შინაარსზე გადასვლა

სარა ჩერჩილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარა ჩერჩილი
წოდებები
მალბოროს ჰერცოგინია
ნელენბურგის გრაფინია
მინდელჰეიმის პრინცესა
დაიბადა 5 ივნისი, 1660
გარდაიცვალა 18 ოქტომბერი, 1744, (84 წლის)
საგვარეულო ჯენინგსები (დაბადებით)
ჩერჩილები (ქორწინებით)
მეუღლე(ები) ჯონ ჩერჩილი, მალბოროს ჰერცოგი
შვილ(ებ)ი შვიდი შვილი
მამა რიჩარდ ჯენინგსი
დედა ფრენსის თორნჰარსტი
ხელმოწერა
რელიგია ანგლიკანიზმი

სარა ჩერჩილი (ინგლ. Sarah Churchill; დ. 5 ივნისი, 1660 — გ. 18 ოქტომბერი, 1744) — ინგლისელი არისტოკრატი. მალბოროს ჰერცოგ ჯონ ჩერჩილის მეუღლე და მისი შვიდი შვილის დედა. თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი, როგორც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალ ანას ახლო მეგობარი.

სარა 1702 წელს

სარა დაიბადა 1660 წლის 5 ივნისს ჰერტფორდშირში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულის, რიჩარდ ჯენინგსისა და მისი მეუღლის, ფრენსის თორნჰარსტის ქალიშვილი. 1673 წელს დედამისი ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის ძმის, იორკის ჰერცოგ ჯეიმზ სტიუარტის მეუღლის, ჰერცოგინია მარია მოდენელის სეფექალი გახდა და ქალიშვილთან ერთად სამეფო კარზე გადავიდა. აქ სარა მალევე დაუმეგობრდა ჯეიმზის ქალიშვილ ანას, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ბოლომდე შეინარჩუნა და მოგვიანებით კარგადაც გამოიყენა. 1677 წელს სარა დააქორწინეს მალბოროს ჰერცოგ ჯონ ჩერჩილზე. 1685 წელს სარა და ჯონი მხარს უჭერდნენ განსვენებული მეფის შემდეგ ტახტზე მისი ძმის, ჯეიმზ II სტიუარტის დასმას, თუმცა 1688 წელს ისინი მის ქალიშვილს, მერი II-სა და მის მეუღლეს, უილიამ III-ს დაეხმარნენ სახელოვანი რევოლუციის მოწყობასა და ჯეიმზის დამხობაში.

1692 წელს დედოფალი მერი II უშვილოდ გარდაიცვალა, უილიამ III-ს კი ახალი ცოლი აღარ შეურთავს, ამიტომაც 1702 წელს ისიც უშვილოდ დაიღუპა. ამგვარ ვითარებასი ინგლისის ტახტი სარას საუკეთესო, ბევშვობის მეგობარმა — დედოფალმა ანამ დაიკავა. ამის შემდეგ სარა ჩერჩილი სამეფო კარზე დედოფლის შემდეგ ძალაუფლებით მეორე ქალი გახდა. შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში ქვეყანას სარა და მისი ქმარი მართავდნენ, თუმცა ჩერჩილისა და დედოფლის ძლიერი მეგობრობა მისმა ბიძაშვილმა, აბიგაილ მაშამ შეარყია, რომლის ინტრიგების წყალობითაც 1711 წელს ანამ სარა და მისი ქმარი სამეფო კარიდან გააძევა. წლების განმავლობაში სარა იყენებდა ვიგების პარტიის მხარდაჭერას დედოფალზე გავლენის მოსახდენად და ანას აიძულებდა ესპანური მემკვიდრეობის ომში ბრძოლა გაეგრძელებინა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ინგლისელები მემკვიდრეობისთვის არც კი იბრძოდნენ.

სარა ჩერჩილი 1714 წელს

1703 წელს მისი ვაჟის, ჯონის გარდაცვალებამ ფაქტობრივად შეარყია სარას მენტალური მდგომარეობა, რომელსაც საკმაოდ დიდ ხანს გლოვობდა. პირველი განხეთქილება ჩერჩილსა და დედოფალს შორის 1708 წლის 18 აგვისტოს, დღესასწაულზე მოხდა, რა დროსაც ანამ უარი თქვა იმ მძიმე სამკაულების ტარებაზე, რომლებიც სარამ სპეციალურად იმ დღისთვის აჩუქა. ამის შემდეგ ნაწყენმა სარამ დედოფალი სამლოცველოში არ შეუშვა, რამაც ანა ღრმად გაანაწყენა. ამის საპასუხოდ დედოფალი მხარს ყოველთვის ვიგების პარტიის მოწინააღმდეგე თორების პარტიას უჭერდა, სარას კი ეს არ მოსწონდა.

დედოფალი ანა 1714 წელს გარდაიცვალა უშვილოდ, რის გამოც ტახტი მისმა ბიძაშვილმა ჯორჯ I-მა დაიკავა, რის შემდეგაც ჩერჩილები სამეფო კარს დაუბრუნდნენ. ამ ამბიდან რვა წელიწადში ჯონ ჩერჩილი გარდაიცვალა. დარჩენილი ცხოვრება სარამ თავისი ქმრის მიერ დაწყებული ბლენჰაიმის სასახლის მშენებლობის დასრულებას შეალია. როგორც ცნობილია, მას ხშირად მოსდიოდა კონფლიქტი მთავარ არქიტექტორთან, რადგან იგი მისი ქმრის პროექტს თავისი შეხედულებებისამებრ ცვლიდა ხოლმე.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სარამ მემუარები დაწერა, რომელიც დიდ ინფორმაციას გვაწვდის დედოფალი ანას სამეფო კარის ცხოვრებაზე. იგი გარდაიცვალა 1744 წლის 18 ოქტომბერს ლონდონში, 84 წლის ასაკში.

  1. ჰარიეტი (1679), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  2. ჰენრიეტა (1681-1733), ცოლად გაჰყვა გოდოლფინის ჰერცოგ ფრანც გოდოლფინს;
  3. ანა (1683-1716), ცოლად გაჰყვა სანდერლენდის ჰერცოგ ჩარლზ სპენსერს;
  4. ჯონი (1686-1703), ბლანდფორდის მარკიზი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. ელიზაბეთი (1687-1714), ცოლად გაჰყვა ბრიჯუოთერის ერლ სკრუპ ეგერტონს;
  6. მერი (1689-1751), ცოლად გაჰყვა მონტაგუს ჰერცოგ ჯონ მონტაგუს;
  7. ჩარლზი (1690-1692), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  • Bucholz, R. O. The Augustan Court: Queen Anne and the Decline of Court Culture Stanford. Stanford: Stanford University Press, 1993. (ISBN 0-8047-2080-0)
  • Churchill, Sir Winston. Marlborough: His Life and Times. 2 vols. Chicago: University of Chicago Press, 2002. (ISBN 978-0-226-10633-5)
  • Harris, Frances. A Passion For Government: The Life of Sarah, Duchess of Marlborough. Oxford: Clarendon Press, 1991. (ISBN 0-19-820224-5)
  • Harris, Tim. Revolution: The Great Crisis of the British Monarchy, 1685–1720, Penguin Books, Ltd., 2006. ISBN 0-7139-9759-1.
  • Field, Ophelia. The Favourite: Sarah, Duchess of Marlborough. London: Hodder and Stoughton, 2002. (ISBN 0-340-76808-8)
  • Miller, John. James II (3rd ed. 2000) ISBN 0-300-08728-4.
  • Hibbert, Christopher. The Marlboroughs: John and Sarah Churchill (1650–1744). London: Viking Press, 2001. (ISBN 0-670-88677-7)