საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები — ჯილდოები, რომლებიც გაიცემა ქართული სახელმწიფოს მიერ მის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისთვის. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებს, მათ სახელწოდებებსა და გაცემის წესს განსაზღვრავსსაქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის N321 ბრძანებულებით საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის შესახებ. გადაწყვეტილებას ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს მოქალაქეების გარდა, ორდენებითა და მედლებით შეიძლება დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არის გათვალისწინებული.[1]
სახელმწიფო ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს შემდეგ ჯილდოებს: ეროვნული გმირის ორდენი; წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი; დავით აღმაშენებლის ორდენი; თამარ მეფის ორდენი; ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი; წმინდა ნიკოლოზის ორდენი; ოქროს საწმისის ორდენი; ვახტანგ გორგასლის ორდენი (I, II, III ხარისხისა); ღირსების ორდენი; მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“; მედალი „მხედრული მამაცობისათვის“; მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“; ღირსების მედალი.[1]
ლენტი | ჯილდო | შექმნის თარიღი | დაჯილდოების მიზეზი |
---|---|---|---|
ეროვნული გმირის ორდენი | 24 ივნისი, 2004 | „საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი.“ | |
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი | 24 ივნისი 2004 | „წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ენიჭება პირს საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.“ | |
დავით აღმაშენებლის ორდენი | 24 დეკემბერი 1992 | „დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირები, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები ქართველი ერის წინაშე უდიდესი ღვაწლისათვის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის.“ | |
თამარ მეფის ორდენი | 31 ივლისი 2009 | „თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდებიან ქალები ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.“ | |
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი | 31 ივლისი 2009 | „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისათვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.“ | |
წმინდა ნიკოლოზის ორდენი | 31 ივლისი 2009 | „წმინდა ნიკოლოზის ორდენით ჯილდოვდებიან პირები ქველმოქმედებისათვის, ქვეყნისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის.“ | |
ოქროს საწმისის ორდენი | 26 ივნისი 1998 | „ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.“ | |
ვახტანგ გორგასლის ორდენი | 24 დეკემბერი 1992 | „ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები.“ | |
ღირსების ორდენი | 24 დეკემბერი 1992 | „ღირსების ორდენით ჯილდოვდებიან მოქალაქეები დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში – შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.“ | |
მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“ | 18 ივნისი 2010 | „მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ ჯილდოვდებიან პირები სამაგალითო სამოქალაქო მოქმედებისათვის — თავდადებული სამოქალაქო მოქმედებისას, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობის გამოვლენისას.“ | |
მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ | 24 დეკემბერი 1992 | „მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციის მუშაკები მამულის დაცვისას გამოჩენილი პირადი მამაცობისათვის და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის.“ | |
მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“ | 24 დეკემბერი 1992 | „მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პირადი დამსახურებისათვის.“ | |
ღირსების მედალი | 24 დეკემბერი 1992 | „ღირსების მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს მოქალაქეები საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის.“ |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდი დაარქივებული 2018-08-29 საიტზე Wayback Machine. - საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები.