სასაზღვრო კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საზღვარი, საყოველთაოდ მიღებული მნიშვნელობით, აღნიშნავს მიჯნას ორ მთელს ან მთელის ორ ნაწილს შორის. სწორედ ასე ითარგმნება ლათინური limes - საზღვარი, ზღვარი. ძველ რომში, პრაქტიკულ სიტყვათხმარებაში, limes აღნიშნავდა არა საზღვარს, არამედ გარდამავალ ზონას.

საზღვარს სამი ძირითადი ფუნქცია აქვს: 1. ბარიერული (კავშირის გამაძნელებელი, დამაბრკოლებელი), 2. კონტაქტური (დამაკავშირებელი) და 3. ფილტრაციული (გაცხრილვის, გადარჩევის) ფუნქციები.

კულტურის გეოგრაფიაში საზღვარი განიხილება როგორც წარმოსახვითი გეოგრაფიული მიჯნა. არსებითად, ესაა მენტალური კატეგორია, რომელიც მოიცავს რეალურ გეოგრაფიულ სივრცეს და წარმოადგენს უნიკალური კულტურული გამოცდილების წარმოქმნის ადგილს.

სასაზღვრო კულტურათა მახასიათებლებად მიჩნეულია: სტრუქტურირების დაბალი დონე; შინაგანი დაძაბულობა და წინააღმდეგობანი, როგორც მუდმივი კონსტიტუციური ფაქტორი; სინკრეტული დომინანტის არსებობა; სხვადასხვა ისტორიული ქრონოლოგიის ფენომენთა თანაარსებობა; არქაულ ფენომენთა მუდმივი აქტივიზაცია;თვითიდენტიფიკაციის პრობლემის განსაკუთრებული აქტუალობა და მტკივნეულობა. კიდევ ერთ მახასიათებლად მიჩნეულია სასაზღვრო კულტურის მიერ მედიაციური ფუნქციის შესრულების უნარი, მისი თვისება - გადავიდეს ახალ მდგომარეობაში და, ამავე დროს, რჩებოდეს თარჯიმნად კულტურებს შორის. სასაზღვრო კულტურები შეიძლება განვიხილოთ როგორც ბუნებრივ-ისტორიული ხიდები დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.

სასაზღვრო კულტურის მნიშვნელოვან თვისებად ითვლება მისი ამბივალენტურობა. ამ კულტურის მატარებელი ადამიანი არ ეკუთვნის სრულად არც ერთ კულტურულ სივრცეს.

მკვლევართა ნაწილი საუბრობს არა სასაზღვრო კულტურებზე, არამედ სასაზღვრო ცივილიზაციებზე. ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თვისებრივად განსხვავებულ ტრადიციათა ურთიერთქმედების მომენტი.

კლასიკურ ცივილიზაციებს ერთიანი, მთლიანი ფუნდამენტი აქვთ, უპირველეს ყოვლისა, სულიერ-რელიგიური. სასაზღვრო ცივილიზაციებში უპირატესია (თუმცა არა აბსოლუტური) მრავალფეროვნების საწყისი, არ არსებობს ფუნდამენტის მთლიანობა; მათი კონსტრუქცია არაერთგვაროვანია. ამ თვალსაზრისის მომხრენი კლასიკურ ცივილიზაციებს განიხილავენ როგორც კულტურული სინთეზის მეტნაკლებად დასრულებული პროცესის შედეგს, სასაზღვრო ცივილიზაციებს კი - როგორც კულტურათა ურთიერთქმედების სამი ტიპის (კონფრონტაცია, სიმბიოზი, სინთეზი) ურთულეს კვანძს, რომლის მუდმივი მახასიათებელია სინთეზის დაუსრულებლობა. მათში ერთმანეთს დაეშრევება და ეჯახება კულტურათა კონტაქტის სამივე ტიპი.

საზღვრულობა ეტაპი კი არა, განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული თვისებაა, დამახასიათებელი ლოკალურ ცივილიზაციათა გარკვეული სახეობისათვის. საზღვრულობა მოიაზრება როგორც ცივილიზაციური პროცესის განსაკუთრებული ტიპი. ეს პროცესი დროში გაჭიმულია და შეიძლება რამდენიმე ათასწლეულსაც კი მოიცავდეს. ამდენად, საზღვრულობა დროებითი კი არა, კონსტანტური მდგომარეობაა.

სასაზღვრო ცივილიზაციებად სამეცნიერო ლიტერატურაში დასახელებულია იბერო-ამერიკული, ბალკანური და ჩრდილო-აღმოსავლეთ ევრაზიული ცივილიზაციები, რომელთა დამახასიათებელ ნიშნებად განიხილება ჰეტეროგენულობა, მრავალკულტურულობა, ლაბილურობა, ღიაობა, ელასტიურობა, ”სხვისი” გამოცდილების სწრაფი ათვისების უნარი. მკვლევართა აზრით, სასაზღვრო ცივილიზაციებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, წინააღმდეგობა გაუწიონ არახელსაყრელ საგარეო ფაქტორებსა და შინაგან კონფლიქტებს.