სან-დიეგოს გეგმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სან-დიეგოს გეგმა
ძირითადი კონფლიქტი: მექსიკის რევოლუცია
თარიღი 6 იანვარი, 1915
ადგილი სან-დიეგო, ტეხასი, აშშ
მონაწილეები კარანსისტები და უერისტები

სან-დიეგოს გეგმა (ინგლ. Plan of San Diego; ესპ. Plan de San Diego) — 1915 წელს უცნობი მექსიკელი ამბოხებულების მიერ, აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ სან-დიეგოში შემუშავებული გეგმა, რომლებიც გეგმავდნენ სოციალური არეულობით მიეღოთ პოლიტიკური და ეკონომიკური მოგება. გეგმის განხორციელების მცდელობის შედეგად, დაიწყო ამბოხებულების კონფლიქტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ბანდიტური ომის სახელითაა ცნობილი.

გეგმის რეალური მიზანი დებატების საგანია. გეგმაში ლაპარაკი იყო: „ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებში ხელისუფლების დამხობის მცდელობა“. თუმცა, ზოგიერთი თეორიის თანახმად, გეგმის ნამდვილი მიზანი იყო იმ პირობების შექმნა, რომლითაც აშშ იძულებული გახდებოდა მხარი დაეჭირა მექსიკის რევოლუციაში ერთ-ერთ დაპირისპირებულ მხარეს (რაც საბოლოოდ მოხდა).

გეგმაში გაწერილი იყო: „ყველა ზრდასრული ანგლოსის მკვლელობა აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთის შტატებში“ და „მიწის დაბრუნება მექსიკელებს“, მაგრამ გეგმა ცნობილი გახდა დროზე ადრე, სანამ ის სრულად ამოქმედდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყება არ განხორციელებულა, ტეხასში შეტაკებებს ადგილები მაინც ჰქონდა, რომელიც 1915 წლის ივლისში დაიწყო. შეტაკებებს წინ აღუდგნენ ტეხასელი რეინჯერები, აშშ-ის არმიის ნაწილები და ადგილობრივი თავდაცვითი ჯგუფები. საერთო ჯამში, ტეხასის ტერიტორიაზე განხორციელებულმა 30 რეიდმა (შეტაკებამ) გაანადგურა დიდი რაოდენობით ქონება და ემსხვერპლა 21 ამერიკელი.[1] დღემდე არ არის ცნობილი, ვინ იყო პასუხისმგებელი სან-დიეგოს გეგმის შედგენაზე, მაგრამ არსებობს თეორიები, რომლის მიხედვითაც გეგმის უკან მექსიკელ რევოლუციონერებს ასახელებენ.

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მექსიკის რევოლუციის პერიოდში, განსაკუთრებით 1910 წლის შემდეგ, პორფირიო დიასის მთავრობა ებრძოდა მეამბოხე ფრაქციებს. ამ ბრძოლებმა გამოიწვია მეამბოხეების ნაწილის დიასის მთავრობის წნეხით აშშ-ში გადასვლა, მათი უმრავლესობა თავი ტეხასის შტატში შეაფარა. მექსიკელი დისიდენტები სამხრეთი ტეხასის პოლიტიკურ წესრიგს არღვევდნენ, რაც შტატის მთავრობას აწუხებდა.[2] სან-დიეგოს გეგმა ამ სოციალური არეულობის შედეგად შემუშავდა.

გეგმის შემუშავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალხებისა და რასების განმათავისუფლებელი არმიის შექმნის გამოცხადებით, სან-დიეგოს გეგმის შემქნელები გეგმავდნენ აფრო-ამერიკელების, მკვიდრი ამერიკელებისა და მექსიკელი ამერიკელების გადმობირებას, აშშ-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.[1] გეგმის მიზანი „ტეხასის, ნიუ-მექსიკოს, არიზონის, კალიფორნიისა და კოლორადოს აშშ-სგან გათავისუფლება“ იყო. ეს შტატები დამოუკიდებელი რესპუბლიკები გახდებოდნენ, რომლებიც მომავალში შეიძლება მექსიკასთან გაერთიანებულიყვნენ. ჩრდილოეთით, ამბოხებულები იმედოვნებდნენ, რომ დაემორჩილებდნენ აშშ-ის სხვა შტატებს, აშშ-სა და მექსიკას შორის ბუფერული ზონის შექმნის მიზნით.

სან-დიეგოს გეგმის დაწყების თარიღად 1915 წლის 20 თებერვალი განისაზღვრა. გეგმის მიხედვით, თექვსმეტი წლის ზევით ყველა თეთრკანიანი ანგლო-ამერიკელი მამაკაცი უნდა მოეკლათ, სიკვდილსგან მხოლოდ მოხუცები, ქალები და ბავშვები თავისუფლდებოდნენ.[2] ასევე დაისჯებოდნენ მექსიკელი ამერიკელები, რომლებმაც უარს განაცხადებდნენ გეგმაში მონაწილეობაზე. გეგმა მნიშვნელოვან გარანტიას აძლევდა აფრიკელ ამერიკელებს და ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას, ამ უკანასკნელს, გეგმის შესრულების შემთხვევაში მათ მშობლიურ მიწებს დაუბრუნებდნენ.[2]

სან-დიეგოს გეგმა ტეხასის შტატის ქალაქ სან-დიეგოში შემუშავდა, თუმცა, სინამდვილეში მას ხელი ამბოხებულებმა მექსიკის ქალაქ მონტერეიში მოაწერეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ვინაობა და მოტივაცია უცნობია, არსებობს ბევრი ვერსია იმისა, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი გეგმაზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Coerver, Don M.. The Plan of San Diego. Texas State Historical Association. ციტირების თარიღი: 9 November 2014.
  2. 2.0 2.1 2.2 Charles H. Harris III and Louis H. Sadler, The Plan of San Diego, University of Nebraska Press, spring 2003