საქართველოს სახალხო განათლების სამინისტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახალხო განათლების სამინისტრო
უწყების შესახებ
შეიქმნა 1918
თანამშრომლები ვუკოლ ბერიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ რობაქიძე.
მინისტრი გიორგი ლასხიშვილი
უწყების ხელმძღვანელი/ები ვუკოლ ბერიძე, კანცელარიის დირექტორი
 
მაქსიმე ბერძნიშვილი, საქმისმწარმოებელი

საქართველოს სახალხო განათლების სამინისტრო — სამინისტრო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918–1921). შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ამიერკავკასიის სახალხო განათლების სამინისტროს ნაცვლად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლების მინისტრად დაინიშნა სოციალისტ-ფედერალისტი გიორგი ლასხიშვილი. ახალმა მინისტრმა გააუქმა აგრეთვე ამიერკავკასიის სასწავლო ოლქი, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახალხო სკოლათა დირექციები, თბილისის ქალთა ინსტიტუტი, თბილისის სამხედრო გიმნაზია (კადეტთა კორპუსი) და დაიწყო სასწავლო დაწესებულებათა რეორგანიზაცია.

სამინისტროში დაწესდა სამი თანამდებობა:

  1. უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგე;
  2. სახალხო სკოლების მთავარგამგე;
  3. საპროფესიო და სატეხნიკო სკოლების მთავარგამგე.

ადგილობრივ სკოლათა მეთვალყურეობისათვის სამინისტრომ, დატოვა სახალხო სკოლების ინსპექტორთა ინსტიტუტი. სამინისტროში ფუნქციონირებდა საბჭო, რომელშიც შედიოდნენ: მინისტრი, მისი ამხანაგი (მოადგილე), სამი მთავარგამგე, სამინისტროს კანცელარიის დირექტორი, ქალაქისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, აგრეთვე ის პირები, რომელთა მოწვევას მინისტრი დაინახავდა საჭიროდ. სამინისტროს კანცელარიაში მსახურობდა 19 კაცი. კანცელარიის დირექტორი იყო ვუკოლ ბერიძე, საქმისმწარმოებელი მაქსიმე ბერძნიშვილი. საქმის წარმოება სრულდებოდა სახელმწიფო ენაზე. სამინისტროს შტატები დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ 1918 წლის 6 სექტემბერს. სულ სამინისტროში 56 თანამშრომელი მუშაობდა, რომელთაგან ბევრი მეცნიერი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო. სამინისტროს თანამშრომელთა შორის იყვნენ: ვუკოლ ბერიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ რობაქიძე, გიორგი ჭუმბურიძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, კონსტანტინე აბაშიძე, მაქსიმე ბერძნიშვილი. განათლების მინისტრად 1920–1921 წლებში შეთავსებით იყვნენ ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, შემდეგ კი სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე.

სამინისტრომ სკოლების გაეროვნების დასასრულებლად დააარსა 2 კომისია, რომელთაც დაევალა ახალი ტიპის საშუალო და დაბალ სკოლათა პროგრამების შემუშავება. განათლების სამინისტროს მთავრობისაგან გამოეყო 10-მილიონიანი ფონდი. დაიწყო სავალდებულო პირველდაწყებითი სწავლების განხორციელება. დაბალ სკოლათა გაეროვნება დაიწყო ჯერ კიდევ ამიერკავკასიის კომისარიატმა და იგი 1918 დასრულდა, მომდევნო ორ წელს განხორციელდა სხვა ტიპის სკოლების გაეროვნებაც. ამ მიზნის უკეთ განსახორციელებლად სამინისტრომ შექმნა დროებითი საზაფხულო კურსები მასწავლებლებისათვის. კურსებთან დაარსდა სატერმინოლოგიო სექციები, რომელთაც შეიმუშავეს სხვადასხვა საგნის ტერმინები რესპუბლიკის სკოლებში სახელმძღვანელოების გამოცემამდე. ტექნიკური ტერმინოლოგიის შედგენაზე მუშაობდა რუსუდან ნიკოლაძე. გაეროვნებასთან ერთად, რომელიც ითვალისწინებდა ძირითადი სასწავლო პროგრამების ქართულად სწავლებას, მთავრობამ ეროვნულ უმცირესობებს დაუტოვა საკუთარ ენაზე სწავლების უფლება, ამასთან, ეროვნულ უმცირესობათა სკოლებში აუცილებელ საგნად ჩაითვალა ქართული ენა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება.

სამინისტრომ დააარსა საგამოცდო კურსები თბილისსა და ქუთაისში იმ მასწავლებელთა პროფესიული დონის გამოსავლენად, რომელთაც არ ჰქონდათ სრული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ცნობები, მაგრამ სკოლებში ასწავლიდნენ. სამინისტრომ ყურადღება მიაქცია ახალი სკოლების გახსნას, ერობებისთვის ადგილობრივ სკოლათა გადაცემას, რათა მეტი ყოფილიყო სკოლისადმი ყურადღება. 1918–1919 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა შემდეგი სასკოლო-საგანმანათლებლო დაწესებულებები: თბილისის უნივერსიტეტი, ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტი, პოლიტექნიკუმი, კონსერვატორია, თბილისის ობსერვატორია, კავკასიის მუზეუმი, საოსტატო ინსტიტუტი, საოსტატო სემინარია, ვაჟთა გიმნაზია, ქალთა გიმნაზია, რეალური სასწავლებლები, საკომერციო სასწავლებლები, სატეხნიკო სასწავლებელი, სახელოსნო სასწავლებელი, უმაღლესდაწყებითი სასწავლებელი, დაწყებითი სკოლა (1460), კერძო საშუალო სკოლა (50).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 390.