შინაარსზე გადასვლა

სან-სებასტიანო-ფუორი-ლე-მურა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
San Sebastiano fuori le mura, ფასადი

სან-სებასტიანო-ფუორი-ლე-მურა — (იტალ. San Sebastiano fuori le mura) მცირე ბაზილიკა რომში, ცენტრალურ იტალიაში. დიდ იუბილემდე 2000 წელს, სან სებასტიანო ერთ-ერთი იყო რომის შვიდი მომლოცველობის ეკლესიიდან, და ბევრი მომლოცველი კვლავაც მისდევს ტრადიციულ სიას (სავარაუდოდ იმიტომაც, რომ იქ მდებარეობს კატაკომბები).

სახელწოდება ad catacumbas (კატაკომბებთან) მიუთითებს წმინდა სებასტიანეს კატაკომბებზე, რომლებზეც აშენებულია ეკლესია, ხოლო "fuori le mura" ნიშნავს, რომ ეკლესია აშენებულია ავრელიანეს კედლების გარეთ. ამ სახელით მას განასხვავებენ სან სებასტიანო ალ პალატინოსგან ეკლესიისგან, რომელიც პალატინის ბორცვზე მდებარეობს.

გადმოცემის თანახმად[1] , 258 წელს, ვალერიანეს მიერ განხორციელებული დევნის დროს, კატაკომბები დროებით გამოიყენეს როგორც წმინდა პეტრესა და პავლეს რომში წამებული ორი წმინდანის დასამარხი ადგილი[2]. ამასთან დაკავშირებით, IV საუკუნის პირველ ნახევარში, კონსტანტინე დიდმა დააარსა პირველი ბაზილიკა, რომელიც მოიხსენიებოდა როგორც მოციქულთა ბაზილიკა (Basilica Apostolorum)[3]. მოგვიანებით, მოციქულთა წმინდა ნაწილები გადაასვენეს იმ ორ ბაზილიკაში, რომლებიც დღეს მათი სახელებით არის ცნობილი.

წმინდა სებასტიანე იყო ცნობილი რომაელი წამებული III საუკუნეში, რომლის ნეშტიც დაახლოებით 350 წელს გადმოასვენეს აქ. ბაზილიკას მისი სახელი IX საუკუნეში მიენიჭა[4].

ორიგინალური ბაზილიკის კონიუქტურული მოდელი

826 წელს, სავარაუდო სარაცინული თავდასხმის შიშით, მისი (წმინდა სებასტიანეს) ნეშტი გადაასვენეს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. თავდასხმა მართლაც მოხდა და ბაზილიკა განადგურდა.[5] შენობა ხელახლა დაარსდა ნიკოლოზ I პაპის (858–867) პერიოდში, ხოლო წამებულის საკურთხეველი ხელმეორედ აკურთხა ჰონორიოს III-მ (1216–1227), ცისტერციანელთა თხოვნით, რომლებმაც ეს ადგილი ჩაიბარეს. XIII საუკუნეში კი სამნავიანი დარბაზის თაღები აგურით ამოავსეს.

წმინდა სებასტიანეს ბაზილიკა რომში მდებარე შვიდი მთავარ ბაზილიკიდან ერთ-ერთია, რომლებიც ტრადიციულად მორწმუნე მოგზაურებმა უნდა მოილოცონ. ეს ტრადიცია განსაკუთრებით გავრცელდა 1553 წლის შემდეგ, როდესაც წმინდა ფილიპე ნერიმ დააწესა "შვიდი ეკლესიის მოლოცვა" განსაკუთრებული სახის დღესასწაულებრივი მოლოცვა, რომელიც ერთი დღის განმავლობაში სრულდება და იწყება წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან, ხოლო მთავრდება სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში[6] . ქუჩა, რომელიც წმინდა პავლეს კედლებს გარეთ მდებარე ბაზილიკას წმინდა სებასტიანეს ბაზილიკასთან აკავშირებს, დღესაც "შვიდი ეკლესიის გზა" (Via delle Sette Chiese)-დ არის წოდებული.

დღევანდელი ნაგებობა ძირითადად XVII საუკუნის შენობაა, რომელიც 1609 წელს კარდინალმა შიპიონე ბორგეზემ დაავალა არქიტექტორ ფლამინიო პონციოს. პონციოს გარდაცვალების შემდეგ, 1613 წელს, სამუშაოები განაგრძო ჯოვანი ვაზანციომ, რომელმაც საბოლოოდ დაასრულა ბაზილიკის მშენებლობა.

სან სებასტიანოს კატაკომბები - შესასვლელი დეტალი

წმინდა სებასტიანეს ქანდაკება, რომელიც მდებარეობს მარცხენა მხარეს პირველ საკურთხეველში, შექმნილია ჯუზეპე ჯორჯეტის მიერ. ნავის პირდაპირ, რელიქვიების სამლოცველოში, ინახება ქვა, რომელზეც, ლეგენდის მიხედვით, აღბეჭდილია იესოს ფეხის ნაკვალევი ეს უკავშირდება "Quo vadis?"-ის ეპიზოდს, რომელიც აღწერილია აპოკრიფულ "პეტრეს საქმეებში"[7]. აქვე დაცულია ისრის ერთი ნაწილი, რომელიც წმინდა სებასტიანეს დაეცა წამების დროს, და ასევე სვეტის ნაწილი, რომელზე მიბმული იყო წამებისას.

გამორჩეულია ალბანის სამლოცველო (აშენებული 1716 წელს)[8], რომელიც შექმნეს კარლო მარატამ, ალესანდრო სპეკიმ, ფილიპო ბარიჯონიმ და კარლო ფონტანამ. სამლოცველო პაპმა კლემენტ XI-მ დააფინანსა და ის მიძღვნილია პაპ ფაბიანესადმი რომის ეპისკოპოსისადმი დეკიუსის დევნის პერიოდში. საკურთხევლის ორივე მხარეს მოთავსებული წმინდა პეტრესა და პავლეს ბიუსტები, ავტორობით ნიკოლო კორდიერისა, მიანიშნებს ბაზილიკის პირვანდელ მოციქულთა ადრეულ ნაკურთხზე.

ჯან ლორენცო ბერნინის იესო

მარჯვენა მხარეს, ნიშაში, გამოფენილია ცნობილი “მხსნელის ბიუსტი” (Salvator Mundi) ჯან ლორენცო ბერნინის ბოლო შედევრი, რომელიც ხელახლა იქნა აღმოჩენილი 2001 წელს, ეკლესიასთან მიმდებარე მონასტერში.[9][10]

  1. "Secondo la tradizione", Touring Club Italiano, Roma e dintorni (1965) p. 395.
  2. "The Basilica of St. Sebastian Outside the Walls", Arte.it
  3. According to Touring Club Italiano, Roma e dintorni (1965) p. 395.
  4. Touring Club Italiano, Roma e dintorni, eo. loc.
  5. Guerra santa. Quell'anno in cui i musulmani presero Roma.
  6. Schneible, Ann. "Visiting the Seven Pilgrim Churches of Rome", Zenit, November 12, 2012
  7. Erik Inglis, “Inventing Apostolic Impression Relics in Medieval Rome,” Speculum 96/2 (April, 2021), 309-66.
  8. About 1716 according to TCI Roma e dintorni.
  9. Petrucci 2022.
  10. catacombe 2022.