ტრაქტატი ივერიელ მეფეთა და მთავართა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს სამეფო-სამთავროების ტრაქტატი 1790 — სამოკავშირო ხელშეკრულება ქართლ-კახეთის სამეფოს, იმერეთის სამეფოს, ოდიშისა და გურიის სამთავროთა შორის. ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაერთიანების შესახებ 1790 მოლაპარაკებას პირდაპირი შედეგი არ მოჰყოლია. ერთიანობის იდეა მაინც ისე ძლიერი იყო, რომ მალე, 1790 წლის ივნისს, დაიდო საქართველოს სამეფო-სამთავროების ტრაქტატი — ორხმრივი ხელშეკრულება, ერთი მხრივ ქართლ-კახეთის სამეფოსა და მეორე მხრივ — იმერეთის სამეფოს, ოდიშისა და გურიის სამთავროებს შორის. ტრაქტატის მომზადების ორგანიზატორი იყო სოლომონ ლიონიძე. ტრაქტატის პრეამბულაში აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულების საფუძველია ქართველთა ეროვნული ერთობა: „ყოველნი ივერიელნი“ არიან „სისხლით ნათესავნი, ერთმოწმუნენი და ერთისა ენისა მქონებელნი“; აქედან გამომდინარე, საქართველოს მეფე-მთავრები დებენ ზემო და ქვემო ივერიის (ე. ი. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს) ერთობისა და ურთიერთდახმამრების პირობას. ერეკლე II, რომელიც ამ ხელშეკრულებაში გამოდიოდა როგორც მოკაცშირეთა შორის რანგით უმაღლესი ხელისუფალი, დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთა „საზოგადო მამა“, საჭირო შემთხვევაში ყოველგვარი საშუალებით დახმარებას აღუთქვამდა მოკავშირეებს და პირდებოდა, რომ იზრუნებდა მათ შეყვანაზე რუსეთის მფარველობაში. თავის მხრივ, დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები ერეკლე II-ს პირობას აძლევდნენ, რომ ისინი, ნებაყოფლობით უერთდებიან რა რუსეთის იმპერიას ქართლ-კახეთის მიერ დადებულ მფარველობით ხელშეკრულებას (გეორგიევსკის ტრაქტატს 1783), საჭირო შემთხვევაში ყოველგვარი საშუალებით დაეხმარებიან ქართლ-კახეთის სამეფოს. ეს ტრაქტატი რუსეთ-ოსმალეთის ომის (1787-1791) დროს დაიდო. მონაწილეთაგან სათანადოდ დამტკიცებული ტრაქტატის ასლი ერეკლემ მაშინვე იასიში მყოფ რუსეთის საზავო დელეგაციის მეთაურს გრიგოლ ალექსანდრესძე პოტიომკინს გაუგზავნა. რუს დიპლომატებს ეს დოკუმენტი იმის დასამტკიცებლად უნდა გამოეყენებინათ, რომ საქართველოს სამეფო-სამთავროები ნებაყოფლობით შევიდნენ რუსეთის მფარველობის ქვეშ და რუსეთის მთავრობას უფლება ჰქონდა ემოქმედა მათი სახელით. პოტიომკინის სიკვდილის შემდეგ დელეგაციის ახალმა ხელმძღვანელმა ა. ბეზბოროდკომ ტრაქტატის ტექსტი სათანადოდ არ გამოიყენა და იასის საზავო ხელშეკრულებაში საქართველოს საკითხი უყურადღებოდ დარჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბურჯანაძე შ., იმერეთის სამეფოს საშინაო პოლიტიკა 1789-1802 წლებში, «ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე», 1962, ტ. 4;
  • ჩხატარაიშვილი ქ., გურიის სამთავროს პოლიტიკური ისტორიიდან, «მაცნე», 1964, № 4;
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: