საქართველოს საეკლესიო მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს საეკლესიო მუზეუმი ცნობილია ასევე, როგორც საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ძმობასთან არსებული საეკლესიო განძთსაცავისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მუზეუმი, შეიქმნა 1888 წელს. მისი დამაარსებლები იყვნენ: დიმიტრი ბაქრაძე, თედო ჟორდანია, ნიკო თვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკოლოზ კალისტოვი. დამოუკიდებლობის წლებში, 1918 წლის 3 სექტემბრიდან 1921 წლის 21 მარტამდე ის მდებარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში (1888-1916 წლებში სიონის ეკლესიაში იყო მოთავსებული, 1916-1918 წლებში თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში). იყო არასახელმწიფო, კერძო ორგანიზაცია. მისი ხელმძღვანელები იყვნენ: დიმიტრი ბაქრაძე (1888-1890), თედო ჟორდანია (1889-1898), მოსე ჯანაშვილი (1898-1918 წწ.). 1918 წელს სიძველეთსაცავი გადაიტანეს ახლად დაფუძნებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც შეიქმნა „სიძველეთა დაცვის მუზეუმი“. მუზეუმის გამგედ დაინიშნა კორნელი კეკელიძე, მოადგილედ — მოსე ჯანაშვილი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს საეკლესიო მუზეუმში საქართველოს ეკლესიებიდან შეტანილი ბევრი საეკლესიო ნივთი იქნა დაცული, რამაც ეს ნივთები ძარცვა-განადგურებას გადაარჩინა, რაც იმდროინდელ არასტაბილურ ვითარებაში ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო. საქართველოს საეკლესიო მუზეუმი - „ქართლ-კახეთის ეპარქიის სამღვდელოების საეკლესიო სიძველეთსაცავი“ - საქართველოს გასაბჭოების გამო, 1921 წლის 21 მარტს დაიხურა. თვით კოლექცია უნივერსიტეტის შენობაში დარჩა. 1930 წელს ყოფილი საელესიო მუზეუმის ხელნაწერების კოლექცია გადაეცა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას, ხოლო 1956 წელს ახლად დაფუძნებულ ხელნაწერთა ინსტიტუტს, სადაც დღემდე დაცულია ცალკე კოლექციის სახით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭუმბურიძე დ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 344, თბ., 2018 წელი.