საქართველოს გენერალური პროკურატურა
| საქართველოს პროკურატურა | |
| უწყების შესახებ | |
|---|---|
| წინამორბედი უწყება | საქართველოს მთავარი პროკურატურა |
| იურისდიქცია | საქართველო |
| მთავარი სამმართველო | თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 24, 0114
|
| უწყების ხელმძღვანელი | გიორგი გვარაკიძე |
| უწყების ტიპი | კონსტიტუციური ორგანო |
| საიტი | |
| ოფიციალური საიტი • Facebook • X/Twitter • YouTube | |
საქართველოს პროკურატურა — სისხლისსამართლებრივი დევნის, ცალკეულ დანაშაულებზე გამოძიების მწარმოებელი და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოა. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მიხედვით, „საქართველოს პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.“[1]
საქართველოს პროკურატურის სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი[2]; მას ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. სტრუქტურას ქმნის: საქართველოს გენერალური პროკურატურა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, თბილისის პროკურატურა, 6 საოლქო და 28 რაიონული პროკურატურა, ასევე სპეციალიზებული პროკურატურები. [3]
საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობა;
- სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა ყველა ინსტანციაში;
- ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა;
- კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით გამოძიება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;
- თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დაცვა;
- დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
- საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში;
- სამოქალაქო სარჩელის აღძვრა ქონების კონფისკაციის მიზნით.[4]
საქართველოს პროკურატურის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროკურატურა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918–1921)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1918 წელს, სახელმწიფოებრიობის აღდგენის პირველივე დღეებში შეიქმნა ქართული პროკურატურის პირველი სტრუქტურული ერთეულები სასამართლო სისტემაში[5]. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდგომ, დამოუკიდებელი საქართველოს პროკურატურამ შეწყვიტა არსებობა.
საბჭოთა პერიოდი (1922-1991)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1922 წელს დაარსდა საქართველოს სსრ სახელმწიფო პროკურატურა. სსრ კავშირის დაშლამდე საქართველოს პროკურატურა იყო საკავშირო სისტემის ნაწილი; სტრუქტურა, კომპეტენცია და საქმიანობა რეგულირდებოდა საკავშირო კანონმდებლობით.
დამოუკიდებელი საქართველო (1991-1995)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით საქართველოს ტერიტორიაზე კანონების ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უმაღლეს ზედამხედველობას ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები. გენერალურ პროკურორს ნიშნავდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. 1992 წლის 11 ივნისის „საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის დროებითი დებულებით“ პროკურატურა ჩამოყალიბდა ერთიან, ცენტრალიზებულ, დამოუკიდებელ ორგანოდ; გენერალური პროკურორი ანგარიშვალდებული იყო სახელმწიფო საბჭოს წინაშე. 1992 წლის 28 დეკემბრის კანონით ერთიან სისტემაში შეიქმნა სამხედრო პროკურატურა.[6]
1995-2008
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წლის კონსტიტუციითა და 1997 წლის ორგანული კანონით („პროკურატურის შესახებ“) პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებად განისაზღვრა. ძირითადი ფუნქციები: წინასწარი გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე, მოკვლევაზე და სასჯელთა აღსრულებაზე ზედამხედველობა და კოორდინაცია.[7]
გენერალურ პროკურორს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 5 წლის ვადით ამტკიცებდა საქართველოს პარლამენტი.[8] 2004 წლის რეორგანიზაციით გაუქმდა სამხედრო, სატრანსპორტო, სასჯელაღსრულებისა და საქალაქო პროკურატურები.
2008-2018
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის 10 ნოემბრიდან, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით შედიოდა და საერთო ხელმძღვანელობას უწევდა იუსტიციის მინისტრი.
მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობდა მთავარი პროკურორი, რომელსაც 2008 – 2013 წლებში იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა საქართველოს პრეზიდენტი.
პროკურატურის სისტემაში შედიოდა: მთავარი პროკურატურა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, ქ. თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები და რაიონული პროკურატურები.
2018 წლიდან - დღემდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2018 წელს კონსტიტუციური ცვლილებებით პროკურატურა ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.[1] განისაზღვრა 6-წლიანი ვადა გენერალური პროკურორისთვის; მას ირჩევს საპროკურორო საბჭო და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დამტკიცებისთვის. სისტემა ერთიანი და ცენტრალიზებულია; ყველა პროკურორი ექვემდებარება გენერალურ პროკურორს. საქართველოს პარლამენტი ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს ყოველწლიური ანგარიშის მოსმენით.
წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 საქართველოს კონსტიტუცია — მუხლი 65. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 2025-08-22
- ↑ საქართველოს პროკურატურის სტრუქტურა.
- ↑ საქართველოს პროკურატურის სტრუქტურა.
- ↑ პროკურატურის ფუნქციები.
- ↑ პირველი პროკურატურა დამოუკიდებელ კავკასიაში.
- ↑ საქართველოს პროკურატურის ისტორია.
- ↑ საქართველოს პროკურატურის სტატუსი საზღვარგარეთ და საქართველოში.
- ↑ საქართველოს პროკურატურის ისტორია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბიშვილი, დ.; გორგოძე, გ. საქართველოს სამართლის საფუძვლები. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011. ISBN 978-9941-0-3354-4