შინაარსზე გადასვლა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯილდოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს დემოკრატიული რესბუბლიკის ჯილდოებისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას არ დაუწესებია საკუთარი სახელმწიფო ჯილდოები. ამიტომ, მათ როლს ასრულებდა რუსეთის საიმპერიო სამხედრო ჯილდო: წმინდა გიორგის ორდენთან არსებული წარჩინების ნიშანი — წმინდა გიორგის ჯვარი (არსებობდა I, II, III და IV ხარისხისა), რომელთა გარკვეული მარაგი შემორჩენილი იყო სამხედრო საწყობებში. რუსეთის იმპერიის არსებობის ხანაში ხსენებული ჯვარი წარმოადგენდა მხოლოდ ჯარისკაცთათვის განკუთვნილ ჯილდოს. რუსეთის დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ჯილდოს კავალერი შეიძლებოდა გამხდარიყო ოფიცერიც, ოღონდ, თუ ის მამაცობას უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოავლენდა. ამ ჯილდოს ასევე გასცემდა ჯერ ამიერკავკასიის კომისარიატი და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო შემდეგ — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტრო. ამ წარჩინების ნიშნით ჯილდოვდებოდნენ კონკრეტულ სამხედრო ოპერაციებში თავგამოჩენილი სამხედრო პირები. 1918 ჩოლოქთან მომხდარ ბრძოლაში ქართულმა ლაშქარმა დაამარცხა ოსმალეთის რჩეული გალიპოლის დივიზია. ბრძოლაში თავი ისახელეს ვალოდია გოგუაძის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯავშნოსანი მატარებლის რაზმელებმა, ძმებმა ალექსანდრე და პორფილე გორგოშიძეებმა, რისთვისაც ისინი წმინდა გიორგის ჯვრებით დაჯილდოვდნენ.

შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იმავე წელს მიმდინარე ანტიბოლშევიკურ ბრძოლებში აქტიური მონაწილეობისათვის წმინდა გიორგის ჯვრით დაჯილდოვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი სამხედრო ხომალდის „პატარა კახის“ კაპიტანი გ. ღოღობერიძე. წმინდა გიორგის ჯვრით მასობრივად დაჯილდოვდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცვისათვის 1918-1919 წლების ბრძოლებში თავგამოჩენილი მეომრები, რომელთა სიებიც შემონახულია. საქართველოს სამხედრო სამინისტროს მიერ წმინდა გიორგის ჯვრით დაჯილდოებულ სამხედრო მოსამსახურეთა საერთო რაოდენობა 802-ს შეადგენს. მათგან I ხარისხის ჯვრით დაჯილდოვდა — 12, II ხარისხის ჯვრით — 30, III ხარისხის ჯვრით — 84, ხოლო IV ხარისხის ჯვრით — 676 მეომარი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში არსებობდა ასევე მეორე სამხედრო ჯილდო — წმინდა თამარ მეფის ორდენი, რომელიც ერთჯერადად გაიცა. ეს წარჩინების ნიშანი მანამდე წარმოადგენდა გერმანიისა და მისი მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალების მხარდამხარ მებრძოლი ქართული ლეგიონის სამხედრო ჯილდოს, რომელსაც 1916-1918 წლებში გასცემდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი. ამ ორდენებით 1918 წლის 13 დეკემბერს დააჯილდოეს იმხანად საქართველოში მყოფი გერმანელი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებსაც დამსახურება ჰქონდათ ქართული სახელმწიფოს წინაშე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციის“ III თავში — „მოქალაქის უფლებანი“ – ნათქვამი იყო:

ვიკიციტატა
„„ორდენი გაუქმებულია. საომარ მოქმედების დროს თავის გამოჩენისათვის შეიძლება მიეცეს წარჩინების ნიშანი“.“

ამ მუხლით ნათელი ხდება, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ცდილობდა, მიებაძა შვეიცარიის კონფედერაციისათვის, სადაც ასევე არ არსებობს სახელმწიფო ჯილდო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 547.