საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ამნისტიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ამნისტიებისაქართველოს პირველ რესპუბლიკაში ამინისტია დამფუძნებელი კრების მიერ გატარდა ორჯერ: 1920 წლის 27 იანვარს და 1921 წლის 11 თებერვალს. 27 იანვრის ამინისტია დადგენილების შრომით იქნა მიღებული. ორივე აქტი მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ აღიარების ფაქტს. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდნენ ან სასჯელი შეუმსუბუქდა სასამართლოს მიერ პოლიტიკურ, სისხლის სამართლისა და სამხედრო სფეროში დამნაშავედ ცნობილ პირებს, ასევე, ამინისტიები შეხოთ იმ პირებსაც, რომლებიც კანონით დადგენილი წესით არ იყვნენ მსჯავრდებულნი, მაგრამ მათი საკითხი იხილებოდა სასამართლო წესით.

1920 წლის დადგენილების მიხედვით, სიკვდილით დასჯა შეიცვალა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით. მე-4 პუნქტის თანახმად, ყველა მსჯავრდებული პირი განთავისუფლდა სასჯელისაგან, თუ დანაშაული 1918 წლის 26 მაისამდე ჰქონდათ ჩადენილი, გარდა იმ პირებისა რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა კატორღით ჰქონდათ მისჯილი. ამინისტიის მიხედვით, სასჯელისაგან განთავისუფლება პირს არ ათავისუფლებდა ზიანისა და ზარალის ანაზღაურებისგან, გადასახადის გადახდის ან სასამართლოს ხარჯების დაფარვისგან, დადგენილება ითვალისწინებდა შეღავათებს ციხიდან გაქცეული პირებისათვის, რომლებსაც კვლავ დაუბრუნდებოდნენ ციხეს ან საცხოვრებელ სახლს. დადგენილების მე-17 მუხლის მიხედვით,თუ პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო ან მისი საქმეს საგამოძიებო ორგანოები იკვლევდენ, უარს იტყოდა დადგენილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებაზე, უფლება ჰქონდა, შუამდგომლობა წარედგინა „გამოძიებისა და სამართლის განახლებისათვის“, გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელი იყო დადგენილებით გათვალისწინებული ნორმების მათზე გავრცელება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დადგენილების მე-18 მუხლის თანახმად, არ შეიძლებოდა სასჯელისაგან განთავისუფლება ან სასჯელის შემსუბუქება, თუ პირს „სპეკულაციასთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს დემოკრატიული რესბუბლიკის 1918 წლის 17 სექტემბრის კანონის ძალით სასჯელი ჰქონდა დადგენილი. ასევე, ამინისტია არ შეეხო იმ პირებს, რომლებიც გასამართლებულნი იყვნენ ანგრების მიზნით ჩადენილი თანამდებობრივი დანაშაულისათვის.

პასუხისმგებლობის ყოველგვარი ფორმისაგან განთავისუფლდნენ მსჯავრდებულები 1919 წლის 27 ივნისის „ჯარის ნაწილებიდან გაქცევისა და ნებადაურთველად წასვლისათვის“ და 1919 წლის 2 აგვისტოს „სამხედრო ბეგარის აუსრულებლობისა და ამ დანაშაულის დაფარვის და წაქეზების“ დასჯის შესახებ დეკრეტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.

შინარსობრივად 1920-1921 წლების ამინისტიებს შორის თითქმის არ არსებობს განსხვავება. უბრალოდ, 1921 წლის ამინისტიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა „ანარქიის საწინააღმდეგო ზოგიერთ ზომების“ შესახებ 1919 წლის 21 ნოემბრის დეკრეტის მიხედვით დაპატიმრებული პირების მიმართ დადგენილი სასჯელის შემსუბუქების უზრუნველყოფა.

საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცის 54-ე მუხლის (ე) ქვეპუნქტის თანახმად, ამინისტიის უფლება საქართველოს პარლამენტს ჰქონდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქანთარია ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 24-25.
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართებლივი აქტების კრებული (1918-1921), თბ., 1990