სანქტ-პეტერბურგის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანქტ-პეტერბურგის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრები — რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდებარე ტაძრებს შორის 19 გამორჩეული ტაძარი, რომლებსაც აქვთ საკათედრო ტაძრის სტატუსი. ყველა აღნიშნულ შენობას აქვს ძეგლის სტატუსი და თამაშობენ მნიშვნნელოვან როლს ქალაქთმშენებლობაში და ქალაქის პანორამაში. ზოგიერთი მათგანი არის სამხედრო დიდების ძეგლი.

მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრები განლაგებულია ქალაქის ისტორიულ ცენტრში, თუმცა აღნიშნულ სიაში შედიან ასევე ტაძრები, რომლებიც ქალაქგარეთ მდებარეობენ, მაგრამ შედიან ქალაქის ფარგლებში.

სამპსონიევსკის საკათედრო ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1710 წელს მომავალი ტაძრის ადგილზე პოლტავის ბრძოლაში გამარჯვების წლისთავზე ააგეს და აკურთხეს ხის სამპსონიევსკის ეკლესია, რომელიც აკურთხეს სამსონ უცხოთშემწყნარებლის სახელზე, რომლის ხსენების დღესაც (27 ივნისი) რუსეთმა გამარჯვება მოიპოვა ბრძოლაში. ეკლესიის საკათედრო ტაძრად გადაკეთება მიმდინარეობდა 1728-1740 წლებში. ხანგრძლივი პერიოდი განაპირობა ფინანსების არქონამ და სამუშაოების გაყინვამ, რომელიც განახლდა იმპერატორ ანა იოანეს ასულის მმართველობის პერიოდში.

ტაძრის ეზოში დაკრძალულია 27 ივნისს დაღუპულები: არტემ ვოლინსკი, ანდრეი ხრუშჩიოვი და არქიტექტორი პეტრე ეროპკინი. 1885 წელს საფლავზე დაამონტაჟეს ძეგლი.

1830-იან წლებში ტაძრის შიდა ინტერიერი გაარემონტეს, რომლის შედეგადაც თუჯის იატაკი შეცვალეს ქვის იატაკით. 1935 წლის 20 მარტს ტაძარი სახელმწიფო დაცვის ქეშ აიყვანეს, როგორ ძეგლი. 1938 წლის ივლისში ტაძარში ღვთისმსახურება შეწყდა ვიბორგის კომიტეტის ადმინისტრაციული კომიტეტის გადაწყვეტილებით. ამის შემდეგ შენობაში განათავსეს მზა ტანსაცმლის მაღაზია. 1942 წლის 10 თებერვლის საჰაერო დარტყმის შემდეგ ეკლესია ძლიერ დაზიანდა.

1984 წელს გიორგი ბუტიკოვის ინიციატივის წყალობით ტაძარი შევიდა ისააკის ტაძრის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში, რამაც გამოიწვია ტაძრის მშენებლობის დაწყება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტაძარმა სტუმრები მიიღო 1999 წელს, პოლტავის ბრძოლის 290-ე წლისთავზე. მუზეუმის ხარისხში იგი გაიხსნა 2000 წელს. გახსნიდან ორ წელიწადში აღადგინეს მთავარი საკურთხევლის ინტერიერის კედლების დეკორატიული მოხატულობა.

2002 წლის 21 მაისს, იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს, რომლის სახელზეც აკურთხეს ტაძრის ერთ-ერთი ეგვტერი, ტაძრის წინამძღვარმა იოანე მალინინმა აღასრულა ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველი საღვთო ლიტურგია. 2010 წლიდან კი ტაძარში მიმდინარეობს ყოველდღიური ღვთისმსახურება. 2017 წლის 5 თებერვალს ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელს ეკლესიას 49 წლით გამოყენების უფლებით.

პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1703 წელს პეტრე I-მა ფინეთის ყურის ნაპირზე დააარსა პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე. პეტრე კარგად ხვდებოდა, რომ ახალი რუსეთი საჭიროებდა ახალი დროის არქიტექტურას. რუსეთის ახალგაზრდა დედაქალაქის პოზიციების განმტკიცების მიზნით, იმპერატორმა მოიფიქრა ახალი ნაგებობის სტილი, რომელიც იქნებოდა ივანე დიდის სამრეკლოსა და მენშიკოვის კოშკზე მაღალი. ახალი ტაძარი უნდა ყოფილიყო დედაქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა, რომელიც იარსებებდა პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ცენტრში.

ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1703 წლის 10 ივლისს პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს (XXI საუკუნეში ეს დღე აღინიშნება 12 ივლისს) სულ ცოტა ხნის წინ აგებული პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ტერიტორიაზე. პირველი ხის პეტრე-პავლეს ეკლესიის კურთხევა შედგა 1704 წლის 1 აპრილს. 14 მაისს აქ შედგა საზეიმო მსახურება ჩუდის ტბაზე შვედების გემებზე ფელდმარშალ ბორის შერემეტევის გამარჯვების აღსანიშნავად.

1712 წლის 30 მაისს საფუძველი ჩაუყარეს პეტრე-პავლეს ქვის ეკლესიას[1]. იგი ისე ააშენეს, რომ ხის ძველი ეკლესია მოექცა ახალი ნაგებობის შიგნით. მშენებლობას ხელმძღვანელობდა იტალიელი არქიტექტორი დომენიკო ტრეზინი[2]. პეტრე I დიდის ბრძანებით მშენებლობა დაიწყეს სამრეკლოს მშენებლობით. მუშახელის სიმცირის, გლეხების გაქცევისა და სამშენებლო მასალის უკმარისობის გამო მშენებლობა მხოლოდ 1720 წელს დასრულდა. სამრეკლოს წვეტი მოოქროვილი სპილენძის ფირფიტებით შეამკეს მოქვიანებით. შენობის სიმაღლემ შეადგინა 112 მეტრი, რაც 32 მეტრით მეტი იყო ივანე დიდის სამრეკლოზე. მთლიანი ტაძარი დაასრულეს 1733 წელს, პეტრე I დიდის გარდაცვალების შემდეგ.

სანქტ-პეტერბურგის ეპარქიის დაარსებიდან (1742 წელი) ისააკის ტაძრის კურთხევამდე (1858 წელი) პეტრესა და პავლეს ეკლესია იყო საკათედრო[2].

1756-1757 წლებში ხანძრის შედეგად დაზარალებული ტაძარი აღადგინეს. 1773 წელს აკურთხეს წმინდა ეკატერინეს ეგვტერი.

1777 წელს სამრეკლოს წვეტი ქარიშხალმა დააზიანა. აღდგენით სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი პეტრე პატონი, ახალი ანგელოზის ფიგურა ჯვრით შეასრულა ანტონიო რინალდიმ. 1830 წელს ანგელოზის დაზიანებული ფიგურა შეაკეთა პეტრე ტელუშკინმა.

1857-1858 წლებში წვეტის ხის კონსტრუქცია შეცვალეს მეტალის კონსტრუქციით. არქიტექტორების ძირითადი დავალება იყო ხის ნივნივების შეცვლა მეტალის ნივნივებით. ამ რესტავრაციის შემდეგ ნაგებობის სიმაღლე გაიზარდა 10,5 მეტრით[2].

1864-1866 წლებში ძველი აღსავლის კარი შეიცვალა ახლით, რომელიც დამზადებული იყო ბრინჯაოსაგან (არქიტექტორი ალექსანდრე კრაკაუ). 1875-1877 წლებში ჯოვანი ბოლდინმა მოხატა ახალი პლაფონები.

1919 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ პეტრესა და პავლე მოციქულების ტაძარი დახურა. დიდი სამამულო ომის პერიოდში ტაძარი ძლიერ დაზიანდა. 1952 წელს გაარემონტეს ფასადი, 1956-1957 წლებში კი - ინტერიერი. 1954 წელს შენობა გადაეცა სანქტ-პეტერბურგის ისტორიის მუზეუმს[2][1].

სმოლნის ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1740-იან წლებში იმპერატორმა ელისაბედ I-მა გამოაცხადა, რომ სმოლნის სახლის ადგილზე სურდა აეშენებინა მონასტერი, სადაც სიმშვიდეში გაატარებდა თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებს. გეგმის შედგენა დაავალა არქიტექტორ ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელის.

საფუძვის საზეიმო ჩაყრა გაიმართა 1748 წლის 30 ოქტომბერს. 1749 წლიდან, როგორც რასტრელის დამხმარე, მშენებლობას ხელმძღვანელობდა ქრისტიან კნობელი. 1751 წლისათვის დაასრულეს ფუნდამენტის ჩასხმა და დაიწყო ტაძრის მშენებლობა, რომელიც არნახული მასშტაბებით მიმდინარეობდა. ხაზინიდან დაფინანსებას არავინ იშურებდა. ტაძრის მშენებლობაზე ყოველდღიურად დაკავებული იყო პეტერბურგისა და კრონშტადტის გარნიზონების 2000 ჯარისკაცი და იაროსლავლისა და კოსტრომის გუბერნიის 1500 ხელოსანი[3].

ტაძარი შენდებოდა ძალიან მალე, უკვე გამზადებული იყო საეკლესიო ჭურჭელიც, მოსკოვში ჩამოასხეს ზარები, რასტრელიმ შექმნა კანკელის ნახაზები, მაგრამ შვიდწლიანი ომის დაწყებამ პრუსიასთან სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა. ელისაბედ პირველის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიის მშენებლობა ნელ-ნელა შეჩერდა. 1762 წელს, რასტრელის იტალიაში წასვლის შემდეგ, სმოლნის ტაძრის მთავარი არქიტექტორი გახდა იური ფელტენი.

1820-იან წლებში ნიკოლოზ I-ის ბრძანებით განაახლეს ტაძრის მშენებლობა. 1828 წელს გამოცხადდა კონკურსი ტაძრის გაფორმების შესახებ. ყველა სამუშაო დასრულდა 1835 წელს და ამავე წლის 20 ივლისს აკურთხეს კიდეც. თითქმის 90 წელი ტაძარში რეგულარულად მიმდინარეობდა ღვთისმსახურება და 1922 წლის 7 ოქტომბერს მიიღეს ტაძრის დახურვის გადაწყვეტილება და 1931 წელს ტაძარი დახურეს, ხოლო მანამდე, 1922 წლისათვის ტაძრიდან დაიტაცეს ყველა ფასეულობა.

ტაძარს დახურვის შემდეგ იყენებდნენ დეკორაციების საწყობად. დიდი სამამულო ომის დასრულების შემდეგ ტაძარში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ნახევრად განადგურებული კანკელი. 1967 წელს დაიწყო ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ აქ განათავსეს ლენინგრადის ისტორიის მუზეუმის ექსპოზიცია „ლნინგრადი დღეს და ხვალ“[4]. კანკელი საბოლოოდ 1972 წელს ჩამოხსნეს[5].

1990 წელს ტაძარში გახსნეს საკონცერტო-საგამოფენო დარბაზი[4]. 2001 წელს ქარიშხლის დროს გუმბათიდან ჩამოვარდა ექვს მეტრიანი ჯვარი[6]. 2004 წელს ჯვარი დაუბრუნეს თავის ადგილს[7].

2004 წლის ზაფხულში სმოლნის საკათედრო ტაძარი შევიდა ისააკის ტაძრის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში.

2010 წლიდან ტაძარში აღევლინება რეგულარული ღვთისმსახურება. 2010 წლის 7 აპრილს ტაძარში 87 წლის შემდეგ კვლავ აღევლინა საღვთო ლიტურგია. 2015 წელს ტაძარი დაუბრუნდა სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას[8].

ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდებარე ტერიტორიაზე ერთსართულიანი ყაზარმები იყო აგებული. მათში ცხოვრობდნენ სამხედრო-საზღვაო უწყების მომსახურეები. ჩვენს ეპოქამდეა შემორჩენილი ნიკოლსკის ბაზრის ქვის ნაგებობები, რომელიც დააარსეს 1788-1789 წლებში.

1752 წელს ადმირალიტეტ-კოლეგიის პრეზიდენტმა მიხეილ გოლიცინმა იმპერატრიცა ელისაბედ I-ს მიმართა თხოვნით, რომ საზღვაო უწყების ფინანსებით აეშენებინა ახალი ეკლესია.

წმინდა ნიკოლოზის საზღვაო ტაძარი ააგეს ძველი ტაძრის ადგილზე 1753-1762 წლებში, როგორც „საზღვაო პოლკის ეკლესია“. პროექტის ავტორი იყო ადმირალიტეტ-კოლეგიის არქიტექტორი საბა ჩევაკინსკი. ტაძარში ერთდროულად შეიძლება დატეულიყო 5000 ადამიანი. ცალკე მდგომი ოთხიარუსიანი სამრეკლო ააშენეს 1755-1758 წლებში. წმინდა ნიკოლოზის საზღვაო ტაძარი ჯვარგუმბათოვანია, შემკულია კორინთული სვეტებით.

ქვედა სამსაკურთხევლიანი ნიკოლოზის ეკლესია აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, რომელიც ტრადიციულად ითვლება მეზღვაურთა და მოგზაურთა მფარველად. ზედა ერთსაკურთხევლიანი ეკლესია აკურთხეს ნათლისღების სახელზე. მასში დაცულია XVIII საუკუნის კანკელი, რომელიც შესრულებულია ი. კანაევისა და ს. ნიკულინის მიერ.

ზედა ეკლესიის საკურთხეველი აკურთხეს 1762 წლის 20 ივლისს, ეკატერინე II-ის ტახტზე ასვლის წელს. ტაძრის მთავარი სიწმინდეა ნიკოლოზ საკვირველთმქომედის XVII საუკუნის ბერძნული ხატი, რომელშიც წმინდანის წმინდა ნაწილებია ჩატანებული.

1908 წელს ტაძრის წინ აღმართეს ცუსიმის ობელისკი, რომელიც მიუძღვნეს ცუსიმის ბრძოლას. 1870 წლიდან ტაძართან მოქმედებს საქველმოქმედო საზოგადოება სკოლით, საავადმყოფოთი, საბავშვო სახლით და ქალთა თავშესაფრით.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ წმინდა ნიკოლოზის საზღვაო ეკლესია არ დახურულა და იგი 1941-1999 წლებში საკათედრო ტაძარი იყო. 1966 წლის 10 მარტს ქვედა ეკლესიაში დაკრძალეს ანა ახმატოვა[9].

ვლადიმირის ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანქტ-პეტერბურგის ვლადიმირის ტაძარი ააშენეს სავაჭრო მოედანზე 1761-1769 წლებს შორის პერიოდში, სავარაუდოდ ქრისტიან კნობელის ან პიეტრო ანტონიო ტრეზინის პროექტის მიხედვით. ეკლესია ააგეს ამავე სახელწოდების ხის ეკლესიის ადგილზე, რომელიც თავის მხრივ ააშენეს 1747 წელს. ახლადაგებული ტაძარი აკურთხეს 1783 წელს.

1791 წელს არქიტექტორმა ჯაკომო კვარნეგი დაასრულა ორიარუსიანი ცალკე მდგომი სამრეკლოს მშენებლობა. 1830-1831 წლებში არქიტექტორმა აბრაამ მელნიკოვმა ააგო კარიბჭე. 1848 წელს არქიტექტორმა ფრანც რუსკამ სამრეკლოს კიდევ ერთი იარუსი დაამატა, ხოლო 1850-1853 წლებში მანვე ააშენა ორი სამლოცველო და გალავანი.

1865 წლიდან ვლადიმირის ეკლესიასთან მოქმედებს საქველმოქმედო საზოგადოება, ბავშვთა სახლი და ქალთა თავშესაფარი.

1883-1885 წლებში არქიტექტორმა ალექსანდრე გოლმმა შეასრულა კუთხის სამუშაოები. 1887-1888 წლების რესტავრაციის შემდეგ ეკლესიამ უმასპინძლა სადღესასწაულო ღონისძიებებს, რომლებიც ეძღვნებოდა რუსეთის გაქრისტიანების 900 წლისთავს.

1828 წელს ვლადიმირის ეკლესიაში დაკრძალეს ალექსანდრე პუშკინის ძიძა არინა იაკოვლევა. ტაძრის მრევლი თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში იყო ფიოდორ დოსტოევსკი. დღემდე ეკლესიაში იხდიან პანაშვიდს, რომელიც მწერალს ეძღვნება.

1932 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა და შენობა გადასცა ფაბრიკას გამოყენებისათვის.

1989 წელს ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და აკურთხეს 1990 წლის 7 აპრილს, პირველი შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ. ტაძრის ინტერიერის რემონტი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

2000 წელს ვლადიმირის ეკლესიამ მიიღო საკათედრო ტაძრის სტატუსი.

ანდრია პირველწოდებულის ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1724 წელს პეტრე I-მა შვედ არქიტექტორს ნიკოდემუს ტესინს დაუკვეთა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის პროექტი, რომელიც სავარაუდოდ უნდა აგებულიყო ვასილევსკის კუნძულზე. ტესინმა წამოაყენა პირობა, რომ ტაძარი ყოფილიყო ლონდონის წმინდა პავლეს ტაძრის მსგავსი და სიგრძეში მასავით 130 მეტრი. ტესინმა დაასრულა პროექტი და 1725 წელს რუსეთში ჩაუსვლელად წარადგინა. დაამზადეს მისი ასლი, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოხერხდა პეტრე დიდის გარდაცვალების გამო.

მშენებლობის ნაწილზე პასუხისმგებელი იყო გენერალ-ადმირალი გრაფი თევდორე აპრაქსინი, მან XVIII საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო შემოწირულობების შეგროვება[10].

1726 წელს, ძველი ეკლესიის წინამძღვარმა მღვდელმა ტიმოთე სემიონოვიმა ძმებთან ერთად, ისევე როგორც ვასილიევსკის კუნძულის მცხოვრებლებმა, მოითხოვეს ახალი ეკლესიის მშენებლობის აუცილებლობა. მათ წარადგინეს სამი შუამდგომლობა, სადაც სთხოვეს სინოდს ეკლესიის მშენებლობის დაჩქარება.

1728 წლის 7 მაისს ცნობილმა არქიტექტორმა ჯუზეპე ტრეზინიმ სინოდის კანცელარიას მოახსენა, რომ კუნძულზე ხის ეკლესიის მშენებლობის ნებართვა არსებობს. ტყის ფართობი გაწმენდილია და მომზადებულია ყველა საჭირო მასალა[10].

1729 წელს შედგა ეკლესიის სარძიკვლის ჩაყრა ნიჟნი-ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსის პიტირიმის კურთხევით. ხის ეკლესია ააგეს 1729-1731 წლებში. ტაძრის წინამძღვრად მრევლის თხოვნით დანიშნეს როსტოვის ეპარქიაში მოღვაწე ნიკიფორე ნიკიფოროვი[10].

ახლადაგებული ეკლესია 1732 წლის 8 ოქტომბერს ნოვგოროდის ეპისკოპოსმა თეოფანემ აკურთხა ანდრია პირველწოდებულის სახელზე. პირველ წლებში ეკლესიასთან არსებობდა სასაფლაო, სადაც გადმოცემით დაკრძალულია მთავარი იაკობ დოლგორუკოვი, ეკატერინე დოლგორუკოვა და ანდრეი ნარტოვი.

1744 წლის 20 იანვარს ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მსახურთა შტატმა, რომელიც სამი მღვდლისაგან შედგებოდა, ელისაბედ I-ს მიმართა თხოვნით, რათა ეკლესია გადაეკეთებინათ ტაძრად და დიაკვანი იაკობ ტიხონოვი აემაღლებინათ პროტოპრესვიტერის რანგში. თხოვნას წმინდა სინოდმა დაუჭირა მხარი და ძალაშიც შევიდა. 1744 წლის 15 თებერვალს სანქტ-პეტერბურგის და შლისბურგის ეპისკოპოსმა ნიკოდიმმა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიას ტაძარი უწოდეა, ხოლო 22 თებერვალს დიაკვანი ტიხონი პროტოპრესვიტერის რანგში აამაღლეს[10].

1745 წელს ტაძრის გალავანზე დააყენეს ფილა ქართული წარწერით. 1905 წლისთვის ეს წარწერა გადაიტანეს სამი წმინდანის ეკლესიის მთავარი შესასვლელის კედელზე. წარწერა მოგვითხრობს კახეთის თავადის ნოდარ ჯორჯაძის 38 წლის ქალიშვილის გუკას გარდაცვალების შესახებ, რომელიც აქ დაკრძალეს 1746 წლის 29 მარტს. ამ წარწერის შინაარსი იძლევა იმის დასკვნას, რომ გარდაცვლილი პრინცესას ცხედარი წმინდა ანდრიას ტაძრის ეზოში დაკრძალეს პირველად. უცნობია ნეშტის გადასვენების თარიღი. არ არის ცნობილი, როდის და ვის მიერ დამონტაჟდა ფილა წარწერით[10].

მოციქულთასწორ ვლადიმირის ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის სახელზე ამ ადგილზე ააგეს 1708 წელს. შემდეგ 1713-1719 წლებში აქ ააშენეს მიძინების ტაძარი. ამ ეკლესიას ჰქონდა სამი საკურთხეველი: ცენტრალური - ღვთისმშობლის მიძინების, ხოლო კუთხეების ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და იოანე ნათლისმცემლის სახელზე. გვერდის ეგვტერებში მსახურება დაიწყო 1717 წელს. ღვთისმშობლის მიძინების ეგვტერი აკურთხეს 1719 წლის 5 აპრილს. მეფის ბრძანების მიხედვით მან ტაძრის სტატუსი მიიღო.

1740 წელს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ახლოს იმპერატრიცა ანას ბრძანებით საფუძველი ჩაუყარეს ქვის ერთგუმბათიან ტაძარს (არქიტექტორი მიხეილ ზემცოვი და პიეტრო ანტონიო ტრეზინი). 1742 წელს ელისაბედ I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა.

1765 წელს არქიტექტორმა ანტონიო რინალდმა შემიუშავა ახალი, ხუთგუმბათიანი ტაძრისა და სამიარუსიანი სამრეკლოს პროექტი. ტაძრის გადაკეთება გაგრძელდა 1766 წლიდან 1773 წლამდე. 1772 წელს გაჩნდა ხანძარი, ხის მიძინების ეკლესია განადგურდა და დაზიანდა ჯერ კიდევ დაუსრულებელი ქვის ტაძარი.

1772 წლის 8 სექტემბერს აკურთხეს მიძინების ეგვტერი. მშენებლობის ამ ეტაპზე კვლავ შეჩერდა ტაძრის მშენებლობა, რომელიც 1783 წელს გაგრძელდა არქიტექტორ ივან სტაროვის ხელმძღვანელობით, რომელმაც ცვლილებები შეიტანა ფასადების გაფორმებაში. 1789 წლის 1 ოქტომბერს ახალი ტაძარი აკურთხეს წმინდა თავად ვლადიმირის სახელზე.

ტაძარი არის არქიტექტურის ძეგლი, რომელიც აგებულია ბაროკოდან კლასიციზმისკენ გარდამავალ სტილში.

1823 წელს ააგეს ქორო და კანკელი ამპირის სტილში გადააკეთეს. 1845 წლიდან ვლადიმირის ორდენის ტაძარია.

1859-1866 წლებში კუთხის მიძინებისა და წმინდა ნიკოლოზის ეგვტერები გადაიტანეს გვერდითა ნავებში. მიძინების ეგვტერმა ადგილი დაიკავა მთავარი საკურთხევლიდან მარჯვნივ, ხოლო ნიკოლოზის ეგვტერმა მარცხნივ.

1872-1873 წლებში არქიტექტორმა ნიკოლოზ ბრიულოვმა ტაძარს შემოავლო გალავანი და ააგო ორი პატარა სამოცველო.

1882-1886 წლებში მრევლის შემოწირულობის ხარჯზე არქიტექტორმა ნიკოლაი კოვრიგინმა ააგო ალექსანდრე ნეველის სახელობის სამლოცველო, რომელიც აკურთხეს 1886 წლის ორ ივნისს.

1922 წლის ივლისიდან 1923 წლის აგვისტომდე ტაძარი იყო ობნოვლენცების ხელში, შემდეგ იყო დაჯგუფება „ცოცხალი ეკლესიის“ ხელში, რომელსაც მეთაურობდა პროტოპრესვიტერი ვლადიმირ კრასნიცკი.

1926 წლის 8 ნოემბრიდან 1927 წლის 21 ნოემბრამდე ეკლესია დროებით დახურული იყო, შემდეგ გამოსაყენებლად გადაეცა საპატრიარქო ეკლესიას.

1938-1941 წლებში საკათედრო ტაძარია, აქ არის ლენინგრადის მიტროპოლიტის ალექსი სიმანსკის რეზიდენცია.

1940-2001 წლებში აქ ინახებოდა ყაზანის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ამჟამად ყაზანის ტაძარში ინახება.

1989 წელს გამოსცეს საიუბილეო მონეტა, რომელიც მიეძღვნა ტაძრის 200 წლისთავს.

2015 წელს მოხდა სახურავის, გუმბათისა და ფასადის რესტავრაცია ვლადიმირის გარდაცვალების 1000 წლისთავთან დაკავშირებით[11]. იგეგმება შიდა ხედისა და სამრეკლოს რესტავრაცია[12].

სოფიას საკათედრო ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინე II-მ წამოაყენა წინადადება აეშენებინათ კონსტანტინოპოლის აიას-სოფიას მსგავსი ტაძარი-ძეგლი რუსეთ-თურქეთის ომებში რუსეთის გამარჯვეის აღსანიშნავად.

ტაძარი ააგეს 1782-1788 წლებში არქიტექტორებმა ჩარლზ კამერონმა და ი. ე. სტაროვმა. სამრეკლო მოგვიანებით ააშენეს, 1903-1904 წლებში, არქიტექტორი ლეონტი ბენუა.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ტაძარში განთავსებული იყო სათამაშოების საწყობი, რომელიც დაიწვა, რის შემდეგაც იგი მიატოვეს და დროთა განმავლობაში ჩამოინგრა. ამჟამად ტაძარი აღდგენილია და მასში მიმდინარეობს ღვთისმსახურება.

ყაზანის საკათედრო ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი არქეიტექტორმა ანდრეი ვორონიხინმა რომის წმ. პეტრეს ბაზილიკის ნიმუშზე შექმნა. ზოგიერთ ისტორიკოსთა ცნობით იმპერატორ პავლეს მსგავსი ეკლესიის აგება ნევის მოპირდაპირე მხარეზეც სურდა, თუმცა ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მართლმადიდებელი სამღვდელოება ტაძრის კათოლიკურ მოდელზე აგებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, ვორონიხინის იმპერიულ სტილს სამეფო კარზე გაცილებით გავლენიანი მომხრეები გამოუჩნდნენ. მშენებლობა 1801 წელს დაიწყო და 10 წელი გრძელდებოდა.

1812 წელს რუსეთში ნაპოლეონის შემოჭრისა და საბრძოლო მეთაური მიხეილ კუტუზოვის მიერ ყაზანის ღვთისმშობლისთვის დახმარების თხოვნის შემდეგ, ეკლესიის დანიშნულება უნდა შეცვლილიყო. პატრიოტული ომი დასრულებული იყო და კათედრალი უპირველეს ყოვლისა მიჩნეულ იქნა, როგორც რუსების ნაპოლეონზე გამარჯვების მემორიალი. თავად კუტუზოვი ტაძარში დაკრძალეს 1813 წელს. 1815 წელს რუსეთის არმიამ ევროპიდან ჩვიდმეტი ქალაქისა და რვა ციხესიმაგრის გასაღები მოიტანა ტაძარში მისი ძლევამოსილების ნიშნად. 1837 წელს ბორის ორლოვსკის პროექტით ტაძრის წინ დაიდგა კუტუზოვისა და ბარკლაი დე ტოლის ორი ქანდაკება.

1876 წელს რუსეთში პირველი პოლიტიკური დემოსტრაცია ამ ეკლესიის წინ ჩატარდა. 1917 წელს რუსეთის რევოლუციის შემდეგ ტაძარი დახურეს. 1932 წელს ის გაიხსნა როგორც ათეიზმის მუზეუმი. მღვდელთმსახურება აღდგა 1998 წელს; ოთხი წლის შემდეგ კი ტაძარი რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა. ამჟამად იგი სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტის დედა-ტაძარია.

ტაძრის ინტერიერი მრავალრიცხოვანი სვეტებით იმეორებს გარე კოლონადის განლაგებას (69 მ სიგრძეში, 62 მ. სიმაღლეში). ტაძარში მრავალი ქანდაკება და ხატია შექმნილი იმ დროისთვის საუკეთესო რუსი მხატვარ-მოქანდაკეების მიერ. ჭედური რკინის გისოსები, რომელიც ტაძრის მცირე უკანა მოედანს ერტყმის ხშირად ჭედური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად მოიხსენიება.

ისააკის ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის მშენებლობა ბრძანა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ადრინდელი რინალდისეული სტრუქტურის ადგილას. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ რამდენიმე პროექტი განიხილა, მათ შორის იყო ფრანგი ოგიუსტ დე მონფერანის (1786 - 1858) ნამუშევარიც, რომელიც ნაპოლეონის დიზაინერი შარლ პერსიეს ატელიეში იყო განსწავლული. მონფერანის პროექტი კომისიის ზოგიერთმა წევრმა დაიწუნა მისი ოთხი იდენტური კოლონადის მშრალი ცივი რიტმულობის გამო. თუმცა იმპერატორმა, რომელიც არქიტექტურის პომპეზურ იმპერიულ სტილს ამჯობინებდა, კომისიის გადაწყვეტილება მონფერანის სასარგებლოდ შეცვალა.

ტაძრის მშენებლობა 40 წელს (1818-1858) გაგრძელდა მონფერანის ზედამხედველობის ქვეშ. საბჭოთა მმართველობის პერიოდში შენობა ჯერ მიტოვებული იყო, შემდეგ კი ათეიზმის მუზეუმად გადაკეთდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გუმბათი ნაცრისფრად შეიღება მტრის ბომბდამშენებისგან დასაცავად. ამჟამად ტაძარში ლოცვის უფლება ნებადართულია მხოლოდ მის მარცხენა კაპელაში, მთავარ ნაწილში კი დღესასწაულების დროს.

ფერისცვალების საკათედრო ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ეკლესია ააგეს ელისაბედ პეტრეს ასულის ბრძანებით 1743-1754 წლებში არქიტექტორ მიხეილ ზემცოვის პროექტის მიხედვით. სამეგვტერიანი ტაძრის საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1743 წლის 9 ივნისს. მიხეილ ზემცოვის გარდაცვალების შემდეგ მშენებლობას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი პიეტრო ტრეზინი, რომელმაც არაერთხელ შეცვალა პროექტი ბაროკოს სტილში. ტაძარი აკურთხა მთავარეპისკოპოსმა სილვესტერმა 1754 წლის 16 აგვისტოს. ხუთსართულიანი კანკელი შესრულებულია მოსკოველი ხელოსნების მიერ არქიტექტორ ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელის ესკიზის მიხედვით.

1796 წელს, იმპერატორ პავლე I-ის მეფობის პერიოდში ფერისცვალების ეკლესიას მიენიჭა „მთელი გვარდიის ტაძრის“ წოდება.

1825 წლის 20 აგვისტოს ტაძარში ხანძარი გაჩნდა, თუმცა გადაარჩინეს ძირითადი სიწმინდეები. ტაძრიდან მხოლოდ კედლებიღა დარჩა. 1825-1829 წლებში იგი აღადგინა არქიტექტორმა ვასილი სტასოვმა ამპირის სტილში, სწორედ ამ სახითაა ტაძარი მოღწეულ ჩვენს ეპოქამდე. აღდგენილი ტაძარი ხელახლა აკურთხეს 1829 წლის 17 აგვისტოს.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ტაძარი კვლავ მოქმედი იყო. 1935-1944 წლებში ტაძარი ობნოვლენცების ხელშო იყო და 1939 წელს მათი საკათედრო ტაძარი გახდა. ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში სარდაფში მოწყობილი იყო თავშესაფარი.

1946-1948 წლებში მიმდინარეობდა ფასადებისა და ინტერიერის რესტავრაცია.

სამების ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშენდა 1825-1835 წლებში არქიტექტორ ვასილი სტასოვის პროექტით სპეციალურად იზმაილოვის პოლკისთვის, მას შემდეგ რაც მისი სანქტ-პეტერბურგში გადაბარგების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. არაოფიციალურად ამ ტაძარს ბევრი დღემდე უწოდებს იზმაილოვის ტაძარს. ის 3000 ადამიანს იტევს. საბჭოთა პერიოდში სასაწყობედ იყენებდნენ. 1990 წელს რუსეთის სინოდის საკუთრებაში დაბრუნდა.

შენობა დიდი ცენტრალური გუმბათისაა და სიმეტრიულად განლაგებული ოთხი მცირე ზომის გუმბათისგან შედგება. ეს უკანასკნელნი კორინთული ორდერის პორტიკებს აგვირგვინებენ. ტაძრის ნიშებში მოქანდაკე გალბერგის მიერ შესრულებული ანგელოზების ბრინჯაოს ქანდაკებები დგას. თავისი არსებობის მანძილზე ტაძარი ყოველთვის ღარიბი იყო საეკლესიო რელიკვიებით, სამაგიეროდ მასში მრავლად იყო სატროფეო მონაგარი, რომელიც იზმაილოვის პოლკს ამა თუ იმ ომში ნადავლის სახით ჰქონდა მოპოვებული. ერთი პერიოდი აქ ოსმალეთის იმპერიის შენაერთებისთვის წართმეული ზარბაზნებიც კი იწონედნენ თავს. 1917 წელს ტაძარი გაძარცვეს და მასში მოთავსებული საეკლესიო თუ სამხედრო ნივთები მთლიანად გაიტანეს.

1886 წელს ტაძრის წინ გრიმის პროექტით „დიდების კოლონა“ აღიმართა. ის რამდენიმეიარუსიანი იყო და სატროფეო თურქული ზარბაზნებისგან შედგებოდა. კოლონის გრანიტის პედესტალზე ბრინჯაოს დაფები იყო დამაგრებული, რომელზეც იზმაილოვის პოლკის გვარდიელების ბრძოლების და გმირობების ჩამონათვალი იყო ამოტვიფრული. 1930-იან წლებში კოლონა რუსული მილიტარიზმის სიმბოლოდ ჩათვალეს, რომელიც სხვა სიკეთესთან ერთად ტრამვაის გადაადგილებას უშლიდა ხელს, რის გამოც მისი დანგრევა გადაწყდა.

იზმაილოვის წმინდა სამების ტაძარი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ აქ 1867 წელს დოსტოევსკიმ იქორწინა. 1894 წელს კი ტაძრიდან პიანისტი ანტონ რიბინშტეინი გამოასვენეს.

ჯვართამაღლების ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის დასაწყისში თანამედროვე ლიგოვის პროსპექტის ადგილზე გადიოდა ძველი ნოვგოროდის გზა. ეს იყო ერთადერთი ტრაქტი, რომელიც აკავშირებდა სანქტ-პეტერბურგს დანარჩენ რუსეთთან. ტრაქტთან არსებობდა იამსკის მეეტლეების დასახლება, რომლის მოსახლეობასაც თავდაპირველად არ ჰქონდათ თავისი ეკლესია. 1710-1712 წლებში სასაფლაოზე ააშენეს პატარა სამლოცველო, რომელიც სავარაუდოდ 1714 წელს ხანძრის შედეგად უნდა განადგურებულიყო.

1718 წელს მეეტლეების თხოვნით ააშენეს იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია. ეს იყო პატარა შენობა სამრეკლოს გარეშე. 1723 წელს ააშენეს ხის სამრეკლო. 1730 წელს ეკლესია დაიწვა და მის ადგილზე კვლავ ხის ეკლესია ააგეს. ამ ეკლესიის არქიტექტორის სახელი ცნობილი არაა. მშენებლობას მეთვალყურეობდა არქიტექტორი იოჰან შუმახერი. მრევლი ითხოვდა მოძველებული იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ადგილზე აეშენებინათ ახალი ქვის ტაძარი ჯვართამაღლების სახელზე.

ამ ეკლესიის უკან 1764-1768 წლებში ააშენეს ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია ბაროკოს სტილში. იგი გააფართოეს 1842-1844 წლებში ჯვართამაღლების ეკლესიის გადაკეთების წინ. 1848-1852 წლებში ჯვართამაღლების ეკლესია გადააკეთა არქიტექტორმა ეგორ დიმერტმა.

1932 წელს ტიხვინის ეკლესია დაიხურა და გადააკეთეს სკოლად, შემდეგ მასში განათავსეს რედიოტექნიკური ტექნიკუმი. ჯვართამაღლების ეკლესია დახურეს 1938 წელს.

1991 წელს ჯვართამაღლების ტაძარი გადასცეს კაზაკების მრევლს. წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი ვლადიმირ სერგიენკო.

2013 წლის 26 მაისს, რომანოვების სამეფო დინასტიის 400 წლისთავთან დაკავშირებით, ტაძრის ახლოს აღმართეს წმინდა უფლისწულ ალექსის, მთელი რუსეთის კაზაკების ატამანის, ძეგლი.

პეტერგოფის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ტაძრის მშენებლობის შესახებ პირველი შუამდგომლობა ეკუთვნის პეტერგოფის პროტოპრესვიტერ იოანე იანიშევს. შუამდგომლობა წარადგინეს 1892 წელს და მისი მთავარი არგუმენტი იყო, რომ ქალაქში ეკლესიების სიმრავლის მიუხედავად არ არსებობდა ტაძარი.

შუამდგომლობამ მინისტრ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის საშუალებით მიაღწია იმპერატორ ალექსანდრე III-მდე, რომელმაც პირადად გამოყო ადგილი ტაძრის ასაშენებლად ცარიცინის (ოლგინის) ჭაობის ახლოს.

კონკურსზე იმპერატორმა არქიტექტორებად მოიწვია ლეონტი ბენუა, ნიკოლაი დე როშფორი, ა. ი. სემიონოვი და ნიკოლაი სულტანოვი. 1893 წლის გაზაფხულზე ალექსანდრე III-მ დაამტკიცა ტაძრის პროექტი, რომელიც შეიმუშავა სულტანოვმა. 1894 წელს დაიწყო ტაძრის მშენებლობისათვის სამზადისი.

ტაძარს საფუძველი ჩაუყარა პროტოპრესვიტერმა იოანე იანიშევმა 1895 წლის 6 აგვისტოს. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ვასლი კოსიაკოვი. მშენებლობა მიმდინარეობდა საიმპერატორო კარის სამინისტროს დაფინანსებით. ოთხ წელიწადში ააშენეს შენობა, სამი წელი კი მის შელესვას, გათბობასა და ვენტილაციას მოანდომეს. უკანასკნელი ორი წელი მიმდინარეობდა ტაძრის მოხატვა და კანკელის დამონტაჟება. ასევე ააშენეს საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა და ელექტროსადგური.

ტაძარი ასევე პროტოპრესვიტერმა იოანე იანიშევმა აკურთხა 1905 წლის 25 ივნისს, იმპერატორის ოჯახის მონაწილეობთ. ეგვტერები იყო ალექსანდრე ნეველისა და ქსენია პეტერბურგელის სახელზე ნაკურთხი. მათი საზეიმო კურთხევა შედგა 1905 წლის 28 აგვისტოს.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ტაძარი სამრევლო გახდა. 1922-1937 წლებში აქ განთავსებული იყო პეტერგოფის ეპისკოპოსის ნიკოლაი იარუშევიჩის კათედრა.

1938 წელს ეკლესია დახურეს. განიხილებოდა ტაძრის აფეთქება. 1941 წელს მოანგრიეს გუმბათი.

ისევე როგორც პეტერგოფის სხვა ძეგლებიც, აღნიშნული ტაძარიც მნიშვნელოვნად დაზარალდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ომის შემდეგ ეკლესიის შენობას გამოიყენებდნენ ტარის საწყობად.

1974 წლიდან ეკლესიას, როგორც ისტორიისა და კულტურის ძეგლს იცავს სახელმწიფო. 1980 წლისათვის დაადგეს გუმბათი, ხოლო 1987 წლისათვის დასრულდა ყველა ფასადების სარესტავრაციო სამუშაოები.

1989 წელს ტაძარი დაუბრუნდა მრევლს. 1990 წლიდან დაიწყო ტაძრის სარემონტო სამუშაოები. 1994 წელს ტაძარი აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ.

ფიოდოროვსკის საკათედრო ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგებულია 1909-1912 წლებში არქიტექტორ ვ. ა. პოკროვსკის მიერ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტაძარი ძლიერ დაზიანდა საარტილერიო დაბომბვის შედეგად, ძირითადად ლენინგრადის მხრიდან. ამ დროისათვის დასრულებულია მისი რესტავრაცია.

სანქტ-პეტერბურგის ფიოდოროვსკის საკათედრო ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ტაძარში შეეგროვებინათ ყველა რუსი წმინდანის ხატი და გაეხადათ იგი სიწმინდეების საცავი. კონკურსის გამარჯვებულად გამოაცხადეს ინჟინერი ს. ს. კრიჩინსკი და 1910 წლის 17 ოქტომბერს დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. ტაძარი მიუძღვნეს ორივე სამეფო სახლს რიურიკოვიჩებსა და რომანოვებს. ტაძარი შედგება ორი სართულისაგან. პირველი სართული ნოვგოროდის სტილშია მოწყობილი, ხოლო ზედა სართული როსტოვის სტილში.

ტაძარი დახურეს 1932 წლის 10 მაისს და გადააკეთეს რძის ქარხანად. ამჟამად მიღებულია გადაწყვეტილება დაუბრუნდეს ტაძარი მორწმუნეებს.

ქრისტეს აღდგომის ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტეს აღდგომის ტაძარი მართლმადიდებლური მემორიალური ერთსაკურთხევლიანი ტაძარია. აგებულია იმ ამბის სამახსოვროდ, რომ ზუსტად ამ ადგილზე 1881 წლის 1 მარტს სასიკვდილოდ დაჭრეს იმპერატორი ალექსანდრე II. ტაძარი ააგეს როგორც ძეგლი, მთელს რუსეთში შეგროვილი ფინანსებით.

ალექსანდრე ნეველის ლავრის სამების ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1763 წელს მიიღეს გადაწყვეტლება შეემუშავებინათ ახალი ტაძრის პროექტი. კონკურსში მონაწილეობდნენ ისეთი არქიტექტორები, როგორებიც იყვნენ ჟან-ბატისტ ვალენ-დელამოტი, ალექსანდრე ვისტი, ალექსანდრე კოკორინოვი, იური ფელტენი, სემენ ვოლკოვი და ქრისტიან კნობელი. ეკატერინე II-ის აპრობაციის შემდეგ არცერთი პროექტი არ მიუღიათ.

თერთმეტი წლის შემდეგ, 1774 წლის 26 ნოემბერს პროექტის შემუშავება დაევალა არქიტექტორ ივან სტაროვს. პროექტი, რომელიც წარუდგინეს ეკატერინე II-ს, დაამტკიცეს 1776 წლის თებერვალში. ივან სტაროვი დაინიშნა მშენებლობის ხელმძღვანელად.

ტაძრის საზეიმო საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1778 წლის 10 სექტემბერს მთავარეპისკოპოს გავრილ პეტროვისა და იმპერატორ ეკატერინე II-ის მონაწილეობით.

1782 წელს სამხრეთით დაამონტაჟეს 13-ტონიანი ზარი, რომელიც ჩამოასხეს 1658 წელს ივერიის მონასტრისათვის. ტაძრის მშენებლობა საბოლოოდ დაასრულეს 1786 წელს.

1790 წლის 10 სექტემბერს, ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს, მიტროპოლიტმა გავრილმა აკურთხა ტაძარი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Музей истории Петербурга
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Энциклопедия Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-14. ციტირების თარიღი: 2019-02-14.
  3. История-строительства-Смольного-монастыря. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-31. ციტირების თარიღი: 2021-01-17.
  4. 4.0 4.1 Выставка «Из прошлого Смольного собора». www.cathedral.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-06. ციტირების თარიღი: 2017-07-18.
  5. Историки СПбГУ ищут утраченный иконостас Смольного собора
  6. Крестовый полет. Смольный собор восстановят вертолетчики
  7. Над Смольным собором Санкт-Петербурга был установлен крест
  8. Смольный собор передают Петербургской епархии. www.cathedral.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-14. ციტირების თარიღი: 2016-05-11.
  9. Никольский морской собор. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-09. ციტირების თარიღი: 2019-02-14.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Корольков М. Андреевский собор в Санкт-Петербурге (к 175-летию со дня основания). — СПб.: Тип. А. С. Суворина, 1905.
  11. На купола Князь-Владимирского собора после реставрации вернулись кресты. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-24. ციტირების თარიღი: 2019-02-14.
  12. В 2016 году продолжится реставрация Князь-Владимирского собора