სანქტ-პეტერბურგის ანდრია პირველწოდებულის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის ანდრია პირველწოდებულის ტაძარი
სანქტ-პეტერბურგის ანდრია პირველწოდებულის ტაძარი — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ანდრია პირველწოდებულის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′23″ ჩ. გ. 30°16′59″ ა. გ. / 59.93972° ჩ. გ. 30.28306° ა. გ. / 59.93972; 30.28306
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810146001
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ალექსანდრე ვისტი
თარიღდება XVIII საუკუნე

სანქტ-პეტერბურგის ანდრია პირველწოდებულის ტაძარი (რუს. Собор Святого Апостола Андрея Первозванного) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. აგებულია XVIII საუკუნეში. მისი სახელწოდებიდან მომდინარეობს ახლომდებარე ანდრეევსკის ბაზრობის სახელწოდება.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ანდრია პირველწოდებულის სახელზე, ხოლო ეგვტერები ღვთისმშობლის მიძინებისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1724 წელს პეტრე I-მა შვედ არქიტექტორს ნიკოდემუს ტესინს დაუკვეთა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის პროექტი, რომელიც სავარაუდოდ უნდა აგებულიყო ვასილევსკის კუნძულზე. ტესინმა წამოაყენა პირობა, რომ ტაძარი ყოფილიყო ლონდონის წმინდა პავლეს ტაძრის მსგავსი და სიგრძეში მასავით 130 მეტრი. ტესინმა დაასრულა პროექტი და 1725 წელს რუსეთში ჩაუსვლელად წარადგინა. დაამზადეს მისი ასლი, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოხერხდა პეტრე დიდის გარდაცვალების გამო.

მშენებლობის ნაწილზე პასუხისმგებელი იყო გენერალ-ადმირალი გრაფი თევდორე აპრაქსინი, მან XVIII საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო შემოწირულობების შეგროვება[1].

1726 წელს, ძველი ეკლესიის წინამძღვარმა მღვდელმა ტიმოთე სემიონოვიმა ძმებთან ერთად, ისევე როგორც ვასილიევსკის კუნძულის მცხოვრებლებმა, მოითხოვეს ახალი ეკლესიის მშენებლობის აუცილებლობა. მათ წარადგინეს სამი შუამდგომლობა, სადაც სთხოვეს სინოდს ეკლესიის მშენებლობის დაჩქარება.

მშენებლობისთვის მზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის ასაშენებლად გამოიყო მიწის ნაკვეთი დიდი პროსპექტისა და მეექვსე ხაზის კუთხეში. ვასილევსკის კუნძულის მცხოვრებლებმა მიმართეს სინოდს მიეცათ დროებითი ხის ეკლესიის მშენებლობის ნებართვა, რათა აღდგომის ტაძრიდან გადაეტანათ კანკელი და საეკლესიო ჭურჭელი. პირველ თხოვნას სინოდმა უარყოფითი პასუხი გასცა. კუნძულის მცხოვრებლებმა მეორე თხოვნაც წარადგინეს და სინოდმა უპასუხა, რომ ეკლესიის აშენება შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამას დათანხმდებოდა საპოლიციო ხელისუფლება. 1728 წელს პოლიციისაგანაც მიიღეს თანხმობა[1].

1727 წლის 26 იანვარს იმპერატორ ეკატერინე II-ის პირადი ბრძანების საფუძველზე ხაზინიდან გამოიყო თანხა (1 000 რუბლი ფულის სახით, ხოლო 2 000 რუბლის მასალები) ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობისათვის. ამავე წელს იმპერატორმა გამოსცა მიმართვა წმინდა ანდრიას ორდენისათვის რუსულ და გერმანულ ენებზე და მოიწვია ისინი ტაძრის მშენებლობისათვის. ამ მოქმედების ეფექტიანობა გაურკვეველია, რადგან შემოწირული თანხის აღრიცხვის წიგნი დაკარგულია[1].

ხის ეკლესიის მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1728 წლის 7 მაისს ცნობილმა არქიტექტორმა ჯუზეპე ტრეზინიმ სინოდის კანცელარიას მოახსენა, რომ კუნძულზე ხის ეკლესიის მშენებლობის ნებართვა არსებობს. ტყის ფართობი გაწმენდილია და მომზადებულია ყველა საჭირო მასალა[1].

1729 წელს შედგა ეკლესიის სარძიკვლის ჩაყრა ნიჟნი-ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსის პიტირიმის კურთხევით. ხის ეკლესია ააგეს 1729-1731 წლებში. ტაძრის წინამძღვრად მრევლის თხოვნით დანიშნეს როსტოვის ეპარქიაში მოღვაწე ნიკიფორე ნიკიფოროვი[1].

ანდრია პირველწოდებულის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლადაგებული ეკლესია 1732 წლის 8 ოქტომბერს ნოვგოროდის ეპისკოპოსმა თეოფანემ აკურთხა ანდრია პირველწოდებულის სახელზე. პირველ წლებში ეკლესიასთან არსებობდა სასაფლაო, სადაც გადმოცემით დაკრძალულია მთავარი იაკობ დოლგორუკოვი, ეკატერინე დოლგორუკოვა და ანდრეი ნარტოვი.

ანდრია პირველწოდებულის ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1744 წლის 20 იანვარს ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მსახურთა შტატმა, რომელიც სამი მღვდლისაგან შედგებოდა, ელისაბედ I-ს მიმართა თხოვნით, რათა ეკლესია გადაეკეთებინათ ტაძრად და დიაკვანი იაკობ ტიხონოვი აემაღლებინათ პროტოპრესვიტერის რანგში. თხოვნას წმინდა სინოდმა დაუჭირა მხარი და ძალაშიც შევიდა. 1744 წლის 15 თებერვალს სანქტ-პეტერბურგის და შლისბურგის ეპისკოპოსმა ნიკოდიმმა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიას ტაძარი უწოდეა, ხოლო 22 თებერვალს დიაკვანი ტიხონი პროტოპრესვიტერის რანგში აამაღლეს[1].

1745 წელს ტაძრის გალავანზე დააყენეს ფილა ქართული წარწერით. 1905 წლისთვის ეს წარწერა გადაიტანეს სამი წმინდანის ეკლესიის მთავარი შესასვლელის კედელზე. წარწერა მოგვითხრობს კახეთის თავადის ნოდარ ჯორჯაძის 38 წლის ქალიშვილის გუკას გარდაცვალების შესახებ, რომელიც აქ დაკრძალეს 1746 წლის 29 მარტს. ამ წარწერის შინაარსი იძლევა იმის დასკვნას, რომ გარდაცვლილი პრინცესას ცხედარი წმინდა ანდრიას ტაძრის ეზოში დაკრძალეს პირველად. უცნობია ნეშტის გადასვენების თარიღი. არ არის ცნობილი, როდის და ვის მიერ დამონტაჟდა ფილა წარწერით[1].

სამი წმინდანის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი ტაძარი არ გამოირჩეოდა არც მშენებლობის სილამაზით და არც განსაკუთრებული მოხერხებულობით. ხის შენობა იყო ცივი და მცირე ზომის. ჰქონდა ერთი საკურთხეველი. ეს შენობა ვერ აკმაყოფილებდა ვასილიევსკის კუნძულზე მზარდი მოსახლეობის სულიერ მოთხოვნილებებს. მძიმე ზამთრის ყინვაში რთული იყო ღვთისმსახურების ჩატარება. ზამთარში ქალები და ბავშვებიც მოკლებული იყვნენ ეკლესიის მონახულების შესაძლებლობას. 1740 წელს ანა ივანეს ასულს მიმართეს თხოვნით რათა აეშენებინათ ახალი თბილი ეკლესია და ეკურთხებინათ იგი ღვთისმშობლის ხატის სახელზე. 1740 წელს შედგა ახალი, თბილი ტაძრის საფუძვლის ჩაყრა.

საკმარისი ფინანსების არ ქონის გამო მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობდა. ცნობილია, რომ სამშენებლო მასალად გამოიყენეს სანქტ-პეტერბურგში სპარესთის ელჩის სახლის მასალა. 20-წლიანი მშენებლობის შემდეგ 1760 წელს ეკლესია აკურთხეს სამი წმინდანის სახელზე, ხოლო ეგვტერი ხარების სახელზე აკურთხეს.

1761 წელს ხის ანდრია პირველწოდებულის ტაძარი, რომელიც 1728 წელს ააგეს, დაიწვა. საეკლესიო ღვთისმსახურება 1763 წლის შემოდგომამდე მიმდინარეობდა სამი წმინდანის ეკლესიაში.

ქვის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალ ქვის ეკლესიას საფუძველი ჩაუყარეს 1764 წლის 29 ივლისს. ერთი ვერსიით პროექტი შეიმუშავა არქიტექტორმა ალექსანდრე ვისტმა და შესაძლებელია მშენებლობის პროცესში მონაწილეობდა არქიტექტორი ალექსი ივანოვი[2]. სხვა ვერსიით პროექტის ავტორია ალექსი ივანოვი.

მშენებლობის პერიოდში 1766 წლის 17 აგვისტოს ჩამოინგრა გუმბათი და არქიტექტორი დააპატიმრეს. დაშლის მიზეზების შესწავლის შემდეგ არქიტექტორი გაამართლეს და მშენებლობა, რომელიც ძალიან გაჭიანურდა, გაგრძელდა.

ახალი სამსაკურთხევლიანი ქვის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესია აკურთხეს 1780 წლის 1 აპრილს.

ტაძარი აგებულია რენესანსის ეპოქის არქიტექტურულ სტილში. ტაძრის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ვერცხლის ყდაში ჩასმული სახარება, ამაღლების ხატი (XVII საუკუნე). ეკლესიის გუმბათის ყელი მოხატული იყო 1897 წლამდე, მასზე გამოსახული იყო მამა ღმერთი. ეკლესიის რემონტის დროს გუმბათის შიდა ხედი შეღებეს და მხატვრობაც გაქრა.

1848-1850 წლებში ეკლესიას მიაშენეს კუთხის ეგვტერები, რომლის არქიტექტორიც იყო ნიკოლაი გრებიონკა. 1870-იან წლებში ეკლესიაში დორიმენდოტ სოკოლოვისა და ალექსანდრე გეშვენდის პროექტით დაამონტაჟეს ვენტილაციისა და გათბობის სისტემები.

1923 წელს ტაძარი ობნოვლენცების ერთ-ერთი უმთავრესი ტაძარი გახდა. აქ წინამძღვრობდა ნიკოლაი პლატონოვი, რომელიც შემდეგ (1934 წლიდან) ლენინგრადის ობნოვლენცი მიტროპოლიტი ხდება. 1938 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა.

1992 წელს ტაძარი სამი წმინდანის ეკლესიასთან ერთად დაუბრუნდა სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. შემონახულია XVIII საუკუნის კანკელი.

2001 წელს ანდრია პირველწოდებულის ტაძრის ახლოს გაიხსნა წმინდა ანდრიას ორდენის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ობელისკი. 2002-2003 წლებში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Корольков М. Андреевский собор в Санкт-Петербурге (к 175-летию со дня основания). — СПб.: Тип. А. С. Суворина, 1905.
  2. История храма на сайте Андреевского собора დაარქივებული 2012-02-13 საიტზე Wayback Machine. .