საქართველოს ნორმატიული აქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს ნორმატიული აქტისაქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს[1]. საქართველოს ნორმატიული აქტი არის სამართლებრივი აქტის ერთ-ერთი სახე — სამართლებრივი აქტი იყოფა ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტებად[2]. ინდივიდუალური აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში[3].

ნორმატიული აქტი უნდა მომზადდეს, გამოიცეს და გამოქვეყნდეს ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე მდებარე ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები — აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ნორმატიული აქტი შეიძლება გამოქვეყნდეს არასახელმწიფო ენაზეც, მაგრამ ასეთ ტექსტს არ აქვს ოფიციალური ძალა[4].

სექციების სია

ნორმატიული აქტის სახეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას[5]. საქართველოს საკანონმდებლო აქტებს განეკუთვნება[6]:

საქართველოს კანონმდებლობა აგრეთვე იცნობს საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, რომლებიც ასევე განეკუთვნებიან ნორმატიულ აქტებს[5].

საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი გამოიცემა საქართველოს საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად. მას გამომსცემს შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით, რომლის შესასრულებლადაც გამოიცემა იგი. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, თუ რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი[7]. საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ[8].

ნორმატიული აქტების ურთიერთმიმართება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს კონსტიტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველ ნორმატიულ აქტს გარკვეული რანგი გააჩნია და მოქმედებს პრინციპი, რომ ნორმატიულ აქტი უნდა შეესაბამებოდეს მის ზემდგომ აქტს. ამ იერარქიული პირამიდის სათავეში დგას საქართველოს კონსტიტუცია — საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას[9][10]. ამავე საფეხურზე დგას საქართველოს კონსტიტუციური კანონი, რომელიც მიიღება საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრისას და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისას. საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია[11].

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე საფეხურზეა საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, რომელსაც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს სახელით დებს საქართველოს პრეზიდენტი და მას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი[12][13]. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონს, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ყველა სხვა ნორმატიული აქტის მიმართ[14][15].

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე საფეხური უკავია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მიერ უცხო სახელმწიფოსთან (სახელმწიფოებთან) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ორგანიზაციებთან) წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით, განურჩევლად იმისა, წარმოდგენილია იგი ერთი, თუ რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტით და მიუხედავად მისი კონკრეტული სახელწოდებისა[16]. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონსა და კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ[17][18].

საქართველოს ორგანული კანონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ორგანული კანონი მეოთხე საფეხურს იკავებს. საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული[19].

საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი[20]. იგი უნდა შეესაბამებოდეს მასზე იერარქიულად მაღლა მდგომ სამართლებრივ აქტებს.

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არის კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, რომელიც გამოიცემა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში[21]. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონს, კონსტიტუციურ შეთანხმებას, საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, ორგანულ კანონს[22].

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტი, განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება, შინაგანი სტრუქტურა, მუშაობისა და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მიიღება საქართველოს კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, თუმცა, საკანონმდებლო აქტისგან განსხვავებით, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე[23][24].

ნორმატიული აქტის მოქმედების სივრცე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად[25].

ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება) მოქმედებს ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, და სავალდებულოა შესასრულებლად[26].

ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტი მოქმედებს და სავალდებულოა შესასრულებლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა[27].

ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და საქართველოში მყოფი უცხოელების მიმართ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით ან საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი[28].

ნორმატიული აქტის მიღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს, შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი)[29].

საქართველოს პარლამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოლოდ საქართველოს პარლამენტია უფლებამოსილი, განახორციელოს საკანონმდებლო საქმიანობა[30]. მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს[31]:

  • საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონით ან საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული;
  • ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, იურიდიული პასუხისმგებლობისა და იძულების ზომის გამოყენების საკითხები;
  • სამოქალაქო რეესტრში შესატანი მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი;
  • იურიდიულ პირთა შექმნის პირობები და მათი საქმიანობის ზოგადი წესი;
  • საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის წესი;
  • გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა და ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სამართლებრივი სტატუსი;
  • სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევის წესი;
  • სისხლის, სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო, სამოქალაქო სამართლის საპროცესო, ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო, სასჯელაღსრულების კანონმდებლობა, შრომის, სამეწარმეო კანონმდებლობა;
  • საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე საქართვ ე ლოს სამინისტროების, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყებების, სახელმწიფო კონტროლის უმაღლესი და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების შექმნის წესი;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი;
  • სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების წესი.

საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას[12], ახდენს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას[32].

საქართველოს პრეზიდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებასა და დეკრეტს. აგრეთვე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი — ბრძანებას. პრეზიდენტი ამ სამართლებრივ აქტებს გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით, ორგანული კანონითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მათ საფუძველზე[33]. იგი ბრძანებულებას გამოსცემს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი არ არის მოწესრიგებული საქართველოს საკანონმდებლო აქტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას[34].

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია. აქედან გამონაკლისია ბრძანებულებები, რომლებიც საკადრო და პერსონალურ საკითხებს ეხება[35]. რაც შეეხება ბრძანებას, იგი შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული აქტი, ისე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი[36].

საქართველოს მთავრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტია დადგენილება. იგი მიიღება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. მასში უნდა მიეთითოს, თუ რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა იგი მიღებული[37].

საქართველოს მინისტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მინისტრის გამოსცემს ბრძანებას მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი[38].

ნორმატიული აქტის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორმატიული აქტი შეიცავს ძირითად ნაწილსა და დასკვნით დებულებებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში — აგრეთვე გარდამავალ დებულებებს[39]. ნორმატიულ აქტს შეიძლება ჰქონდეს პრეამბულა. მასში გადმოიცემა ამ ნორმატიული აქტის დანიშნულება და პრინციპები, რომლებიც მას უდევს საფუძვლად. თუ აქტი კანონქვემდებარეა, პრეამბულაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის შესასრულებლად გამოიცა იგი[40].

ნორმატიულ აქტში ზოგადი ნორმები უნდა უსწრებდეს სპეციალურ ნორმებს[41]. ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ამ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო[42]. ნორმატიული აქტის დასკვნითი დებულებები შეიცავს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომლებიც ძალას კარგავს ამ ნორმატიული აქტის ამოქმედების მომენტიდან, აქტის ძალაში შესვლის დროს და მისი მოქმედების ვადას (თუ იგი განსაზღვრული ვადით არის მიღებული (გამოცემული))[43].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი
  2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი
  3. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი
  4. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი
  5. 5.0 5.1 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი
  6. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი
  7. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტი
  8. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი
  9. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი
  10. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი
  11. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი
  12. 12.0 12.1 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი
  13. საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ
  14. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი
  15. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი
  16. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი
  17. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი
  18. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი
  19. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი
  20. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი
  21. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი
  22. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი
  23. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-10 პუნქტი
  24. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
  25. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი
  26. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი
  27. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი
  28. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი
  29. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი
  30. საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი
  31. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი
  32. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი
  33. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი
  34. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი
  35. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი
  36. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი
  37. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი
  38. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი
  39. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი
  40. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი
  41. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი
  42. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი
  43. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი