საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ემბარგოს დაწესება რუსეთის ფედერაციის მიერ (2006)
2006 წელს რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დააწესა აკრძალვა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე. ემბარგო მოიხსნა 2013 წელს.
ემბარგო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღვინო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესების ინიციატორი იყო რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარული ექიმი, გენადი ონიშენკო. 2006 წლის 27 მარტს, მისი გადაწყვეტილებით, აიკძალა რუსეთის ფედერაციაში ქართული და მოლდავური ღვინის იმპორტი და გაყიდვა. გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა ღვინოში პესტიციდების დიდი რაოდენობა.
მოვლენების ასეთი განვითარების გამო საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა ახალი საექსპორტო პარტნიორების ძიების დაწყება. ამ უკანასკნელმა რუსთავი 2-ის ეთერით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული ღვინის კომპანიებს უხარისხო ღვინო გაჰქონდათ რუსეთში, რადგან ევროპაში ასეთ პროდუქტს არავინ იყიდდა, ხოლო „რუსეთში ფეკალური მასაც რომ გაიტანო, ისიც კი გაიყიდება“.
2006 წლამდე ქართულ ღვინოს რუსეთის ღვინის ბაზრის 10 პროცენტზე მეტი ეკავა. ეს ქართული ღვინის მთელი ექსპორტის 80 პროცენტი იყო. 2005 წელს საქართველოდან ექსპორტზე 81 328 000 ლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ, 2006 წელს, ეს მონაცემი განახევრდა. კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა 2007 წელი მოცემული სექტორისთვის. დროის სიმცირის გამო ახალი ბაზრების აუთვისებლობამ გამოიწვია ქართული ღვინის საექსპორტო მაჩვენებლის კიდევ 30%-ით შემცირება. 2007 წელს მთლიან ექსპორტში ღვინის წილი 2.4% იყო, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია საქართველოთვის 2000 წლიდან მოყოლებული დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში რაოდენობრივი თვალსაზრისით ღვინის ექსპორტი ხასიათდებოდა პოზიტიური დინამიკით, მისი ხვედრითი წილი მთლიან ექსპორტში 2007 წლიდან 2012 წლამდე საშუალოდ 2.6% იყო. ღვინის ექსპორტის ზრდის ტემპმა 2010 წელს წინა წელთან შედარებით 28% შეადგინა, 2011 წელს კი – 31%, თუმცა მიუხედავად საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებისა, მოცემულ მცირე მონაკვეთში ვერ მოხერხდა დაკარგული რუსეთის ბაზრის წილის დაბალანსება. მიუხედავად იმისა, რომ ემბარგოს დაწესების შემდგომ მეტნაკლებით წარმატებით დაიწყო ქართული ღვინის ბიზნესმა საექსპორტო ქვეყნების დივერსიფიკაცია, ახალი ბაზრების ათვისება არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
მინერალური წყლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წლის 5 მმაისს ემბარგო ასევე დაეწესათ ქართულ მინერალურ წყლებს, კერძოდ ნაბეღლავს და ბორჯომს, ორ ყველაზე პოპულარულ ქართულ ბრენდს. რუსეთის ფედერაციის მთავრობის განცხადებით, მინერალურმა წყლებმა ვერ დააკმაყოფილეს წყლის სისუფთავის კრიტერიუმები. რუსული ბაზრიდან ნაბეღლავის სახით ის ბრენდი გამოიდევნა, რომლის ხარისხის მაჩვენებელ დიპლომზე სხვა ხელმოწერებთან ერთად რუსეთის ფედერაციის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშენკოს გვარიც იყო დაფიქსირებული. ნაბეღლავის მწარმოებელმა კომპანიამ „წყალმა მარგებელმა“ შესაბამისობის სერტიფიკატი რუსეთის ფედერაციაში 2006 წლის 24 აპრილს მიიღო, ემბარგოს დაწესებამდე რამდენიმე დღით ადრე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://www.amerikiskhma.com/a/georgia-russia-embargo/1583207.html
- http://forbes.ge/blog/93/ra-viswavleT-ruseTTan-savaWro-urTierTobebSi---martivi-statistika
- https://sputnik-georgia.com/interview/20160310/230540148.html
- http://factcheck.ge/article/ghvinis-embargo-moikhsna-ara-ivanishvilis-mier-aramed-im-khelshekrulebis-thanakhmad-romelits-chven-amerikelebis-da-shveitsarielebis-dakhmarebith-rusebthan-2012-tsels-gavaphormeth/