სასტვენი





სასტვენი — მუსიკალური ინსტრუმენტი, რომლის მიერ ხმის გამოცემაც განპირობებულია შიგ ჩაბერილი ჰაერის ნაკადის მეშვეობით. არის ფლეიტის სახეობა და შეიძლება ამოქმედდეს პირით, ჰაერის წნევითა და სხვა მეთოდებით. სასტვენებს განსხვავებული ზომები აქვთ, და მოიცავენ როგორც პატარა სასტვენებსა და სალამურებს, ასევე დიდ, მრავალმილიან საეკლესიო ორგანებს.
სასტვენები არსებობენ უძველესი დროიდან — იმ პერიოდიდან, როცა პირველმა ადამიანებმა გოგრისმაგვარი მცენარე ან ტოტი გამოჭრეს და აღმოაჩინეს, რომ მისი მეშვეობით ხმის გამოცემა შეიძლებოდა. პრეისტორიულ ეგვიპტეში სასტვენებად პატარა ნიჟარებს იყენებდნენ.[1] თანამედროვე ჩასაბერი საკრავების უმეტესობა სწორედ იმ პრიმიტიული სასტვენების შთამომავლებად მიიჩნევა. დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, სასტვენების ახალ-ახალი ფორმებიც შეიქმნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასტვენების განვითარება მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის ისტორიასა და ენერგიის გამოყენების შესაძლებლობების ზრდას.[2]
სასტვენის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია ის, რომ იგი წარმოქმნის სუფთა ან თითქმის სუფთა ტონს. ხმა წარმოიქმნება მაშინ, როცა ენერგია, რომელიც აირის ან სითხის ნაკადშია დაგროვებული, ურთიერთქმედებს მყარ ობიექტთან. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ურთიერთქმედება ისეთი ძლიერია, რომ მას შეუძლია მყარი მასაც კი მოძრაობაში მოიყვანოს. ამის კლასიკური მაგალითებია ეოლიანის ტონები — ხმები, რომლებიც ჩნდება ქარში აქანავებული ელექტროგადამცემი ხაზებიდან, ან ტაკომა-ნაროუს ბრიჯი(ცნობილი როგორც „გალოპინგ გერტი“). სხვა მაგალითებია ვიბრაციაში მოყვანილი წრიული დისკები.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული სასტვენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაცობრიობა ათასობით წლის განმავლობაში იყენებდა სასტვენებს, რომლებიც მზადდებოდა ძვლისა და ხისგან.[2] ძველი ბერძნები სასტვენებს გალიელი მონების გასაკონტროლებლად იყენებდნენ. არქეოლოგებმა იპოვეს ტერაკოტასგან დამზადებული სასტვენები ძველი საბერძნეთის ქალაქ ასოსში, რომლებიც, სავარაუდოდ, სათამაშოდ გამოიყენებოდა, და რომლებიც ბავშვის საფლავში იყო ჩაყოლებული.[4] ინგლისელები სასტვენებს ხამრობდნენ ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, რათა მშვილდოსნებისთვის ბრძანებები გადაეცათ. ნავსასხამების მილები ასევე გამოიყენებოდა საზღვაო გემებზე ბრძანებების გასაცემად და მაღალი თანამდებობის პირების მისალმების მიზნით.
ჯოზეფ ჰადსონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1870 წელს ჯოზეფ ჰადსონმა ბირმინგემში თავისი ძმის, ჯეიმსის დახმარებით დააარსა კომპანია „J Hudson & Co“. მათ ერთად შექმნეს სპილენძის სასტვენი სახელად „Acme City“, რომელიც მალე სპორტულ სამყაროში ინოვაციად იქცა. ეს იყო პირველი სასტვენი, რომელიც ოფიციალურად გამოიყენეს ფეხბურთის ასოციაციის თასის მატჩზე 1878–79 წლებში, როცა ერთმანეთს ნოტინგემ ფორესტი და შეფილდი შეხვდნენ.
სასტვენის გამოგონებამდე მსაჯებს მოთამაშეებისათვის სიგნალების სანიშნებლად უბრალოდ ცხვირსახოცები ან პლაკატები ჰქონდათ და მათი აღქმა რთული იყო.[5] ჰადსონის სასტვენმა ეს კომუნიკაცია ბევრად უფრო მარტივი და ეფექტური გახადა — ერთი ბგერა საკმარისი იყო თამაშის შესაჩერებლად ან ყურადღების მისაქცევად. სწორედ ამ სიახლემ დააკავშირა სასტვენი სპორტთან და სამუდამოდ შეცვალა თამაშის მსვლელობის კონტროლი.
1883 წელს ჯოზეფ ჰადსონმა დაიწყო მუშაობა განსაკუთრებული ტიპის სასტვენის შექმნაზე — მას სურდა ისეთი ხმა მიეღო, რომელიც საკმარისად ძლიერი იქნებოდა, რომ ხალხის ყურადღება დიდი მანძილიდან მიეპყრო. ამ იდეის დაბადების ისტორია ძალიან საინტერესოა: ერთხელ, როცა მან ვიოლინო იატაკზე დააგდო და დაემტვრა, წარმოიქმნა მკვეთრი და უწესრიგო ხმა. ჰადსონმა შენიშნა, როგორ გავრცელდა ეს უცნაური ბგერა სივრცეში და გაიფიქრა, რომ მსგავსი ეფექტი შეიძლებოდა მიეღო სასტვენშიც.
ამ დაკვირვების შედეგად, მან თავისი ახალი სასტვენის შიგნით ბარდა ჩასვა — ეს დეტალი ახდენდა ხმის არაწესრიგულ მოძრაობას და ქმნიდა ძლიერ და შორიდან ადვილად გასაგონ სიგნალს.[6] მანამდე სასტვენებს ძირითადად მხოლოდ მუსიკალური მიზნებით ან ბავშვებისთვის გასართობად იყენებდნენ, რადგან მათი ხმა სუსტი იყო.
ჰადსონმა ასევე შენიშნა, რომ ადგილობრივ პოლიციას უჭირდა ხალხის ყურადღების მიპყრობა, განსაკუთრებით დიდი თავშეყრების ან არეულობის დროს. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მისი ახალი, მჭახე და გამორჩეულად ჟღერადი სასტვენი იდეალურად მოუხდებოდა პოლიციას — გამოადგებოდა მას როგორც მარტივი და ეფექტური კომუნიკაციის ინსტრუმენტად.[6][7]
ჰადსონმა თავისი სასტვენი სკოტლანდ იარდს აჩვენა და პირველი კონტრაქტი 1884 წელს მიიღო. როგორც საჩხრიალო, ასევე სასტვენი გამოიყენებოდა დახმარების გამოსაძახებლად იმ ადგილებში, სადაც ქუჩის აურ-ზაური ერთი კაცის ხმას ფარავდა და ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციაში მათი წარმატების შემდეგ, სასტვენი გაერთიანებული სამეფოს პოლიციის უმეტესმა ძალებმაც შემოიღეს.[6]
პირველი მსოფლიო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთისა და ამერიკის არმიის ოფიცრები სასტვენებს იყენებდნენ ჯარისკაცებთან კომუნიკაციისთვის. სასტვენის ხმით ისინი აძლევდნენ ბრძანებებს, იწყებდნენ შეტევას ან აფრთხილებდნენ ჯარისკაცებს, რომ მალე საარტილერიო ცეცხლი გაიხსნებოდა.[8][9]
ბრიტანელების მიერ გამოყენებული თითქმის ყველა სასტვენი კომპანია J & Hudson Co.-ს დამზადებული იყო — სწორედ იმ კომპანიისა, რომელმაც სასტვენის მოდერნიზება ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო.[8] სასტვენი ომში უბრალო საკრავზე გაცილებით მნიშვნელოვანი იარაღი გახდა — ის ჯარისკაცებს სიცოცხლის გადარჩენაშიც კი ეხმარებოდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chisholm, Hugh, ed. (1911). . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 28 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 595–596.
- Whistle (Polish folk musical instruments)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Arroyos, Rafael Pérez (2003) Egypt: Music in the Age of the Pyramids, 1st, Madrid: Centro de Estudios Egipcios, გვ. 28. ISBN 978-8493279615.
- 1 2 „An ancient whistle was crafted from a human thigh bone“. Nature (ინგლისური). 585 (7824): 163. 2020-09-01. doi:10.1038/d41586-020-02509-9. S2CID 221465463.
- ↑ Chanaud, Robert C. (1970). „Observations of Oscillatory Radial Flow between a Fixed Disk and a Free Disk“. The Journal of the Acoustical Society of America. 47 (5B): 1471–2. Bibcode:1970ASAJ...47.1471C. doi:10.1121/1.1912065.
- ↑ Ancient whistle found in Assos en (19 October 2022). ციტირების თარიღი: 2023-02-11
- ↑ History of the Whistle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-21. ციტირების თარიღი: 2022-06-30
- 1 2 3 Hernandez, Daisy. (2020-04-30) Why We've Blown the Police Whistle for 150 Years en-US. ციტირების თარიღი: 2022-06-30
- ↑ The First Whistle. ციტირების თარიღი: 12 January 2021
- 1 2 Biscuits, puttees and ACME whistles en-GB (2014-06-04). ციტირების თარიღი: 2022-06-30
- ↑ Williamson, Lori. (2017-09-24) US Army Trench Whistle en. ციტირების თარიღი: 2022-06-30