საქართველოს სახელმწიფო საზღვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სახელმწიფო საზღვარისახმელეთო საზღვრის 1839 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც შედგება ყოფილი სსრკ-ის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრისა და ყოფილი სსრკ-ის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული სახელმწიფო საზღვრისაგან, რომელიც განსაზღვრავდა ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო საზღვარს საქართველოს ნაწილში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და ამ კანონის შესაბამისად.

სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საზღვრის სახმელეთომო ნაკვეთების დაცვას, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დაცვასა და კონტროლს. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

  • საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველო;
  • სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველო (ბათუმი);
  • სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველო (ახალციხე);
  • სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველო (წითელიხიდი);
  • სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველო (დედოფლისწყარო);
  • სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველო (ლაგოდეხი);
  • სასაზღვრო პოლიციის N6 სამმართველო (ბარისახო);
  • სასაზღვრო პოლიციის N7 სამმართველო (ყაზბეგი);
  • სასაზღვრო პოლიციის N8 სამმართველო (ჯავა-ონი);
  • სასაზღვრო პოლიციის N9 სამმართველო (მესტია);
  • სასაზღვრო პოლიციის N10 სამმართველო (ზემო აფხაზეთი).

საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან შეადგენს 894 კმ.

საზღვარი მდინარე ფსოუზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ფსოუზე საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის მოქმედებს 1928 წლის 31 დეკემბრის სსრკ-სა და რუსეთის ცაკის დადგენილების საფუძველზე, რომელიც 1929 წლის 24 აპრილს ხელმეორედ დამტკიცებულ იქნა რუსეთის ცაკის დადგენილებით. ამავე დადგენილებით დამტკიცებულ იქნა საზღვრის პერიმეტრი ახაჩხა (მთ. ლისაია)-აგეფსთას მთებიდან მდინარე ფსოუს გაყოლებით მის შავ ზღვაში შერთვამდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის ხელშეკრულება (1920) pdf

1920 წლამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიული ერთეულების (აფხაზეთის სამთავრო, სოხუმის სამხედრო განყოფილება და სოხუმის ოკრუგი) საზღვრები, კავკასიონის მთავარი ქედიდან შავ ზღვაზე ძირითადად გაგრის ქედით ჩამოდიოდა, ხოლო რუსეთის იმპერიის ბოლო წლებში (1904-1917) საზღვარი, საერთოდ მდინარე ბზიფის აღმოსავლეთ წყალგამყოფზე გადაიტანეს, რითაც სოხუმის ოკრუგმა დიდი ნაწილი დაკარგა.

პირველად ისტორიაში, საზღვარი მდინარე ფსოუზე დაწესდა 1920 წელს, მას შემდეგ რაც 1918 წელს სოჭის კონფლიქტის დროს ქართულმა მხარემ სოჭის ოკრუგის ტერიტორია ტუაფსემდე დაიკავა. 1919 წელს რუსეთის მენშევიკთა არმიამ ანტონ დენიკინის მეთაურობით, შესძლო სოჭის ოკრუგის ქართული ძალებისაგან განთავისუფლება. გარკვეული პერიოდი არსებობდა დავა საზღვრის გავლებასთან დაკავშირებით და ბოლოს 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკას შორის გაფორმებული მოსკოვის ხელშეკრულების საფუძელზე საზღვარი ნაწილობრივ მდინარე ფსოუზე (შავი ზღვა — მთა ახახჩა) დადგინდა, ნაწილობრივ კი ახახჩა-აგაფსთის მთების (ფსოუს ზემო დინების წყალგამყოფი) ზოლზე.

ვიკიციტატა
„სახელმწიფო საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის გადის შავი ზღვიდან მდინარე ფსოუზე ახახჩის მთამდე, შემდეგ ახახჩის მთიდან აგაფსთას მთამდე და შემდეგ ქუთაისის გუბერნიის ჩრდილოეთი საზღვრის გაყოლებით...“

მიუხედავად საქართველოსა და რსფსრ-ს შორის მიღწეული შეთანხმებისა, აღნიშნული ხელშეკრულება არ იქნა შეტანილი „სსრკ-ს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტების“ (რუს. Документы Внешней Политики СССР) ნუსხაში.

მეორედ, მდინარე ფსოუზე საზღვრის დაგენას შეეცადნენ მაშინ, როდესაც აფხაზეთის ახლადმოსულმა საბჭოთა ხელისუფლებამ აღმოაჩინა რომ 1920 წელს სდრ-ის მიერ მოპოვებულ საზღვარს მდინარე ფსოუზე ისინი არ აკონტროლებდნენ.

1921 წელს, როდესაც რუსეთის წითელმა არმიამ აფხაზეთის რევკომთან ერთად გაარღვია პილენკოვოს ფრონტი და სტრატეგიული მოსაზრებიდან გამომდინარე დაბანაკდა ხოლოდნაია რეჩკის სიახლოვეს, სოხუმის ოლქის ოკუპაციის პროცესის დასრულებამდე მოხდა, პილენკოვოს რაიონის სოჭაში უკვე ფორმირებულ რევოლუციურ ხელისუფლებასთან ადაპტირება[1].

1922 წლის 4 აპრილის მდგომარეობით არც სოფელი პილენკოვო და არც მდინარე ფსოუ არ შედიოდა აფხაზეთის სსრ-ში[კ 1]. 29 აპრილს რსფსრ-ის პრეზიდიუმმა მოისმინა რა შინაგან საქმეთა სახკომის დამოკიდებულება გადაცემულიყო პილენკოვოს რაიონი აფხაზეთის სსრ-თვის, დაავალა აფხაზეთის ცაკის მდივანს ტირაკიანს, გაეკეთებინა პირდაპირი მიმართვა რსფსრ-ის ცაკისათვის დეტალური ახსნით თუ რატომ უნდა გადაწეულიყო აფხაზეთის სსრ-სა და რსფსრ-ს შორის საზღვარი მდინარე ფსოუზე[2][3].

1923 წლის დასაწყისში პილენკოვოს რაიონის შავიზღვისპირეთის ოკრუგიდან აფხაზეთის სსრ-თვის გადაცემის ინიციატივა გამოხატეს ამავე რაიონში მცხოვრებმა გლეხებმა. მარტში პილენკოვოს რაიონში იმყოფებოდა სპეციალური კომისია ამიერკავკასიის სფსრ-ის ცაკის წარმომადგენლის აგამალ-ოღლის თავჯდომარეობით, რომელმაც ეკონომიკურად გამართლებულად ჩათვალა, რომ პილენკოვოს რაიონი გადასულიყო აფხაზეთის სსრ-ის იურისდიქციაში. აგვისტოში აღნიშნულ საკითხს იკვლევდა რუსეთის ცაკის ადმინისტრაციული კომისია.

1924 წლის 22 თებერვალს სსრკ-ის ცაკმა დაინიშნა სპეციალური კომისია სმიდოვიჩის თავჯდომარეობით, რომელიც შედგებოდა რუსეთისა და ამირკავკასიის სფსფრ-ის ცაკის პრეზიდიუმის წარმომადგენლებისაგან. 24 აპრილს ამიერკავკასიის ცაკმა თავის მხრივ დაამტკიცა პილენკოვოს რაიონის მიერთების აუცილებლობა აფხაზეთის სსრ-თვის. 25 ოქტომბერს კომისიამ, იქედან გამომდინარე რომ არსებობდა მხარეებს შორის უთანხმოება, საკითხი განსახილველად სსრკ-ის ცაკის პრეზიდიუმს გადასცა[4]. 31 ოქტომბერს, სსრკ-ის ცაკმა მოისინა რა მისი წევრის სმიდოვიჩის მოხსენება, მიიღო დადგენილება შავიზღვისპირეთის ოკრუგის პილენკოვოს რაიონი შეერთებულიყო აფხაზეთის სსრ-ის გაგრის მაზრისათვის[5]. მიუხედავად მიღებული დადგენილებისა სოჭის რაიკომი არ დაემორჩილა მიღებულ გადაწყვეტილებას. 28 ნოემბერს სსრკ-ის ცაკის წევრმა შ. ელიავამ განმეორებით მოითხოვა აღსრულებულიყო 31 ოქტომბერს მიღებული დადგენილება[6]. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა დადგენილება არ განხორციელდა. 22 დეკემბერს რსფსრ-ის ცაკმა მოითხოვა 31 ოქტომბრის დადგენილების გადახედვა, რადგანაც 31 ოქტომბრის სსრკ-ის ცაკის დადგენილება გამოიცა ცალმხრივად, რუსეთის ცაკის პრეზიდიუმის დასტურის გარეშე[7].

1925 წლის 2 იანვარს სსრკ-ის ცაკმა გააუქმა პილენკოვოს რაიონის გადაცემასთან დაკავშირებული 1924 წლის ყველა დადგენილება და მოუწოდა რუსეთისა და ამიერკავკასიის სფსრ-ის ცაკის პრეზიდიუმებს ერთობლივად შეემუშავებინათ დადგენილების პროექტი. 5 ივნისს სსრ კავშირის ცაკმა, უზბეკეთის სსრ-ის სახკომსაბჭოს თავჯდომარის ფ. ხოჯაევის თავჯდომარეობით დაინიშნა პარიტეტული კომისია, რომელსაც დაევალა პილენკოვოს რაიონის გადაცემის საკითხი განხილვა. 26 აგვისტოდან განმეორებით იკვლევდა ვითარებას სპეციალური კომპეტენტური კომისია, რომელიც შედგებოდა სსრკ-ის, რსფსრ-ის (ლოკტევი) და ამიერკავკასიის (ს. ქავთარაძე) ცაკთა წარმომადგენლებისაგან[8]. აღნიშნულ კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღო დაინტერესებულ მხარეთა წარმომადგენლებმა — აფხაზეთის სსრ-დან ბახტაძემ და ვარდანიამ, ხოლო შავიზღვის საოლქო კომიტეტის აღმასკომიდან ზანჩენკომ, ბრანსკიმ, ბაკულინმა და ბაიკოვმა[9]. 30 აგვისტოს კომისიამ თავისი საქმიანობა (პილენკოვოს რაიონის სეფლების მოსახლეობა გამოკითხა) დაასრულა და გადაწყვეტილება აფხაზეთის სასარგებლოდ მიიღო. მიღებული გადაწყვეტილება გადაეგზავნა სსრკ-ის ცაკს საკანონმდებლო დონეზე დასამტკიცებლად, ხოლო შედეგი კი დაუყოვნებლივ გადაეცათ რსფსრ-სა და ამიერკავკასიის სფსფრ-ის ცაკებს სისრულეში მოსაყვანად[10].

1926 წლის 15 იანვარს სსრ კავშირის ცაკის პრეზიდიუმმა (მდივანი ა. ენუქიძე) განიხილა კომისიის ანგარიში და დაადგინა რომ აღდგენილიყო 31 ოქტომბრს მიღებული დადგენილება, რომელიც რუსეთის ცაკის პრეზიდიუმის მხრიდან გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარებოდა. 19 მარტის სსრ კავშირის პრეზიდიუმის დადგენილებით კვლავ გაუქმდა 15 იანვარს მიღებული დადგენილება და პილენკოვოს რაიონი დარჩა რსფსრ-ს შავიზღვისპირეთის ოკრუგში.

1927 წლის 27 დეკემბერს აფხაზეთის სსრ-ის სახკომის თავჯდომარემ ნ. ლაკობამ პილენკოვოს რაიონთან დაკავშირებით სსრ კავშირის ცაკში გააგზავნა წერილი, რომელზეც უარყოფითი პასუხი 1928 წლის 16 იანვარს მოვიდა. წერილში ვითარების დასარეგულირებლად აფხაზურ მხარეს მოუწოდეს, რომ თუ მომავალშიც დააპირებდნენ პილენკოვოს რაიონის კონსტიტუციური გზით მიერთებას, მაშინ აუცილებელი გახდებოდა აღნიშნული მომართვა ამიერკავკასიის სფსრ-ს ცაკის შუამდგომლობით განხორციელებულიყო.

1928 წლის 1 ნოემბერს ნ. ლაკობამ წერილით მიმართა საქართველოსა და ამიერკავკასიის სფსრ-ს ცაკებს, ეშუამდგომლათ საკითხის მოგვარებაში. 10 დეკემბერს სტალინის, მოლოტოვის და ორახველაშვილის თანხმობით რუსეთის ცაკის პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის სსრ-თვის პილენკოვოს რაიონის გადასაცემად შემდგარიყო ადმინისტრაციული კომისია, რომელიც ხუთი დღის ვადაში მომზადებდა ახალი სასაზღვრო ზოლის სრულ აღწერას. წარმოდგენილი პროექტი კი დასამტკიცებლად რუსეთის ცაკის პრეზიდიუმისათვის გადაეცათ. 31 დეკემბერს რსფსრ-ის ცაკის თავჯდომარის მ. კალინინის დადგენილებით გადაწყდა, პილენკოვოს რაიონის ტერიტორია გადაცემულიყო ამიერკავკასიის სფსრ-თვის.

ვიკიციტატა
„ამიერკავკასიის სფსრ-ს გადაეცეს მდინარე ფსოუს მარცხენა ნაპირას მდებარე სოფელი პილენკოვო და მასთან არსებული დასახლებები, რითაც დადგინდეს საზღვარი ამიერკავკასიის სფსრ-სა და რსფსრ-ს შორის მდინარე ფსოუს ახაჩხა-აგეფსთას მთებს შორის არსებული სათავიდან მის შავ ზღვაში შერთვამდე[კ 2].“

1929 წლის 25 იანვარს სსრ კავშირის ცაკის პრეზიდიუმის დადგენილებით პილენკოვოს რაიონის აფხაზეთის სსრ-თვის გადასაცემად პარტიტეტული კომისიის თავჯომარედ ხ. კუშაევი დაინიშნა. 28 მარტს სპეციალურმა პარიტეტულმა კომისიამ, წარმოდეგნილი სსრკ ცაკის წარმომადგენლის (კუშაევის) თავჯდომარეობით, ამიერკავკასიის სფსრ-სა (ლადარია) და ჩრდილო-კავკასიის მხარკომის (ბელოკუნოვი) წარმომადგენელთა მონაწილეობით დაადგინეს, 1928 წლის 31 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად გადაეცეს ამიერკავკასიის სფსრ-ს შავიზღვისპირეთის ოკრუგის ჩრდილო-კავაკსიის მხარის სოჭის რაიონის პილენკოვოს, მიქელრიფშის, ქრისტოფოროვოსა და სალმინის სასოფლო საბჭოები, საზღვარი დადგინდეს მდინარე ფსოუზე, ხოლო ფსოუსმიღმა სოფელი აიბღა დარჩენილიყო სოჭის რაიონის იურისდიქციაში[კ 3]. აღდნიშნული მოქმედებით დაირღვა და სისრულეში ვერ მოხდა 1928 წლის 31 დეკემბრის დადგენილების აღსრულება. საბოლოოდ, ოფიციალურად პილენკოვოს რაიონი აფხაზეთს გადაეცა 1929 წლის იანვრიდან[11].

საქართველოს სსრ, 1930. საზღვარი აიბღის მონაკვეთზე ფსოუზე არ გადის

12 აპრილს სსრ კავშირის ცაკის პრეზიდიუმმა, გამოკითხვის საფუძველზე დაადგინა პარიტეტული კომისიის არამართლზომიერი მოქმედება და აღიარა სსრ კავშრის ცაკის 1924 წლის 31 ოქტომბრისა და 1928 წლის 31 დეკემბრის სისრულეში მოყვანის აუცილებლობა. იმავე დადგენილების მესამე პუნქტში დამატებით აღინიშნულია, რომ მდინარე ფსოუს მარჯვენა და მარცხენა ნაპირას არსებული სოფელ აიბღის რუსული მოსახელობის სამუურნეო და კულტურული მომსახურეობისათვის საჭიროა დარჩეს სოჭის რაიონში, ხოლო საზღვარი გაივლოს სოფლის სამხრეთით[კ 4]. რადგანაც, 12 აპრილის სსრ კავშირის ცაკის პრეზიდიუმის დადგენილება ცალმხრივად იყო შედგენილი და ეწინააღმდეგებოდა 1928 წლის 31 დეკემბრის სამხრივად მიღებულ გადაწყვეტილებას, ის დარჩა იურიდიული ძალის არმქონედ, რადგანაც ეწინააღმდეგებოდა თავად სსრკ კონსტიტუციას.

1930 წლისა და 1932 წლის[12] საქართველოს სსრ-ის ქართულ რუკებზე მართლაც არსებობს 12 აპრილის დადგენილების შესაბამისი საზღვარი, თუმცა მის პარალელურად და განსაკუთრებით შემდგომ წლებში, რუკებზე საზღვარი აიბღის მონაკვეთზეც დამკვიდრდა მდინარე ფსოუზე.

საზღვარი აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვარი აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან შეადგენს 446 კმ.

საზღვარი გარეჯის მონაკვეთზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი კვლევით არაერთი მეცნიერი თუ მკვლევარი იყო დაკავებული, მათ შორის ლადო მირიანაშვილიც.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანს ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მიმართ რუსეთში რევოლუციის მოხდენიდან მალევე გაუჩნდა. ამიერკავკასია ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა, როცა 1917 წლის 15 ნოემბერს ადგილობრივი დროებითი ხელისუფლება — ამიერკავკასიის კომისარიატი შეიქმნა. ორი თვის თავზე, კერძოდ 1918 წლის 10 იანვარს, აზერბაიჯანის ხელისუფალთა მიერ წაქეზებული აზერბაიჯანელი მწყემსები, რომლებიც ცხვარს ყარაიას ველზე აძოვებდნენ დაესხნენ და ააოხრეს დავით გარეჯის ლავრა და უდაბნოს მონასტერი. აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობებს იძლევა გარეჯის უდაბნოს წინამძღვარი მღვდელმონაზონი გერმოგენი[13][14].

1918 წლის 26 მაისს დაიშალა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკა და მასში შემავალმა სამმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 4 ივნისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გაავრცელა საპროტესტო განცხადება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ თურქეთთან წამოებული მოლაპარაკებების გამო, რომლებიც აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული საზღვრების კორექციასა და დადგენას ეხებოდა[კ 5].

1918 წლის 14 ივნისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი მ. გაჯინსკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისათვის მიწერილ წერილში აღნიშნავდა: „№221-I — საქართველოს მთავრობამ, მიაჩნია რა, რომ ბორჩალოს მაზრა მისი ტერიტორიაა, იქ ქართული ჯარი და გერმანული რაზმი შეიყვანა, თითქოსდა, მაზრის ყაჩაღური ბანდებისაგან გასაწმენდად... იმის გათვალისწინებით, რომ მთლიანად მუსლიმებით დასახლებული ბორჩალოს, თბილისისა და სიღნაღის მაზრების წარმომადგენლებმა არაერთხელ გამოთქვეს სურვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე, ჩემი მთავრობა პროტესტს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის ზემონახსენები განკარგულების წინააღმდეგ...[15]“. 17 ივნისს ნოე რამიშვილის ხელმოწერით გაგზავნილ საპასუხო წერილში ეწერა: „№221-II — ბორჩალოს მაზრა ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიას და არასდროს გამხდარა კამათისა და ეჭვის საგანი... იმედს გამოვთქვამ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა მომავალში არ დაუშვებს საქართველოს საშიანო საქმეებში ჩარევის მცდელობას“.

1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციიდან ორი თვის შემდეგ, 1921 წლის 2 მაისს, ამიერკავკასიის რესპუბლიკათა ტერიტორიული საკითხების მოგვარების მიზნით, რკპ (ბ) ცკ კავბიუროს პლენუმის დადგენილებით შეიქმნა სპეციალური კომისია სერგეი კიროვის თავჯდომარეობით. საქართველოს მხრიდან კომისიაში შედიოდნენ სახალხო კომისრები ალექსანდრე სვანიძე და სილვესტერ თორდია. 1921 წლის 26 ივნისს თბილისში გამართულ სხდომას, რომელზეც ზაქათალის ოლქისა და ყარაიის ველის სადავო საკითხი განიხილებოდა, კომისიის წევრების გარდა ესწრებოდნენ გრიგორი (სერგო) ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი, და შალვა ელიავა. აზერბაიჯანის მხარის მიერ (გუსეინოვი, გაჯინსკი, რასულ-ზადე, ომარ ფაიკი) შემოთავაზებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილების პროექტი: „პოლიტიკური მოსაზრებებით აზერბაიჯანის სსრ პრეტენზიას არ აცხადებს, რომ აღნიშნული რაიონები მას შეუერთონ, მაგრამ მოითხოვს საქართველომ იურიდიულად ცნოს და დაუმტკიცოს თათარ გლეხებს, რომ მათ უდავო უფლება აქვთ ფაქტობრივად ისარგებლონ იმ მიწებით, რომლებსაც მეფის და მენშევიკების რეჟიმის დროს ფლობდნენ. ამასთან, საქართველო მთელ ადგილობრივ ძალაუფლებას ყარაიაზელ გლეხებს გადასცემს და ვალდებულებას კისრულობს ყაზახის გვერდის ავლით არანაირი განკარგულება არ გამოსცეს. იმ მიწების ზუსტად გამიჯვნისათვის, რომლებითაც აზერბაიჯანლმა გლეხებმა უნდა ისარგებლონ, ინიშნება საგანგებო შერეული კომისია. 27 ივნისის სხდომაზე ქართულმა მხარემ პროტესტი განაცხადა წინა დღეს აზერბაიჯანის წარმომადგენელთა მიერ გადაწყვეტილების პროექტის ტექსტში შეტანილი ერთი ფრაზის გამო: „მთელ ადგილობრივ ძალაუფლებას ყარაიაზელ გლეხებს გადასცემს“, რასაც მწვავე კამათი მოჰყვა. საბოლოოდ ზემოთ დამოწმებული ტექსტი შეიცავალა შემდეგი სიტყვებით: „მთელ ძალაუფლებას, გარდა პოლიტიკურისა“ და დადგენილება შესწორებული სახით მიიღეს.

1921 წლის 5 ივლისს თბილისში გაიმართა საქართველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ წარმომადგენელთა კონფერენცია, რომელზეც შემდეგი დადგენილება მიიღეს: „1. პოლიტიკური საზღვრები აზერბაიჯანის სსრ-სა და საქართველოს სსრ-ს შორის რჩება უცვლელი. 2. საქართველოსა და აზრბაიანს შორის ყარაიას ველის საკითხის შესახებ კონფერენციამ შემდეგი დაადგინა: ა) ცნობილ იქნეს სრული განსაკუთრებული მფლობელობა და სარგებლობა ყაზახის მაზრის გლეხების მიერ ყარაიას ველისა, დაახლოებით ქვემოთნახსენებ საზღვრებში, ამასთან დაცული იქნეს არსებული სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანის სსრ და საქართველოს სსრ-ს შორის“. ამის შემდეგ, განსაზღვრული იყო ტერიტორიის ფაქტობრივი მფლობელობის საზღვარი. დადგენილებას თან ერთვოოდა ორპუნქტიანი შენიშვნა, რომელშიც მითითებული იყო შემდეგი: „ა) ყაზახის გლეხების მფლობელობის ზუსტი საზღვრების დადგენა ევალება განსაკუთრებულ შერეულ კომისიას, რომელიც მუშაობას შეუდგება წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან ორი კვირის ვადაში. ბ) ყაზახის მაზრის გლეხები, რომლებიც არიან ფაქტობრივი მფლობელნი და მოსარგებლენი ამ ველით, ყველა შემთხვევაში იხელმძღვანელებენ აზერბაიჯანის სსრ კონსტიტუციითა და დაემორჩილებიან ყაზახის მაზრის აღმასკომს“.

კონფერენციის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური შერეული კომისია, რომლის პირველი სხდომა 1921 წლის 27 ივლისს აღსტაფაში გაიმართა. საქართელოს მხრიდან კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ პავლე ინგოროყვა, იმ დროს საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის მრჩეველი ვახტანგ მაჩაბელი. პავლე ინგოროყვამ ქართული მხარისათვის მიუღებლად მიიჩნია კონფერენციის დადგენილების მეორე პუნქტის ბ) შენიშვნაში მოცემული ფორმულირება, რამდენადაც მისი ტექსტი გაცილებით მეტს გულისხმობდა, ვიდრე უბრალოდ ყაზახის რაიონის გლეხების ყარაიას ველის საძოვრებზე მფლობელობის ზუსტი საზღვრების დადგენას. მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა გადაწყდა, რომ ზუსტი საზღვრების დადგენამდე ყაზახის მაზრის გლეხებს უფლება მიეცემოდათ დაუბრკოლებლად ესარგებლათ ყარაიას ველის ყველა იმ საძოვრითა და სავარგულით, რითაც ისინი ადრე სარგებლობდნენ.

1921 წლის 8 ნოემბერს თბილისში გამართულ შერეული კომისიის სხდომაზე (თავჯდომარები — ვ. კანდელაკი და ა. აბასოვი, წევრები — დ. ვექილოვი, ა. ბერიძე და მ. შიხლინსკი) დადგინდა ყაზახის მაზრის გლეხების ფაქტობრივი სარგებლობისა და მფლობელობის საზღვრები ყარაიას ველზე. ამ დადგენილებით ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრების ტერიტორიები მთლიანად აზერბაიჯანელ გლეხთა ფაქტობრივ მფლობელობაში აღმოჩნდა. ამასთანავე სარგებლობაში გადავიდა ტერიტორია ჩიჩხიტურის მონასტრის იმ ნახევრით, რომელიც უდაბნოს მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. მეორე, ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე განთავსებული ნაწილი კი — საქართველოს დარჩა. მომდევნო სხდომაზე, 1921 წლის 15 ნოემბერს, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ ადმინისტრაციული საზღვრის გატარების შესახებ, თუმცა ყარაიას ველის ზამთრის აძოვრების მფლობელობის საკითხი კვლავ სადავო დარჩა. ამ დოკუმენტზე საქართველოს მხრიდან ხელი მოწერილი აქვს რევკომის თავჯდომარეს ბუდუ მდივანს, აზერბაიჯანის მხრიდან კი — ცაკის თავჯდომარეს მუხტარ გაჯი-ზადეს.

მომდევნო პერიოდში აზერბაიჯანს ყარაიას ველის საძოვრების დე-იურე საკითხი აღარ დაუსვამს. ამგვარი მდგომარეობა 1924 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა. დამოკიდებულება საქართველო-აზერბაიჯანის ადმინისტრაციული საზღვრის დელიმიტაციისადმი მას შემდეგ შეიცვალა, როცა საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ამბოხება მოხდა. საქართველო თავისუფლებისადმი სწრაფვის გამო მკაცრად დაისაჯა: ამიერკავკასიის ცაკთან არსებული ამიერკავკასიის სფსრ-ში შემავალ რესპუბლიკებს შორის არსებული, მიწის, ტყის და წყლის სარგებლობის სადავო საკითხთა მომგვარებელი კომისიის სხდომის 1924 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით, შერეული კომისიის მიერ 1921 წლის 8 ნოემბერსა და 1922 წლის 28 იანვარს დადგენილი საზღვრებში დე-ფაქტო განმტკიცდა. ამ დადგენილების საფუძველზე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადავიდა საკმაოდ ვრცელი ტერიტორია.

საზღვარი სომხეთის რესპუბლიკასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის რესპუბლიკასთან შეადგენს 224 კმ.

საზღვრის პროექტი საქართველოსა და სომხეთს შორის 1926 წელს[16][17][18][19][20][21].

.

საზღვარი თურქეთის რესპუბლიკასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის რესპუბლიკასთან შეადგენს 275 კმ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მირიანაშვილი ლ., საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრის ცვლილების ისტორია XX საუკუნეში, „კავკასიოლოგიური ძიებანი“, თბილისი, 2009
  • მირიანაშვილი ნ., საქართველოს ტერიტორიული ცვლილებანი ამიერკავკასიის რესპუბლიკასთან 1918-1938 წწ. (დისერტაცია), თბილისი, 2000
  • თოიძე ლ., 25 თებერვლის შემდეგ, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სესია №1б
  • საქართველოს საზღვრების პრობლემა XX საუკუნის I ნახევარში და ივანე ჯავახიშვილი, „ჯავახიანი“, ნაწ. I, თბილისი, 2008

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვიკიციტატა
    „ИЗ ПИЛЕНКОВО (Письмо в редакцию)
    Ближайшим городом к нашему селению является город Гагры, но он в Абхазии, а мы в Кубано Черноморской области Р. С. Ф. С, Р. На-днях на общем собрании граждан нашего селения постановлено просить придать наш район Абхазской Республике. Это выгодно не только нам, но и Гаграм, которые и зпоко'н века снабжались продовольстзиэм главным образом из нашего района. И Гагры, как город и в особенности как курорт, могут существовать не голодая, только тогда, когда наш район, и главным образом наще селение будет придано Гагринскому уезду и будет снабжаться нами. Мы с нетерпением ждем, когда в соответствующем духе выступит Гагринский Исполком и поднимет этот вопрос перед всеми, кем необходимо.“
  2. Передать в состав Закавказской Социалистической Федеративной Советской Республики село Пиленково с окружающими его селениями и хуторами, расположенными по левому берегу реки Псоу, установив границу между РСФСР и ЗСФСР по реке Псоу от устья до истоков и дальше по хребту через горы Ахачха и Агепста с выходом на существующую границу между РСФСР и Абхазской ССР.
  3. а) В соответствии с постановлением Президиума ВЦИКа от 31 декабря 1928 года, передать из состава Черноморского округа Северо-Кавказского края РСФСР в ведение ЗСФСР территорию четырех сельских Советов Сочинского края: Пиленковского, Михельрипшского, Христофоровского и Сальминского, установив в основном согласно того же постановления ЦИКа СССР новую границу по реке Псоу.
    Причем, исходя из условий лучшего обслуживания хозяйственных и культурных интересов русского населения поселка Аибга, расположенного частью с правой и частью с левой стороны реки Псоу, признать необходимым поселок Аибга оставить в составе Сочинского района и установить границу в районе села Аибга южнее данного села, в пределах границ колонизационного фонда, отмеченных рекогносцировочно и нанесенных на лесохозяйственную карту Сочинского района.
    Имея в виду, что население села Аибги частично пользовалось пастбищами, отходящими к Абхазской ССР, считать необходимым дальнейшее представление этих пастбищ на общих основаниях в первую очередь для села Аибга.
    Далее границу продолжить по реке Псоу до ее истоков и дальше по хребту через горы Ахачха и Агибста с выходом на существующую границу между РСФСР и ЗСФСР
  4. В целях лучшего обслуживания хозяйственных и культурных интересов русского населения поселка Аибга, расположенного частью с правой, и частью с левой стороны реки Псоу, поселок Аибга оставить в составе Сочинского района и установить границу в районе села Аибга южнее данного села.
  5. №180. Заявление правительства Грузинской республики по поводу переговоров Азербайджана и Армении с Турцией. Тифлис, 4 июня 1918 года.
    Правительство Грузинской Республики, осведомившись, что представители Азербайджана и Армении ведут с Оттоманским Правительством переговоры об установлении и исправлении границ этих стран, постановило указать Национальным Советам последних, что исправление и установление границы между Грузией, Азербайджаном и Арменией составляет компетенцию Правительств означенных стран, и что Правительство Грузинской Республики может вести с представителями Азербайджана и Армении непосредственные переговоры по означенному вопросу в Тифлисе, без вмешательства Турции. В случае же, если бы оказался какой-либо по сему предмету договор между Оттоманской Империей, с одной стороны, и Азербайджаном и Арменией, с другой, или с одной из них, то таковой договор Правительство Грузинской Республики ни в коем случае не можез признать для себя приемлемым и обязательным*' (Документы, 1919: 366).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. газ. «Трудовая Абхазия», №205 (1236), 11 сентября, 1925
  2. Газета «Голос трудовой Абхазии», 29 апреля 1922 г., № 95 (231).
  3. ЦГАА, ф. 1, оп. 2, д. 9, л. 2
  4. ЦГАА, ф. 1, оп. 1, д. 113, л. 30
  5. Партархив Грузинского филиала ИМЛ при ЦК КПСС, ф. 14, оп. 1, д. 1095, л. 3
  6. Партархив Грузинского филиала ИМЛ при ЦК КПСС, ф. 14, оп. 1, д. 1095, л. 11
  7. Партархив Грузинского филиала ИМЛ при ЦК КПСС, ф. 14, оп. 1, д. 113, л. 43
  8. ЦГАА, ф. 1, оп. 2, д. 9, л. 23
  9. газ. «Трудовая Абхазия», №206 (1237), 12 сентября, 1925
  10. ЦГАА, ф. 1, оп. 2, д. 9, л. 31
  11. Прицкер Л. М. Советская Абхазия в датах, Сухуми, 1981
  12. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის რუკა : I : რუსეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტონომიური სსრ / გამოცემული პროფ. ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით ; შემუშავებული საქართველოს კარტოგრაფიულ ინსტიტუტში. - 1:200000. - [თბილისი] : საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობა, 1932
  13. გერმოგენი, დავით გარეჯის უდაბნოს აკლება, გაზეთი „საქართველო“, №14, 1918 წლის 18 (31) იანვარი
  14. გერმოგენი, დავით გარეჯის უდაბნოს აკლება, გაზეთი „საქართველო“, №19, 1918 წლის 24 (6) იანვარი
  15. Документы и материалы по внешней политике Закавказья и Грузии. Издание правительства Грузинской Республики, Тифлис 1919
  16. გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, №132 (11618), გვ. 5
  17. გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, №133-34 (11623-24), გვ. 4
  18. გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, №135 (11621), გვ. 4
  19. გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, №136 (11622), გვ. 5
  20. გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, №137-38 (11623-24), გვ. 4
  21. გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, №141 (11627), გვ. 5