შინაარსზე გადასვლა

სამხრეთი პროვინცია (ახალი კალედონია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამხრეთი პროვინცია (მრავალმნიშვნელოვანი).
ახალი კალედონია
სამხრეთი პროვინცია
ფრანგ. Province Sud
დროშა

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ადმ. ცენტრი ნუმეა
შიდა დაყოფა Bourail, Boulouparis, Dumbéa, Farino, La Foa, Moindou, Le Mont-Dore, Païta, ილ-დე-პენი, Poya, Sarraméa, Thio, Yaté და ნუმეა
კოორდინატები 21°55′00″ ს. გ. 166°20′00″ ა. გ. / 21.91667° ს. გ. 166.33333° ა. გ. / -21.91667; 166.33333
მმართველი Philippe Michel და Sonia Backès
ფართობი 7012,0 კმ²
მოსახლეობა 203 144 კაცი (2019)
სიმჭიდროვე 29,0 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ევროპელები - 29,68 %, კანაკები - 28,79 %, მეტისები - 12,53 %, სხვები - 11,3 %, უოლისელები და ფუტუნელები - 10,82 %
სასაათო სარტყელი UTC+11:00
ოფიციალური საიტი province-sud.nc

სამხრეთი პროვინცია (ფრანგ. Province Sud) — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალი კალედონიის სამიდან ერთი ადმინისტრაციული პროვინცია. ის მოიცავს ახალი კალედონიის მთავარ კუნძულ გრანდ-ტერის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს.

პროვინცია არქიპელაგის და მთელი მელანეზიის ეკონომიკურად ყველაზე უფრო განვითარებული და ურბანიზებული ნაწილია. სამხრეთი პროვინცია ასევე ახალი კალედონიის და მელანეზიის ერთადერთი ნაწილია სადაც ეთნიკურ მელანეზიელებს არა აქვთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

პროვინციული ასამბლეა და აღმასრულებელი ხელისუფლება მდებარეობს ნუმეაში. მაგრამ საფრანგეთის სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანოები მდებარეობს დასახლებულ პუნქტ ლა-ფოაში, როგორც საფრანგეთის მეტროპოლიის სუბპრეფექტურის ანალოგი და სადაც იმყოფება რესპუბლიკის კომისარის მოადგილე (ფრანგ. commissaire délégue de la République). ლა-ფოა საფრანგეთის ცენტრალური მთავრობის მიერ შეირჩა 1980-იანი წლების ბოლოს, რათა გათანაბრებულიყო ნუმეას გადაჭარბებული გავლენა ახალ კალედონიაში.

ცენტრალური სახელმწიფო ადმინისტრაციული სამსახურები ლა-ფოაში განსხვავდება ცენტრალური სახელმწიფო ადმინისტრაციული სამსახურებისგან ნუმეაში. ლა-ფოაში ეს სამსახურები მართავენ ადგილობრივი დანიშნულების საქმეებს პროვინციის დონეზე, მაშინ როდესაც ნუმეაში ახალ კალედონიაში რესპუბლიკის უმაღლესი კომისრის ხელმძღვანელობით უძღვებიან მთელი ახალი კალედონიის ტერიტორიალური საქმეების მართვას.

პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა 2019 წლის აღწერის მიხედვით შეადგენდა 203 144 ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ 7012,0 კმ² მიწის ფართობზე. პროვინციის მოსახლეობა საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ უმრავლესობას წარმოადგენენ არა მელანეზიელები, რომელთა წილი პროვინციის მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 26,7 %-ია და საუბრობენ კანაკელი ხალხის სხვადასხვა ენებზე, არამედ ევროპელები, რომლებზეც მოდის მოსახლეობის 35,9 %. მათ შემდეგ მოდიან უოლისელები და ფუტუნელები - 11,4 % და მეტისები - 9,7 %.

სამხრეთი პროვინცია მოიცავს ახალი კალედონიის მთავარ კუნძულ გრანდ-ტერის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს და კუნძულ ილ-დე-პენს. პროვინციის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი იმყოფება მთა უმბოზე (ფრანგ. Mont Humboldt) და შეადგენს ზღვის დონიდან 1618 მეტრს (სიმაღლის მიხედვით მეორე მწვერვალი ახალ კალედონიაში მთა პანეს შემდეგ).

სამხრეთი პროვინცია ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებული და მდიდარია ახალ კალედონიაში. 2019 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით პროვინციაში ცხოვრობს 203 144 მაცხოვრებელი, რაც შეადგენს მთლიანი ტერიტორიის სამ მეოთხედს ანუ 74,85 %-ს და ეს პროცესი იზრდებოდა დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. 1996 წლის აღწერის მიხედვით პროვინციაში ცხოვრობდა 134 546 ადამიანი, რაც შეადგენდა მთელი ტერიტორიის ორ მესამედზე ოდნავ მეტს (68,35 %). 2004 წლის მოსახლეობის აღწერით ცხოვრობდა 164 235 ადამიანი (71,16 %), 2009 წლის აღწერის მონაცემებით 183 007 ადამიანი (74,52 %) და 199 983 ადამიანი 2014 წლის აღწერით (74,41 %). ეს აიხსნება როგორც საკმაოდ მაღალი ბუნებრივი მატებით, ასევე საკმაოდ მუდმივი და განსაკუთრებულად მაღალი მიგრაციული ბალანსით. ასე რომ პროვინცია არა მარტო ახალი კალედონიის დადებითი მიგრაციული ბალანსის ბენეფიციარია, არამედ ორი დანარჩენი სხვა პროვინციებიდან მუშა ძალის მოზიდვის პოლუსია, ხოლო ამ ორ პროვინციას კი აქვთ უარყოფითი ან უფრო გაცილებით დაბალი მიგრაციული ბალანსი.[1][2]

მაგრამ სამხრეთი პროვინცია ასევე ყველაზე უფრო დისბალანსიანია მოსახლეობის განაწილების მხრივ. ფაქტიურად მისი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (55,64 % 2004 წელს, 53,32 % 2009 წელს, 49,97 % 2014 წელს და 46,41 % 2019 წელს) ცხოვრობს მხოლოდ ნუმეას კომუნაში, პროვინციის მთლიანი ტერიტორიის 0,7 %-ზე. ხოლო მოსახლეობის თითქმის 9/10 (89,05 % 2004 წელს, 89,46 % 2009 წელს, 89,76 % 2014 და 2019 წლებში) ცხოვრობს დიდ ნუმეაში (ცხოვრობს 182 341 ადამიანი, ე.ი. ახალი კალედონიის მთელი მოსახლეობის 2/3 ანუ 67,18 %). მაშინ როდესაც ნუმეას მოსახლეობის სიმჭიდროვე დღეისათვის აჭარბებს 2000 ად./კმ²-ზე, ხოლო დიდი ნუმეასი 100 ად./კმ²-ზე, პროვინციის დანარჩენ ტერიტორიაზე მოსახლეობის სიმჭიდროვე საკმაოდ დაბალია და ძლივს აღწევს 4 ად./კმ²-ზე (3,35 ად./კმ² 2004 წელს, 3,59 ად./კმ² 2009 წელს, 3,62 ად./კმ² 2014 წელს და 3,56 ად./კმ² 2019 წელს). მიუხედავა იმისა, რომ ეს განსხვავებები შენარჩუნებულია ისინი სტაბილურია და არ გაზრდილა 2014 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში.

ევროპული წარმოშობის ახალი კალედონიელები, განსხვავებით დანარჩენი ორი სხვა პროვინციისგან (სადაც ისინი იმყოფებიან მნიშვნელოვნად დიდ უმცირესობაში), სამხრეთ პროვინციაში წარმოადგენენ დემოგრაფიულ უმრავლესობას, თუმცა 2010 წლიდან დაწყებული მათი საერთო რაოდენობა მცირდება. 2019 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით სამხრეთ პროვინციაში ცხოვრობს 60 302 ადამიანი, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (29,68 %) წარმოადგენს (35,9 % 2009 წელს და 33,34 % 2014 წელს). ევროპული წარმოშობის მოსახლეობის 3/5-ზე მეტი თავმოყრილი იყო ნუმეაში (61,21 %). მკვიდრი მოსახლეობა კანაკების რაოდენობა 2019 წლის აღწერის მიხედვით შეადგენს 58 476 ადამიანს ანუ 28,79 %-ს (26,7 % 2009 წელს და 26,1 % 2014 წელს), მათგან 3/5 ანუ 61,1 % თავმოყრილია ქალაქებში ნუმეა და დუმბეა). იმავე აღწერის მიხედვით მეტისების რაოდენობა შეადგენს 25 447 ადამიანს ანუ 12,53 % (9,70 % 2009 წელს და 9,74 % 2014 წელს, მათ განიცადეს ძალიან მაღალი ზრდა 2014 წლიდან 2019 წლამდე). 2019 წლის აღწერის მონაცემებით "სხვები" შეადგენდნენ 23 156 ადამიანს ანუ 11,4 %-ს (7,1 % 2009 წელს და 10,22 % 2014 წელს, მათ განიცადეს ძალიან მაღალი ზრდა 2009 წლიდან 2019 წლამდე), ხოლო უოლისელების და ფუტუნელების რაოდენობა დაფიქსირდა 21 982 ადამიანი ანუ 10,82 % (11,4 % 2009 წელს და 10,72 % 2014 წელს), რომლებიც ძირითადად კონცენტრირებულები არიან და მათი 2/3-ზე მეტი ანუ 70,52 % ცხოვრობს დიდი ნუმეას 3 ქალაქგარე კომუნაში. ტაიტელები შეადგენდნენ 5019 ადამიანს ანუ 2,47 %-ს (2,6 % 2009 და 2014 წლებში), ინდონეზიელები 3348 ადამიანს ანუ 1,65 %-ს (1,9 % 2009 წელს და 1,68 % 2014 წელს), ვიეტნამელები 2170 ადამიანს ანუ 1,07 %-ს (1,3 % 2009 წელს და 1,22 % 2014 წელს), ნი-ვანუატუ 2165 ადამიანს ანუ 1,07 %-ს (1,2 % 2009 და 2014 წლებში) და სხვა აზიელები 1079 ადამიანს ანუ 0,53 %-ს (0,98 % 2009 წელს და 0,56 % 2014 წელს)[3]. ახალი კალედონიის სამივე პროვინცია ფრანგულენოვანია, მაგრამ სამხრეთი პროვინცია ერთადერთია, სადაც ფრანგული ენა მშობლიურია მოსახლეობის უმრავლესობისათვის (დანარჩენ ორ პროვინციაში მელანეზიელი კანაკი მოსახლეობა მას იყენებს, როგორც ლინგვა ფრანკა, მაგრამ ის რჩება მთელი არქიპელაგის ოფიციალურ ენად).

დემოგრაფიული ცხრილი[4]
წლები 1956 1963 1969 1976 1983 1989
მოსახლეობა 33 426 49 329 61 150 86 694 98 548 111 735
წლები 1996 2004 2009 2014 2019 2024
მოსახლეობა 134 546 164 235 183 007 199 983 203 144 -

ადმინისტრაციული მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთი პროვინცია დაყოფილია 14 კომუნად:

კომუნა
(ქართ.)
კომუნა
(ფრანგ.)
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად. (2019)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
     სამხრეთი პროვინცია
1 თიო Thio 997,6 2524 2,5
2 იატე Yaté 1338,4 1667 1,2
3 ილ-დე-პენი Île des Pins 152,3 2037 13,4
4 მონ-დორი Mont-Dore 643,0 27 620 43,0
5 ნუმეა Nouméa 45,7 94 285 2063,1
6 დუმბეა Dumbéa 254,6 35 873 140,9
7 პაიიტა Païta 699,7 24 563 35,1
8 ბულუპარი Boulouparis 865,6 3315 3,8
9 ლა-ფოა La Foa 464,0 3552 7,7
10 სარამეა Sarraméa 106,4 572 5,4
11 ფარინო Farino 48,0 712 14,8
12 მუანდუ Moindou 321,9 681 2,1
13 ბურაილი Bourail 797,6 5531 6,9
14 პუაა (ჩრდილოეთი ნაწილი) Poya 277,2 210 0,8
სულ 18 575,5 271 407 14,6

პროვინციული კონგრესი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 12 მაისს ჩატარებული არჩევნების შემდეგ პროვინციალურ კონგრესში არსებულ 40 ადგილიდან დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე კოალიცია დარწმუნებულ მომავალს (ფრანგ. L'Avenir en confiance, AEC), რომელიც აერთიანებს პარტია კალედონიის რესპუბლიკელებს (სონია ბაკესის მიერ 2017 წელს შექმნილი ყოფილი 6 პარტიის გაერთიანება – გაერთიანება კალედონიისთვის, მოძრაობა მრავალფეროვნებისთვის, კალედონიის რესპუბლიკური მოძრაობა, გაერთიანების დისიდენტები, კალედონიის სახალხო მოძრაობა, კალედონიის ანსამბლეა ), გაერთიანება (ფრანგ. Le Rassemblement)–რესპუბლიკელებს (ახალი კალედონია), რომელსაც დღეისათვის სათავეში უდგას ტიერი სანტა და კალედონიის სახალხო მოძრაობას, რომელსაც სათავეში უდგას ჟილ ბრიალი უკავია 20 ადგილი 1999 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ხმების მოპოვების შედეგად – 40,6 %. მეორე ადგილი უკავია ასევე დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე პარტია ახალი კალედონიის ანსამბლეას ფილიპ გომესის მეთაურობით, რომელსაც კონგრესში უკავია 9 ადგილი და რომელმაც არჩევნებში მოიპოვა ხმათა 18,5 %. მესამეა დამოუკიდებლობის მომხრე კანაკთა ეროვნული განთავისუფლების სოციალისტური ფრონტი, რომელსაც ხელმძღვანელობს როხ ვამიტანი და რომელმაც არჩევნებზე მიიღო ხმათა 15,9 % და კონგრესში უკავია 7 ადგილი. 5 %-იანი ზღვარი გადალახა და მეოთხე ადგილზე გავიდა უოლისელების და ფუტუნელების ნეიტრალური ახალი მოძრაობა ოკეანური გამოფხიზლება (ფრანგ. L'Éveil océanien, EO), რომელსაც ხელმძღვანელობს მილაკულო ტუკუმული და რომელმაც არჩევნებზე მიიღო ხმათა 8,6 % და კონგრესში უკავია 4 ადგილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]