სატელევიზიო სპექტაკლი
სატელევიზიო სპექტაკლი, იგივე ტელესპექტაკლი — სატელევიზიო გადაცემის ჟანრი, რომელიც ტელევიზიის განვითარებასთან ერთად ჩამოყალიბდა. ის არის წარმოდგენა, რომლის ტრანსლირება ხდებოდა რამდენიმე კამერიანი სატელევიზიო სტუდიიდან, მოგვიანებით კი იწერებოდა ლენტზე და სრულიად განსხვავდება სატელევიზიო ფილმისგან, რომელშიც ერთი კამერა გამოიყენება კინოწარმოებისთვის.
საქართველოში ტელევიზიის არსებობის პირველივე წლებიდან განხორციელდა მნიშვნელოვანი სატელევიზიო დადგმები, რომლებშიც მონაწილეობდნენ დიდი მსახიობები: სერგო ზაქარიაძე, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, გიორგი გეგეჭკორი, დოდო აბაშიძე და სხვები. პირველი სატელევიზიო სპექტაკლი დადგეს მიხეილ თუმანიშვილმა, დავით ცხაკაიამ და მერაბ ჯალიაშვილმა. ტელევიზიის ისტორიაში, კომპოზიტორმა ნოდარ გიგაურმა პირველად შექმნა სატელევიზიო ოპერა- „გამზრდელი“.
ცნობილი ქართული სატელევიზიო სპექტაკლებია: „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (რეჟ. გ. კახაბრიშვილი), „უჩინმაჩინის ქუდი“ (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1976), „ერთი რამის სიყვარული დაფარვა, რომ სჭირდება“ (რეჟ. ზ. კანდელაკი, 1979), „ხორუმი ქართული ცეკვაა“ (რეჟ. გ. კახაბრიშვილი, 1982), „კუკარაჩა“ (რეჟ. თემურ ჩხეიძე), „მტრედის მოტანილი ბარათები“, „ჯაყოს ხიზნები“ (რეჟ. თემურ ჩხეიძე), „ოპერაცია დეიდა ტასო“, „ცოლ ქმარი ბინას დაეძებს“ და სხვები.