საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სტატისტიკის ორგანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატისტიკის ორგანო — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სტატისტიკური სამსახური განვითარების ანალიზისათვის, რომლის შექმნა იმთავითვე დადგა დღის წესრიგში. „აგრარულ რეფორმასთან დაკავშირებული სტატისტიკის შედგენის“ შესახებ კანონპროექტის საკითხის განხილვა დაიწყო 1918 წლის 5 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში. იმავე წლის 15 ნოემბერს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, მიწათმოქმედების სამინისტროსთან შეიქმნა სტატისტიკის დროებითი ბიურო.

მისი საშტატო განრიგი თავდაპირველად განისაზღვრა შემდეგნაირად: გამგე და თითო-თითო სტატისტიკოსი, ინსტრუქტორი და კონტროლიორი. სტატისტიკის ბიუროს დაევალა: 1917 წლის საადგილმამულო და სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების მომზადება: მიწის ფონდის აღრიცხვა, მიწის ფონდის განაწილების ნორმების განსაზღვრა და სხვა. ამგვარად, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თავდაპირველად შეიქმნა სტატისტიკის სპეციალური სამსახური განსაზღვრული ფუნქციებით, დაფინანსებით, მაგრამ არა დამოუკიდებელი უწყების სახით, არამედ ერთ-ერთი სამინისტროს შემადგენლობაში. სტატისტიკური ორგანოს სტატუსის ამაღლების მიზნით, 1919 წლის 25 ივლისს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი „ცენტრალური სასტატისტიკო კომიტეტის დაარსების“ შესახებ, რომლის მიხედვით დაარსდა „რესპუბლიკის ცენტრალური სასტატისტიკო“ კომიტეტი. დამფუძნებელ კრებაზე დიდი კამათი გამოიწვია ამ ორგანოს დაქვემდებარების საკითხმა. იურიდიული და თვითმმართველობის, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიები და დამფუძნებელი კრების ცალკეული წევრები მოითხოვდნენ „კომიტეტის“ მთავრობის დაქვემდებარებაში ყოფნას, რაც „კომიტეტს“ მეტ თავისუფლებას მისცემდა. მიუხედავად ამისა, გადაწყდა, „კომიტეტის“ მიწათმოქმედების სამინისტროს დაქვემდებარებაში დატოვება. ეს მოტივირებული იყო აგრარული რეფორმის წარმატებით დასრულების მიზნით. დამტკიცებული „დებულების“ მიხედვით, სტატისტიკურ კომიტეტს განესაზღვრა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატისტიკური სამუშაოების წარმართვა. კომიტეტის თავმჯდომარეს ნიშნავდა და ათავისუფლებდა რესპუბლიკის მთავრობა.

კომიტეტი ოთხი განყოფილებისაგან შედგებოდა:

  1. საადგილმამულო, სასოფლო-სამეურნეო და ერობის სტატისტიკის;
  2. შრომის და ვაჭრობა-მრეწველობის;
  3. სატრანსპორტო და სასურსათო
  4. მცხოვრებთა და ქალაქთა სტატისტიკისა.

განყოფილებათა გამგეებს ნიშნავდა და ათავისუფლებდა მიწათმოქმედების მინისტრი სტატისტიკის კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით. სამსახურის სხვა მუშაკები ინიშნებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარის მიერ. ცენტრალური სტატისტიკური კომიტეტის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებდა ცენტრალური სტატისტიკური საბჭო. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავმჯდომარე, მოადგილე, განყოფილებათა გამგეები, თბილისის სტატისტიკური სამსახურის წარმომადგენელი, რესპუბლიკის ერთობათა და ქალაქთა კავშირის მიერ არჩეული თითო წარმომადგენელი და|სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი. ამრიგად, დემოკრატიულ საქართველოში უკვე შეიქმნა დამოუკიდებელი ქვეყნისათვის აუცილებელი სტატისტიკური სამსახური, მაგრამ შეზღუდული უფლებებით და კომპეტენციით, რომელსაც არ გააჩნდა სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის მოპოვებისათვის რეალური მექანიზმები, განსაკუთრებით კერძო სექტორიდან. იმთავითვე ცხადი იყო არსებული სახით მისი მომავალი მუშაობის ნაკლებეფექტიანობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ათანელიშვილი თ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 418-419.