სასამსახურო ძაღლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სასამსახურო ძაღლები — სხვადასხვა ჯიშის ძაღლები, რომელთაც იყენებენ საყარაულოდ, სამძებროდ, სამწყემსოდ, მარხილში შესაბმელად და სხვა საჭიროებისათვის. სასამსახურო ძაღლები გამოირჩევიან მძლავრი აღნაგობით, პატრონისა და მინდობილი ობიექტის კარგად დაცვის ინსტინქტით, დაუნდობლობით. საყარაულო და სამძებრო ძაღლებს სპეციალური წვრთნისშემდეგ იყენებენ სახელმწიფო საზღვრებისა და სამხედრო სამრეწველო და სამეურნეო ობიექტების დასაცავად, ბოროტმოქმედთა მოსაძებნად, გეოლოგიური ექსპედიციებში — მიწის წიაღში მადნის აღმოსაცენად, მიწისქვეშა აირის ქსლის დაზიანებული ადგილების მისაგნებად; სამხედრო სამსახურში — მეკავშირეებად, სანიტრებად, ნაღმის მაძიებლად და სხვა. სამწყემსო ძაღლებს — მეცხოველეობაში მტაცებლებისაგან საქონლის დასაცავად. შესაბმელ ძაღლებს ჩრდილოეთში სატრანსპორტო საშუალებად იყენებენ. სასამსახურო ძაღლებს განეკუთვნება ყველა ჯიშის ნაგაზი, დობერმან-პინჩერი, დოგი, ერდელტერიერი, ბოქსიორი, ბულდოგი, სენბერნარი, ნიუფაუნდლენდი, ჩრდილო-აღმოსავლეთის ყეფია, როტვეილერი, რიზენშნაუცერი, შავი ტერიერი, მოსკოვური საყარაულო და სხვა. მსოფლიოში აღრიცხულია 100-მდე სასამსახურო ძაღლების ჯიში. საქართველოში გავრცელებულია კავკასიური ნაგაზი უძველესი ადგილობრივი ჯიშია, რომელსაც იყენებენ მეცხოველეობის ფერმების დასაცავად. საქართველოში გავრცელდა აგრეთვე გერმანული ნაგაზი, ბოქსიორი, დოგი, დობერმან-პინჩერი, მცირე რაოდენობით — კოლი, ერდელტერიერი, სენბერნარი, ნიუფაუნდლენდი, როტვეილერი, რიზენშნაუცერი, შავი ტერიერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]