საქართველოს სიძველენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სიძველენი — დოკუმენტთა კრებული, რომელიც გამოსცა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით. გამოვიდა 3 ტომი (1 ტ. გამოვიდა 1899, შესულია 1362 — 1848 წლების 431 დოკუმენტი; II ტ. — 1909, გამოქვეყნებულია XI—XIX საუკუნეების 509 დოკუმენტი; III ტ. —1910, შეიცავს 1408—1836 წლების 587 დოკუმენტს). 1911 წელს დაიბეჭდა IV ტომის პირველი თაბახი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ბეჭდვა შეწყდა, 1926 წელს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს დადგენილებით ეს თაბახი გამოქვეყნდა სიმონ ჯანაშიას რედაქციით, როგორც „საქართველოს სიძველენის“ III ტომის დამატება (8 საბუთი, 1170—1477 წლები).

„საქართველოს სიძველეთა“ I ტომის თითქმის მთელი ტირაჟი გამოსვლისთანავე დაიწვა (გადარჩა რამდენიმე ცალი) და ე. თაყაიშვილმა მოახერხა ამ ტომის მხოლოდ პირველი 201 დოკუმენტის ხელახლად დაბეჭდვა. „საქართველოს სიძველენის“ სამივე ტომში შესულია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და საქართველოს საისტორიო და საეთნოგარფიო საზოგადოების წიგნთსაცავებში დაცული მასლა და აგრეთვე დოკუმენტები კერძო კოლექციებიდან, რომლებიც ამ გამოცემებისათვის გადმოსცეს კერძო პირებმა ე. თაყაიშვილს. გამოცემა მოამზადეს მ. ჯანაშვილმა, ა. სარაჯიშვილმა, დ. კარიჭაშვილმა, ა. ქუთათელაძემ.

სამივე ტომი შეიცავს ყველა სახის დოკუმენტს — სამეფო სიგელებს, ნასყიდობის, გაცვლის, წყალობის, შეწირულების, გაყრის და სხვა წიგნებს, სასისხლო სიგელებს, სასამართლო დადგენილებებს, არზებს, ოქმებს, თამასუქებს, ვალის ხელწერილებს, ხარჯის ნუსხებს, მიმოწერას და სხვა. გამოცემაში დასტამბულია ორბელიანების, ბარათაშვილების, ერისთავების, ჯავახიშვილების, წინამძღვრიშვილების, ფირცხელაურების, ყორღანაშვილების, ბებუთაშვილების და სხვა საგვარეულოთა საბუთები და მიწერ-მოწერა. იგი ძვირფასი წყაროა საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ისტორიული, კულტურული ვითარების, სამართლის წარმოების, ყოფა-ცხოვრების, გარეშე ქვეყნებთან ურთიერთობის ისტორიული და სხვა საკითხების შესასწავლად. ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა 1970 წელს გამოსცა „საქართველოს სიძველენის“ სამივე ტომის პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები (შემდგენელი ლ. დავლიანიძე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეტრეველი რ., საქართველოს საისტორიო და საეთნოგაფიო საზოგადოება, თბ., 1982;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]