საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მასწავლებელთა კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მასწავლებელთა კავშირი
უწყების შესახებ
უწყების ხელმძღვანელი/ები ალექსანდრე მდივანი, თავმჯდომარე
 
სიმონ მდივანი, თავმჯდომარე
ზემდგომი უწყება რესპუბლიკური ყრილობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მასწავლებელთა კავშირისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში მასწავლებლები გაერთიანებულნი იყვნენ პროფესიულ კავშირებში. არსებობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირები. ისინი ხელმძღვანელობდნენ განათლების რეფორმის განხორციელების პროცესს და სკოლებში გაშლილ საგანმანათლებლო მუშაობას, იცავდნენ მასწავლებელთა უფლებებს, ზრუნავდნენ მათი მატერიალური მდგომარეობის გამოსასწორებლად. მასწავლებელთა კავშირის უმაღლესი ორგანო მასწავლებელთა ყრილობა იყო. 1918 წლის 5 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშრის ყრილობამ გამოიტანა დადგენილება, რომელიც დასავლეთ საქართველოში რეფორმის გატარების ფორმებს ეხებოდა. დადგენილებაში ეწერა:

  1. დასავლეთ საქართველოს საშუალო სკოლების მასწავლებელთა საზოგადო კავშირის კრება მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს რეფორმებს, აღუთქვამს მას დახმარებას, მაგრამ ამავე დროს მოითხოვს, რომ საშუალო სასწავლებლების მართვა-გამგეობის საკითხში, იქ, სადაც ეს შესაძლებელია, ადგილობრივი პრობლემების მიხედვით, მაგალითად, ქუთაისის გუბერნიაში, დაცული იქმნეს სავსებით სკოლის ავტონომია, ესე იგი მასწავლებლების, ინსპექტორების და დირექტორების კანდიდატურას უნდა ადგენდნენ პედაგოგიური საბჭოები და ამტკიცებდეს მთავრობა.
  2. დასავლეთ საქართველოს საშუალო სკოლების მასწავლებელთა კავშირმა იქონია მსჯელობა ამა თვის ოქტომბრის 1918 წლის, კავშირის საერთო ყრილობაზე მოსამსახურეთა ნივთიერი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ და დაადგინა: ა) მოსთხოვოს მთავრობას 3 მარტის კანონის ძალით ბოძებული დახმარების გაორმაგება, მაგრამ ვინაიდან ეს გაორკეცებული დახმარება მთავრობისა ვერ დააკმაყოფილებს მოსამსახურე პირთ, ეთხოვოს პედაგოგიურ საბჭოებს, აღმოუჩინონ მათ ყოველთვიური დახმარება დამატებითი ჯამაგირის სახით სპეციალური თანხიდან, მისი რაოდენობის მიხედვით“.

წინადადება მიეცა საშუალო სასწავლებლების პედაგოგიურ საბჭოებს, მკაცრად დაეცვათ სკოლის ავტონომია და „არ მიეღოთ თავის წრეში მთავრობის მიერ დანიშნული თანამდებობის პირნი“. საქართველოს მასწავლებელთა კავშირების უმაღლესი ორგანო იყო რესპუბლიკური ყრილობა. 1920 წლის იანვარში თბილისის რეალური სასწავლებლის დარბაზში გაიხსნა მასწავლებელთა რესპუბლიკური ყრილობა. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე მდივანი. მასწავლებელთა კავშირის შექმნასა და მის მიერ მოწვეულ ამ ყრილობას დიდ შეფასებას აძლევდა პრესა. ყრილობამ ბევრ საჭირბოროტო საკითხზე იმსჯელა. ყრილობაზე სიტყვები წარმოთქვეს: დამფუძნებელი კრების თავჯდომარის ამხანაგმა სიმონ მდივანმა, დამფუძნებელი კრების განათლების კომისიის წარმომადგენელმა ლეო ნათაძემ, სოციალ-ფედერალისტმა იოსებ ბარათაშვილმა. მასწავლებელთა კავშირის მუდმივ მდივნად აირჩიეს პ. ჭანიშვილი. შეირჩა შენობა ამ კავშირისათვის, ჟურნალ „განათლების“ რედაქცია, საბავშვო და პედაგოგიური ლიტერატურის გამომცემელი კომისია და ლექციების წასაკითხი აუდიტორია. ბიუროს უნდა მოეწვია კვირაში ერთი სხდომა, მისი თაოსნობით, მასწავლებელთა კავშირის საბჭოსთან დაარსდა მუდმივი პედაგოგიური ლიტერატურის კომისია, რომელსაც უნდა შეერჩია და ეთარგმნა პედაგოგიური წიგნები. დაარსდა საბავშვო ლიტერატურისა და ჟურნალის კომისია, რომლისთვისაც ნივთიერი დახმარება სამინისტროს უნდა გაეწია. განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა კავშირს 80 ათასი მანეთის დახმარება მისცა. 1920 წლის 24 ოქტომბერს გაიხსნა მასწავლებელთა სრულიად საქართველოს კონფერენცია. ყრილობაზე მასწავლებლებმა წამოაყენეს მოთხოვნები, რომელთა დიდი ნაწილი ხელისუფლებამ თავისი არგუმენტებით უარყო. მასწავლებელთა კავშირის საქმიანობა, მათი ყრილობები და კონფერენციები განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამოაშკარავებასა და მოგვარებას ეხმარებოდა, ხელს უწყობდა განათლების რეფორმის განხორციელებას ქვეყანაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 258.