შინაარსზე გადასვლა

სარაბის სახანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარაბის სახანო

სარაბის სახანო (აზერ. Sərab xanlığı) — ნახევრადავტონომიური ტერიტორიული ერთეული ჩრდილო-დასავლეთ ირანში (თანამედროვე აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინცია), რომელიც არსებობდა XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე. სახანოს მართავდა შიიტური კონფესიის თურქიზებული ქურთული წარმოშობის შაკაკის ტომის წარმომადგენლები. ცენტრი ქალაქი სარაბი იყო, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობდა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ და სამხედრო-სტრატეგიულ ფუნქციებს ასრულებდა.

სარაბის სახანოს შექმნა მჭიდროდ უკავშირდება შაკაკის ტომის ისტორიულ გადაადგილებებსა და ირანში შექმნილ ძალაუფლებრივ არასტაბილურობას. შაკაკები იყვნენ ქურთული წარმოშობის მომთაბარე ტომი, რომლებიც დასავლეთ ირანის მთიანეთში ცხოვრობდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში ისინი სახლობდნენ მეშკინის რეგიონში. მათი რელიგიური იდენტობა შიიტური იყო, თუმცა დროთა განმავლობაში თურქულენოვან კულტურაში ჩაებნენ, რაც უკავშირდება როგორც რეგიონში არსებული ეთნიკურ-ლინგვისტური კონტაქტების გაძლიერებას, ისე პოლიტიკურ აუცილებლობას[1].

ნადირ შაჰ აფშარის (1736–1747) მმართველობისას შაკაკები ხორასანში გადაასახლეს, რაც შაჰის მიერ განხორციელებული ცენტრალიზაციის პოლიტიკის ნაწილი იყო. 1747 წელს, ნადირ შაჰის მკვლელობის შემდეგ, რომელიც ირანში პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფუძველი გახდა, შაკაკის ტომმა ირანის აზერბაიჯანში დაბრუნება მოახერხა. თუმცა ისინი აღარ დასახლებულან ძველ მიწებზე მეშკინში (რომელიც უკვე შაჰსევენების ტომის ხელში იყო), არამედ აირჩიეს ახალი არეალი — სარაბის, მიანისა და გარშემო ტერიტორიები[1].

1747 წელს შაკაკის ტომის მეთაურმა, ალი ხანმა, საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელ პოლიტიკურ წარმონაქმნს — სარაბის სახანოს. სახანოს ტერიტორია მოიცავდა დღევანდელი ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ნაწილს და ესაზღვრებოდა არდაბილისა და თავრიზის სახანოებს. ადმინისტრაციულად იგი იყოფოდა სამ მაჰალად: ჰაშტარის, გერმერუდის და სარაბის მაჰალებად, რომლებიც წარმოადგენდა ნახევრადავტონომიურ ადმინისტრაციულ ერთეულებს.

ალი ხანი, როგორც სახანოს დამფუძნებელი და პოლიტიკის არქიტექტორი, დიპლომატიურად მოქმედებდა მეზობელ სახანოებთან მიმართებით. მან დაამყარა მოკავშირეობრივი ურთიერთობები არდაბილისა და ყარაბაღის ხანებთან. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იყო მხარდაჭერა ქარიმ ხან ზენდის აჯანყებისთვის 1763 წელს, რის შედეგადაც ქარიმ ხანმა გაიმტკიცა ძალაუფლება სპარსეთში. ამ გზით ალი ხანი ცდილობდა თავი დაემკვიდრებინა როგორც ერთ-ერთი გავლენიანი მოთამაშე ახალშექმნილ პოლიტიკურ რეალობაში[1].

ალი ხანის გარდაცვალების შემდეგ (1786), სახანოს სათავეში მისი ვაჟი სადიკ ხანი ჩადგა. სადიკ ხანმა პოლიტიკურად აქტიური და ამბიციური ლიდერის რეპუტაცია მოიპოვა. 1787 წელს, სპარსეთში არსებული პოლიტიკური ქაოსით ისარგებლა და თავრიზზე თავდასხმის შედეგად ადგილობრივი მმართველი — ხუდადად ხანი მოკლა, რაც ადასტურებს სახანოს ცვალებად ძალაუფლებრივ სამხედრო შესაძლებლობებზე[1].

1791 წელს ყაჯართა დინასტიის დამფუძნებელი აღა მაჰმად ხანი ირანის აზერბაიჯანში შეიჭრა. სადიკ ხანმა თავრიზი დატოვა და სარაბში გამაგრდა, თუმცა დამარცხდა. ის და მისი მოკავშირე შაჰსევენების მეთაურები ტყვედ ჩავარდნენ. სარაბი და მიმდებარე სოფლები ამ დროს განადგურდა და დაარბიეს ყაჯარული ძალების მიერ. სახანო დროებით ავტონომია დაკარგა.

1797 წელს სადიკ ხანი მოულოდნელად გაჩნდა სპარსეთის პოლიტიკურ სცენაზე. მან მონაწილეობა მიიღო აღა მაჰმად ხანის ყარაბაღში ლაშქრობაში. სწორედ ამ დროს შაჰი შეთქმულებით მოკლეს. ისტორიული წყაროების მიხედვით, სადიკ ხანი ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილად ითვლებოდა შეთქმულებაში, რადგან სწორედ მას ჩააბარეს შაჰის სამეფო ინსიგნია და ძვირფასეულობა.

შემდგომში სადიკ ხანმა 15 ათასიანი არმია შეკრიბა და არაქსი გადმოკვეთა ირანის აზერბაიჯანზე ძალაუფლების მოსაპოვებლად. მან შეუტია ყაზვინს, მაგრამ ბაბა ხანის — შირაზის მმართველის (მოგვიანებით ფათ ალი შაჰ ყაჯარის) ძალებმა უკუაგდეს იგი. სადიკ ხანი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სარაბში და დანებებულიყო. ფათ ალი შაჰმა სადიკ ხანი შეინდო და ქალიშვილი ცოლად გააყოლა და ხელახლა დანიშნა სარაბის მმართველად.

თუმცა, ეს მშვიდობა ხანმოკლე აღმოჩნდა. 1798 წელს სადიკ ხანმა კვლავ სცადა აჯანყება ყაჯარების წინააღმდეგ, რომელიც მარცხით დასრულდა. იგი დააპატიმრეს, გადაიყვანეს თეირანში და გამოკეტეს გულისტანის სასახლეში, სადაც 1800 წელს ტყვეობაში გარდაიცვალა[1].

სარაბის სახანო არასოდეს ყოფილა სრულად დამოუკიდებელი სახელმწიფო. მისი სტატუსი უფრო ვასალურ-ავტონომიურ ერთეულად განიხილებოდა, რომელიც მოქმედებდა ცენტრალური ძალაუფლების მოშლის პირობებში, თუმცა საბოლოოდ მაინც ექვემდებარებოდა ძლიერ დინასტიებს — ზენდებსა და ყაჯარებს. სახანოს არსებობა წარმოადგენდა ტრადიციული ირანული ფეოდალური მოწყობის ერთ-ერთ გამოვლინებას, რომელშიც ეთნიკური ტომების, განსაკუთრებით კი ქურთებისა და თურქულენოვანი ჯგუფების როლი განსაზღვრული იყო როგორც სამხედრო, ისე ადმინისტრაციულად.

სარაბის სახანოს მმართველი შაკაკის ტომი წარმომავლობით ქურთული იყო, თუმცა XVIII საუკუნის ბოლოსთვის იგი უკვე მნიშვნელოვნად თურქიზებული იყო ენობრივად[2]. რელიგიურად ტომი შიიტურ ისლამს მისდევდა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა მის ლეგიტიმაციას ირანში იმ პერიოდის შიიტურ სახელმწიფოებრივ გარემოში. ტომური იდენტობა ამ კონტექსტში მჭიდროდ იყო დაკავშირებული რეგიონულ პოლიტიკასთან, რაც ასახავდა ეთნიკურად შერეულ და მრავალკონფესიურ სინამდვილეს.

სარაბის სახანოს საბოლოო გაუქმება შედარებით გარდამავალი პროცესი იყო, რომელიც თანდათანობითი ინტეგრაციის გზით განხორციელდა ყაჯართა ცენტრალურ ადმინისტრაციაში XIX საუკუნის დასაწყისში. განსაკუთრებით ფათ ალი შაჰის მმართველობის წლებში (1797–1834), სახანოების ავტონომიის შემცირება და ირანის ცენტრალიზაცია დაჩქარდა, რასაც თან ახლდა ტრადიციული ფეოდალური სტრუქტურების დაშლა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 Frontier nomads of Iran : a political and social history of the Shahsevan
  2. ↑ Vladimir Minorsky. Tadhkirat al-Mulūk. — 1943. — С. 165.