სანქტ-პეტერბურგის პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′12″ ჩ. გ. 30°19′26″ ა. გ. / 59.93667° ჩ. გ. 30.32389° ა. გ. / 59.93667; 30.32389
რელიგიური კუთვნილება ლუთერანული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810608000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ალექსანვრე ბრიულოვი
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი, ნეოგოთიკა
თარიღდება 1833-1838

სანქტ-პეტერბურგის პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია (რუს. Лютеранская церковь Святых Петра и Павла; გერმ. Petrikirche) — მოქმედი ლუთერანული ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1833-1838 წლებში ალექსანდრე ბრიულოვის პროექტის მიხედვით. ღვთისმსახურება მიმდნარეობს რეგულარულად კვირაობით 10:30 სთ-დან გერმანულ და რუსულ ენებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1727 წლის 27 დეკემბერს მეფე პეტრე II-მ გერმანულ ლუთერანულ საზოგადოებას აჩუქა მიწა უდაბურ ტერიტორიაზე ნევის პროსპექტთან დიდ და მცირე კონიუშნაიის ქუჩებს შორის. ეკლესიის შენობას საფუძველი ჩაუყარეს 1728 წლის 29 ივნისს, წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს. 1730 წლის 14 (25) ივნისს, აუგსბურგის აღსარების 200 წლისთავთან დაკავშირებით, ეკლესია საზეიმოდ აკურთხეს. შენობა იყო აგურის, ჰქონდა ხის სამრეკლო და იტევდა 1 500 ადამიანს. 1737 წელს ეკლესიის შენობის ახლოს ააგეს ორი სახლი, სადაც განათავსეს ეკლესიის მსახურთა ბინები და სკოლა.

1740 წელს „სანქტ-პეტერბურგის მშენებლობის კომისიის“ ბრძანებით დაანგრიეს ყველა ხის შენობა, რომელიც ქალაქის მთავარ ქუჩაზე, ნევის პროსპექტზე, მდებარეობდა, მათ შორის ის ორი სახლიც, რომელიც ეკუთვნოდა წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიას. მათ ადგილზე 1747 წელს კ. კემპფის პროექტის მიხედვით ააგეს ახალი, უკვე ქვის შენობები.

1762 წელს მიწის ნაკვეთზე, რომელიც ეკუთვნოდა ლუთერანულ საზოგადოებას, ააგეს ორსართულიანი ლუთერანული სკოლის პეტრიშულეს შენობა, რომელიც შემდეგ ბევრჯერ გადააკეთეს და ჩვენამდე არც შემონახულა.

1832 წელს როდესაც ეკლესიის შენობა მოძველდა საზოგადოებამ გამოაცხადა კონკურსი ახალი ეკლესიის პროექტის შესაქმნელად. ხუთი წარმოდგენილი საუკეთესო პროექტიდან შეარჩიეს ალექსანდრე ბრიულოვის, ცნობილი მხატვრის კარლ ბრიულოვის ძმის, პროექტი. ძველი შენობა 1833 წლის ზაფხულში დაანგრიეს, ხოლო ახალს საფუძველი ჩაუყარეს 21 აგვისტოს. 1838 წლის 31 ოქტომბერს, რეფორმაციის დღისათვის, ეკლესია აკურთხეს.

1840 წელს ეკლესიაში დაამონტაჟეს ვალკერის ფირმის ორღანი. 1863 წელს ეკლესიის დასავლეთ კოშკზე სამრეკლო გამართეს, რომლის ზარებიც დაამზადეს ბოხუმში (ვესტფალია), ხოლო 1864 წელს ეკლესიას შესწორეს ორი ვიტრაჟი.

ეკლესიის შენობა საჭიროებდა რესტავრაციას, რადგანაც გრუნტის გამო ეკლესიას ბზარები გაუჩნდა. 1881 წელს საეკლესიო საბჭომ დახმარებისათვის მიმართა პროფესორ რუდოლფ ბერნგარდს, საეკლესიო-სამშენებლო ტექნოლოგიების კარგ მცოდნეს.

1895-1897 წლებში ეკლესიის ინტერიერი კაპიტალური რემონტის შედეგად ძლიერ შეიცვალა არქიტექტორ მაქსიმილიან მასმახერის პროექტის მიხედვით. ამ გადაკეთების შედეგად ინტერიერს დაემატა რომანული, გოთიკური, რენენსანსული და ანტიკური მოტივები, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიაში არ მოდიოდა. ეკლესიის წინ დაამონტაჟეს მოციქულების პეტრესა და მპავლეს ქანდაკებები, რომლებიც იყო დანიელი მოქანდაკის ბერტელ ტორვალდსენის ნამუშევრების კოპიო.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესიის მრევლის დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. დარჩენილი ნაწილი კი იდევნებოდა კომუნისტების მიერ.

1937 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა, პასტორები პაულ და ბრუნო რაიხერტები დააპატიმრეს, ხოლო 1938 წელს დახვრიტეს.

1938 წელს ეკლესიის შენობა თეატრალური დეკორაციების საწყობად გადააკეთეს, შემდეგ კი ბოსტნეულის საწყობად. 1958 წელს დაიწყეს შენობის გადაკეთება საცურაო აუზად, რომელიც გაიხსნა 1962 წელს. ამ გააკეთების შედეგად შეიცვალა დაგეგმარება, მთლიანად გადააკეთეს ინტერიერი, გაანადგურეს შემორჩენილი კედლის მხატვრობაც.

1994 წელს მას შემდეგ, რაც ეკლესია მორწმუნეებს დაუბრუნდა, შეარემონტეს ფრონტონზე მდებარე ანგელოზის ფიგურა.

საზოგადოების ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთო ხედი ნევის პროსპექტიდან

გერმანული ლუთერანული საზოგადოება ეკლესიაზე ძველია. გერმანელი ლუთერანები პეტერბურგში ქალაქის დაარსებიდან ცხოვრობენ. თავდაპირველად ისინი სალოცავად იკრიბებოდნენ ვიცე-ადმირალ კორნელი კრიუისის სახლში, რომელიც დღევანდელი ერმიტაჟის ადგილზე მდებარეობდა. ღვთისმსახურებას აღავლენდა პასტორი ვილჰელმ ტოლე. 1709 წელს კრიუისის სახლის ეზოში ააგეს პატარა ხის კირხე, სადაც იკრიბებოდნენ როგორც გერმანელი ლუთერანები, ასევე ჰოლანდიელი რეფორმატორები. საზოგადოების დაარსების თარიღად მიიჩნევა 1710 წელი. დროთა განმავლობაში საჭირო გახდა ახალი დიდი ეკლესიის შენობის აგება, რომლის მშენებლობაც დაიწყეს 1727 წელს სპეციალურად მისი მშენებლობისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე. პეტრეკირხეს პირველი პასტორი გახდა ჰენრიხ ნაზიუსი (1687-1751 წწ.)[1]. 1730 წლის 25 ივნისს პასტორმა ჰენრიხმა აღასრულა საზეიმო ღვთისმსახურება აუგსბურგის აღსარების 200 წლისთავთან დაკავშირებით.

1760-1762 წლებში ააგეს საეკლესიო სკოლის ახალი შენობა. 1794 წლისათვის პეტრეკირხეს ლუთერანული მრევლი 2 000 მორწმუნეს მოითვლიდა[2].

1833-1838 წლებში მრევლი იკრიბებოდა ფინურ ლუთერანულ ეკლესიაში. ახალი ეკლესიის აშენების შემდეგ მასში განათავსეს რუსეთის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის გენერალური კონსისტორია.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მრევლის დიდი ნაწილი რუსეთიდან გადასახლდა. 1930 წლისათის მრევლის რაოდენობა 4 ათასამდე შემცირდა. საეკლესიო შენობა ნაციონალიზაციას დაუქვემდებარეს, გაძლიერდა რეპრესიები. 1937 წელს დააპატიმრეს პასტორი პაული და მისი შვილი ბრუნო, რომლებიც დახვრიტეს მომდევნო წელს. 1937 წლის დეკემბერში ეკლესია დახურეს.

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრეკირხეს ინტერიერი

1989 წელს აღსდგა ლუთერანული გერმანული საზოგადოება, რომელიც თავდაპირველად ღვთისმსახურებას აღავლენდა პუშკინის ქრისტეს აღდგომის კირხეში[3]. საზოგადოების ლიდერებმა რიგიდან პასტორად მიიწვიეს იოზეფ ბარონასი.

1992 წლის 31 ოქტომბერს წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაშ აღევლინა პირველი ღვთისმსახურება. შენობა კი ოფიციალურად დაუბრუნდა მორწმუნეებს 1993 წლის ივნისში. შენობის რეკონსტრუქციის პროცესი 1997 წლამდე გაგრძელდა და ტაძარი საზეიმოდა აკურთხეს 1997 წლის 16 სექტემბერს. წმინდა ანას ეკლესიის მრევლი გადავიდა პეტრეკირხეში[4].

2003 წლისათვის ტაძრის საზოგადოება შედგებოდა 700 მორწმუნისაგან[3], ხოლო 2013 წელს - 650-საგან[5].

საზოგადოება რეგულარულად მართავდა საქველმოქმედო კონცერტებს[6] და ექსკურსიებს კატაკომბების მუზეუმში[7].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Die St. Petri-Gemeinde. Zwei Jahrhunderte evangelischen Gemeindelebens in St. Petersburg: 1710—1910. St. Petersburg, 1910.
  • Petrikirche, St. Petersburg / Церковь св. Петра, Санкт-Петербург. Приложение к журналу Евангелическо-лютеранской церкви в России, на Украине, Казахстане и Средней Азии «Дер Боте» / Вестник. СПб., 1998.
  • Кравчун П. Н. Органы лютеранской церкви св. Петра в Санкт-Петербурге. — СПб.: «Роза мира», 2011. — 120 с.
  • Ломтев Д.Г. Хоровые общества при евангелическо-лютеранских церквях Санкт-Петербурга // Обсерватория культуры, 2011, № 2, с. 77—81.
  • Никитин А. Немецкая Евангелическо-лютеранская церковь Св. Петра. // Немцы в России (Петербургские немцы). Отв. ред. Г. И. Смагина. СПб., 1999. С. 281—320.
  • Таценко Т. Н. Немецкие Евангелическо-Лютеранские общины в Санкт-Петербурге в XVIII—XX вв. // Немцы в России (Петербургские немцы)… — С. 245—280.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Максим Крутолевич. Архимандрит Августин (Никитин). Лютеранская церковь св. Петра (Петрикирхе) в русской литературе. www.bukiski-hram.lt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-11. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  2. Петрикирхе и Петришуле в Петербурге. DW.COM (2002-11-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  3. 3.0 3.1 "НЕМЕЦКАЯ ВОЛНА": Петрикирхе: лютеранская церковь в истории города на Неве. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  4. Энциклопедия Санкт-Петербурга. encspb.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-27. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  5. Silke Ross. Startseite: Zentrum für Mission und Ökumene. weltweit.nordkirche.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-12. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  6. "АдВита" приглашает на благотворительный концерт в Петрикирхе“. 2012-02-15. ციტირების თარიღი: 2017-11-11.
  7. Граффити. Катакомбы Петеркирхи.. piteropen.ru. ციტირების თარიღი: 2017-11-11.