შინაარსზე გადასვლა

სანჯუგო ნაოკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაპონ. 直木三十五
დაბადების თარიღი 12 თებერვალი, 1891(1891-02-12)
დაბადების ადგილი ოსაკა
გარდაცვალების თარიღი 24 თებერვალი, 1934(1934-02-24) (43 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტოკიო
საქმიანობა რომანისტი, სცენარისტი, მწერალი, კინოპროდიუსერი, კინორეჟისორი და ლიტერატურული კრიტიკოსი
მოქალაქეობა იაპონია
ალმა-მატერი ვასედის უნივერსიტეტი
ხელმოწერა

სანჯუგო ნაოკი (იაპონ. 直木 三十五, ნაოკი სანჯუგო; დ. 12 თებერვალი, 1891 — გ. 24 თებერვალი, 1934) — ლიტერატურული ფსევდონიმი იაპონიის ტაიშოს და შოვას პერიოდის მწერლისა. მისი ნამდვილი სახელი იყო სოიჩი უემურა (იაპონ. 植村 宗 一 უემურა სოიჩი).

ნაოკი სანჯუგო დაიბადა 1891 წლის 12 თებერვალს იმ ადგილას, რომელიც ახლა იწოდება ჩუო-კუდ (ოსაკა). ცნობილი ისტორიკოსი უემურა სეიჯი, აღმოსავლეთ აზიის ისტორიის სპეციალისტი, მისი ძმა იყო. მამის ნების საწინააღმდეგოდ, ნაოკი ჩაირიცხა ვასედას უნივერსიტეტის მოსამზადებელ სკოლაში ინგლისური ლიტერატურის შესასწავლად, მაგრამ იძულებული გახდა, რამდენჯერმე შეეწყვიტა სწავლა სწავლის საფასურის გადახდის შეუძლებლობის გამო.

1920 წელს მან ითანამშრომლა ცნობილ მწერლებთან ტონ სატომისთან, მასაო კუმესა და ისამუ იოშიისთან და იმუშავა ლიტერატურულ ჟურნალ ნინგენზე („ადამიანი"). ის ოსაკაში დაბრუნდა 1923 წლის დიდი კანტოს მიწისძვრის შემდეგ. თავდაპირველად ცდილობდა კოსმეტიკის კომპანიაში მუშაობას, მაგრამ მალე კვლავ დაუბრუნდა ლიტერატურულ სამყაროს.

მაცუტარო კავაგუჩის მოწვევით, ნაოკიმ ოსაკაში დაიწყო მუშაობა ლიტერატურული ჟურნალის, „კურაკუს" („სიხარული და ტანჯვა") რედაქტორად, შეიტანა საკუთარი პროზაული ნაწარმოებები და მალე ხელი მიჰყო რომანების გამოცემას. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული იყო კინემატოგრაფიის ახალი ტენდენციებით, და პარალელურად ცდილობდა კინოსცენარების წერას, მან მაინც ვერ მოიპოვა ვერც ერთი კინოსტუდიის ინტერესი. 1927 წელს ტოკიოში გადავიდა, სადაც შესაძლებლობები უფრო მაღალი ჩანდა. მიიღო თანამდებობა ლიტერატურულ ჟურნალ „ბუნგეიშუნჯუში", სადაც სახელი გაითქვა მწვავე ლიტერატურული კრიტიკის წერის გამო. მისი კრიტიკა შერეული იყო სკანდალურ ჭორებთან მწერლების შესახებ, რითაც აბუჩად იგდებდა მის თანამედროვეთაგან ბევრს.

ლიტერატურული კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1929 წელს გამოიცა მისი ისტორიული რომანი „იუი კონგენ ტაისაკი". ნაწარმოები ქვეყნდებოდა ყოველკვირეულ ჟურნალში სერიად, ხოლო მომდევნო წელს გაზეთში დაიბეჭდა მსგავსი ისტორიული რომანი საცუმას აჯანყების შესახებ „ნანგოკუ ტაიჰეიკი". ამ ნაწარმოებების წარმატებამ მტკიცედ დაამკვიდრა იგი პოპულარული პროზის ავტორად.

მისი რომანი „მიტო კომონ კაიკოკუკი", ტოკუგავა მიცუკუნის სამოგზაურო თავგადასავლბის შესახებ გამოგონილი ისტორია, იქცა საფუძვლად რიუნოსუკე ცუკიგატას მონაწილეობით შექმნილი ფილმისა და აღმოჩნდა პირველი მისი თითქმის ორმოცდაათი რომანიდან, რომელიც კინოფილმად გადაიღეს. მოგვიანებით ეს გარდაიქმნა უაღრესად ხანგრძლივ სატელევიზიო სერიალ „მიტო კომონად", რომელიც დღემდე პოპულარულია და რომელიც მთავარ ინიციატორად გვევლინება ისტორიული ტოკუგავა მიცუკუნის ხალხურ გმირად ქცევაში.

ექსცენტრიკული პიროვნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაოკის ჰქონდა ექსცენტრიკულის იმიჯი, რასაც ადასტურებდა მისი ფსევდონიმის არჩევანიც: მან ოთხჯერ შეიცვალა 31-დან 35 წლამდე ასაკის მოსატყუებლად (გამოტოვა 34, რადგან ოთხი იაპონური ცრურწმენის მიხედვით ნეგატიურ რიცხვს წარმოადგენს). როდესაც 35 წლის (სანჯუგო) გახდა, გადაწყვიტა იმავე სახელის დატოვება იქიდან მოყოლებული. ნაოკი (იაპონ. 直木) იაპონურად ნიშნავს „პირდაპირ/მართალ ხეს“ (ნაო იაპონ. 直) — „პირდაპირი, მართალი“; (კი იაპონ. 木) — „ხე“); იაპონ. 三十五 — ოცდახუთი. სინამდვილეში, მან ეს სახელი აიღო იმიტომ, რომ 35 წლის ასაკში დაიწყო ახალი კარიერა. ქართულად მისი სახელის მნიშვნელობაა: „ნაოკი ოცდახუთი“, ან, უფრო ბუნებრივად – „ნაოკი ოცდახუთი წლის“ (რადგან სახელი 35 წლის ასაკს უკავშირდება).

ისტორიული რომანების, როგორიცაა „არაკი მატაემონი" და „ოდორიკო გიოჯოკი", გარდა, ნაოკი წერდა ისტორიული ფიგურების ბიოგრაფიებს — მათ შორის კუსუნოკი მასაშიგეს, აშიკაგა ტაკაუჯის და გენკურო იოშიცუნეს — და თანამედროვე სოციალურ პროზას, მათ შორის „ნიჰონ ნო სენრიცუს" („იაპონია კანკალებს“) და „ჰიკარი: ცუმი ტო ტომონის" („შუქი: დანაშაულთან ერთად“).

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაოკი გარდაიცვალა 1934 წელს, 43 წლის ასაკში იაპონური ენცეფალიტის მწვავე შემთხვევის გამო. იასუნარი კავაბატამ, რომელთანაც ნაოკი იზიარებდა საერთო ინტერესს გო თამაშისადმი, დაწერა მისი დაკრძალვის საგალობელი.[1] მისი საფლავი მდებარეობს ჩოშო-ჯის ტაძარში კანაზავა-კუში, იოკოჰამა.

1935 წელს, კიკუჩი კანის (ჟურნალ „ბუნგეიშუნჯუს" დამფუძნებლის) წინადადებით, ნაოკის სახელი ეწოდა პოპულარული პროზის პრემიას — ნაოკის პრემიას. ახალი ავტორებისთვის განკუთვნილ აკუტაგავას პრემიასთან ერთად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო იაპონიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Ueda, Mekoto (1976). Modern Japanese Writers: And the Nature of Literature. Stanford University Press, გვ. 197. ISBN 0804709041.