სანავარდოს წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანავარდოს წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოდან სამხრეთით 0,5 კმ-ზე. სოფელ ველისციხიდან ყვარლისკენ მიმავალი საავტომობილო გზის პირას, მარხცენა მხარეს, თეთრი გიორგის მკლავად წოდებულ ადგილას. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა. იგი ძირითად ფორმებში ტრადიციულად შემუშავებულ კომპოზიციურ სტრუქტურას იმეორებს. შენობა ნაგებია მოზრდილი, ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. დროთა განმავლობაში ეკლესიამ მნიშვნელოვანი ნგრევა და არაერთი გადაკეთება (სავარაუდოდ, გვიანდელ შუა საუკუნეებში) განიცადა, რამაც მას სრულიად შეუცვალა თავდაპირველი სახე. მთლიანადაა დანგრეული ჩრდილოეთ ეკლესია და დასავლეთ გარშემოსასვლელი. განახლებულია მთავარი ეკლესიის კამარა, კონქი, გარეთა კედლების ზედა ნაწილები და ლავგარდანი; აღდგენილია სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედლის უმეტესი ნაწილი. ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია.

მთავარ ეკლესიას (გარეთაზომები: 7.5 x 4.3 მეტრი) სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი თარაზულადაა გადახურული. მათგან სამხრეთ და დასავლეთ კარები თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი, ხოლო დასავლეთისას წირთხლების მნიშვნელოვანი ნაწილი და გადახურვა აღდგენილი აქვს.

აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე გაჭრილია გარეთკენ შევიწროებული და თარაზულად გადახურული ვიწრო სარკმელი. აფსიდის სამხრეთ გვერდში მცირე სწორკუთხა ნიშაა. აფსიდი გადახურულია ტლანქად ნაწყობი კონქით, რომლის თაღი კვერცხისებრი ფორმისაა (მსგავსი ფორმა აქვს კამარასაც) და აფსიდის მხრების დამაგვირგვინებელ, მარტივი პროფილის (თარო და შეზნექილი მრუდი ზედაპირი) მაღალ იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხევლის სარკმლის გარდა, მთავარ ეკლესიას კიდევ ორი, მრტყლად გადახურული სარკმელი აშუქებს. მათგან ერთი სამხრეთ კედლის შუაშია, ხოლო მეორე დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში. ეს უკანასკნელი საკმაოდ ვიწროა და პარალელური წირთხლები აქვს.

სამხრეთ ეკლესიის კედლები მთავარი ეკლესიის კედლებს წყობით არ ებმის. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ღრმა, ნალისებრი აფსიდით, რომელშიც სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის სამხრეთ კედელში მოწყობილი იყო ორმალიანი, თაღოვანი შესასვლელი — თაღებს შორის მრგვალი სვეტებით, რომლის დასავლეთ მალი მოგვიანებით აგურითა და ნატეხი ქვით მთლიანად ამოუშენებიათ (საკმაოდ ტლანქად), ხოლო აღმოსავლეთ მალში, ვიწრო, დადაბლებული თაღით დასრულებული კარი მოუწყვიათ. ასევე გვიანდელია სამხრეთ ეკლესიის დასავლეთ ნაწილში, მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედლის ხაზზე. აგებული ორი პილასტრი და მათზე დაყრდნობილი ნალისებრი თაღი, რომელიც თხელი ქვის ფილებითაა ნაწყობი. შიგნით ეკლესია მშვილდისებრი ფორმის ქვის კამარითაა გადახურული. იგი ეყრდნობა მთავარი ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიდგმულ ორ პილასტრს და მათზე გადაყვანილ სამ თაღს.

ეკლესიის დასავლეთ გარშემოსასვლელიდან შემორჩენილია სამხრეთ-დასავლეთ კუთხის ნაშთი და კამარის საყრდენი კედლების მცირე ნაწილები, რომლებიც მთავარი ეკლესიის დასავლეთ კედელზე არიან მიშენებული. ჩრდილოეთ ეკლესიის კედლების კვალიც კი აღარ ჩანს. ეკლესიის ფასადები დასრულებულია აგურის ნაწყობი ხერხულა ლავგარდნით, რომლის დიდი ნაწილი ჩამოშლილია. ეკლესია გადახურული იყო ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]