სან-ტომე (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სან-ტომე
მშობ. სახელი: პორტ. São Tomé
გეოგრაფია
მდებარეობა ატლანტის ოკეანე
კოორდინატები 00°14′00″ ჩ. გ. 06°36′00″ ა. გ. / 0.23333° ჩ. გ. 6.60000° ა. გ. / 0.23333; 6.60000
ფართობი 854 კმ²
სიგრძე 48 კმ
სიგანე 32 კმ
უმაღლესი წერტილი 2024 მ
სან-ტომე და პრინსიპის დროშა სან-ტომე და პრინსიპი
პროვინცია სან-ტომეს პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 179 814 (2012)
სიმჭიდროვე 209,33 ად. /კმ²
სან-ტომე (კუნძული) — ატლანტის ოკეანე
სან-ტომე (კუნძული)

სან-ტომე (პორტ. São Tomé) — კუნძული ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში. სან-ტომე და პრინსიპის სახელმწიფოს შემადგენელი ყველაზე დიდი კუნძული. არსებობს საერთაშორისო აეროპორტი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვინეის ყურე
კაო გრანდეს პიკი ობოს ბუნებრივ პარკში

ფართობი — 854 კმ². კუნძული სან-ტომე და მასთან ახლომდებარე მომცრო კუნძულები (კაბრაში, როლაში) ქმნიან სან-ტომეს პროვინციას, რომლის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სან-ტომე.

კუნძულის სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ შეადგენს დაახლოებით 48 კმ-ს, სიგანე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დაახლოებით 32 კმ-ს. კუნძული ეკვატორიდან 2 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს. კონტინენტზე ყველაზე უფრო ახლომდებარე ქალაქია — პორტ-ჟანტილი გაბონში (240 კმ-ით აღმოსავლეთში).

კუნძული ვულკანური წარმოშობისაა. მთებს უკავია მთელი ტერიტორიის 2/3. კუნძულის უმაღლესი წერტილია — პიკუ-დე-სან-ტომეს მთა (2024 მეტრი). კრატერებში — პატარა ტბებია. ნაპირები დაკლაკნილი და კლდოვანია. ყველაზე უფრო დიდი მდინარეებია — აგუა-გრანდე და იო-გრანდე. მდინარეები ჩქარი დინებისაა და ჭორომებიანია. მოსახლეობა უზრუნველყოფილია მტკნარი სასმელი წყლით.

განიცდის გვალვებს და ნიადაგის მნიშვნელოვან ეროზიას ტყის მასივების გაჩეხვის გამო. ნიადაგი ძირითადად ქვიშოვანია, რომელიც ჩამოყალიბებულია პირველ რიგში ვულკანური ქანებით.

კლიმატი გარდამავალია ზღვის ეკვატორული კლიმატური სარტყელიდან ზღვის ტროპიკულ კლიმატურ სარტყელამდე, ცხელი და ნოტიოა. სანაპიროზე იანვრის საშუალო ტემპერატურაა +26 °C, ივლისის +23 °C, ნალექების წლიური რაოდენობა — 1000—1100 მმ, მთებში — 3000 მმ-მდე. წვიმები მოდის თითქმის მთელი წლის განმავლობაში, რელიეფის განსაკუთრებულობის გამო ჩამოყალიბებულია რამდენიმე ლოკალური ზონა საკუთარი მიკროკლიმატით, არსებობს მოკლე, შედარებით მშრალი პერიოდი, ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით. ყველაზე უფრო ნოტიო თვეა — მარტი, როდესაც წვიმა მოდის 8-12 საათი დღე-ღამეში, ხოლო ტემპერატურაა დაახლოებით 30 °C.

მთების ფერდოებზე, ზღვის დონიდან 900 მეტრი სიმაღლიდან იზრდება ტროპიკული ტყე, ატმის და ციტრუსის ხეები. სანაპიროებზე, მდინარეების შესართავებთან — მანგროს ტყეები, სანაპირო რაიონებში — ბანანი, მანგო, ნუში, კაკაო, ქოქოსი, ტროპიკული ხე-გიგანტი ირვინგია, ნესვის ხე და პურის ხე. 1990 წლიდან კუნძულ სან-ტომეზე ევროპის კავშირი ასპონსორებს ტყის კონსერვაციის პროგრამას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული აღმოაჩინა პორტუგალიელმა ზღვაოსნებმა 1469 და 1471 წლებს შორის. პირველი დასახლება კუნძულ სან-ტომეზე 1493 წელს დააარსა პორტუგალიელმა ალვარუ დე კამინიამ, რომელმაც ეს მიწები მიიღო საჩუქრის სახით პორტუგალიის სამეფოსგან. XVI საუკუნის შუა პერიოდში მონური შრომის საშუალებით პორტუგალიელებმა სან-ტომე და პრინსიპის კუნძულები გადააქციეს შაქრის მსხვილ მიმწოდებლად ევროპულ ბაზარზე.

100 წლის შემდეგ შაქრის წარმოებას უკვე მოგება აღარ მოჰქონდა და XVII საუკუნის შუა პერიოდში სან-ტომე წარმოადგენდა მხოლოდ გემების დროებით გასაჩერებელ პორტს. XIX საუკუნის დასაწყისში აქ დაიწყეს კაკაოს და ყავის გაშენება. მდიდარი ვულკანური ნიადაგი ხელს უწყობდა დიდი მოსავლის მიღებას და მიწის დამუშავებისათვის ვარგისი კუნძულების თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავა პლანტაციებმა. 1908 წლისთვის სან-ტომე გახდა კაკაოს და ყავის მსოფლიოში მსხვილი მწარმოებელი.

პლანტაციური მეურნეობის სისტემა დამყარებული იყო აფრიკის კონტინენტიდან დაქირავებული მუშების მკაცრ ექსპლუატაციაზე (კერძოდ ანგოლიდან). მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიამ ოფიციალურად გააუქმა მონათმფლობელობა ჯერ კიდევ 1876 წელს, პლანტაციებში შრომის პირობები იყო მონურის მსგავსი. ამან გამოიწვია მღელვარებები, რომელთაგან ყველაზე დიდი მოხდა 1953 წელს, როდესაც ასობით მუშა-აფრიკელი დაიღუპა პორტუგალიელ პლანტატორებთან შეტაკებებში.

1960 წელს სან-ტომელების მცირე ჯგუფმა შექმნა სან-ტომე და პრინსიპის განთავისუფლების კომიტეტი, რომელიც დაბანაკებული იყო მეზობელ გაბონში. 1972 წელს კომიტეტი გადაკეთდა პოლიტიკურ პარტიად და ეწოდა სან-ტომე და პრინსიპის განმათავისუფლებელი მოძრაობა/სოციალ-დემოკრატიული პარტია (პორტ. Movimento de Libertação de São Tomé e Príncipe, MLSTP/PSD).

1975 წლის 12 ივლისს სან-ტომე და პრინსიპიმ მიიღო დამოუკიდებლობა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 179 814 ადამიანს[1][2][3], ანუ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 96 %. კუნძულზე ძირითადად ცხოვრობენ ბანტუს სხვადასხვა აფრიკელი ხალხის ევროპელებთან (ძირითადად პორტუგალიელებთან) შერეული ქორწინების შედეგად წარმოშობილი ხალხი, ასევე პორტუგალიელების მცირე რაოდენობა. კუნძულზე ოფიციალური ენაა პორტუგალიური, მოსახლეობის ნაწილი ასევე საუბრობს პორტუგალიურზე დაფუძნებულ კრეოლური ენის სხვადასხვა ნაირსახეობებს (ფორუ, ანგოლარი).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით კუნძული სან-ტომე დაყოფილია 6 ოლქად:

სან-ტომე და პრინსიპის ადმინისტრაციული დაყოფა ოლქებად

რუკაზე
ოლქები ადმ. ცენტრი პროვინციები ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1][2][3]
ად. (2012)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 აგუა-გრანდე სან-ტომე სან-ტომე 17 73 091 4299,47
2 კანტაგალუ სანტანა სან-ტომე 119 18 194 152,89
3 კაუი სან-ჟოზე-დუშ-ანგოლარეში სან-ტომე 267 6887 25,79
4 ლემბა ნევეში სან-ტომე 230 15 370 66,83
5 ლობატა გვადალუპე სან-ტომე 105 20 007 190,54
6 მი-სოჩი ტრინდადი სან-ტომე 122 46 265 379,22
სულ 859 179 814 209,33

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]