სან-ჯოვანი-დეი-ფიორენტინი

სან-ჯოვანი-დეი-ფიორენტინი(იტალ. San Giovanni dei Fiorentini) — მცირე ბაზილიკა და ტიტულარული ეკლესია რომის პონტეს რაიონში, იტალიაში.
ეკლესია მიძღვნილია წმინდა იოანე ნათლისმცემლისადმი — ფლორენციის მფარველისადმი. ფლორენციელთა ახალი ეკლესიის მშენებლობა დაიწყო მე-16 საუკუნეში რომში და დასრულდა მე-18 საუკუნის დასაწყისში. იგი ითვლება ფლორენციის ეროვნულ ეკლესიად რომში.
ეკლესია მდიდრულად მოირთო მე-16 და მე-17 საუკუნეებში, უმეტესად ფლორენციელი ხელოვანების მიერ შესრულებული ნამუშევრებით.

ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაპ იულიუს II-ის მემკვიდრემ, ფლორენციელმა პაპმა ლეო X დე’ მედიჩიმ (1513–1521), 1518 წელს დაიწყო არქიტექტორთა კონკურსი ახალი ეკლესიის ასაშენებლად ძველი სან პანტალეოს ეკლესიის ადგილზე. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს არაერთმა არქიტექტორმა, მათ შორის ბალდასარე პერუციმ, იაკოპო სანსოვინომ, ანტონიო და სანგალო უმცროსმა და მხატვარმა და არქიტექტორმა რაფაელმაც. თავდაპირველი მთავარი იდეა ცენტრალიზებული ეკლესიის კონცეფციას ეფუძნებოდა[1].

კონკურსში გამარჯვება იაკოპო სანსოვინომ მოიპოვა, თუმცა საბოლოოდ მშენებლობის შესრულება ანტონიო და სანგალოსა და ჯაკომო დელა პორტას დაევალა.[2]
1559 წელს, ტოსკანის ჰერცოგმა კოზიმო I დე’ მედიჩიმ მიქელანჯელოს სთხოვა ეკლესიისთვის არქიტექტურული პროექტების შექმნა. მან წარადგინა ცენტრალიზებული ტაძრის პროექტი, თუმცა ეს გეგმა არ იქნა მიღებული[3].

ეკლესიის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა 1583-1602 წლებში არქიტექტორ ჯაკომო დელა პორტას ხელმძღვანელობით, ლათინური ჯვრის ფორმის გეგმარების მიხედვით. 1602 წლიდან 1620 წლამდე მშენებლობას ხელმძღვანელობდა კარლ მადერნა, რომელმაც წამყვანი როლი შეასრულა გუმბათისა და ეკლესიის მთავარი ნაწილის აგებაში. თუმცა ფასადის დასრულება, რომელიც ალესანდრო გალილეის დიზაინზეა დაფუძნებული, მხოლოდ 1734 წელს აიგო.[4]
1623–24 წლებში ჯოვანი ლანფრანკომ შექმნა ფერწერული ნამუშევრები საკეტის სამლოცველოსთვის.[5]
1634 წელს ბაროკოს სტილის ცნობილი მხატვარსა და არქიტექტორს, პიეტრო და კორტონას, ფლორენციელმა არისტოკრატმა ორაციო ფალკონიერიმ სთხოვა ეკლესიის მაღალი საკურთხევლის დიზაინის შექმნა.[6] ალტარის ესკიზები, მისი განლაგების ნახაზები და მოდელიც მომზადდა, თუმცა პროექტი მაშინ არ განხორციელდა. კორტონას ჩანაფიქრი იყო საკვირაო ქოროს სივრცეში ისეთი ფანჯრების მოწყობა, რომლებიც მრევლის თვალთახედვას იქნებოდა დამალული და შიგნიდან გაანათებდა საკურთხეველს ეს ბაროკოსთვის დამახასიათებელი „დამალული სინათლის“ ერთ-ერთი პირველი მაგალითი იყო, რომელსაც მოგვიანებით ფართოდ გამოიყენებდა ბერნინი.
დაახლოებით 20-30 წლის შემდეგ, ორაციო ფალკონიერიმ ხელახლა გააცოცხლა ქოროს პროექტი, მაგრამ ამჯერად სამუშაო ფრანჩესკო ბორომინის, ბაროკოს გამორჩეულ არქიტექტორს მიანდო. ბორომინიმ შეცვალა დიზაინი, რათა უზრუნველეყო ორაციოს ძმის, კარდინალ ლელიო ფალკონიერის დაკრძალვის ადგილი. ბორომინის გარდაცვალების შემდეგ, 1667 წელს, სამუშაო ნაწილობრივ შეცვალა და დაასრულა კორტონამ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ 1669 წელს მისმა მოწაფემ და თანაშემწემ, ჩირო ფერიმ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Heydenreich, L.; Lotz, W. (1974) „Architecture in Italy 1400-1600“, Pelican History of Art, გვ. 195-196.
- ↑ Chiesa di San Giovanni Battista dei Fiorentini. Lonely Planet. ციტირების თარიღი: 7 August 2015
- ↑ Heydenreich & Lotz, 1974, p. 257
- ↑ Guide Rionali di Roma , Rione V, Ponte, Parte IV, 1975, p.16 (in Italian)
- ↑ Giovanni Lanfranco. Matthiesen Gallery. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი 2006. ციტირების თარიღი: 8 March 2015
- ↑ Blunt, Anthony. Guide to Baroque Rome, Granada, 1982, p.51; Merz, Jorg Martin. Pietro da Cortona and Roman Baroque Architecture, Yale, 2008, pp 87-91