სატურნის ტაძარი

სატურნის ტაძარი (ლათ. Templum Saturni ან Aedes Saturni ; იტალ. Tempio di Saturno) ― უძველესი ტაძარი, აგებული რომაული მითოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღმერთის, სატურნის პატივსაცემად. მდებარეობს დღევანდელ რომში, იტალიაში. მისი ნანგრევები დღესაც დგას კაპიტოლინის ბორცვის ძირას, რომაული ფორუმის დასავლეთ ნაწილში. ტაძრის მშენებლობა თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 497 წლით,[1][2] თუმცა მისი სიძველის მიუხედავად, ამ ადგილის ისტორიაზე მუდმივად უთანხმოება იყო ექსპერტებს შორის.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ითვლება, რომ ტაძრის მშენებლობა დაიწყო ტარკვინიუს სუპერბუსის მმართველობის დროს. მისი ინაუგურაცია რომის რესპუბლიკის არსებობის ჯერ კიდევ ადრეულ წლებში მოხდა, რაც სატურნის ტაძარს უძველეს ტაძრად აქცევს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ საკურთხეველი, რომელიც მის წინ იდგა, თავად ტაძარზე გაცილებით ძველი იყო და დაკავშირებული იყო კაპიტოლინის გორაზე ქალაქის დაარსებასთან.[4] ტაძარი მთლიანად აღადგინა მუნაციუს პლანკუსმა ძვ.წ 42 წელს.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დღევანდელი ნანგრევები წარმოადგენს სატურნის ტაძრის მესამე ფაზას, რომელიც აშენდა 360 წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ. კედელზე შემორჩენილი წარწერა სწორედ ამ რესტავრაციას გვახსენებს. ის ფაქტი, რომ ტაძარი სწორედ მეოთხე საუკუნეში აღადგინეს, პირდაპირ უკავშირდება წარმართული რელიგიის აღორძინებას ამ პერიოდის რომში.[5] იგი მოგვიანებით დაიკეტა წარმართების დევნის დროს.
რომაულ მითოლოგიაში სატურნი ასოცირდებოდა სიმდიდრესთან. მის ტაძარში განთავსებული იყო ხაზინა, აერარიუმი,[6] სადაც რომის რესპუბლიკის ოქროსა და ვერცხლის მარაგი ინახებოდა. იქვე განთავსებული იყო სახელმწიფო არქივები, ლითონების ასაწონი ხელსაწყოები და რესპუბლიკის ოფიციალური სასწორი. მოგვიანებით აერარიუმი სხვა შენობაში გადაიტანეს, ხოლო არქივი ახლომდებარე ტაბულარიუმში. ტაძრის პოდიუმი, რომელიც ტრავერტინით დაფარული ბეტონისგან იყო ნაგები, გამოიყენებოდა გადასახადების თვალსაჩინოდ გამოსაკრავად.
კედლებზე ასევე ვხვდებით წარწერას: "სენატმა და რომაელმა ხალხმა აღადგინეს დამწვარი ტაძარი".
რვა გადარჩენილი სვეტი წარმოადგენს რომის უძველესი არქიტექტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ საკულტო ნიმუშს. გვიანანტიკური სტილით მოჩუქურთმებული სვეტების გარდა, ყველა დარჩენილი დიზაინი სხვა შენობების მაგალითებიდან იყო აღებული. სატურნის ტაძრის ასაგებად გამოყენებული სპოლიების მაგალითებია ეგვიპტური გრანიტის სვეტის ლილვები და გვიანრესპუბლიკური აკანტუსის ფრიზი.[5]
სატურნის სხვა საკულტო გამოსახულებებზე დაყრდნობით, ტაძრის შიგნით მდებარე ღმერთის ხის ქანდაკება თავდაბურული იყო, ხელში ნამგლით. მისი ფეხები დაფარული იყო მატყლით, რომელსაც მხოლოდ 17 დეკემბერს, სატურნის დღეს ხსნიდნენ. ამ დღესასწაულზე მონებს დროებით ათავისუფლებდნენ და ოჯახის წევრები ერთმანეთს ასაჩუქრებდნენ.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Robert E.A. Palmer, Rome and Carthage at Peace (Franz Steiner, 1997), p. 63; Hans-Friedrich Mueller, "Saturn," in The Oxford Encyclopedia of Ancient Greece and Rome, p. 221.
- ↑ Livy, Ab Urbe Condita, 2.21
- ↑ Lawrence Richardson, A New Topographical Dictionary of Ancient Rome (Johns Hopkins University Press, 1992), p. 343.
- ↑ Coarelli, Filippo. Rome and Environs: An Archaeological Guide., გვ. 65.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Claridge, Amanda (2010). Rome: An Oxford Archaeological Guide, გვ. 84.
- ↑ Site for course on Temples of Castor and Pollux and Saturn დაარქივებული 2007-09-06 საიტზე Wayback Machine.