სამხრეთი კორეის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამხრეთი კორეის გეოგრაფია
Satellite image of South Korea in January 2004.jpg
Korea south map - Valentim.png
კონტინენტი აზია
რეგიონი აღმოსავლეთი აზია
უგრძესი მდინარე ნაქტონგანი
კლიმატი ზომიერი
მუსონური

სამხრეთი კორეა — ქვეყანა აღმოსავლეთ აზიაში, კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. სახმელეთო საზღვარი მხოლოდ ჩრდილოეთ კორეასთან გააჩნია. ამ საზღვრის გასწვრივ განლაგებულია დემილიტარიზებული ზონა. ქვეყანა თითქმის მთლიანად წყლითაა გარშემორტყმული, სანაპირო ხაზის სიგრძეა 2413 კილომეტრი. დასავლეთით ესაზღვრება ყვითელი ზღვა, სამხრეთით კორეის ყურის წყლები და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, ხოლო აღმოსავლეთით იაპონიის ზღვა. ქვეყნის ფართობია 100 210 კვადრატული კილომეტრი, რომელთაგან 290 კვადრატული კილომეტრი წყლის რესურსებს უკავიათ.

კორეის ნახევარკუნძული გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაახლოებით 1000 კილომეტრზე. მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით 200 კილომეტრში კორეის ყურის გავლით განლაგებულია იაპონიის კუნძულები ჰონსიუ და კიუსიუ, ხოლო დასავლეთით 190 კილომეტრშია შანდუნის ნახევარკუნძული, რომელიც ჩინეთს ეკუთვნის. ნახევარკუნძულის დასავლეთი სანაპირო გარშემორტყმულია ჩრდილოეთით დასავლეთ კორეის ყურითა და სამხრეთით ყვითელი ზღვით; აღმოსავლეთი სანაპირო გარშემორტყმულია იაპონიის ზღვით. ნახევარკუნძულის სანაპიროს სიგრძეა 8640 კლომეტრი, ძლიერ არის შეჭრილ-შემოჭრილი. ნახევარკუნძულის ირგვლივ განლაგებულია 3579 კუნძული (ძირითადად დასავლეთისა და სამხრეთის სანაპიროების გასწვრივ), რომელთა დიდი ნაწილი დაუსახლებელია.

კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ საზღვარს ქმნიან მდინარეები იალუძიანი და ტუმანგანი, რომლებიც კორეას გამოყოფენ ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებისაგან და რუსეთის პრიმორიეს მხარისაგან. თავდაპირველად, ორ კორეულ სახელმწიფოს შორის საზღვარს ქმნიდა 38-ე პარალელი, თუმცა კორეის ომის შემდეგ, საზღვარი შეიცვალა, ხოლო მის გასწვრივ წარმოიქმნა დემილიტარიზებული ზონა. ქვეყნის უდიდესი კუნძულია ჩეჯუდო, რომელიც ნახევარკუნძულიდან სამხრეთისკენაა განლაგებული. მისი ფართობია 1 825 კვადრატული კილომეტრი. სხვა დიდი კუნძულებია: ულინდო იაპონიის ზღვაში და კანხვადო მდინარე ხანგანის შესართავის რაიონში.

ქვეყნის დიდი ნაწილის კლიმატი ზომიერია, მუსონური. სამხრეთ სანაპიროზე და კუნძულ ჩეჯუდოზე დამახასიათებელია სუბტროპიკულ მუსონური კლიმატი. აზიიდან წამოსული ჰაერის მასების მოძრაობა დიდ გავლენას ახდენს კლიმატზე, ვიდრე წყნარი ოკეანიდან მოსული ჰაერის მასების მოძრაობა.

ზამთარი კორეის რესპუბლიკაში შედარებით მზიანია და მშრალი, კუნძულ ჩეჯუდოსა და აღმოსავლეთ სანაპიროზე იგი უფრო ნოტიოა. იანვრის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 0..-4 °С-ს ცენტრსა და ქვეყნის დასავლეთში, −4..-7 °С მთებში ჩრდილო-აღმოსავლეთით, −1..+3 °С აღმოსავლეთ და სამხრეთ სანაპიროებზე და +6 °С კუნძულ ჩეჯუდოზე. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი ქვეყნის დიდ ნაწილში უდრის −15..-25 °С და იკლებს −5..-15 °С-მდე სუბტროპიკებში.

ზაფხული ცხელი, ნოტიოა და ხანგრძლივი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურები იცვლება +24 °С-იდან აღმოსავლეთ სანაპიროზე +26 °С-მდე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით და კუნძულ ჩეჯუდოზე. მთებში სიმაღლესთან ერთად ზაფხული ხდება გრილი და მოკლე. წყლის საშუალო ტემპერატურა აგვისტოში იაპონიის ზღვის ღია ნაწილსა და კორეის ყურეში მატულობს +23 °С ჩრდილოეთით და +27 °С-მდე კუნძულ ჩეჯუდოს სიახლოვეს. შემოდგომა და გაზაფხული წლის ყველაზე სასიამოვნო თვეებია.[1] [2] [3]

წარმატებული მიწათმოქმედებისათვის ქვეყანაში მოდის საკმაო რაოდენობის ატმოსფერული ნალექი, საშუალოდ 100 სანტიმეტრზე მეტი წელიწადში. მშრალ პერიოდში ეს ციფრები შეიძლება დაეცეს 75 სანტიმეტრზე დაბლა. ატმოსფერული ნალექების დაახლოებით 2/3 მოდის წვიმიან სეზონში ივნისიდან სექტემბრამდე.

სამხრეთი კორეა ნაკლებად ზარალდება ტაიფუნებისაგან, ვიდრე მაგალითად, იაპონია, ტაივანი, ჩინეთის აღმოსავლეთი სანაპირო ან ფილიპინები. წელიწადში 1-იდან 3-მდე ტაიფუნი ხდება, ჩვეულებრივ აგვისტოში, რომელიც წყალდიდობას იწვევს. 1984 წლის სექტემბერში მოხდა ძლიერი ტაიფუნი, რომელმაც შეიწირა 190 ადამიანის სიცოცხლე და სახლის გარეშე დატოვა კიდევ 200 000 ადამიანი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. National Geographic Information Institute Карты температур и осадков.
  2. Holocene Vegetation Responses to East Asian Monsoonal Changes in South Korea. Абсолютные минимумы температуры воздуха.
  3. ЕСИМО. Температура воды в открытой акватории Японского моря.