შინაარსზე გადასვლა

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი

საბჭოს ემბლემა

Საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დროშა
შეიქმნა 2008
ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირი
თავმჯდომარე მამუკა გონგაძე
ქვეყანა საქართველო
ყოფილი სახელი საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო
კავშირები International Federation of Vexillological Associations
https://heraldika.ge/

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი — საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამონაცვლე,[1][2] საქართველოს მთავრობის მმართველობის ქვეშ მყოფი საჯარო უწყება. საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე არის მამუკა გონგაძე. [3]

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ დღის წესრიგში დადგა ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის საკითხების მომზადებისა და კვლევებისათვის შესაბამისი სამსახურის შექმნის აუცილებლობა. 1993 წლის 16 დეკემბრის დადგენილებით საქართველოს პარლამენტში შეიქმნა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის თაობაზე წინადადებების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი“. მათ სახელმწიფო სიმბოლოების შეცვლის საკითხებზე წინადადებები უნდა მოემზადებინათ.

1994 წლის 7 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან იქმნება “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფის მუშაობის მიზანი იყო ახალი კონსტიტუციის შემუშავებასთან დაკავშირებით წარმოედგინა თავისი მოსაზრებები და პროექტები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. (საზოგადოებრივ საწყისებზე აღნიშნულ ჯგუფში ჩართული იყო ყველა სამინისისტროსა და უწყების მაღალი რანგის თანამდებობის პირი). ამიტომ 1994 წლის 19 აგვისტოს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშისა და სამკერდე წარჩინების ნიშნების დამდგენელი კომისიის პერსონალური შემადგენლობა და დამტკიცდა მათი სამუშაო გეგმა. კომისიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა.

1996 წლის 17 იანვარს „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი“ თავმჯდომარის მოადგილემ ელდარ შენგელაიამ საქართველოს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისა დააყენა საკითხი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მუდმივმოქმედი სახელმწიფო ჰერალდიკური კოლეგიის შექმნის შესახებ.

1996 წლის 12 აგვისტოს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის შექმნის შესახებ“. კომისიას, რომლის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი იყო, დაევალა საქართველოს ახალი სახელმწიფო სიმბოლოების შექმნის მიზნით კონკურსების მომზადება და გამოცხადება, საკონკურსო მასალების საჯარო განხილვა-გამოფენის უზრუნველყოფა, სხვადასხვა საკონკურსო ჟიურების შექმნა და სხვა. ამავე კომისიას ევალებოდა მოემზადებინა საკითხი „ჰერალდიკის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის, სახელმწიფო სიმბოლოების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის, გამოყენებისა და დაცვის მიზნით“ ჰერალდიკის სახელმწიფო მუდმივმოქმედი კოლეგიის შექმნა. 1996 წლის 12 აგვისტოს საქართველოს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის შემადგენლობიდან სპეციალისტებმა 2000 წელს სიმბოლოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ჰერალდიკის ასოციაცია“ დააარსეს.

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შემუშავებისა და ჰერალდიკის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფისმიზნით 1997 წელს საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფო ატრიბუტიკასთან დაკავშირებით სიმბოლოების კომისიასთან ერთობლივად უნდა ემუშავათ.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 მარტის ბრძანებულებით შეიქმნა „საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის პრობლემათა შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი დროებითი სახელმწიფო კიომისია“, რომელმაც უზრუნველყო სახელმწიფო გერბის შესარჩევი კონკურსის ჩატარება.

ჰერალდიკის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის, სახელმწიფო სიმბოლოების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის, გამოყენებისა და დაცვის მიზნით 2004 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის №333 ბრძანებულებით შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისია, რომლის საფუძველზეც საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 29 თებერვლის (№5778-Iს) დადგენილებით შეიქმნა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. ეს არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც ხელოს უწყობს ქვეყანაში ჰერალდიკის საკითხებსი ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვას.[4]

2025 წლის 10 მარტიდან საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი არის საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამონაცვლე.[1][2]

ამოცანები და მიზნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი ამოცანებია[2]:

  • ჰერალდიკის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა;
  • საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
  • საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;
  • ქართული ჰერალდიკური ნორმების შემუშავება;
  • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
  • სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა;
  • საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშების ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა;
  • საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების, ატრიბუტიკისა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა;
  • „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დეპარტამენტის უფლებამოსილებების განხორციელება.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]