საუდის არაბეთის კულტურა
საუდის არაბეთის კულტურა - საუდის არაბეთის ტრადიციების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს ლიტერატურას, არქიტექტურას, მუსიკას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, რელიგიას და ზოგად ცხოვრების წესს. საუდის არაბეთი კონსერვატიული, ღრმად მორწმუნე ისლამური ქვეყანაა, რომლის ტრადიციების ისტორია საუკუნეებს მოითვლის. მიუხედავად ამ ყველაფრის, 1970-იან წლებში ქვეყნის ეკონომიკის სწრაფმა განვითარებამ, ახალმა კომუნიკაციურმა ტექნოლოგიებმა და განათლების ფართო გავრცელებამ ცხოვრების ბევრი ასპექტი შეცვალა და უფრო თანამედროვე გახადა.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მუსულმანებია (80-90% სუნიტები, 10-15% შიიტები) და ისლამი კულტურის უდიდესი ნაწილია. ყურანი ითვლება საუდის არაბეთის კონსტიტუციად, შარიატი კანონმდებლობის საფუძველია [1] [2]. ქვეყანაში რელიგიურ საფუძველზე სოციალური ნორმებით და კანონითაც აკრძალულია გარკვეული ჩაცმულობა, ალკოჰოლური სასმელები, გავრცელებულია გენდერული სეგრეგაცია. ბოლო წლებში მოიხსნა მხოლოდ ზოგი ქალთა უფლებების შემზღუდავი კანონი, მაგ. ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მისცეს. რადგან პარასკევი მუსლიმური წესით წმინდა დღეა, დასვენების დღეები კვირაში პარასკევი და შაბათია. ერთადერთი არარელიგიური დღესასწაული სამეფოს გაერთიანების დღეა. იხმარება ისლამური მთვარის კალენდარი, თუმცა ბევრი საერთაშორისო კომპანია საუდის არაბეთში გრიგორიანულ კალენდარს ხმარობს, ასევე, ბოლო რეფორმით, ხელფასის დღე გრიგორიანული კალენდრით დგინდება - ეს გაკეთდა ბიუჯეტის ეკონომიისთვის, ამგვარად იკარგება 11 ხელფასის დღე.
საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მაღაზიები ლოცვის დროს (ხუთჯერ დღეში) იხურება და თანამშრომლებს სალოცავად უშვებენ [3]. უნივერსიტეტებში კაცებს და ქალებს ყოფენ. კანონი, რომლის მიხედვით ქალმა მთლიანი სხეული უნდა დაფაროს მოიხსნა, მაგრამ ღია და გამომწვევი ჩაცმულობა არ არის მიღებული. კინოთეატრები 2018 წლამდე არ არსებობდა. [4]
სოციალური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საუდის არაბეთი ცნობილია გრძელი ფორმალური მისალმემებით, მამაკაცები (უცნობებიც) შეხვედრისას ხშირად კოცნიან და ეხვევიან ერთმანეთს. ზრდილობიანია, მაგრამ აუცილებლად არ ითვლება იკითხო, თუ როგორ არის თანამოსაუბრე (მამაკაცებისთვის ცოლის ჯანმრთელობაზე შეკითხვების დასმა უზრდელობად ითვლება). ფასდება სტუმართმოყვარეობა, რაც უდაბნოს კულტურებისთვის დამახასიათებელია, რადგან ასე ისინი ერთმანეთს გადარჩენაში ეხმარებიან. ოჯახის წევრების, განსაკუთრებით უფროსების,.მონახულება რეგულარულად ხდება, ქალებისთვის ხშირია ერთმანეთის მონახულება დღის განმავლობაში. არსებობს შუაღამისკენ კაცების ჯგუფების შეკრების და ერთად გართობის, მოწევის, ლაპარაკის. სიმღერის ან უბრალოდ დასვენების ტრადიცია. მოსახლეობის უმეტესობა (60-70%) ოფიციალურად არ მუშაობს ან მათი სამსახური არ არის მომთხოვნი, ნავთობის ექსპორტის გამო ეკონომიკა არ არის დამოკიდებული შრომის ბაზარზე და ტრადიციული სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა უფრო პოპულარულად რჩება. ამის მიზეზად ნავთობის ექსპორტის გარდა ითვლება ქვეყნის ცხელი კლიმატიც.
ქორწინება უმეტესად გარიგებით ხდება, ადგილი აქვს ძალით ქორწინებასაც. დეიდასშვილებთან ქორწინება დაშვებულია და მისაღებად ითვლება ოჯახის გასაძლიერებლად. საუდის არაბეთი უდიდესი ქვეყანაა მსოფლიოში ნათესავთა შორია ქორწინებების რაოდენობით. ეს პრაქტიკა ითვლება დიაბეტის ფართო გავრცელების (მოსახლეობის მიახლოებით 30%) მიზეზად.
მამაკაცებიც და ქალებიც უმეტესად ტრადიციულ ტანსაცმელს ატარებენ, რომელიც ყოველ რეგიონში განსხვავებულია, მაგრამ.ყველაზე გავრცელებულია მეფეების მშობლიური რეგიონის ჩაცმულობა. ქალები ხშირად ატარებენ ტანსაცმელს, რომელიც მთლიან სხეულს აფარებს, თუმცა კანონით ეს აუცილებელი არ არის [5]. მის ქვეშ ხშირად დასავლურ ტანსაცმელს იცმევენ. ტურისტებისთვის და უცხოელებისთვის, რელიგიური პოლიციის თქმით, "რეკომენდებულია" სხეული , ან თმა მაინც, დაიფარონ, გაბსაკუთრებით სამეფოს უფრო კონსერვატიულ ნაწილებში, სადაც ღია ტანსაცმელმა შეიძლება ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს.