სანდრო ეული
სანდრო ეული | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 (23) ოქტომბერი, 1890 |
დაბადების ადგილი | ზომლეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 25 მარტი, 1965 (74 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
სანდრო ეული (ნამდვილი სახელი და გვარი — ალექსანდრე ქიშვარდის ძე ქურიძე; დ. 23 ოქტომბერი [ძვ. სტ. 11 ოქტომბერი ], 1890, ზომლეთი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 25 მარტი, 1965, თბილისი) — ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მშობლიურ სოფელში დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, შევიდა ოზურგეთის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, მაგრამ მოსწავლეთა გამოსვლებში მონაწილეობისათვის გარიცხეს და მხოლოდ 1907 წელს დაამთავრა ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელი. შრომითი საქმიანობა დაიწყო ფოთში, ნავსადგურის მუშად; აქვე ჩაება რევოლუციურ გამოსვლებში. შემდეგ გადავიდა ბაქოში, სადაც 1914 წელს დააპატიმრეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შეუერდა ბოლშევიკებს.
1920 წელს მუშაობდა არალეგალურ გაზეთ „კომუნისტში“, შემდეგ იყო მისი რედაქტორი. 1920 წელს დაპატიმრებული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ. ქუთაისის ციხეში დაწერა ლექსი „წითელ საქართველოს“. 1921 წლის თებერვალში მონაწილეობდა საქართველოს ოკუპაციაში. საბჭოთა პერიოდში იყო საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1934–1939), ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი (1925, 1928–1930, 1936–1944), საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი (1933–1936, 1944–1962).
სანდრო ეულის პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1909 წელს, ბაქოში ყოფნისას აქტიურად მონაწილეობდა ქართული ჟურნალის წყაროს გამოცემაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა „პროლეტარულ მწერალთა“ ასოციაციას. მისი პოეზია განმსჭვალულია რევოლუციური სულისკვეთებით, მაგრამ მწერლის შემოქმედებაში გვხვდება ლირიკული ლექსებიც. აღსანიშნავია მისი პოემები: „არწივების ბუდე“, „ჭალადიდი“; დრამატული პოემა „ახალი ბალეტი“; პიესა „უძლეველი ძალა“; მოთხრობები: „ამირან ვაშალომიძე“, „სიცოცხლის დაბრუნება“ და სხვ., რომლებიც გაერთიანდა კრებულებში: „რჩეული ლექსები და პოემები“ (1930), „პოემები“ (1933), „რჩეული“ (1941), „პატარა მოთხრობები“(1942). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თხზულებანი ორ ტომად, თბ., 1963–1964.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკერმანი ნ., ბაქრაძე თ., ლაიშვილი ნ., სანდრო ეული–ქურიძე. 1890–1960 (მოკლე ბიბლიოგრაფიული საძიებელი), თბ., 1960.
- ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994. — გვ. 140.
- მირიანაშვილი ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
|