საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობასაქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1920 წლის 14 აგვისტოს „შრომის ხელშეკრულების შესახებ“ კანონი მიიღო. კანონი 91 მუხლისგან შედგება და იგი დეტალურად აწესრიგებს შრომით ურთიერთობებს, მხოლოდ კერძო პირებს შორის. კანონის ნორმები არ ვრცელდებოდა სახელმწიფო და ადგილობრივ დაწესებულებებში მომსახურე პირებზე. კანონით განსაზღვრულია: კანონის მოქმედების ფარგლები, დაქირავების წესი, შრომის ხელშეკრულების ფორმები, ხელშეკრულების პირობები, კოლექტიური ხელშეკრულება, შინაგანი წესრიგი, საწარმოების მმართველი და მუშა-მოსამსახურეთა სიების წარმოება, საანგარიშო წიგნაკები, დაქირავებულისა და დამქირავებლის უფლება-მოვალეობები, სამუშაო ხელფასი, შრომის ხელშეკრულების პირობის მოსპობა და გაუქმება, შრომის ხელშეკრულების დარღვევისათვის დასჯა და დაჯარიმება. კანონის მიხედვით, ხელშეკრულება იყო წერილობითი ან ზეპირი ფორმით. ხელშეკრულება დადებული უნდა ყოფილიყო განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით და რაიმე სამუშაოს შესასრულებლად. ხელშეკრულებას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ზნეობის ნორმებს, ძალა არ ჰქონდა. კანონი ითვალისწინებდა კოლექტიური ხელშეკრულების დადებასაც. 41-ე მუხლის მიხედვით, დაქირავებული ვალდებული იყო, ჯეროვნად შეესრულებინა დაკისრებული სამუშაო, ხოლო 49-ე მუხლის თანახმად, დამქირავებელი ვალდებული იყო, დაპირებული გასამრჯელო გადაეხადა მისთვის. დამქირავებელი ვალდებული იყო, უზრუნველეყო დაქირავებულისათვის ნორმალური შრომითი პირობები. კანონით განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძვლები: მხარეთა შეთანხმება, ვადის გასვლა, დაპირებული სამუშაოს შესრულება, დაქირავებულის სიკვდილი, დაქირავებულის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ სამსახურში შესვლა. კანონის 72-ე მუხლის მიხედვით, დადგინდა დამქირავებლის მხრიდან შრომის ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების პირობები. 75-ე მუხლით კი განისაზღვრა, თავის მხრივ, დაქირავებულის უფლება, გაეუქმებინა შრომითი ხელშეკრულება. თუ დამქირავებელი კანონით განსაზღვრული პირობების გარეშე გააუქმებდა ხელშეკრულებას, მაშინ დაქირავებულს უფლება ჰქონდა, საჩივრით მიემართა სასამართლოსათვის. კანონის 83-ე მუხლი შრომითი დავებისათვის ითვალისწინებდა მომავალში შრომის სასამართლოს დაარსებას. შრომითი დავების განმხილველი სასამართლოს დაარსებამდე, ყველა საქმე ჩვეულებრივ სასამართლოებს უნდა განეხილა. შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის კანონმდებელი სისხლის სამართლის სასჯელებს ითვალისწინებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქანთარია ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 490.