვა.

გრილი (მოტენიანო) წიფლნარები

აქ გავრცელებულია: მკვდარსაფრიანი, ჩიტისთვალიანი, მაყვალგვიმრიანი, ნაირბალახოვანი წიფლნარების ჯგუფები. გავრცელებულია დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის საშუალო დაქანების ფერდობებზე, წიფლის ტყეების გავრცელების ქვედა და შუა სარტყელში; გრილ, ღრმა და საშუალო სიღრმის ტყის ყომრალ ნიადაგებზე.

წიფლნარი ჩიტისთვალას საფრით

წიფლნარი ჩიტისთვალას საფრით (Fagetum asperulosum) გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმასავლეთ საქართველოში. გვხვდება ძირითადად ზ.დ. 800–1700 მ-ის სიმაღლის ფარგლებში. შუა სარტყლის წიფლნარი ჩიტისთვალას საფრით (800–1400 მ ზ.დ.). უმეტესად ჩრდილოეთ რუმბის ექსპოზიციის საშუალო დაქანების ფერდობებზეა გავრცელებული. წიფელთან შერეულია რცხილა, ცაცხვი, ნეკერჩხალი და სხვა.

ტენიანი წიფლნარები

აქ შედის გვიმრიანი წიფლნარების ჯგუფი (Fageta filicosa) და შამბიანი წიფლნარების ჯგუფი (Fageta altherbosa). გვიმრიან წიფლნარებს წიფლით დაფარული ფართობების 10.7% (106.2 ათასი ჰა) უკავიათ. გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის 5–25° დაქანების ფერდობებზე, ზ.დ. 1000–1700 მ სიმაღლეზე, სადაც ღრმა და საშუალო სიღრმის, ტენიან, მძიმე თიხნარ ტყის ყომრალ ნიადაგებს იკავებენ.

მუქწიწვიანი ტყეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოჭნარი (Abies nordmanniana) და ნაძვნარი (Picea orientalis) საქართველოს ძირეული ტყეების მთავარ ფორმაციებს მიეკუთვნება. წმინდა სოჭნარებს და სოჭის სიჭარბით ტყეებს (წიფლნარ-სოჭნარი, ნაძვნარ-სოჭნარი, წიფლნარ-ნაძვნარ-სოჭნარი) საქართველოში დაახლოებით 190 ათასი ჰა ფართობი უკავია, ხოლო წმინდა ნაძვნარებს და ნაძვის სიჭარბით ტყეებს (სოჭნარ-ნაძვნარი, წიფლნარ-ნაძვნარი) — დაახლოებით 138600 ჰა ფართობი.[37]

სოჭნარი და ნაძვნარი ტყეების დიდი უმეტესობა განვითარებულია დასავლეთ საქართველოში, საშუალო და დიდი დაქანების ფერდობებზე, ზ.დ. 800–900 მ-დან 2000–2200 მ-მდე. ნაძვნარები და ნაძვის სიჭარბით ტყეები აღმოსავლეთ საქართველოშიც ვრცელდება, სადაც საკმაოდ მოზრდილი ფართობი უკავია ბორჯომ-ბაკურიანის რეგიონში, მდ. ტანას და თეძამის ხეობებში, მდ. დიდი ლიახვის ხეობაში, მდ. ალგეთის სათავეებში.[37]

პალეობოტანიკური კვლევებით დადგენილია, რომ შუა საუკუნეებში მუქწიწვიანი ტყეები ევრაზიის კონტინენტის ზომიერ სარტყელში ტერიტორიის უმეტეს ნაწილს იჭერდა. ამ ტყეების ფართობის შემცირება ინტენსიურად წარიმართა ბოლო სამი საუკუნის მანძილზე. ამ პერიოდში განხორციელდა მუქწიწვიანი ტყეების აქტიური ცვლა ფოთლოვანი ტყეებით (წიფლის, რცხილის, მუხის, არყის და ტყის სხვა ფორმაციებით), ასევე დროებითი ფიჭვნარებით და ტყისშემდგომი მცენარეულობით (ბუჩქნარები, მდელოები).[38]

ანალოგიური პროცესები განხორციელდა საქართველოშიც. მცენარეული საფარის ისტორიის მკვლევართა მიერ[კომ. 10] დადგენილია, რომ მუქწიწვიანი ტყეების ცვლა ფოთლოვანი ტყეებით ინტენსიურად წარიმართა შუა და გვიან ჰოლოცენში, ხოლო მუქწიწვიანი ტყეების ფართომასშტაბიანი ცვლა ტყისშემდგომი ბუჩქნარებითა და მდელოებით, ძირითადად, უკანასკნელ (მე-19, მე-20) საუკუნეებში განხორციელდა და იგი პრაქტიკულად მთლიანად ადამიანის არარაციონალურ სამეურნეო საქმიანობასთან იყო დაკავშირებული (ტყეების პირწმინდა ჭრა, ხანძრები). გამოკვლევებით[კომ. 11] დადგენილია, რომ მუქწიწვიანი ტყეების ინტენსიური ცვლა ფოთლოვანი ტყეებით, ფიჭვნარებით და ტყისშემდგომი ბუჩქნარებით და მდელოებით მასშტაბურად წარიმართა თრიალეთის მთაგრეხილის ხეობებში (თეძამის, ტანას, ნეძვის, ბორჯომის). უფრო ადრე ეს პროცესები განხორციელდა აღმოსავლეთ თრიალეთზე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონზე (დოლუხანოვი, 1958, 1964; ქვაჩაკიძე, 2002, და სხვ.). ყოველივე ამან განაპირობა მუქწიწვიანი ტყეების ბუნებრივი არეალის აღმოსავლური ნაწილის (სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთი ნაწილი) მკვეთრი შემცირება.[39]

საქართველოს ძირეული ტყეების ფორმაცია — წაბლნარი (Castanea sativa) გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, ზ.დ. 60–100 მ-დან 1200–1400 მ-მდე. აღმოსავლეთ საქართველოში წაბლის წმინდა (მონოდომინანტური) და შერეული (პოლიდომინანტური) ტყეები გვხვდება იშვიათად, ძირითადად დასავლურ ნაწილში (დასავლეთი თრიალეთი, ბორჯომის ხეობა, მდ. დიდი ლიახვის ხეობა, ლიხის ქედი) და კახეთში (კახეთის კავკასიონი), ზ.დ. 500–700 მ-დან 1300–1400 მ-მდე. წაბლნარების (წმინდა კორომები, წაბლის სიჭარბით კორომები) საერთო ფართობი 106 ათას ჰა-ს აღწევს.

წაბლი, როგორც საუკეთესო მერქნის მქონე ხე, ოდითგან გამოიყენებოდა (სამშენებლო მასალად, ავეჯის წარმოებაში და სხვ.). წაბლის ტყეების ექსპლუატაციისა და მოვლის წესების უხეშმა დარღვევებმა საქართველოს მთის (უფრო ადრე — ბარის) წაბლნარების დიდი ნაწილი შეიწირა, ისინი თანდათანობით შეიცვალა მეორადი (წარმოებული) ტყეებით, ძირითადად რცხილნარით (Carpinus caucasica). კოლხეთის დაბლობზე — ვაკეზე და გორაკ-ბორცვებზე ისტორიულ წარსულში ჯერ კიდევ ფართოდ ვრცელდებოდა შერეული სუბტროპიკული ტყეები, რომელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი (დამახასიათებელი სახეობა) წაბლი იყო. ამჟამად ამ ტყეთა ცალკეული მომცრო კორომებია შემორჩენილი. საქართველოში (როგორც სხვა ქვეყნებში) წაბლს და მის ტყეებს დიდი ზიანი მიაყენა საერთაშორისო მასშტაბის დაავადებამ — ენდოტიამ.

წაბლის ტყეები არა მხოლოდ საუკეთესო მერქნის მნიშვნელოვანი მარაგის შემცველია, არამედ მთათა კალთებზე ეკოლოგიური წონასწორობის დაცვის ერთ-ერთი ფაქტორიცაა (მეტადრე დასავლეთ საქართველოს უხვნალექიან რეგიონებში).[40]

კავკასიური ფიჭვი (Pinus sosnowskyi) საქართველოში ქმნის როგორც ძირეულ, ისე დროებით (ნაწარმოებ) ტყეებს. ფიჭვის ძირეულ ტყეებს მნიშვნელოვანი ტეროტორია უჭირავს თუშეთში, ზემო სვანეთის აღმოსავლურ ნაწილში, მესხეთში (სადაც წიფლნარი და მუქწიწვიანი ტყეები არ ვრცელდება, ან ამ ტყეთა ედიფიკატორების კონკურენტუნარიანობა შედარებით დაბალია). ძირეულ ფიჭვნარებს შედარებით ნაკლები ფართობი უკავია შუა და დასავლეთ თრიალეთზე, მდ. დიდი ლიახვის ხეობაში და სხვ. რაც შეეხება დროებით (წარმოებულ, მეორად) ფიჭვნარებს, ისინი განვითარებულია ძირეული ტყეების (ძირითადად წიფლნარის და მუქწიწვიანი ტყეების) გეოგრაფიულ და ეკოლოგიურ არეალში, ამ ტყეების ნიადაგებზე (პირწმინდა ნაჩეხზე, ნახანძრალზე). დროებითი ფიჭვნარები დიდ უმეტეს შემთხვევაში ბუნებრივად იცვლება წინამორბედი ძირეული ტყით.[41]

ფიჭვნარების საერთო ფართობი, ოფიციალური მონაცემებით (გიგაური, 1980), დაახლოებით 122 ათას ჰა-ს შეადგენს. ფიჭვნარები გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში ზ.დ. 300 მ-დან 2400 მ-მდე, აღმოსავლეთ საქართველოში — ზ.დ. 700–800 მ-დან 2400 მ-მდე.[42]

ბიჭვინთის ფიჭვის (Pinus pithyusa) მიერ შექმნილი ძირეული ტყეები (ფიჭვნარები) გავრცელებულია კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და მიმდებარე მთათა კალთებზე, ზ.დ. 400 მ-მდე. ფიჭვნარები განვითარებულია კირქვიანი მთების სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზე. ფიტოცენოზები (ტყის კორომები) ნაირხნოვანია, მეჩხერი და დაბალი სიხშირის, დაბალი წარმადობის. ბიჭვინთის კონცხზე (მდ. ბზიფის გამოტანის კონუსი) განვითარებულია საკმაოდ მაღალი წარმადობის, კალთაშეკრული, მეტწილად ერთხნოვანი ფიჭვნარები.[43]

საქართველოს ძირეული ტყეების ერთ-ერთი უძველესი (მესამეულ-რელიქტური ფორმაცია — ძელქვნარი (Zelkova carpinifolia) დღეისათვის შემორჩენილია კოლხეთის დაბლობზე (სოფ. აჯამეთთან, 1,5 ჰა) და შიდა კახეთში (სოფლების — ბაბანეურის, არგოხის და ლალისყურის მიდამოები, საერთო ფართობი — დაახლოებით 240 ჰა).[44]

შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შერეული ფართოფოთლოვანი ტყეები ისტორიულ წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული კოლხეთის დაბლობზე და მთისწინებზე, რაც მრავალრიცხოვანი პალეობოტანიკური გამოკვლევით არის დადგენილი. სადღეისოდ ეს ტყეები შემორჩენილია შეზღუდულ ტერიტორიაზე — ლოკალურად.[45]

შერეული (პოლიდომინანტური) ფართოფოთლოვანი ტყეების შემადგენლობაში მონაწილეობს (დამახასიათებელი სახეობები) — წაბლი, წიფელი, ჰართვისის მუხა, იმერული მუხა, ცაცხვი, რცხილა, იფანი, ხურმა და სხვ. სადღეისოდ ამ ტყეების (კორომების) სტრუქტურა ძლიერ დარღვეულია, გამეჩხერებულია, ძირითადად წარმოდგენილია სახეცვლილი ფიტოცენოზებით (მარადმწვანე და ფოთოლცვენია ქვეტყით, არადამახასიათებელ სახეობათაგან შექმნილი ბალახოვანი საფარით). ტყის კორომების ბუნებრივი განახლება სუსტად მიმდინარეობს ან პრაქტიკულად შეწყვეტილია, რაც დიდი ანთროპოგენური დატვირთვით არის განპირობებული.[46]

ძირეული მურყნარები (Alnus barbata) გავრცელებულია კოლხეთის დაბლობის დასავლურ ნაწილში. დიდ ფართობს იჭერს დაჭაობებულ ადგილებში, სადაც გრუნტის წყლები გამდინარეა (მოძრაობს ზღვისაკენ) და ჟანგბადით მდიდარია. მუდმივად ან დიდი ხნით დამდგარ წყლებში, სადაც ჟანგბადის ნაკლებობაცაა, მურყანი იჩაგრება, ტყე (მურყნარი) დაბალი წარმადობისაა, ან საერთოდ არ გვხვდება (უტყეო ჭაობები).[47]

კოლხეთის დაბლობის აღმოსავლურ ნაწილში და აღმოსავლეთ საქართველოში მურყნარები შედარებით იშვიათია. ძირეული მურყნარები აქ ძირითადად მდინარეთა სანაპირო ზოლში (ჭალაში) გვხვდება. ნაყოფიერი ნიადაგების (ტენიანი ალუვიური ნიადაგები) და ხელსაყრელი ჰავის წყალობით ჭალის მურყნარები ბუნებრივ მაღალ სიხშირესა და მაღალ პროდუქტიულობას აღწევს.[48]

ჭალის ვერხვნარები და ტირიფნარები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირეული ტყეების ეს ფორმაციები (ედიფიკატორები — Populus nigra, P.canescens, Salix excelsa და სხვ.) გავრცელებულია მდინარეთა სანაპირო ზოლში (მათ შორის მთის ხეობებში, ზ.დ. 900–1000 მ-მდე), ალუვიურ ტენიან ნიადაგებზე. წარსულში (ისტორიულ წარსულში, შუა საუკუნეებამდე) არსებული ვრცელი ტყეებიდან სადღეისოდ შემორჩენილია ტყეების ვიწრო და წყვეტილი ზოლები და ცალკეული მომცრო კორომები, რომლებიც მეტ-ნაკლებად სახეცვლილია (გამეჩხერებული, შეცვლილი ცოცხალი საფარით). იგი შედეგია იმ ძლიერი ანთროპოგენური პრესისა (უსისტემო ჭრა, პირუტყვის მუდმივი ძოვება), რაც ამ ტყეებმა განიცადა, ბარისა და მთისწინების ტყეების სხვა ფორმაციებთან ერთად.[49]

ჭალის მუხის მუხნარები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭალის მუხის (Quercus longipes) მიერ შექმნილი ტყე (მუხნარი) გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ჭალებში, ალუვიურ ტენიან ნიადაგებზე. ჭალის მუხნარების კორომების მეტი წილი სადღეისოდ მეტ-ნაკლებად დეგრადირებულია (გამეჩხერებულია, ფიტოცენოლოგიური სტრუქტურა დარღვეულია).[50]

სუბალპურ სარტყელში (ზ.დ. 1800 მ ზემოთ) ტყის რამდენიმე ფორმაცია ვრცელდება, რომელთაგან სუბალპებში საკმაოდ ღრმად შედის (ზ.დ. 2100–2300 მ-მდე, ფიჭვნარი — 2450 მ-მდე) სოჭნარი, ნაძვნარი, წიფლნარი, ფიჭვნარი. ტყის ზოგიერთი ფორმაცია (არყნარი, მაღალმთის ნეკერჩხლიანი, მაღალმთის მუხნარი) მხოლოდ სუბალპურ სარტყელშია გავრცელებული, იშვიათად ჩამოდის მთის ზედა სარტყელში.[51]

სუბალპური ტყეების სარტყელი ზღვის დონიდან 2000–2100 მ-დან 2200–2400 მ-მდე არის განლაგებული. ნიადაგობრივი საფარი ამ ზონაში მდელოტყისა და მთამდელოთა ნიადაგებით ხასიათდება. ამ ზონის ტყემცენარეულობა უმთავრესად სუბალპური მეჩხერი ტყეებითაა წარმოდგენილი, აქ გავრცელებულია მაღალმთის ნეკერჩხალი, ბუსუსებიანი არყი, ლიტვინოვის არყი, ჭნავი, თხის ტირიფი, ზოგჯერ აღმოსავლეთის წიფელი, აღმოსავლეთის ნაძვი, კავკასიის სოჭი და აგრეთვე მაღალტანოვანი ბალახეული საფარი. სუბალპურ მეჩხერებთან ერთად, გვხვდება როგორც სუბალპური მაღალბალახეულობა, ასევე პირველადი სუბალპური მდელოები და ტყის ჭრის შემდეგ წარმოშობილი მეორადი სუბალპური მდელოები.[3]

მაღალმთის (სუბალპური) ძირეული ტყეების ერთ-ერთ მთავარ ფორმაციას წარმოადგენს არყნარი. არყის მეჩხერი და ტანბრეცილი ტყეები[კომ. 12] ზ.დ. ყველაზე მაღლა (1300–2600 მ ფარგლებში) ვრცელდება. სადღეისოდ არყნარების უდიდესი ნაწილი განადგურებულია, მათ ნაალაგევზე განვითარებულია მაღალმთის ბუჩქნარები (დეკიანი, იელიანი და სხვ.) და მდელოები (სუბალპური მეორადი მდელოები). არყის ტყის ცენოზები, რომლებიც შემორჩენილია და „არშიასავით ზემოდან გაუყვება“ (ნ. კეცხოველი) ჩვენს მთის ტყეებს, მეტ-ნაკლებად დეგრადირებული და სახეცვლილია.[52] საქართველოში გვხვდება ლიტვინოვის (Betula litwinowii), მეგრული, მეჭეჭიანი, რადეს, მედვედევისა და თეთრი არყებისაგან შექმნილი არყნარები. ნიადაგდაცვითი და წყალშენახვითი თვისებების გამო არყნარებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

სუბალპური ტყეების ერთ-ერთი ფორმაციაა ნეკერჩხლიანი (Acer trautvetteri). მაღალმთის ნეკერჩხლის ძირეული ტყეები სადღეისოდ ცოტაღაა შემორჩენილი, მეტწილად დასავლეთ საქართველოს სუბალპებში (ტანბრეცილი ნეკერჩხლიანები). სუბალპური მეჩხერი ნეკერჩხლიანები, რომლებიც გავრცელებულია ქვემო სუბალპურ ქვესარტყელში და მთის ზედა სარტყელში (ზ.დ. 1700–2100 მ ფარგლებში), მეორადია, განვითარებულია ძირეული ტყეების — წიფლნარებისა და მუქწიწვიანი ტყეების (ნაძვნარი, სოჭნარი) ნაალაგევზე.[53]

მაღალმთის მუხის მუხნარები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაღალმთის მუხის (Quercus macranthera) ტყეები (მუხნარები) გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს სუბალპებში და მთის ზედა სარტყელში (ზ.დ. 1600–1700მ ზემოთ). დასავლეთ საქართველოში (კავკასიონზე) მუხის ტყე სვანეთამდე ვრცელდება. მუხნარებს უჭირავს სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობები, სადაც სხვა სუბალპური ფორმაციები (არყნარი, ნეკერჩხლიანი, მაღალმთის წიფლნარი) მუხნარ ტყეებს კონკურენციას ვერ უწევს (ნიადაგის მეტი სიმშრალე).[54]

სუბალპური ტყეებიდან მაღალმთის მუხნარები ყველაზე მეტად დაზიანდა ანთროპოგენური პრესის გავლენით. მუხის ტყეების ნაალაგევზე (სამხრეთის ფერდობები) საუკეთესო მდელოები (ბუნებრივი სათიბები და საძოვრები) ვითარდება, რაც მუხნარების შევიწროება-განადგურების ძირითად მიზეზს წარმოადგენს.[55]

მუხნარებს, სხვა სუბალპური ტყეების მსგავსად, უდიდესი გარემოსდაცვითი ფუნქცია გააჩნია, რასაც დიდი და საშუალო დაქანების მთის კალთებზე სხვა მცენარეულობა (ბუჩქნარები, მდელოები) ვერ ასრულებს. ამის გამო, ამ ტყეებს დაცვა ესაჭიროება (თვით მაღალმთის მუხა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში), ხოლო სამხრეთის ექსოზიციის ძლიერ დაქანებულ ფერდობებზე აუცილებელია მუხნარი კორომების აღდგენა-რეკონსტრუქცია.[56]

აღმოსავლეთ საქართველოს ვაკეთა მდინარეების ნაპირების გასწვრიევ ე. წ. ჭალებში, ძირითადი ტიპია ჭალის ტყე. ამ ტყეებისათვის მთავარი და დამახასიათებელი ხეებია: ვერხვები, ხვალო, ოფი, მურყანი, ტირიფები, ცოტა უფრო მშრალ ადგილსამყოფელზე — ჭალის მუხა (Quercus longipes Steven)[57] და ჭალის თელა (Ulmus suberosa Moench).[58]

ქვეტყეში კი მრავლადაა აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობის ტყეებში შემავალი ბუჩქნარი: კუნელი, განსაკუთრებით კი — ამ ტყისათვის ტიპურია ქაცვი, იალღუნი ანუ სამასრე ტირიფი, მგლის ყურძენა და სხვ.

ჭალის ტყეები გავრკელებულია მტკვრის ხეობაში, მდ. ალაზნის, ივრის, არაგვის, ქსნის, პატარა ლიახვის, დიდი ლიახვის, ფცის, ფრონის, ქციის, მაშავერას, ალგეთის, ვერეს, ძამას, თეძამისა და სხვა მდინარეთა ჭალებში.[59]

ალაზნის ჭალის ტყეები თავის იერითა და შემადგენლობით განახვავდება აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მდინარეთა ჭალის ტყეებისაგან. აქ გარდა დასახელებული სახეობებისა მონაწილეობას იღებს ლაფანი, პასტუხოვის სურო.

მდინარის სიახლოვეს, სადაც ნიადაგში გრუნტის წყალი საკმაოდ ზემოთ არის ტირიფები და ვერხვები ჭარბობენ. გრუნტის წყლის სიღრმეზე წასვლის შედეგად — მუხები და თელები. ცალკეული ხეების მიხედვით შეიძლება ზოგან ეს კანონზომიერება დაირღვეს, თუმცა ცენოლოგიურად ეს ეკოლოგიური რიგი უფრო მყარია.[60]

ჭალის ტყეში მრავალფეროვანი ვარიანტის აღნიშვნა შეიძლება, რომელთა შორის შესაძლებელია აღინიშნოს: 1. ტირიფნარი; 2. ვერხვნარი; 3. ვერხვნარ-ტირიფნარი, რომელიც უშუალოდ წყლის პირზე ვრცელდება და ხშირად პირველ დაჯგუფებას ენაცვლება; 4. მურყნარი; 5, ვერხვნარ-მუხნარი — წყლის პირიდან ჩეეულებრივ იგი მეორე ზოლის დაჯგუფებაა და მუხნარის ზოლში გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს; 6. მუხნარი, რომელშიც გაბატონება ჭალის მუხას (Quercus longipes Steven) მიეკუთვნება. იგი ამ ტყის მესამე ზოლად უნდა დაისახოს; 7. მუხნარ-თელნარი — ეს უკანასკნელი ზოლია წყლის პირიდან, რომელიც უშუალოდ ეკვრის ველებს. მაგრამ ველისა და ამ ტიპის ტყეთა შორის ჩეეულებრივ გარდამავალი საფეხურიც არსებობს ბუჩქნარის სახით; 8. ბუჩქნარი, რომელშიაც ველის ელემენტები საგრძნობლად ჭარბობს.[60]

არის ადგილები, სადაც მარტო ერთი რომელიმე ვარიანტია გამოსახული, მაგალითად — ვერხვნარი ან მუხნარი. ვერხვნარი, ტირიფნარი, ვერხვნარ-ტირიფნარი — ჩვეულებრივ, გავრცელებულია ისეთ ნაპირებზე, რომელიც წყლის გავლენას უფრო განიცდის, შედარებით დიდხანს არის დაფარული წყლით და ამის გამო ნიადაგშიც მეტი ტენია. მუხნარი გვხვდება, შედარებით პირველ ტიპთან, უფრო მშრალ ადგილებზე, ხოლო რაც შეეხება მუხნარ-თელნარს — მისი ადგილსამყოფელი დანარჩენ დაჯგუფებათა ადგილსამყოფელთან შედარებით უფრო მშრალია და ზოგიერთ შემთხვევებში ველის ბუჩქნარის ადგილსამყოფელოს უახლოვდება. ამ მხრივ ეს ვარიანტი გარდამავალი ზოლია ჯაგ-ეკლიან ველსა და ტიპურ ჭალის ტყეს შორის.[61]

ამ ეკოლოგიური რიგების ნახვა შეიძლება რუსთავში, ყორუღში, იორზე, ჭოპორტში და სხვაგან. ხშირია, როდესაც მდინარის თანამედროვე ტერასაზე გავრცელებულია ეერხვნარი და იგი არავითარ გარდამავალ საფეხურს აღარ ქმნის, პირდაპირ ველს ან ბიცობის დაჯგუფებას ესაზღვრება, რადგან თანამედროვე ტერასის წინამორბედი საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული და მასზე ტყე ან არ ყოფილა, ანდა თუ ყოფილა განადგურებულა და დაწერილია უკეთეს შემთხვევაში ჯაგ-ეკლიანი ველით, ხოლო უარეს შემთხვევაში ველით ან ვეძიანით და ბიცობის დაჯგუფებით (მაშავერის ნაპირები, მტკვრის შესართავთან). თუ ეს ტიპი ღრმადაა მთების კალთებს შორის შეჭრილი, ხშირად ვერხვნარს წიფლნარიც ესაზღვება.[61]

კახეთის ლეშამბიანი ტყე. ალაზნის ხეობის მარცხენა ნაპირზე შემორჩენილია ლეშამბიანი ტყე, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში კოლხეთის ლეშამბიანი ტყის ანალოგს წარმოადგენს. ეს ტყე ტიპურია და აღმოსავლეთ საქართველოს ჭალის ტყის გამდიდრებულ ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც უახლოვდება რიონის ჭალის ტყეებს. ამ ტყეს ჭალის ტყეებისაგან გამოვყოფთ შემადგენლობის გამო და, მეორე იმიტომ, რომ მოქცეულია ჭალის ტყის პირობებისგან განსხვავებულ გარემოში, რაც მის იერს თავისებურ დაღს ასვამს.[62]

ალაზნის პირას გაერცელებული ტყე ლეშამბიანი (ლიანებიანი) ტყეა. იგი ტიპურად გავრცელებულია მის მარცხენა ნაპირზე და ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლემდე აღწევს. აღმოსავლეთ-სამხრეთის ნაწილით ზაქათალაში და აქედან აზერბაიჯანის ვაკეთა მხარეში გადადის. ალაზნის მარჯვენა ნაპირზეც უფრო ტიპურად გურჯაანის გასწვრივამდეა გამოსახული. შედარებით ამაღლებულ ადგილებზე, სადაც წყალი ადვილად იწრიტება, მას აღმოსავლეთ ველების გავლენა საკმაოდ ძლიერ ეტყობა და მრავალ ადგილას უკვე განვითარებულია მეორადი წარმოშობის ტიპები: ჯაგრცხილნარი, რცხილნარ-მუხნარი და ბევრგან კი ძეძვიანი თავისი ტიპური თანამყოლებით, როგორც ბუჩქნარებიდან, ისე ბალახეულ მცენარეულობიდან.[63]

სახეობები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამ ტყის შექმნაში, დაბლობის და ვაკის ტყეების ელემენტებია, დაბლობის მუხა (Quercus longipes Steven),[64] ხვალო (Populus hybrida M.Bieb.),[65] ლაფანი (Pterocarya pterocarpa (Michx.) Kunth ex Iljinsk.)[66] და სხვ. სავარაუდოდ, ახლო წარსულში აქ ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული ძელქვაც. მისი კორომები გადარჩენილია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ფიჩხოვანთან და ლალისყურთან, მუხნარ-ჯაგრცხილნარის ზონაში.[63]

ლეშამბოთა (მხვიარა მცენარეები) შორის მნიშვნელოვანია: ღვედკეცი, კრიკინა, კატაბარდა, ეკალღიჭი, ჩვეულებრივი სურო, პასტუხოვის სურო და სხვ.[63]

ალაზნის ქვედა მიმდინარეობის ნაპირებზე ჭარბობს ეერხვის ვარიანტი, სადაც ალაზნის მიერ ნიადაგიც მეტად დანესტიანებული და დაჭაობებულია.[67]

კახეთის ალაზნის პირისა და გავაკების მთებისწინა კალთების ტყეები, რომ ტიპური რელიქტური ტყეებია, იქიდანაც დასტურდება, რომ იქ ნანახია არა ერთეული ხეები, არამედ ძელქვის ტყეც. ძელქვა, ანუ ალუხი, როგორც მას კახეთში ეძახიან, გვხვდება სამხრეთისაკენ დაქანებულ ფერდობებზე. ზოგან ძელქვა დაბლობშიც იზრდება, გავაკებაზე, ჭალის ტყის ფარგლებში.[68]

ქვეტყეში ხშირია შინდანწლა, შინდი, ზღმარტლი, კვიდო, აღმოსავლეთის კუნელი და სხვ.[68]

1957 წელს სტორის მარჯვენა ნაპირზე აღმოჩენილი იქნა ძელქვების მეორე კერა, სადაც ძელქვნარი დაახლოებით იმავე ტიპისაა როგორიცაა ბაბანაურისა და არგოხის ძელქვნარი (ი. ვაჩნაძე).[68]

ამ მხარეში ორნაირი ძელქვნარია, ერთი მთებისწინა კალთების ძირისა, ქვემო სარტყელში ზღვის დონიდან 430 მ სიზაღლეზე, მეორე კი დაახლოებით 450-დან 502 მ სიმაღლემდე, სადაც ტყე უფრო შენახულია. პირველი ძელქვნარი უფრო ძელქვნარ-ჯაგნარია, სადაც ძეძვი დიდ მონაწილეობას იღებს.[69]

კოლხეთის რელიქტური ტყეები. წარსულ გეოლოგიურ ეპოქებში არსებული ტყის იერი უფრო კარგად შემორჩა იმ ტყეს და საერთოდ მცენარეულობას, რომელიც გავრცელებულია კოლხეთის დაბლობზე და ბარში მთებისწინა კალთების ჩათვლით. მას რელიქტურ ტყესაც უწოდებენ. კოლხურ ტიპად ამ შემთხეევაში იგულისხმება ის მცენარეულობა, რომელიც კოლხეთის დაბლობზეა გავრცელებული. ძირითადად 450–500 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. 500 მ სიმაღლის ზევით არსებული ტყეებიც კოლხეთის, რელიქტური იერის მატარებელია, მაგრამ აქ ეს იერი უფრო ნაკლებად გამოხატულია, ვიდრე დაბლა და ამიტომ ამ ზონის მცენარეულობა განხილულია მთების შუა სარტყელის ტყეების ან ალპურ მცენარეულობასთან ერთად (მთის წიფლნარები, წაბლნარები და სხვ.).[70]

კოლხეთის დაბლობის ტყის შემქმნელ ძირითად სახეობებად მიიჩნევა, ჭალებში — ლაფანი, ხვალო (Populus hybrida M.Bieb.), მურყანი, ხურმა და სხვ. გავაკების ძირითად არეზე — ჰართვისის მუხა, რცხილა, წიფელი, წაბლი. ჩრდილოეთისაკენ, სადაც კირქვების ქანების გავლენა უფრო მკვეთრია (სოხუმი, გაგრა) ძირითად შემქმნელ სახეობებში ჭარბობენ ქართული მუხა და რცხილა. ვაკეზე (სამეგრელოს დაბლობი და ვაკე) კირქვები პატარ-პატარა გორაკებად და ქედებად არის ამოწეული, აქ ზოგან იერის მომცემ ჯიშად ჭარბობს დაფნა, ჯაგრცხილა, ლეღვი. ამათ გარდა ვაკისა და დაბლობის ტყეში დიდ მონაწილეობას იღებს — იფანი, ნეკერჩხალი, ცაცხვი, თელა, თელადუმა, მაჟალო, პანტა, ძელქვა.[71]

ამ ტყეებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე თავისებური ქვეტყე, რომელშიც იერის მიმცემია მარადმწვანე ბუჩქები, ან ხეები, რომლებიც აქ ბუჩქებად მონაწილეობენ, Taxus baccata L., Ilex colchica Pojark.[72]

მუხებიდან დაბლობზე, ვაკეზე, ჭალის ტყის არეებში იმერული მუხაა გავრცელებული. ბარში, შემაღლებულ ადგილებზე კი კოლხური მუხა, ხოლო ქართული მუხა ჩვეულებრივია შემაღლებულზე — კირქვებზე. ძელქვაც შემაღლებულ ადგილებში გვხვდება, ე.ი. მესამე საფეხურის არისათვის უფრო ტიპური და დამახასიათებელია. ვერხვი, ლაფანი, ტირიფი კი ჩვეულებრივია მდინარის პირის ტყეებისათვის.[72]

რელიქტური კოლხური ტყეები ტორფის საფარით. ძირითად სახეობებს წარმოადგენს — კავკასიური რცხილა (Carpinus betulus), შავი მურყანი (Alnus glutinosa subsp. barbata), ხეჭრელი (Rhamnus frangula), ტირიფის ორი სახეობა — ნაცრისფერფოთლოვანი ტირიფი (Salix cinerea) და მდგნალი (Salix caprea).

ფოთოლმცვენი ტყეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიფლნარები (Fageta; Fagus orientalis). აღმოსავლური წიფლის მიერ შექმნილი ტყე (წიფლნარი) საქართველოს ძირეული ტყეების უმთავრესი ფორმაციაა. წიფლნარების საერთო ფართობი შეადგენს 1 175 მლნ ჰექტარს.[კომ. 13][კომ. 14]

წიფლნარები გავრცელებულია კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთების საშუალო და დიდი დაქანების კალთებზე, სადაც უდიდეს გარემოსდაცვით (წყალმარეგულირებელ, კლიმატმარეგულირებელ, ნიადაგდაცვით და სხვ.) ფუნქციებს ასრულებს — ზღვის დონიდან 150–200 მ-დან (აღმოსავლეთ საქართველოში 600–800 მ-დან) 2300–2350 მ-მდე (აღმოსავლეთ საქართველოში 2100–2150 მ-მდე). წიფლის ტყეების გავრცელება მკვეთრად შეზღუდულია სამხრეთ საქართველოში (მესხეთში), ხოლო თუშეთში საერთოდ არ ვრცელდება.[73][74]

არარაციონალური სამეურნეო საქმიანობის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს წიფლნარების საერთო ფართობი და გაუარესდა არსებული ტყეების მდგომარეობა (სტრუქტურა, პროდუქტიულობა, ბუნებრივი განახლება). ოფიციალური მონაცემებით წიფლნარების დაახლოებით 55% — 0,5 და უფრო დაბალი სიხშირისაა; სამეურნეო ტყეებში შემცირდა (ხელუხლებელ წიფლის ტყესთან შედარებით) მერქნის წლიური შემატება და საერთო მარაგი (მერქნის მარაგი 1 ჰა-ზე შემცირდა 2–3-ჯერ, ზოგან — მეტადაც); გაძლიერდა წიფლნარი კორომების ცვლა მეორადი (წარმოებული) ტყეებით და ტყისშემდგომი მცენარეულობით (ბუჩქნარები, ბალახეულობა). სატყეო-სამეურნეო საქმიანობაში ხანგრძლივი დროის მანძილზე არასწორი მეთოდების გამოყენების შედეგად მასიურად ჩამოყალიბდა ტრანსფორმირებული (სახეშეცვლილი) წიფლნარი ცენოზები და მეჩხერები, რომლებიც სუსტად ან საერთოდ არ განახლდება, რითაც შეიქმნა წიფლნარების ფართობის კიდევ უფრო შემცირების საშიშროება.[74]

წიფლნარი ტყის ცენოზები განვითარებულია ეკოლოგიურად განსხვავებულ ადგილსამყოფელებში (სხვადასხვა ექსპოზიციის და დაქანების ფერდობები; სხვადასხვა სიღრმის, განსხვავებული შემადგენლობისა და ტენიანობის ნიადაგები), რაც მათ დიდ მრავალფეროვნებას განაპირობებს. საქართველოს წიფლნარების ტიპოლოგიური სპექტრი 50-ზე მეტ ასოციაციას მოიცავს:

მთების შუა სარტყელის ტყეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთების შუა სარტყელის ტყე გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში 500-დან 2150 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან, აღმოსავლეთ საქართველოში 800-დან – 2250 მ-მდე, თუმცა ქვემო და ზემო საზღვარი სხვადასხვა პუნქტისათვის 100–250 მ ფარგლებში მერყეობს.[75]

მთების შუა სარტყელში გავრცელებული ტყეები შეიძლება ოთხ ძირითად ჯგუფად დაიყოს: 1. დასავლეთ საქართველოს წიფლის ტყეები, 2. აღმოსავლეთ საქართველოს წიფლის ტყეები, 3. წიწვიანი ტყეები, 4. მუხნარ-რცხილნარები. ეს ჯგუფები თავის მხრივ მრავალ ფორმაციას შეიცავს, სახელდობრ: წიფლნარებს, სოჭნარებს, ნაძვნარებს, ფიჭვნარებს, სოჭნარ-ნაძვნარებს, მუხნარებს, მურყნარებს, ნარევფოთოლმცვივანებისას და სხვ. მურყნარების ფორმაცია ზემოაღნიშნულ ყველა ფორმაციის გავრცელების არეში შეიძლება შეგვხვდეს.[76]

წიწვიანი ტყეების ჯგუფი. წიწვიანი ტყეებიდან მთავარი ტიპები — ნაძვნარები და სოჭნარები უმთავრესად და უპირატესად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. მთავარი მასივები მოქცეულია ისეთ მდინარეთა ხეობებში როგორიცაა: ხანისწყალი, სუფსა, ჭოროხი, რიონი, ცხენისწყალი, ტეხური, ენგური, კოდორი, ბზიფი, მზიმთა და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოში კი ფოცხოვის, ქობლიანისწყლის ხეობებზე, ბორჯომის, ატენის და ლიახვის ხეობაზე, მთათუშეთშიპირიქითის ალაზნების ხეობებზე. რამდენიმე წერტილი აღნიშნულია არაგვის ხეობაზე და სამხრეთით — თბილის-მანგლისს შორის.[77]

ფიჭვნარებში ასოციაციები მეტად მრავალნაირია, ერთი მხრივ, გვხვდება ფიჭვნარები კოლხური (ჭოროხის ხეობა) ელემენტებით და, მეორე მხრივ, ანატოლიის ქსეროფიტებით (ჯავახეთშითეთრობის ხეობა). ველის ელემენტებით (მარიამჯვარის ფიჭვნარები) და სუბალპების ელემენტებით (მაღლა მთაში, ბორჯომის ხეობა, მთათუშეთი და სხვ.). ჩრდილოეთის ხავსიანი და სელშავიანი ფიჭვნარები (აფხაზეთი, მთათუშეთი და სხვ.).[78]

ნარევი ტყე. ფოთოლმცვივან ტყეთა შორის გვხვდება ნარევი ტყე, რომელშიც მონაწილეობას იღებს: ცაცხვი, რცხილა, მუხა, იფანი, ნეკერჩხალი, მურყანი და სხვ. ხშირია ორსახოვანი და სამსახოვანი ასოციაციები. მათში შეიძლება გამოიყოს აგრეთვე ასოციაციები ბალახეული საფარისა და ქვეტყის მიხედვით.[79]

მუხნარები და რცხილნარები. ტყეების ეს ტიპი ვითარდება ზღვის დონიდან 750 მ-დან, ველების ზონის შემდეგ 1000–1200 მ სიმაღლემდე აღმოსავლეთ საქართველოში; დასავლეთ საქართველოში კი კოლხური ტიპის ტყეების შემდეგ 800–850 მ სიმაღლემდე.

მთების შუა სარტყელის მუხნარებისა და რცხილნარების ფორმაციებში მრავალი ასოციაცია გვხვდება, საინტერესო, როგორც გენეტიკურად ისე ფლორისტულად: ქართული მუხისგან შექმნილი მუხნარები და რცხილნარები გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოშიც და დასავლეთ საქართველოშიც. ქვეტყის და ბალახეული საფარის მიხედვით მათ შორის გვხვდება ურთიერთდამთხვეული ასოციაციები, მაგრამ ერთიმეორისაგან განსხვავებულიც ბევრია. დასავლეთ საქართველოს ამ ზონის მუხნარებში ვხვდებით მუხნარებს კოლხური ბუჩქნარებით, რაც აღმოსავლეთ საქართველოში სრულიად გამორიცხულია, სამაგიეროდ აღმოსავლეთში მუხნარები ღვიის ქვეტყით ჩვეულებრივი მოვლენაა.[79]

რცხილნარი ზოგადად კარგადაა გამოსახული ზღვის დონიდან 800–1200 მ სიმაღლეთა შორის. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა აღმოსავლეთ საქართველოში გომბორის ქედი, სამხრეთ კავკასიონის, თრიალეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქედები, სომხითის მთები, ლორე-ბამბაკისაკენ და სხვ., რომელშიც სხვა სახეობათა მონაწილეობა შედარებით მცირეა.[79]

მუხნარები აღმოსავლეთ საქართველოს მთის ქვედა იარუსების ტყეებისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა და მას დაკავებული აქვს არეები 800-დან 1100 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. ის შექმნილია ქართული მუხისაგან და ბევრგან მეორადი წარმოშობისა უნდა იყოს, რადგან რცხილნარების ადგილას განვითარდა, ხოლო თვით რცხილნარი კი, წიფლნარების გაჩანაგების შედეგად. მთავარი შემადგენელი სახეობის — ქართული მუხის გარდა, ნარევის სახით აღინიშნება: ნეკერჩხალი, იფანი, თელა. ქვეტყეში კი ჩვეულებრივ გაბატონებულია სხვადასხვა კუნელი, კვიდო, დიდგულა, ზღმარტლი. მნიშვნელოვანია აგრეთვე მაჟალოს, პანტის, კუნელის, თამელის და მისთანების მონაწილეობა.[80]

ქვემო ქართლში, ფოლადაურის ხეობაზე, განვითარებულია შესანიშნავი მუხნარები, მუხნარ-ჯაგრცხილნარები და მუხნარ-რცხილნარები. მუხები აქ უმეტესად უზარმაზარია, 300–500 წლისანი. ასეთ მუხნარში ხილეული (პანტა, მაჟალო, ბალამწარა) ხშირი მოვლენაა. ზღმარტლი უფრო ხისმაგვარ მცენარედ იზრდება, მეტად ბევრია კვრინჩხი, მრავალ ადგილას, შიგ ტყეში და ტყის მეჩხერში ძეძვია შეჭრილი (ბერდიკი, ფოლადაური), ბევრგან ნასოფლარზე განვითარებულია მუხნარი. აქ ხეები, ჩვეულებრივ, 300–500 წლისაა.[81]

არიდული (ნათელი) ტყეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვ. გულისაშვილის (1974) კლასიფიკაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ზ.დ. 300–400 მ-დან 500–600 მ სიმალლემდე წარმოდგენილია არიდული მეჩხერების, ანუ ნათელი ტყეების სარტყელი. იგი გარდამავალი სარტყელია უტყეო უდაბნოსა და ნახევარუდაბნოსა და ტყეს შორის. მცენარეულობა გავრცელებულია მშრალი ჰავის პირობებში, სადაც ნალექების უმნიშვნელო ოდენობა (200–300 მმ.) აღინიშნება. გავრცელებულია საღსაღაჯი ანუ კევის ხე, აკაკი, ღვიები, ასკილი, თუთუბო, ბერყენა, ცხრატყავა და სხვ.[82]

არიდული (ნათელი) ტყეებიდან, რომლებიც გეოლოგიურ წარსულში (ისტორიულ ხანაშიც) აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთის ქვედა სარტყელში მნიშვნელოვან ტერიტორიას იჭერდა, სადღეისოდ შემორჩენილია, ძირითადად, საკმლის ხიანი (Pistacea mutica) და ღვიიანი (Juniperus foetidissima, J. polycarpos) — შირაქში, ქვემო ქართლში, უფრო იშვიათად — შიდა ქართლშიც. ძლიერი ანთროპოგენური პრესის გავლენით (უსისტემო ჭრა, ზამთრის საძოვრად გამოყენება) არიდული ტყეების ფიტოცენოზების უმეტესობა მეტ-ნაკლებად სახეცვლილია (მეტისმეტად გამეჩხერებული, მეორადი ცოცხალი საფარით); მათი ბუნებრივი განახლება არადამაკმაყოფილებელია, დიდი ნაწილისა კი — პრაქტიკულად შეწყვეტილია.[83]

საქართველოში ნათელი ტყეები გავრცელებულია აღმოსავლეთ ნაწილში. ტიპური ნათელი ტყეები გვხვდება ჩვენი ველებისა და ნახევარუდაბნოების გაბატონების არეში; შირაქში, ელდარში, გარეჯში, გარდაბნის მხარეს, იაღლუჯზე. გარდა ამისა ნათელი ტყის ფრაგმენტები ან ზოგჯერ შედარებით მისი მეზოფილური ვარიანტები აღნიშნულია ველების პერიფერიებზე, მთებისწინა კალთების ტყეების (მუხნარების) არეში. ბოლნისსა და ქვ. დმანისს შორის, მაშავერას მარცხენა ნაპირას, შულავერის მიდამოებში მდ. ფოლადაურის ნაპირის გორაკებზე, სადაც იგი ბერდიკის ციხის ფერდობებზე გვხვდება აკაკისა და ძეძვიანების სახით, სარკინეთის ხევზე, მდ. ქციის ხრამის კანიონებზე, ქალაქ სამშვილდეს ნანგრევთა მიდამოებში.[84]

ნათელი ტყე თავისებური ფლორისტული შემადგენლობით ხასიათდება. ამ ტყის შემქმნელი მთავარი სახეობებია: საკმლის ხე (Pistacia mutica F. et M.), აკაკი (Celtis caucasica W.), ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum M.Bieb.), ბერყენები (Pyrus georgica Sch. Knthath., P. Ketzkhovelii Sch. Kuthath., P. Demetrii Sch. Kuthath., P. Sachokiana Sch. Kuthah., P. salicifolia Pall.), თელა (Ulmus foliacea Gilib.), ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica Medw.), ღვიები (Juniperus foetidissina W., J. isophyllos C. Koch., J. oxycedrus L. და სხვ.), ე. ი. სახეობები, რომლებიც სხვა ტიპის ტყეების შექმნაში მოანაწილეობას არ იღებს, ანდა თუ არიან, შემთხვევითია, ან ვაკის ტყეებში ქმნის თავისებურ ორიგინალურ ცენოზს.[85]

ნათელ ტყეებში ორ ძირითად, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ტიპს ვარჩევთ, სახელდობრ — ცენოზებს, რომლებიც ფოთლოვანებისგანაა შექმნილი და წიწვოვანებისაგან შექმნილ ცენოზებს. ამ ორ ჯგუფს შორის გარდამავალი ცენოზები არსებობს, მაგ. როდესაც ღვიიანში კევის ხეც გვხვდება ან პირიქით.

1. ფოთლოვანი ნათელი ტყე — თავის მხრივ რამდენიმე გარკვეულ ფორმაციას შეიცავს, სახელდობრ: ა. საკმლისხიანი, რომელიც შექმნილი საკმლის ხისაგან (Pistacia mutica F. et M.). ბ. აკაკიანი (Celtis caucasica W.); გ. ნეკერჩხლიანი, (Acer ibericum M.B.); დ. ბერყენიანი (Pyrus salicifolia-ს ბერყენების ტიპისანი). ესენი მთავარია, მაგრამ გვაქვს აგრეთვე თავისებური ვარიანტები და გარდამავალი საფეხურები, ასე მაგალითად: ე. ნარევი ტყე, რომელიც შექმნილია დასახელებული სამივე სახეობისაგან (გვხვდება ფრიად იშვიათად, ე.წ. „ალესილების“ ძირში). ვ. თელიანი (შემქმნელია Ulmus foliacea Gilib.) იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება, უმთავრესად — შედარებით მეზოფილურ ადგილსამყოფელზე, ხევის პირებზე, ალესილების გაყოლებით, სადაც ხშირად წყალი ჟონავს. ზ. საკმლისხიანი — ქართული მუხით, გვხვდება ნათელი ტყეების გავრცელების პერიფერიებზე. უმთავრესად ფოლადაურის, მაშავერას, ქციის, მტკვრის შუა წელის (სარკინეთი) ხეობებზე და შირაქიდან ალაზნისაკენ გასულ ხევებში. თ. საკმლისხიანი ჭალის მუხით (Quercus longipes Stev.) — ივრის ნაპირებზე, ელდარ-სამუხის მიდამოებში. ი. საკმლისხიანი ილღუნით (Tamarix-ებით).[85]

2. წიწვიანი ნათელი ტყე თავის მხრივ ორ ჯგუფად იყოფა, ესენია: ა. ფიჭვნარი, რომელიც ელდარის ფიჭვისაგან არის შექმნილი. ბ. ღვიიანი, რომლის შექმნაში მონაწილეობას იღებს რამდენიმენაირი ღვია, მათ შორის, პირველ რიგში, ხისმაგვარი ღვიები. გ. სარკინეთის და არმაზის ქედზე გავრცელებულ ღვიიანი — მის ჩამოყალიბებაში დიდ მონაწილეობას იღებს ქართული მუხის ტყის ელემენტები.[86]

ჯაგრცხილა (Carpinus orientalis) — ფართო ეკოლოგიური არეალის მქონე ბუჩქია (ზოგჯერ იზრდება დაბალ და საშუალო სიმაღლის ხედ). იგი გვხვდება ნაირგვარ ნიადაგურ პირობებში, არ უყენებს განსაკუთრებულ მოთხოვნას ნიადაგის სიმდიდრეს და ტენიანობას, ასევე ადგილსამყოფელის განათებულობას. მას შეუძლია ზრდა და განვითარება როგორც ტყის (მუხნარის) საბურველქვეშ, ისე ტყისპირებში და ღია ადგილებში, არ გაურბის ეროზირებულ მშრალ ნიადაგებსაც. ამ მხრივ ჯაგრცხილა არსებითად განსხვავდება ამავე გვარის მეორე სახეობა — რცხილისაგან (Carpinus caucasica). საქართველოში ჯაგრცხილა ფიტოცენოლოგიურად ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულია ქართულ მუხასთან (მუხნართან). აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მუხნარ-ჯაგრცხილნარი ცენოზები (კორომები), სადაც ჯაგრცხილა კარგად გამოსახულ ქვეტყეს ქმნის. მეორად მუხნარებში ჯაგრცხილა ხშირად აღწევს მთავარ (A) იარუსსაც და ქართულ მუხასთან ერთად ბიდომინანტურ საბურველს ქმნის (ჯაგრცხილნარ-მუხნარი).[87]

აღმოსავლეთ საქართველოში, მთისწინებზე და მთის ქვედა სარტყელში ჯაგრცხილნარი პრაქტიკულად ყველგანაა განვითარებული. ჯაგრცხილნარი ცენოზები განვითარებულია ყველა ექსპოზიციის ნაირგვარი დაქანების ფერდობებზე, ნაირგვარ ნიადაგებზე. გენეზისურად ახალგაზრდა ჯაგრცხილნარების და ჩრდილოეთის ფერდობების ჯაგრცხილნარების ქვეშ განვითარებული ნიადაგები, პროფილის მორფოლოგიის მიხედვით, ახლო დგას მუხნარი ტყის ნიადაგებთან (საერთო სიღრმე, მკვდარი საფარი, ჰუმუსიანი ჰორიზონტი).[88]

ჯაგრცხილნარი ცენოზები უმეტეს შემთხვევაში მუხნარი ტყის სხვადასხვა ტიპის (ასოციაციის) ცენოზებიდან განვითარდა. მუხნარებთან მათ სუქცესიურ კავშირზე მეტყველებს გავრცელება და ადგილსამყოფელის პირობები, ფლორისტული მსგავსება (ფიტოცენოზური რელიქტები) და სხვ. გენეზისურად ახალგაზრდა და კალთაშეკრული ჯაგრცხილნარი ცენოზების შემადგენლობაში საკმაოდ მრავლად მონაწილეობს მუხნარის დამახასიათებელი სახეობები, კერძოდ: ხეებიდან (დაბალტანიანი და დაბუჩქული სახით) — ქართული მუხა, იფანი, მინდვრის ნეკერჩხალი; ბუჩქებიდან — შინდი, ზღმარტლი, შინდანწლა, წერწა, ჯიქა, კვიდო და სხვ.[88]

გრაკლიანი და ნაირბუჩქნარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრაკლას (Spiraea hypericifolia) დომინირებით ბუჩქნარები განვითარებულია, ძირითადად, ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე. მათი უფრო ქსეროფილური ვარიანტები გვხვდება სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობებზეც. გრაკლიანი ცენოზების სუქცესიური კავშირი მუხნარ ტყეებთან უდაოა, რაზეც მიუთითებს მსგავსება როგორც მათ ადგილსამყოფელებს შორის, ასევე ფიტოცენოზების ფლორისტულ შედგენილობას შორისაც. ტყიდან (მუხნარი) ბუჩქნარზე (გრაკლიანი) გარდამავალ ვარიანტებში გრაკლიანის საერთო ფონზე ხშირად აღინიშნება ქართული მუხისა და იფანის ერთეული დაჯაგული ეგზემპლარები.[89]

ნაკლებად მშრალ ადგილსამყოფელებში — ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთის, ჩრდილო-დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე, ტყის ნიადაგების დეგრადირებულ ვარიანტებზე განვითარებული გრაკლიანები ხასიათდება საკმაოდ მაღალი შეკრულობით (პროექციული დაფარულობა 70-90%). ცენოზები მონოდომინანტურია. შერეულია მცირე რაოდენობით (1–5%, იშვიათად 10%-მდე პროექციული დაფარულობა) — ჩიტაკომშა (Cotoneaster racemiflora), ჟასმინი (Jasminum fruticans), უფრო იშვიათად — თრიმლი (Cotinus coggygria), თუთუბო (Rhus coriaria) და სხვ. ბალახოვანი მცენარეები ბევრი არაა, მათი ცენოზური როლიც დაბალია (ერთეული ეგზემპლარები, იშვიათად აღინიშნება სახეობის 5%-მდე დაფარულობა). ერთ-ერთ აღწერაში (საგურამოს ქედის სამხრული კალთა, ზ.დ. 735 მ; 19/VI, 1998 წ.) გრაკლიანის ბალახოვანი მცენარეების ცენოზური პოზიციები (მონაწილეობის ხასიათი) ასე გამოიყურება: Dictamnus caucasicus (პროექციული დაფარულობა 5%), Danae nudicaulis (1-2%), Psephellus cartalinicus, Stipa capillata (თითოეულის პროექციული დაფარულობა 1%); ერთეული სახით - Dianthus subulosus, Galium verum, Lithospermum purpureo-coeruleum, Phleum phleoides, Sedum caucasicum, Thalictrum collinum. ნიადაგს ფარავს ხავსების საფარი (100%).[90]

შედარებით მშრალ ადგილსამყოფელებში (სამხრეთის ექსპოზიციის ფერდობები) განვითარებული გრაკლიანები ფიტოცენოლოგიურად მნიშვნელოვნად განსხვავდება ზემოთ განხილული გრაკლიანებისაგან. ამ გრაკლიანების ადგილსამყოფელის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ნიადაგური საფარი მნიშვნელოვნად დეგრადირებულია (მცირე სიღრმე, ნიადაგების მაღალი ხირხატიანობა, კლდეთა გამოსავლების და ნაშალიანი სუბსტრატის თანაპოვნიერება). თვით ცენოზების სიხშირე-შეკრულობაც შედარებით დაბალია, საერთო პროექციული დაფარულობა ცვალებადობს 30–60% ფარგლებში. ცენოზებში მონოდომინანტური სტრუქტურა თუმცა აქაც შენარჩუნებულია (გრაკლას დომინირება), მაგრამ შედარებით მეტია შერეული სახეობების რიცხოვნობა და უფრო მაღალია მათი ცენოზური როლი. გრაკლიანებში ყველაზე ხშირად აღინიშნება შემდეგი სახეობები: ძეძვი (Paliurus spina christi), ჟასმინი (Jasminum fruticans), ასკილი (Rosa canina, R. corumbifera, R. iberica და სხვ.), თუთუბო (Rhus coriaria), კოწახური (Berberis iberica), ჩიტაკომშა (Cotoneaster racemiflora) და სხვ.[91] მათგან ზოგიერთის (ძეძვი, ჟასმინი) ცენოზური როლი საკმაოდ მაღალია (პროექციული დაფარულობა 8–10%). ბალახეულ საფარში, რომლის პროექციული დაფარულობა გამეჩხერებულ უბნებში და ბუჩქთაშორისებში 5–7%-ს არ აღემატება, ძალზე ცოტა გვხვდება ტყის ელემენტები (Carex buschiorum, Dictamnus caucasicus და ზოგიერთი სხვ.). უმეტესობა სახეობებისა კი სტეპის, მშრალი მდელოს და ნაირგვარი ქსეროფიტული კომპლექსების ელემენტებია.[92][კომ. 15]

ნაირბუჩქნარები განვითარებულია სამხრეთის, აღმოსავლეთის, დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე, ტყის ნიადაგების დეგრადირებულ ვარიანტებზე. ადგილსამყოფელის პირობების და ფიტოცენოზების სტრუქტურის გამოკვლევა იძლევა საფუძველს — აღნიშნული ბუჩქნარები მუხნარების (მშრალი ტიპების) ანთროპოგენური დიგრესიის II სტადიის მცენარეულობად ჩაითვალოს (ჯაგრცხილნარებთან და გრაკლიანებთან ერთად).[93]

ნაირბუჩქნარები წარმოდგენილია, ძირითადად, მაღალმოზარდი (2–4 მ), საშუალო და მაღალი შეკრულობის (პროექციული დაფარულობა ცვალებადობს, მეტწილად, 40–45%-დან 70–80%-მდე) ცენოზებით. სახეობრივი შემადგენლობა მეტ-ნაკლებად ცვალებადობს (რეგიონების მიხედვით), თუმცა ძირითადი ბირთვი პრაქტიკულად სტაბილურია. მის შემადგენლობაში ვხვდებით შემდეგ სახეობებს: მაღალკონსტანტური — Carpinus orientalis — ჯაგრცხილა, Cornus mas — შინდი, Crataegus kyrtostyla — წითელი კუნელი, Ligustrum vulgare — კვიდო, Paliurus spina Christi — ძეძვი; საშუალო და დაბალი კონსტანტობის სახეობები — Rosa canina — ასკილი, Cotoneaster melanocarpa — ჩიტაკომშა, Cytisus caucasicus — ტყის ცოცხი, Jasminum fruticans — ჟასმინი, Pyracantha coccinea — ჩიტავაშლა, Thelycrania australis — შინდანწლა, Rhus coriaria — თუთუბო და სხვ. ნაირბუჩქნარებში სახეობების ცენოზური როლი ცვალებადობს (უფრო — ადგილსამყოფელის პირობებთან დაკავშირებით); ზოგჯერ შეინიშნება რომელიმე სახეობის (სახეობების) პოპულაციის გაძლიერებაც (უფრო ხშირად — ჯაგრცხილას, წითელი კუნელის, ძეძვის), მაგრამ დომინირებულ მდგომარეობას ცენოზებში ვერ აღწევს.[93]

ძეძვიანები ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში, მთისწინებზე და მთის ქვედა სარტყელში, ზ.დ. 1000–1200 მ-მდე. უფრო მშრალ რეგიონებში (ცენტრალური და აღმოსავლეთი თრიალეთი, გომბორის ქედის სამხრული კალთა) ძეძვიანებში აღინიშნება ყველა ექსპოზიციის ფერდობებზე. შედარებით ნაკლებად მშრალ რეგიონებში კი (აღმოსავლეთ საქართველოს დასავლური ნაწილი, კახეთის კავკასიონი) ძეძვიანები მეტწილად განვითარებულია სამხრეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობებზე. ძეძვიანების ქვეშ განვითარებული ნიადაგები (ყოფილი ტყის ნიადაგები) დეგრადირებულია, მათ პრაქტიკულად დაკარგული აქვთ ტყის ნიადაგების მთავარი ნიშნები (მდგრადი მკვდარი საფარი, ჰუმუსიანი ჰორიზონტი და სხვ.).[94]

ძეძვიანები მრავალი ვარიანტითაა წარმოდგენილი. მათგან უმეტესად გვხვდება წმინდა ძეძვიანი (მონოდომინანტური ცენოზები), ნაირბუჩქნარ-ძეძვიანი, გრაკლიანძეძვიანი და შავჯაგიან-ძეძვიანი. ბალახეული საფარის მიხედვით გამოიყოფა ორი მთავარი ვარიანტი (ასოციაცია): ძეძვიანი უროს საფარით (Paliuretum botriochloosum), ძეძვიანი მარცვლოვან-ნაირბალახოვანი საფარით (Paliuretum graminoso-mixtoherbosum).[95]

ძეძვიან ცენოზებში კარგად არის ფორმირებული ორი იარუსი — ბუჩქების (I იარუსი) და ბალახების (II იარუსი). I იარუსში მეტწილ შემთხვევებში დომინირებს ძეძვი. უფრო იშვიათად თანადომინანტის როლში მონაწილეობს გრაკლა (Spiraea hypericifolia), შავჯაგა (Rhamnus pallasii) ან ნაირბუჩქები — ჯაგრცხილა (Carpinus orientalis), წითელი კუნელი (Crataegus kyrtostyla), ჟასმინი (Jasminum fruticans). გარდა აღნიშნული ბუჩქებისა, I იარუსში მონაწილეობს (დამახასიათებელი სახეობები) — კვიდო (Ligustrum vulgare), ასკილი (Rosa canina, R. spinosissima, R. corymbifera), ჩიტაკომშა (Cotoneaster racemiflora). დაბალი კონსტანტობით აღინიშნება — ღვიები (Iuniperus oblonga, J. rufescens), გარეული ბალი (Cerasus incana), ხორციფერა (Atraplaxis spinosa), გლერძა (Astragalus caucasicus, A. microcephalus), თრიმლი (Cotinus coggygria), თუთუბო (Rhus coriaria) და სხვ. I იარუსის საშუალო სიმაღლე 1,0–2,0 მ შეადგენს, საშუალო პროექციული დაფარულობა 35–50%-ია (ცვალებადობს 20–70% ფარგლებში).[96]

ძეძვიანებში ბალახეული საფარი (II იარუსი) მეტწილად კარგად განვითარებულია მხოლოდ ბუჩქთშორისებში, სადაც მისი პროექციული დაფარულობა საშუალოდ 40–60% შეადგენს. განაწილება აქაც არათანაბარია, ცვალებადობს 30–70% ფარგლებში. უშუალოდ ბუჩქებქვეშ ბალახეული საფარი თხელია, ან პრაქტიკულად არ არის განვითარებული. ბალახეული საფარის დომინანტებს შორის უწინარესად უნდა აღინიშნოს ურო (Botriochloa ischaemum); უფრო იშვიათად აღინიშნება დომინირება სხვა სახეობებისაც. უროს გარდა დამახასიათებელ სახეობებს წარმოადგენს — Achillea milefolium, Eringium campestre, Euphorbia sequeriana, Festuca sulcata, Galium verum, Lolium rigidum, Melica transilvanica, Koeleria gracilis, Phleum phleoides, Poterium Polygamum, Teucrium chamaedrys, T. polium, Tragopogon graminifolius, Trisetum rigidum, Xeranthemum squarrosum და სხვ. საერთოდ, ძეძვიანები ფლორისტულად მდიდარია (კონკრეტული ნაკვეთების აღწერებში გვხვდება 50–60 სახეობა).[97]

ძეძვიანი ცენოზებიდან (ასოციაციებიდან) ყველაზე ფართო გავრცელებით ხასიათდება ძეძვიან-უროიანი (Paliuretum botriochloosum) და ძეძვიანი მარცვლოვან-ნაირბალახოვანი საფარით (Paliuretum graminoso-mixtoherbosum); შედარებით იშვიათად აღინიშნება: ძეძვიანი გლერძათი (Paliuretum astragalosum) — გვხვდება მეტწილად ცენტრალურ თრიალეთზე; ძეძვიანი ავშანით (Paliuretum artemisiosum) — გვხვდება შიდა ქართლში.[98]

ტყის მავნებლები და დაავადებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტყის მავნებლები და დაავადებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ტყეებს. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კოლხური ბზის ხმობა, ფიჭვის ხმობა თუშეთსა და თბილისის შემოგარენში და სხვა. ტყის კოდექსის თანახმად (მუხლი 10; პუნქტი „დ“), ტყის მფლობელი (მისი სტატუსის მიუხედავად) ვალდებულია, განახორციელოს ტყის მავნებლებისა და დაავადებებისგან დაცვის ღონისძიებები. ტყის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საჭიროებს სატყეო პათოლოგიურ კვლევებს, მონაცემების კამერალურ დამუშავებას, მონიტორინგის სწორად განხორციელებას და აღნიშნულის საფუძველზე ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებების დროულ გატარებას.

ბოლო წლების გამოკვლევების მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ძირითადად შეინიშნება და მნიშვნელოვანი ზიანის მომტანად ითვლება, ნაძვის დიდი ლაფნიჭამია, ოქროკუდა, ამერიკული თეთრი პეპელა, მბეჭდავი ქერქიჭამია, არაფარდი პარკხვევია და „წაბლის კიბო“.

გადაშენების საფრთხე ემუქრება კოლხურ ბზას, როგორც უნიკალურ რელიქტურ სახეობას. უნიკალური სახეობა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე, რაც უდიდესი დანაკლისია როგორც ეკოლოგიური, ისე კულტურული თვალსაზრისით. ბზის კორომები თითქმის აღარ არსებობს აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში. სამეცნიერო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები შექმნილ სიტუაციას ეკოლოგიურ კატას­­ტროფად აფასებენ და სახეობის გადარჩენის ეროვნულ გეგმაზე თანხმდებიან, რაშიც მოსახლეობის ჩართულობასა და ცოდნაზე დამყარებულ მოქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ხმობის მიზეზს წარმოადგენს სოკოვანი დაავადება — ე.წ. „ბზის სიდამწვრე“,[კომ. 16] რომელმაც ბზის უნიკალური კორომები თითქმის სრულიად გაანადგურა. დაავადების გამომწვევია პათოგენი სოკო Cylindrocladium buxicola, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და მერქნის დაზიანებას იწყებს. სიმპტომები: ფოთლებზე შეინიშნება მომრგვალო ფორმის მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები მოშავო ფერის რკალით, რომლებიც შემდეგ შავდება და მცენარე გამოიყურება, როგორც ცეცხლისგან დაზიანებული. აგრეთვე, ღეროსა და ყლორტებზე შესამჩნევად გამოკვეთილია ელიფსური ფორმის ნეკროზები.

კოლხური ბზის ხმობის მიზეზად ითვლება, აგრეთვე ინვაზიური მავნებელი ბზის ალურა (Cydalima perspectalis) — პეპელა, რომელიც იკვებება ბზის ფოთლებითა და ახალგაზრდა ყლორტებით, ზოგჯერ ქერქითაც. განსაკუთრებული ზიანის მოტანა შეუძლია მატლის სტადიაზე. სიმპტომები: რკალისებურად შეჭმული ფოთლები, მომწვანო ხაკისფერი ექსკრემენტები და ტოტებს შორის გაბმული აბლაბუდები.

სერიოზული საფრთხის წინაშე დგას საქართველოში გავრცელებული წაბლის კორომები. ეს საფრთხე შექმნა წაბლის ქერქის სოკოვანმა დაავადებამ, ენდოტიამ (ე.წ. „წაბლის კიბო“). დაავადების გამომწვევია პათოგენური სოკო Cryphonectria parasitica. ხის ქერქზე გაჩენილი ჭრილობიდან სოკო იჭრება შიგნით და თანდათანობით ანადგურებს მერქნის ჭურჭელბოჭკოვან კონებს, რის გამოც იბლოკება მცენარის კვება და წყლის მიწოდება ნიადაგიდან. ეს ყველაფერი საბოლოოდ იწვევს ხის ხმობას. ხმობის პროცესი იწყება ხის წვეროდან. დაავადება მეტად საშიშია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

აუცილებელია ტყეში მავნებლების არსებობაზე კონტროლი და მონიტორინგი ხდებოდეს მუდმივად. მავნებლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ხელმძღვანელობას. მავნებლის შემჩნევისათვის დაკვირვება უნდა მოხდეს ხეზე და მის ნაწილებზე. მავნებლები აზიანებენ როგორც ხის ფესვებს, ასევე ქერქს, ლაფანს, მერქანს, წიწვებს, ფოთლებს, კვირტებს, ნაყოფებსა და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიდეო
უნიკალური კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები
  1. 2012 წლისთვის არსებული მდგომარეობით საქართველოს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 39,9% (2,77 მლნ ჰა) ტყით იყო დაფარული. აქედან, დაახლოებით 0,5 მლნ ჰა ე.წ. ხელუხლებელ ტყეებს, 2,2 მლნ ჰა სახეცვლილ ბუნებრივ ტყეებს, ხოლო 0,06 მლნ ჰა ხელოვნურად გაშენებულ ტყეებს განეკუთვნებოდა. ტყეების (მერქნის) საერთო მარაგი დაახლოებით 430 მლნ მ³-ს შეადგენდა, ხოლო მერქნის მარაგის საშუალო წლიური ნამატი 4,0 მლნ მ³ იყო. იხ. საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა (2012–2016), თბ. 2012, გვ. 55.
  2. ტყის ფონდის საერთო ფართობი 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 3007.6 ათას ჰექტარს, ანუ ქვეყნის ტერიტორიის (6949.4 ათასი ჰექტარი) — 43.2%-ს. ტყის ფონდის საერთო ფართობიდან საკუთრივ ტყეს (ტყით დაფარულ მიწებს) უკავია 2822.4 ათასი ჰექტარი, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 40.6% (ტყიანობის პროცენტი). ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიოსთვის ეს მაჩვენებელი 27%-ია, ხოლო საქართველოს მეზობელი ქვეყნებისათვის 15%-ს არ ღემატება. ტყეებში მერქნის (ხეთა ღეროების) საერთო მარაგი შეადგენს 454.5 მლნ მ³-ს, ხოლო მერქნის მარაგის საშუალო წლიური ნამატი — 4.5 მლნ მ³-ს.
  3. 2005 წლის მონაცემებით მთის ტყეების 109 337 ჰა მიეკუთვნება საკურორტო ზონის ტყეებს, ხოლო — 270 340 ჰა მწვანე ზონის ტყეებს, დანარჩენი 2 076 555 ჰექტარს აქვს ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქციები. სახელმწიფო ტყის ფონდის დაახლოებით 10%-ზე დაარსებულია დაცული ტერიტორიები.
  4. ტყის არამერქნული რესურსები — სოკო, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეული, ასევე სხვა ბალახოვანი მცენარეები და მათი ნაწილები, ბუჩქოვანი მცენარეების ნაწილები და პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაშიც მერქანი არ არის. ტყის არამერქნული პროდუქცია — კაკალ-ნაყოფიანების, ხილ-კენკროვნების, სოკოსა და სამკურნალო მცენარეების სახით და აგრეთვე კავკასიური სოჭის თესლი წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო საშუალებების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. იხ. საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა (2012–2016), თბ. 2012, გვ. 56.
  5. სხვა მონაცემებით ფოთლოვან ტყეებს უკავიათ სულ 1948984 ჰა ანუ 84.2 %, მერქნის საერთო მარაგით 280685.2 ათასი მ³, მათ შორის დომინირებს წიფლით გაბატონებული ტყეები, ისინი წარმოდგენილია 1087728 ჰა ფართობზე ანუ საქართველოს ტყით დაფარული ფართობის 47% უკავიათ, მერქნის მარაგით 210045.5 ათასი მ³, რაც საერთო მარაგის 54.4% შეადგენს. მუხნარებს უკავიათ 10.7%, რცხილნარებს — 8.3%, წაბლნარებს — 3%, მურყნარებს — 5.1%. ყველა სხვა დანარჩენ მერქნიან და ბუჩქოვან სახეობებს საქართველოს ტყით დაფარული ფართობის 9.9% უკავიათ. იხ. ვაჩნაძე, გ. და სხვ., აღმოსავლეთ საქართველოს წიფლნარების ფიტომასა და მასში დეპონირებული ნახშირბადის მარაგი, თბ., 2015, გვ. 5.
  6. სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2019 წელს მის ვებ-გვერდს დაამატა სერვისი „მოითხოვე საჯარო ინფორმაცია“. შედეგად ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ინტერესის დასაბუთების გარეშე, შეუძლია მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტები სახელმწიფო ტყის ფონდის საკითხებთან დაკავშირებით. იხ. ორჰუსის კონვენციის განხორციელების ეროვნული ანგარიშის ფორმატი IV/4 (ECE/MP.PP/2011/2/Add.1) გადაწყვეტილების შესაბამისად, თბ. 2021, გვ. 18.
  7. თანამედროვე გენეტიკური გამოკვლევებით დადგინდა, რომ საქართველოში ბინადრობს მგლის ევრაზიული ქვესახეობა (Eurasian wolf) — ჩვეულებრივი მგელი (Canis lupus lupus). იხ. ი. ბადრიძე, მგელი
  8. სა­ქარ­თველო­ში კავკასიური ფოცხვერი უფრო ხშირად გვხვდე­ბა ბორჯომის, კინტრიშის, ბაწარის და ლაგოდეხის ნაკრძალებში, ზე­კარში, აბასთუმნის ტყეებში, ალაზნის, ივრის, არაგვის, ქსნის, ლიახვის ხეობათა სათავეებში, გუმისთის, ბზიფისა და კო­დო­რის ხეობებში. იხ. სა­ქარ­თვე­ლოს სსრ წითელი წიგნი, თბ., 1982.
  9. საქართველოში ხუთი სახეობის ბატი გვხვდება — მცირე თეთრშუბლა ბატი, დიდი თეთრშუბლა ბატი, რუხი ბატი, მეკალოე ბატი და წითელყელა ბატი.
  10. მარგალიტაძე, 1969; შატილოვა, რამიშვილი, 1990; საქართველო ანთროპოგენში, 1991; ქვაჩაკიძე, 2002, და სხვ.
  11. მახათაძე, 1938; მეტრეველი, 1949; მირზაშვილი, 1950; აზმაიფარაშვილი, 1958; დოლუხანოვი, 1958; ბახსოლიანი, 1962, და სხვ.
  12. ტანბრეცილობის მიზეზი თოვლის ხანგრძლივი მექან. მოქმედებაა.
  13. ტყეების ფართობი მოტანილია სახელმწიფო ტყეთმოწყობის 2000 წლისათვის არსებული მასალების მიხედვით.
  14. საქართველოს წიფლნარების ტიპები საკმაოდ ფართოდ არის შესწავლილი. ამ მხრივ აღსანიშნავია ვ. გულისაშვილის (1964), ა. დოლუხანოვის (1963), ი. თუმაჯანოვის (1938), ლ. მახათაძის (1965), მ. სვანიძის (1978; 1999), რ. ქვაჩაკიძის (1992) და სხვათა შრომები.
  15. მათ შორისაა — Alisum tortuosum, Astrodancus orientalis, Botriochloa ischaemum, Bromus squarosa, Centaurea reflexa, Convolvulus cantabrica, Dactylis glomerata, Dianthus orientalis, Euphorbia sequeriana, Galium erectum, Gypsophila elegans, Holosteum argenteum, Hypericum perforatum, Linum tenuifolium, Medicago minima, Melica transilvanica, Muscari schovitsiana, Onosma caucasica, Phleum phleoides, Poterium polygamum, Salvia sclaria, Sedum caucasicum, S. oppositifolium, Silene italica, Stachys atherocalyx, Teucrium polium, Thalictrum buschianum, Thymus tiflisiensis, Trifolium arvense, Turgenia latifolia, Xeranthemum squarrosum, Vinca herbacea. სია შედგენილია თბილისის მიდამოებში, დიღმისწყლისა და არმაზის ხეობებში შესრულებული აღწერების საფუძველზე (რ. ქვაჩაკიძე, ა. ჯანდიერი; 1970 წლის 29–30 ივნისი).
  16. ასევე ცნობილია, როგორც ბზის სიდამპლე (Boxwood blight) ან ბზის ფოთლების ცვენა (Boxwood leaf drop).
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 საქართველოს მეხუთე ეროვნული ანგარიში ბიომრავალფეროვნების კონვენციისადმი
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 საქართველოს მეოთხე ეროვნული მოხსენება ბიომრავალფეროვნების კონვენციისადმი
  3. 3.0 3.1 გიგაური, გ., 2000, გვ. 17.
  4. საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია
  5. 5.0 5.1 ქვაჩაკიძე, რ., 2001, გვ. 10.
  6. ქვაჩაკიძე, რ., 2001, გვ. 10–11.
  7. საქართველოს ტყის კოდექსი
  8. საქართველოს კანონი ტყის ფონდის მართვის შესახებ
  9. საქართველოს ტყის ფონდი. საქსტატის ოფიციალური ვებგვერდი.
  10. 10.0 10.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 3.
  11. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 4.
  12. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 4–5.
  13. 13.0 13.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 5.
  14. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 6.
  15. 15.0 15.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 8.
  16. ქვაჩაკიძე, რ., 2014, გვ. 16.
  17. ქვაჩაკიძე, რ., 2014, გვ. 17.
  18. ქვაჩაკიძე, რ., 2014, გვ. 61.
  19. 19.0 19.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 9.
  20. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 9–10.
  21. 21.0 21.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 10.
  22. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 10–11.
  23. 23.0 23.1 გიგაური, გ., 2000, გვ. 16.
  24. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 52.
  25. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 52–53.
  26. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 53.
  27. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 82.
  28. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 57.
  29. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 57–58.
  30. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 58.
  31. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 58–59.
  32. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 59.
  33. 33.0 33.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 61.
  34. 34.0 34.1 გიგაური, გ., 2000, გვ. 24.
  35. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 62.
  36. 36.0 36.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 63.
  37. 37.0 37.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 64.
  38. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 64–65.
  39. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 65.
  40. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 73.
  41. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 77–78.
  42. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 78.
  43. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 81.
  44. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 83.
  45. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 84.
  46. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 84–85.
  47. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 85.
  48. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 86.
  49. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 86–87.
  50. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 87.
  51. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 88–89.
  52. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 89.
  53. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 89–90.
  54. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 90.
  55. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 90–91.
  56. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 91.
  57. Quercus longipes Steven // GBIF
  58. Ulmus suberosa Moench // GBIF
  59. კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 76.
  60. 60.0 60.1 კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 77.
  61. 61.0 61.1 კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 78.
  62. კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 84.
  63. 63.0 63.1 63.2 კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 86.
  64. Quercus longipes Steven // GBIF
  65. Populus hybrida M.Bieb. // GBIF
  66. Pterocarya pterocarpa (Michx.) Kunth ex Iljinsk. // GBIF
  67. კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 87.
  68. 68.0 68.1 68.2 კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 89.
  69. კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 90.
  70. კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 92.
  71. კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 96.
  72. 72.0 72.1 კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 97.
  73. ქვაჩაკიძე, რევაზ., 2009, გვ. 43.
  74. 74.0 74.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 20.
  75. კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 113.
  76. კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 117.
  77. კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 120.
  78. კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 121–122.
  79. 79.0 79.1 79.2 კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 122.
  80. კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 123.
  81. კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 125.
  82. გიგაური, გ., 2000, გვ. 15–16.
  83. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 88.
  84. კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 51.
  85. 85.0 85.1 კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 53.
  86. კეცხოველი, ნ., 1959, გვ. 54.
  87. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 18.
  88. 88.0 88.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 19.
  89. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 20–21.
  90. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 21.
  91. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 21–22.
  92. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 22.
  93. 93.0 93.1 ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 23.
  94. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 25.
  95. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 25–26.
  96. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 26.
  97. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 26–27.
  98. ქვაჩაკიძე, რ. და სხვ., 2004, გვ. 27.