შინაარსზე გადასვლა

საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში
Map indicating locations of European Union and Georgia

ევროკავშირი

საქართველო

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა 2022 წლის 3 მარტს მოლდოვასთან ერთად და უკრაინის განაცხადიდან ორი დღის შემდეგ. ამ კანდიდატურას მხარი 2022 წლის 2 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაუჭირეს.

საქართველოს ევროპული პერსპექტივა 2022 წლის ზაფხულში, ხოლო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წელს მიენიჭა[1]. 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ხელისუფლების დღის წესრიგიდან მოხსნა[2]. 2025 წლის მდგომარეობით ევროკავშირი საქართველოს წევრობის კანდიდატად მხოლოდ ფორმალურად განიხილავს. [3]

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის 2022 წლის 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მიმართვის შემდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ბრიუსელმა სასწრაფოდ უნდა განიხილოს ეს კანდიდატურა.[4]

უფრო მეტიც, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო უკვე გადაურჩა 2008 წლის რუსეთის შეჭრას, რამაც ორი სეპარატისტული ტერიტორიის დაკარგვა გამოიწვია. საქართველოს მთავრობამ ადრე აცხადებდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 2024 წელს გააკეთებდა.[4]

2022 წლის 17 ივნისს, მას შემდეგ რაც დაჩქარებული წესით განიხილა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის განაცხადი, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა. ამასთანავე, ევროკომისიის მოსაზრებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მინიჭებოდა, რაც ის მისთვის გაცემულ 12 რეკომენდაციას შეასრულებდა.[5] 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროკომისიის რეკომენდაცია დაადასტურეს.[6]

2023 წლის გაფართოების პაკეტის ანგარიშში ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მინიჭებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ გაგებით, რომ გაწევრიანების გზაზე შემდგომი ეტაპის მისაღწევად საქართველო ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 რეკომენდაციას შეასრულებდა.[1] ეს გადაწყვეტილება 2023 წლის 14-15 დეკემბრის ევროპული საბჭოს სხდომაზე წევრმა სახელმწიფოებმაც დაადასტურეს.[7]

2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან.[8] 2024 წლის 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სხდომის შემდგომ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და ამ პროცესს დე ფაქტო აჩერებს.[9]

ევროკომისიის 2024 წლის გაფართოების პაკეტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად საჭირო რეფორმების გატარება არ მოჰყოლია. მასში ასევე კრიტიკულადაა შეფასებული 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები.[10]

2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა საჯარო განცხადება, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგიდან მოიხსნა.[2] აღნიშნულ განცხადებას ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა მოჰყვა.

ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების პაკეტის ანგარიშში კრიტიკულადაა შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ რეპრესიული კანონების მიღება, სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების თვითნებური დაკავებები და ოპოზიცის ლიდერების დევნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისია საქართველოს კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ ფორმალურად მიიჩნევს.[3] გაფართოების საკითხში ევროკომისრის, მარტა კოსის შეფასებით ეს ანგარიში გაფართოების ისტორიაში ყველაზე ცუდი ანგარიშია.[11]

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Commission adopts 2023 Enlargement package, recommends to open negotiations with Ukraine and Moldova, to grant candidate status to Georgia and to open accession negotiations with BiH, once the necessary degree of compliance is achieved. ციტირების თარიღი: 2026-03-16
  2. 1 2 „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს ka (2024-11-28). ციტირების თარიღი: 2026-03-16
  3. 1 2 2025 Communication on EU Enlargement Policy - Enlargement and Eastern Neighbourhood en. ციტირების თარიღი: 2026-03-16
  4. 1 2 Guerre en Ukraine. La Géorgie va déposer une demande d’adhésion à l’Union Européenne. fr (02-03-2022). ციტირების თარიღი: 02-03-2022..
  5. Opinion on Georgia's application for membership of the European Union - Enlargement and Eastern Neighbourhood en. ციტირების თარიღი: 2026-03-16
  6. European Council conclusions, 23-24 June 2022 en. ციტირების თარიღი: 2026-03-16
  7. European Council conclusions, 14 and 15 December 2023 en. ციტირების თარიღი: 2026-03-16
  8. European Council en (2024-06-17). ციტირების თარიღი: 2026-03-16
  9. European Council conclusions, 17 October 2024 en. ციტირების თარიღი: 2026-03-16
  10. Commission adopts 2024 Enlargement Package - Enlargement and Eastern Neighbourhood en. ციტირების თარიღი: 2026-03-16
  11. Datunashvili, Irakli. (2025-11-04) მარტა კოსი: ეს არის გაფართოების ისტორიაში ყველაზე ცუდი ანგარიში - JAMnews ka-GE. ციტირების თარიღი: 2026-03-16