სანჩა კასტილიელი (1154-1208)
სანჩა კასტილიელი | |
---|---|
![]() | |
არაგონის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 18 იანვარი, 1174 |
მმართ. დასასრული: | 25 აპრილი, 1196 |
წინამორბედი: | აგნეს აკვიტანიელი |
მემკვიდრე: | მარი დე მონპელიე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 სექტემბერი, 1154 |
გარდ. თარიღი: | 9 ნოემბერი]], 1208 (54 წლის) |
მეუღლე: |
ალფონსო II, არაგონის მეფე (ქ. 1174 - გარდ. 1196) |
შვილები: |
პედრო II, არაგონის მეფე კონსტანსია, უნგრეთის დედოფალი ალფონსო II, პროვანსის გრაფი ლეონორი, ტულუზის გრაფინია სანჩა, ტულუზის გრაფინია |
დინასტია: | ივრეები |
მამა: | ალფონსო VII, კასტილიის მეფე |
დედა: | რიჩეზა პოლონელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
სანჩა კასტილიელი (ესპ. Sancha de Castilla; დ. 21 სექტემბერი, 1154 – გ. 9 ნოემბერი, 1208) — ივრეის დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიისა და ლეონის მეფე ალფონსო VII-ისა და დედოფალ რიჩეზა პოლონელის ასული. არაგონის მეფე ალფონსო II-ის მეუღლე 1174-1196 წლებში. მეფე პედრო II-ის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანჩა 1154 წლის 21 სექტემბერს დაიბადა. იგი კასტილიისა და ლეონის მეფე ალფონსო VII-ისა და მისი ცოლის, დედოფალ რიჩეზა პოლონელის ქალიშვილი იყო.
1174 წლის 18 იანვარს სარაგოსაში სანჩა ცოლად შერთეს არაგონის მეფე ალფონსო II-ს, რომელთანაც მას რვა შვილი შეეძინა.
დედოფალი სანჩა არაგონში ისეთი ტრუბადურების მფარველი იყო, როგორებიც იყვნენ ჟირო დე კალანზონი და პიერ რამონი. დედოფალი ასევე აქტიურად იყო ქმართან ერთად ჩართული არაგონელ დიდგვაროვნებთან ქონებისათვის ბრძოლაში. 1177 წელს დედოფალი სანჩა დიდ ჯართან ერთად შევიდა რიბაგორსას საგრაფოში, ძალით დაეპატრონა მის ციხე-სიმაგრეებს და იგი არაგონის სამეფო დომენს დაუქვემდებარა.
1196 წელს მისი ქმარი, მეფე ალფონსო პერპინიანში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტს სანჩას ვაჟი, პედრო II იკავებს. ვაჟის გამეფების შემდეგ სანჩამ მთლიანად დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება და მეტიც, სამეფო კარის დატოვებაც მოუწია. ამის გამო მან სანტა მარია დე სიხენას კეთილშობილ ქალბატონთა მონასტერი დააფუძნა, სადაც დასახლდა თავადაც და დარჩენილი ცხოვრება იქ გაატარა. სიხენაში ყოფნისას დედა-დედოფალმა სანჩამ ბოლოჯერ იხილა თავისი უფროსი ქალიშვილი, უნგრეთის დაქვრივებული დედოფალი კონსტანსია, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა, სანამ მეორედ გათხოვდებოდა. ამის შემდეგ სანჩა მალევე, 1208 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედოფალ სანჩასა და მეფე ალფონსოს რვა საერთო შვილი ჰყავდათ:
- პედრო II (1174-1213), არაგონის მეფე. ცოლად შეირთო მარი დე მონპელიე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე, ხაიმე I დამპყრობელი;
- კონსტანსია (1179-1222), პირველად ცოლად გაჰყვა უნგრეთისა და ხორვატიის მეფე იმრეს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ II-ს;
- ალფონსო II (1180-1209), პროვანსის გრაფი. ცოლად შეირთო ფოლკაკიერის გრაფინია გერსენდა, რომელთანაც შეეძინა მომავალი გრაფი რამონ ბერენგარ IV;
- ლეონორი (1182-1226), ცოლად გაჰყვა ტულუზის გრაფ რამონ VI-ს;
- რამონ ბერენგარი (1183-1185), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- სანჩა (1186-1241), ცოლად გაჰყვა ტულუზის გრაფ რამონ VII-ს;
- ფერდინანდი (1190-1249), აღიკვეცა ბერად;
- დულსია (1192-12??), აღიკვეცა მონაზვნად;
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Doran, John; Smith, Damian J. (2008). Pope Celestine III (1191-1198): Diplomat and Pastor. Ashgate.
- Kedar, Benjamin Z.; Phillips, Jonathan; Riley-Smith, Jonathan, eds. (2005). Crusades. Vol. 4. Ashgate Publishing.
- Luscombe, David; Riley-Smith, Jonathan, eds. (2004). The New Cambridge Medieval History, C.1024-c.1198. Vol. IV. Cambridge University Press.
- Martin, Therese, ed. (2012). Reassessing the Roles of Women as 'Makers' of Medieval Art and Architecture. Brill.
|