საქართველოს ბიომრავალფეროვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search


საქართველოს ბიომრავალფეროვნების გლობალური მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 34 ცხელ წერტილს (Hot spots). აქედან ორი - კავკასიისა და (ნაწილობრივ) ირანო-ანატოლიის ფარავს კავკასიის რეგიონს და მათ შორის საქართველოს [1].[საჭიროებს წყაროს მითითებას] კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.

საქართველო ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორისტული თვალსაზრისით. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში ჭურჭლოვან მცენარეთა 4 100-ზე მეტი სახეობაა (მთელს კავკასიაში 6 350-მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია (600 კავკასიის, 300 საქართველოს ენდემი). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. აქ 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი. საქართველო კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია. აქ ჩამოყალიბდა ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილისა და სხვ. მრავალი შესანიშნავი სახეობა. ამრიგად, საქართველოს უნიკალური ფიტოგენოფონდი ქვეყნის ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის ცოცხალი ძეგლია, რომლის შესწავლას, დაცვასა და აღდგენას საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს.

ასევე თავისებური და მრავალფეროვანია საქართველოს ფაუნა. კავკასიის გოგრაფიული მდებარეობის გამო, იგი შეიცავს, ერთი მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ზოოგეოგრაფიული პროვინციის (ევროპა-ციმბირის ოლქი), მეორე მხრივ კი, მშრალი და ნახევრად მშრალი ჰავის (ირან-თურანის პროვინცია, საჰარა-გობის ოლქი) ფაუნის წარმომადგენლებს. მაღალია ენდემიზმის დონე (კავკასიის ენდემების პროცენტული რაოდენობა), როგორც უხერხემლოების, ისე ხერხემლიანთა მრავალ ჯგუფში. საქართველოში გავრცელებული მრავალი სახეობის ცხოველი იშვიათია გლობალური მასშტაბით და შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში.

ძირითადი ეკოსისტემები და ბიომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებითად განსხვავებული კლიმატის გამო, მეტად განსხავავებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეკოსისტემები და ვერტიკალური სარტყლურობის სტრუქტურა. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში არ არის სემიარიდული და არიდული მცენარეულობის უტყეო სარტყელი, ტყეებით დაფარულია ვაკეები და მთისწინა ფერდობები ზღვის ნაპირიდანვე. აქ 5 ძირითადი სარტყელია: ტყის (ზღვის დონიდან1900 მ-მდე), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3600 მ) და ნივალური (3600 მ). აღმოსავლეთ საქართველოში ვერტიკალური სარტყლურობა უფრო რთულია. გამოიყოფა 6 ძირითადი სარტყელი: ნახევრადუდაბნოების, სტეპებისა და არიდული ნათელი ტყეების (150-600 მ), ტყის (600-1900 მ), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3700 მ) და ნივალური (3700 მ).

ჭალის ტყის ბიომი

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებსა და მთისწინეთში ჭალის ტყეების ბიომები განვითარებულია მდინარეების _ მტკვრის, ივრის, ალაზნის და ქციის ქვემო წელის გასწვრივ. მასში ჭარბობს მუხა Quercus pedunculiflora, აგრეთვე ვერხვი Populus canescens, Populus hybrida, ქაცვი Hyppophae rhamnoides და სხვ. ეს ტყეები მდიდარია ლიანებით. დასავლეთ საქართველოს ჭალის ტყეებში წამყვანი პოზიცია უჭირავს მურყნარებს. ამ ტყეებისთვის დამახასიათებელია გვიმრა (Mateucia struthiopteris) და ლიანები (Hedera colchica, Smilax exscelsa, Vitis sylvestris). თითქმის გაუვალ რაყებს ჰქმნის მაყვალი (Rubus anatolicus).

ნახევრადუდაბნოს ბიომი

ნახევრადუდაბნოს ბიომები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებში. ამ ბიომის ერთ-ერთი მთავარი დომინანტია ავშანი (Artemisia fragrans). შიდა ქართლში გავრცელებული ავშნიანები მდიდარია ეფემერებით. ნახევრადუდანოს ბიომებში ზოგ ადგილას ჩართულია დამლაშებული (ბიცობი) უდაბნოს ფრაგმენტები დამახასიათებელი სახეობრივი შემადგენლობით.

სტეპის ბიომი

ნამდვილი სტეპის ეკოსისტემები საქართველოში მხოლოდ ფრაგმენტების სახით არის წარმოდგენილი და არაიშვიათად განვითარებულია ნატყევარი და ბუჩქნარი მცენარეულობის ადგილებზე. აღმოსავლეთ საქართველოში სტეპის ბიომები განვითარებულია 300-700 მეტრზე ზღვის დონიდან. ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად სტეპის ბიომში შესულია ტყის და ბუჩქნარი მცენარეულობის ეკოსისტემები. სტეპის ბიომის ფარგლებში კლიმატი მშრალი სუბტროპიკულია, კონტინენტურობის ნიშნებით, შედარებით მშრალი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. თოვლის საფარი მცირეა და არამყარი. სტეპის ბიომის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ ეკოსისტემას წარმოადგენს უროიანი (Botriochloa ischaemum) ველი (ანუ სტეპი). ტიპური სტეპის მცენარეულობის კომპონენტებია: Stipa tirsa, St. lessingiana, St.pulcherrima, St.capillata. (სწორედ ამ მცენარის ლათინური სახელწოდებიან-სტიპადან მოდის სტეპის, როგოს ერთ-ერთი ბიომის სახელწოდება).ნაირბალახოვანი სტეპები მხოლოდ გარეჯისათვის არის დამახასიათებელი და საკმაოდ მდიდარი სახეობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მთის სტეპები მხოლოდ სამხრეთ საქართველოშია გავრცელებული 1800-2500 მეტრზე ზღვის დონიდან.

არიდული მეჩხერი (ნათელი) ტყისა და ჰემიქსეროფილური ბუჩქნარის ბიომი

აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნოებისა და სტეპების სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე ნათელი ტყის მცენარეულობა. ეს ბიომი შედგება ტყის ქსეროფილური მცენარეებისაგან და საკმაოდ გვალვაგამძლე ბალახოვანი საფარისაგან. იგი ყველაზე კარგად არის გამოხატული ვაშლოვანის ნაკრძალში და უკავია 5000 ჰა ფართობი. საკმლის ხის (Pistacia mutica) ნათელი ტყე მიეკუთვნება დასავლეთ-ირანულ ტიპს, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ბუჩქები (Paliurus spina-christi, Rhamnus pallasii, Cotinus coggygria და სხვ.). გვხვდება აგრეთვე საკმლის ხის სუფთა რაყები, რომელსაც ცალკეული ხე ან ბუჩქები თუ შეერევა ხოლმე. ღვიიან ნათელ ტყეებს უკავიათ მცხეთისა და ვაშლოვანის მთისწინების ჩრდილო ფერდობები. ამ ტყეების დომინანტებია Juniperus foetidissima (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვეთის სახეობა) და J. polycarpus (წინა აზიური სახეობა). ვაშლოვანში ეს სახეობები საკმლის ხის ტყის კომპონენტებია. გარდა ამ სახეობებისა, ამ ეკოსისტემაში გავრცელებულია კავკასიური Juniperus oblonga და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვური J. rufescens. ხშირად ღვიიან ნათელ ტყეებს უკავიათ ტყის შემდეგ განვითარებული მცენარეულობის ადგილი. ჰემიქსეროფილური ბუჩქნარები განვითარებულია უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს მთისწინების სამხრეთ ფერდობებზე, ძირითადად ქართული მუხის ტყის დეგრადაციის შედეგად (600-800 მ.) განთავისუფლებულ ადგილებში.

ტყის ბიომი

საქართველოში ტყეს სხვა მცენარეულ ტიპებთან შედარებით ყველაზე დიდი ფართობი უკავია (ქვეყნის საერთო ტერიტორიის 36,7%). ტყის ეკოსისტემები დამახასიათებელია ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონისთვის, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ჯავახეთის პლატო, ხოლო ხევისა და მთიანი თუშეთის რეგიონებში ტყეს ძალიან მცირე ფართობი უკავია. სხვადასხვა ტიპის ტყეების წილი ქვეყნის ტყეების საერთო ფართობში შემდეგნაირია:

  • წიფლნარები - 51%,
  • სოჭის ტყეები - 10%,
  • მუხნარები - 3,3%
  • ნაძვნარები - 6,3%,
  • ფიჭვნარები - 3,6%,
  • მურყნარები - 3%,
  • წაბლის ტყეები - 2,1% და
  • არყნარები - 2%.

საქართველოს ტყეების დანარჩენ ფართობს ხემცენარეთა სხვადასხვა სახეობები ქმნის (Carpinus caucasica, Tilia caucasica, Acer platanoides, A. trantvetteri, Fraxinus exscelsior და სხვ.).

დასავლეთ საქართველოში ტყე უკვე ზღვისპირიდანაა გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტყის სარტყელი 600-700 მეტრიდან იწყება. მუხნარები (Quercus iberica): გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოს ტყის სარტყლის ქვედა ნაწილში (600-700 მეტრიდან). სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით სხვადასხვა ვარიანტები გამოიყოფა.

წიფლნარები (Fagus orientalis): გავრცელებულია ტყის სარტყლის შუა და ზედა ნაწილში. ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ სახეობას წარმოადგენს კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica).

ფიჭვნარები (Pinus spp.) გვხვდება ზღვის დონიდან 1700-2400 მეტრის ფარგლებში. ეს ეკოსისტემები მდიდარი ფლორისტული შემადგენლობით გამოირჩევიან. დამახასიათებელი სახეობებია: არყი, წიფელი, სოჭი და სხვ.

მუხნარ-ფიჭვნარი: ფიჭვთან ერთად ამ ეკოსისტემას ქმნის მაღალი მთის მუხა. ამ ტყეებს ვხვდებით აღმოსავლეთ საქართველოში 800-1100 მ. სიმაღლის ფარგლებში, ხოლო აჭარაში მისი გავრცელების ზონა გაცილებით დაბალი სიმაღლეებიდან იწყება (300 მ-დან 1100-1200 მ-მდე).

უთხოვრის (Taxus baccata) ტყეები: შემონახულია რელიქტური ტყის სახით ბაწარას ხეობაში, ალაზნის ზემო დინებაში.

ძელქვიანები (Zelkova carpinifolia): ბაბანეურის ძელქვიანები თავისი რელიქტური ბუნებით და იშვიათი გავრცელებით დიდ ყურადღებას იქცევს. ის ძირითადად გვხვდება ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე, როგორც თხელ, ისე კარგად განვითარებულ ნიადაგებზე (დასავლეთ საქართველოში ძელქვიანები განვითარებულია ალუვიალურ- ჩონჩხიან ქვიშნარ ნიადაგებზე).

ნეკერჩხლიანები (Acer velutinum): ეს ტყეები მხოლოდ ალაზნის ველზეა გავრცელებული. მისი ზედა ზღვარი 1000 მ-ს არ აღემატება. კოლხური ტყეები: დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაჭაობებულ დაბლობზე, ზღვის დონიდანვე იწყება მურყნარები (Alnus barbata), ლაფნარები (Petocarya pterocarpa), ნაკლებ ტენიან ადგილებში გავრცელებულია მუხნარები (Quercus iberica, Q.hartwissiana), რცხილნარები (Carpinus caucasica), წაბლნარები (Castanea sativa). ეს ტყეები მდიდარია ლიანებით (Hedera colchica, Smilax excelsa, Vitis sylvestris).

ბიჭვინთის ფიჭვის (Pinus pithyusa) ტყე: ბიჭვინთის ფიჭვი რელიქტური სახეობაა. ამ ტყისთვის დამახასიათებელია ხმელთაშუაზღვისპირეთის ფლორის წარმომადგენლები. დასავლეთ საქართველოს ტყეებისთვის დამახასიათებელია რელიქტური გართხმული ბუჩქების, მათ შორის, მარადმწვანეების ქვეტყე. ზოგიერთ რაიონში (აფხაზეთსა და სამეგრელოს კირქვიან მთებში) გვხვდება კალცოფიტების ტიპური წარმომადგენელი-ბზა (Buxus colchica). დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში (იმერეთში) ტყის ქვედა და შუა სარტყელში გაბატონებულია იმერეთის მუხა (Quercus imeretina), რომელიც ძელქვასთან (Zelcova carpinifolia) ერთად ქმნის აჯამეთის ნაკრძალის ძელქვნარ-მუხნარ ტყეებს.

სუბალპური ბიომი

მაღალმთის მცენარეულობა მეტად მრავალფეროვანია, რაც განპირობებულია, უპირველეს ყოვლისა, კავკასიის მთების ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობით, კლიმატის კონტრასტულობით, რელიეფის ძლიერი დანაწევრებით და სხვ. კავკასიის მთებში განსაკუთრებით უნდა გამოიყოს სუბალპური სარტყლის (2400- 2750 მეტრი ზღვის დონიდან) ტყის ზედა საზღვრის მცენარეულობა, რომელიც გამოირჩევა როგორც დიდი მრავალფეროვნებით, ისე იშვიათი ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. სუბალპური სარტყლის მცენარეულობისათვის დამახასიათებელია შემდეგი ფორმაციები: •მეჩხერი ტყეები, •ტანბრეცილი ტყეები, •გართხმული ბუჩქნარები, •მაღალბალახეულობა და •ფართოფოთლიანი მდელოები. მეჩხერი ტყეები: მეჩხერი, ანუ `პარკისებური ტყეები გვხვდება 1800-1900 მ-ის ზემოთ. მეჩხერ ტყეს წარმოქმნიან ძირითადად მაღალმთის ბოკვი და მაღალმთის მუხა. გარდა ამისა, პარკისებურ ტყეს~ ქმნიან (უფრო ხშირად ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად) წიფელი, ნაძვი, ფიჭვი და სხვ. ტანბრეცილი ტყეები: კავკასიის სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებს ქმნიან წიფელი, არყის სხვადასხვა სახეობები, მაღალმთის ბოკვი, კოლხური თხილი, იმერული ხეჭრელი და სხვები. განსაკუთრებით საყურადღებოა კოლხეთის ტანბრეცილი ტყეები, სადაც კლიმატი არა მარტო ძალიან ტენიანი, შედარებით რბილიცაა. ეს ტყეები მდიდარია ენდემური და რელიქტური სახეობებით (მაგ. პონტოური მუხა, მეგრული არყი, მედვედევის არყი და სხვ.) გართხმულ ბუჩქნარები: ეს ფორმაციების ძირითადი კომპონენტებია დეკა, უნგერნის შქერი, გართხმული ღვია, კავრა, მელიქაური და სხვ. სუბალპური ზონის ბალახოვანი ფლორა გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებითა და კავკასიის ენდემების სიმდიდრით. აღსანიშნავია მაგალითად, მონოტიპური გვარი Gadellia, ასევე Grosshemia, Dolychorrisa და სხვ.

ალპური ბიომი

ალპური სარტყელი საქართველოში მდებარეობს 2400-2500 მ-დან - 2900-3000 მმდე ზღვის დონიდან. აქ გავრცელებულია შემდეგი ძირითადი ეკოსისტემები: ალპური მდელოები (მკვრივკორდიანი, მეჩხერკორდიანი, მარცვლოვანი და ნაირბალახოვანი), ალპური ხალები, ბუჩქნარი და კლდისა და ნაშლების მიკროეკოსისტემები. ალპური მდელოები: ძიგვიანი (Nardus glabriculmis) ეკოსისტემები ძირითადად გავრცელებულია ცივი და ტენიანი (ხშირად ძლიერ ტენიანი) ნიადაგის გარემოში მცირედ დაქანებულ ფერდობებზე ან გავაკებულ რელიეფზე. ამ ეკოსისტემების ფლორისტული შემადგენლობა არ არის მრავალფეროვანი (25-30 სახეობა თითოეულ ცენოზში). ჭრელი წივანას მდელოები ალპურ სარტყელში ძირითადად სამხრეთ ექსპოზიციის ძლიერ დაქანებულ ფერდობებზეა წარმოდგენილი და 3000 მ-მდე აღწევს. ამ ეკოსისტემის ფლორისტული შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია. თოვლით ხანგრძლივად დაფარულ ჩრდილოეთ ფერდობებზე, უმთავრესად დასავლეთ კავკასიონზე, ფართოდაა გავრცელებული Geranium gymnocaulon-ის მდელოები. მისი ფლორისტული შემადგენლობა შედარებით ღარიბია. ალპური ხალები: ეს ეკოსისტემები განვითარებულია ე.წ. ცირკების ფორმის რელიეფის პირობებში, სადაც თოვლის საფარი ხანგრძლივი დროის მანძილზეა შენარჩუნებული. ამ ეკოსისტემის სახეობრივი შემადგენლობა არ არის მრავალფეროვანი და მოიცავს 20-25 სახეობას. ალპური ბუჩქნარები: დეკიანები გვხვდება ალპური სარტყლის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ფერდობებზე. დეკიანი სახეობრივი შემადგენლობის თვალსაზრისით არ არის მდიდარი (10-15 სახეობა ცალკეულ ცენოზში). ქონდარა ბუჩქის Arias caucasica-ს ფორმაციები კი ფლორისტული შემადგენლობით საკმაოდ მდიდარია. აღსანიშნავია, რომ კავკასიონის ალპურ სარტყელს აღწევს ღვიას ორი სახეობა: Juniperus hemispaerica (=J. depressa) და J. sabina.

სუბნივალური და ნივალური ბიომი

სუბნივალური სარტყელი საქართველოში მდებარეობს 3000 დან 3600 მ.-დე ზღვის დონიდან. ეს სარტყელი ყველაზე კარგად არის გამოხატული ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონზე. ამ ზონისთვის დამახასითებელ ექსტრემალურ გარემოსთან შეგუებულია მცენარეთა მხოლოდ გარკვეული ჯგუფი (კავკასიის სუბნივალურ სარტყელში სულ დაახლოებით 250 სახეობაა გავრცელებული). აღსანიშნავია სუბნივალური სარტყლის ფლორაში ენდემურ სახეობათა მაღალი წილი - 60-70%. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ენდემური გვარები, როგორიცაა: Pseudovesicaria, Gymphyloma, Pseudobetckea, Coluteocarpus, Didimophysa, Eunomia, Vavilovia.

ჭაობისა და წყლის ბიომები

ჭაობები საქართველოს ლანდშაფტების ტიპური კომპონენტია. ის განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული კოლხეთის დაბლობსა და სამხრეთ საქართველოს ვულკანურ პლატოზე. ჭაობები გავრცელებულია, როგორც დაბლობ ზონაში, ისე სუბალპურ და ალპურ სარტყელში. საქართველოში განსაკუთრებით ფართოდ არის წარმოდგენილი ეუტროფული ჭაობები, ხოლო მეზოტროფულს და ოლიგოტროფულს შედარებით შეზღუდული არეალი უკავია. სფაგნუმიანი ჭაობები: დასავლეთ საქართველოში სფაგნუმიანი ჭაობები ზღვის დონიდან სუბალპურ სარტყელამდეა გავრცელებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი მშრალი კლიმატის გამო 2000 მ-ზე უფრო მაღლა აღარ გვხვდება. აღსანიშნავია, რომ კოლხეთის სფაგნუმიანი ჭაობებისათვის დამახასიათებელია ბორეალური (სფაგნუმის ხავსები, დროზერა (Drosera rotundifolia), რინხოსპორა (Rhinhospora alba)) და მაღალი მთის (იელი Rhododendron luteum, შქერი Rhododendron ponticum) სახეობების თანაარსებობა. აგრეთვე, რელიქტური სახეობები: Osmunda regalis, Soligado turfosa, Drosera rotundifolia, Trapa colchica. ჰიდროფილური მაღალბალახეულობის მცენარეულობა: ეს ეკოსისტემა ძირითადად სამხრეთ საქართველოს დაბლობსა და ვულკანურ პლატოზე გვხვდება. მისი გავრცელების ზედა საზღვარია 2 000 მ. ზღ. დ. ამ ეკოსისტემის დომინანტი სახეობებია:Phragmites australis, Typha latifolia, T. angustifolia და სხვ. ჰიდროფილური დაბალბალახოვანი მცენარეულობა: ეს ეკოსისტემა გავრცელებულია 2300 მ-ზე ზღ. დ. და უფრო მაღლა, მაგრამ მას უმნიშვნელო ფართობები უკავია.

საქართველოს ცხოველთა სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უხერხემლოები

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები განაპირობებენ უხერხემლოთა ფაუნის სახეობრივ მრავალფეროვნებას. მათ შორის მრავალი ენდემია. უხერხემლოთა სხვადასხვა ჯგუფები განსხვავდებიან შესწავლის სისრულის მიხედვით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული ტაქსონი საკმაოდ კარგადაა გამოკვლეული. ეს, უპირველეს ყოვლისა, ითქმის პეპლებზე (Lepidoptera: Geometridae), ხოჭოებზე (Coleoptera: Curculionidae, Carabidae), ბრტყელ ჭიებზე (Nemathelmintes); სიფრიფანაფრთიანებზე (Hymenoptera), თანაბარფრთიანებზე (Hemiptera Psylloidea). ენდემური და საფრთხეში მყოფი უხერხემლოთა სახეობების სიმრავლით გამოირჩევა საქართველოს შემდეგი რაიონები: დიდი კავკასიონის მაღალმთიანეთი, კოლხეთი, ბორჯომის ხეობა, ივრის ზეგანი, მესხეთის ქედის სამხრეთ მთისწინები. 1 დამატებითი დეტალური ინფორმაცია უხერხემლოთა შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა, თბილისი 2005; დოკუმენტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია საიტიდან www.nacres.org 2 დამატებითი დეტალური ინფორმაცია ხერხემლიანთა ჯგუფების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა, თბილისი 2005;; დოკუმენტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია საიტიდან www.nacres.org

ხერხემლიანები

თევზები

საქართველოს მტკნარ წყლებში გავრცელებულია თევზების 80-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. მაგალითად, მტკვრის აუზში გავრცელებული 12 სახეობის თევზიდან, 9 მტკვრისა და მისი შენაკადების ენდემს წარმოადგენს. მათ შორის აღსანიშნავია მტკვრის წვერა (Barbus lacerta), მურწა (Barbus mursa), ჭანარი (Barbus capito) და სხვ. შავი ზღვის აუზის თევზებიდან 6 სახეობა ენდემს წარმოადგენს; გარდა ამისა, აქ გავრცელებულია ზუთხისებრთა ოჯახის 5 სახეობა, რომელთა შორისაა გაქრობის პირას მყოფი ატლანტური ზუთხი (Acipenser sturio). გარდა ადგილობრივი სახეობებისა, საქართველოში გვხვდება 9 ინტროდუცირებული სახეობა, მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კარჩხანა (Carasius carasius).

ამფიბიები

საქართველოში გავრცელებულია ამფიბიების 12 სახეობა. მათგან აღსანიშნავია კავკასიური სალამანდრა (Mertensialla caucasica), სირიული მყვარი (Pelobates syriacus), კავკასიური ჯვრიანა (Pelodytes caucasicus) და სხვ. ამფიბიათა სახეობრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ჰაბიტატს წარმოადგენს მთიანი კოლხეთის ტყეები. როგორც სირიული მყვარის არეალი, მნიშვნელოვანია გარდაბნის ველი.

ქვეწარმავლები

საქართველოში გავრცელებულია ქვეწარმავლების 50-ზე მეტი სახეობა. მათ შორისაა: 3 სახეობის კუ; 27 სახეობის ხვლიკი და 23 სახეობის გველი. ამათგან Pelias-ს გვარის წარმომადგენელი სამი სახეობის გველი და Archaeolacerta-ს წარმომადგენელი 12 სახეობის ხვლიკი კავკასიის ენდემია. კავკასიის ენდემებს წარმოადგენენ აგრეთვე ამიერკავკასიური მცურავი (Elaphe hohenackeri), კავკასიური გველგესლა (Pelias kaznakovi) და სხვ. მრავალი სახეობა მოწყვლადია მსოფლიო არეალის ფარგლებში.

ფრინველები

საქართველოში გვხვდება ფრინველთა 300-ზე მეტი სახეობა. მიგრირებადი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და დასაზამთრებელი ადგილებია კოლხეთის დაბლობი (სანაპირო ზოლისა და პალიასტომის ტბის ჩათვლით) და ჯავახეთის ზეგნის ტბების სისტემა. საქართველოში გავრცელებული ფრინველებიდან 3 კავკასიის ენდემს წარმოადგენს: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), კავკასიური შურთხი (Tetraogalus caspius) და კავკასიური ყარანა (Phylloscopus lorenzi).

ძუძუმწოვრები

წვრილი ძუძუმწოვრები

საქართველოში გავრცელებულია წვრილი ძუძუმწოვრების ოთხი რიგის 79 სახეობა: მწერიჭამიები - 10 სახეობა, ხელფრთიანები - 29 სახეობა, მღრღნელები - 39 სახეობა და კურდღლისნაირები - 1 სახეობა. წვრილი ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიის ენდემური სახეობები, როგორიცაა: Sorex caucasica, Sorex volnuchini, Talpa caucasica, Neomis schelkovnikovi, Sicista caucasica, Sicista khlukhorica, Sicista kazbegica, Prometheomys schaposchnikovi Chionomys gud და სხვა. არაენდემური სახეობებიდან აღსანიშნავია Suncus etruscus, Sciurus anomalus, Allactaga elater, Rhinolopus euriale, Rhinolopus mehelyi, Myotis emarginatus და სხვა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოში გვხვდება ინტროდუცირებული სახეობები (Sciurus vulgaris, Myocastor coypus, Ondatra zibethicus).

მსხვილი ძუძუმწოვრები

საქართველოში გავრცელებულია მსხვილი ძუძუმწოვრების სამი რიგის - მტაცებლების, წყვილჩლიქოსნების, ვეშაპისნაირების - 30 სახეობა. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო მსხვილ ძუძუმწოვართა არეალებისა და რიცხოვნობის კატასტროფული შემცირება. ამჟამად მრავალი მათგანი გაქრობის საფრთხის წინაშეა. ჯიქისა და ზოლიანი აფთრის მხოლოდ ერთეული ეგზემპლარებიღა შემორჩა. მთლიანად გაქრა ქურციკი და ნიამორის სამხრეთი (თრიალეთის ქედის) პოპულაცია. მსხვილ ძუძუმწოვრებს შორის აღსანიშნავია ორი სხეობის ჯიხვი: : Capra cylindricornis და C. caucasuca, რომლებიც კავკასიის ენდემებს წარმოადგენენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]