საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადეტთა კორპუსი — საშუალო სასწავლებელი გაძლიერებული სამხედრო-ფიზიკური მომზადებითა და უცხოური ენების სწავლებით. შეიქმნა 1992 წლის სექტემბერში, 1992 წლის თებერვლის საქართველოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს №7/23 დადგენილებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს №267 ბრძანებით, თბილისის ყოფილი უმაღლესი საარტილერიო სასწავლებლის ბაზაზე. მისი ამოცანა იყო მოემზადებინა თარჯიმნები საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. სწავლის ხანგრძლივობა თავდაპირველად 4, შემდგომ — 3 წელი იყო. 1994 შეიცვალა სასწავლებლის ორიენტაცია და ძირითად ამოცანად დაისახა კადრების მომზადება თბილისის გაერთიანებული სამხედრო აკადემიისათვის და საზღვარგარეთის ქვეყნებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. 1995 წელს კადეტთა კორპუსი განთავსდა კონსტანტინე ლესელიძის სპეციალური სკოლაინტერნატის სამხედრო ქალაქში.[1]

კადეტთა კორპუსში იღებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის 9-კლასდამთავრებულებს. ზოგადსაგანმანათლებლო საგნების სწავლების გარდა, დიდი ყურადღება ექცეოდა დაწყებით სამხედრო და ფიზიკურ მომზადებას, უცხოურ ენებს. აღსაზრდელები სამხედრო ტანსაცმელს ატარებდნენ, ცხოვრობდნენ ყაზარმულ პირობებში, სამხედრო დღის განაწესით. 2000 წლისთვის აქ სწავლობდა 120 აღსაზრდელი. სხვადასხვა წლებში კადეტთა ხელმძღვანელობდნენ პოლკოვნიკები: დ. მამისაშვილი (1992 – იანვარი, 1994), ს. ზერეკიძე (1994-იდან). კურსდამთავრებულები სწავლობდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, თურქეთში, საბერძნეთში, უკრაინაში, რუსეთში (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, რიაზანი, ულიანოვსკი, ჩელიაბინსკი, კრასნოდარი). მდებარეობდა მეტრომშენის დასახლებაში.[2] 2001 წელს კადეტთა კორპუსი გაუქმდა.[1]

2010 დაარსდა კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ქალაქ ქუთაისში.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 419.
  2. ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 572, ISBN 99928-20-32-2.