საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბიუჯეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბიუჯეტისაქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, რაც შესაბამისად აისახებოდა სახელმწიფო ბიუჯეტზეც. საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგის (მოადგილის) სიმონ ავალიანის მონაცემებით, 1918-1919 წლებში შემოსავლით დაფარული იყო სახელმწიფო ბიუჯეტის 25%, ხოლო 1919-1920 წლებში — 40%.

მიუხედავად ამისა, საქართველოში იმხანად შექმნილი სოციალურ -ეკონომიკური ვითარება მაინც უკეთესი იყო როგორც მეზობელ ქვეყნებთან (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი), ასევე, სხვა არაერთ სახელმწიფოსთან შედარებით. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მონაცემები უტოლდებოდა საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს. კერძოდ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კონსტანტინე კანდელაკის ცნობით, 1919-1920 წლებში სახელმწიფო შემოსავლით დაფარული იყო ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგი ნაწილი: გერმანიაში — 7 %; ესტონეთში — 7%; პოლონეთში — 0%; რუმინეთში — 6%; იტალიაში — 8%.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ვითარების შედარებით სტაბილურობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგენი ხსნიდნენ რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ ჩვენში დარჩენილი სახელმწიფო ქონების ვითომდაც „დიდი რაოდენობით“. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ იმ პერიოდში წარმოქმნილ ყველა ახალ სახელმწიფოს დარჩა უძრავმოძრავი ქონება იმ ქვეყნებისა, რომელთაც ისინი გამოეყვნენ. ეს მოვლენა სრულებით ბუნებრივად მიიჩნევა საერთაშორისო პრაქტიკაში. კ. კანდელაკი წერდა:

ვიკიციტატა
„თქმა იმის, რომ ამ ქონებამ რაიმე თვალსაჩინო როლი ითამაშა, ან შეეძლო ეთამაშა დამოუკიდებელ საქართველოს სახელმწიფო ფინანსების გასამაგრებლად, სრული ფანტაზიის ნაყოფია. ეს ქონება შესდგებოდა უმთავრესად სამხედრო ამუნიციის (იარაღი, ჯარის ტანსაცმელი, წითელი ჯვრის საგნები) და სატრანსპორტო საშვალებათა მასალისაგან, რომელიც დანიშნული იყო დროებით დაპყრობილ ტერიტორიაზე (ტრაპიზონი, ერზრუმი და სხვა.) რკინიგზების გასაყვანად და იქ საერთოდ მისვლა-მოსვლის გასაუმჯობესებლათ (წვრილ ლიანდაგის რელსები, ძალიან შელახული ავტომობილები, შინები, სარემონტო მასალა.) როცა დამოუკიდებელი საქართველო დაეცა, მას დარჩა ვალი დაახლოებით სულ არა უმეტეს ერთი მილიონი ფრანკის, კერძო ბანკებისაგან თუ კერძო პირთა და დაწესებულებათაგან შემთხვევით და მოკლე ვადით აღებული, უმთავრესად სასურსათო საქმესთან დაკავშირებით; ხოლო იმავე დროს მისი ემართა ერთ დიდ უცხო სახელმწიფოს (აქ იგულისხმება დიდი ბრიტანეთი). მისთვის და მის ანგარიშზე დამოუკიდებელ საქართველოს მიერ გაღებული ოთხჯერ მეტი თანხა!“

საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მიერ დადგენილ იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოქცეული მკვლევრები იძულებულნი იყვნენ, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა და, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაც მაქსიმალურად უარყოფით ჭრილში წარმოეჩინათ. ასეთი არაობიექტური მიდგომის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენს საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის (1938-1952 წლებში) კანდიდატურის ჩარკვიანის გამოკვლევა, სადაც ავტორი ცდილობს, არა მხოლოდ გააკრიტიკოს, არამედ სასტიკად დაგმოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც იგი „ანტიხალხურს“ უწოდებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 71-72.