სარკინიგზო სიგნალი

სარკინიგზო სიგნალი — მექანიკური ან ელექტრული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა რკინიგზაზე მატარებელთა მოძრაობის დარეგულირება.
რკინიგზაზე სიგნალები ემსახურება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სამატარებლო და სამანევრო სამუშაოების გამართულ ორგანიზებას. სარკინიგზო სიგნალები მთლიანობაში შეადგენს რკინიგზის სიგნალიზაციის სისტემას. რკინიგზის სიგნალიზაცია შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ქვეყნებში (ასევე ცალკეულ რკინიგზებზე).
კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სარკინიგზო სიგნალები განსხვავდებიან აღქმის მიხედვით:
- ხილული — გამოიხატება ფორმით, ფერით, მდგომარეობით და ჩვენების რიცხვით.
- დღის — დისკები, დროშები, მაჩვენებლები. გვირაბებში დღის სიგნალები არ გამოიყენება.
- ღამის — ფანარები ჭოკებზე და მაჩვენებლებზე, დადგენილი ფერების ცეცხლი. შესაძლებელია გამოყენებული იყოს დღის განმავლობაში, თუ ცუდი ამინდის გამო, ნისლის ჩათვლით, დღის სიგნალების ხილვადობა საკმაოდ შეზღუდულია.
- სადღეღამისო — შუქნიშნების ფერები, ფერამრეკლიანი დისკები.
- ხმოვანი — გამოიხატება რიცხვით და სხვადასხვა ხანგრძლივობის ხმების შერწყმით.
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხილული სიგნალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხილული სიგნალები გამოიყენება სივრცეში მატარებელთა გასარჩევად (უფრო ზუსტად ბლოკ-უბანი), სახიფათო უბნების შესაზღუდად, ასევე გამოიყენება ხელის სიგნალებიც.
- მატარებეთა მოძრაობასთან დაკავშირებულ მუდმივ სიგნალებს მიეკუთვნება რკინიგზის შუქნიშანი და სემაფორი, რომლებიც გამოიყენება გადასარბენებზე, სადგურებზე და გადასასვლელებზე: მათ ასევე უკავშირებენ შლაგბაუმებს.
- შემოფარგვლის სიგნალები გამოიყენება ლიანდაგის სახიფათო, მატარებელთა მოძრაობის წინააღმდეგობის, სამუშაოთა წარმოების ადგილების მოსანიშნად, ასევე იძულებითი გაჩერებისას მატარებლის შემოსაფარგლავად. მათ მიეკუთვნება მუდმივი და გადასატანი დისკები, სხვადასხვა ფორმის ფარები და ფანარები.
- ხელის სიგნალები გამოიყენება სალოკომოტივე ბრიგადებისათვის ბრძანებების გასაცემად და ინფორმაციის გასაცვლელად. სიგნალები მიეცემა დროშით, ფანარით, დისკით ან უბრალოდ ხელით.
გავრცელება მიიღო შემდეგმა ფერებმა: მწვანე, რომელიც დადგენილი სიჩქარით მოძრაობის ნებას რთავს, ყვითელი, რომელიც მოძრაობის ნებას რთავს, მაგრამ შენელებული სიჩქარით და წითელი, რომელიც ითხოვს გაჩერებას. ხილულ სიგნალებს ასევე მიეკუთვნება მატარებლის თავის და ბოლოს ამღნიშვნელი ნიშანი, რკინიგზელთა მთელი რიგი პროფესიების მუშაკთა სპეციალური სასიგნალო ჟილეტები.
ხმოვანი სიგნალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხმოვანი სიგნალები გაიცემა ხელსაწყოებით, რომლებიც დაყენებულია წევის მოძრავ შემადგენლობაზე, ხელის სასტვენებით, სასულე რქოვანებით, სირენებით, საყვირებით, პეტარდებით და ზარებით. ლოკომოტივებზე ხმარობენ ორი ტიპის ხმოვან მოწყობილობებს — ტიფონებს, მაღალხმოვანი სიგნალებისთვის და სასტვენებს, დაბალხმოვანი სიგნალებისთვის. მაღალხმოვან სიგნალს ძირითადი ტონის სიხშირე და ხმის დონე უნდა ქონდეს საკმარისი, რათა ის გარკვევით ისმოდეს სამუხრუჭე ლიანდაგის სიგრძის საზღვრებში. მაგრამ აკუსტიკური დაჭუჭყიანების შესამცირებლად ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ფარგლებში, საკურორტე ზონებში და მანევრების სამუშაოებზე გამოიყენება მხოლოდ დაბალხმოვანი სიგნალი, მაშინ როცა მაღალხმოვანი სიგნალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში (მაგალითად, მატარებლის შეჯახების გაფრთხილებისთვის), ან გადასარბენებზე.
ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ხმოვანი სიგნალია — გამაფრთხილებელი, რომელიც გაიცემა ლოკომოტივის მიერ ერთი გრძელი საყვირით და აფრთხილებს მატარებლის მოახლოებას. ბრძანება „სდექ“ გამოისახება სამი მოკლე ხმოვანი სიგნალით და შეიძლება გაიცეს ნებისმიერი მოწყობილობით, ასევე რელსებზე ინტერვალით დალაგებული პეტარდებით. პეტარდა ამუშავდება მასზე გოგორწყვილების დაწოლისას და მისი აფეთქების ხმა კარგად ისმის მემანქანის კაბინაში; ეს სიგნალი მოითხოვს მატარებლის დაუყოვნებელ გაჩერებას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Хушит Л.И., Общий курс железных дорог: Учебник для техникумов и колледжей ж.-д. транспорта, М.: Маршрут, 2005, ISBN 5-89035-207-5.