თბილისის ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამხედრო გადატრიალება (1991-1992))
Jump to navigation Jump to search

თბილისის ომი — შეიარაღებული კონფლიქტი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდია მომხრეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის (1991 დეკემბერში და 1992 იანვარში) თბილისის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ფურცელი.

საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ არჩეულმა პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვმნელობის კურსმა მალე გამოიწვია მოსახლეობის მნიშვმნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება, გააქტიურა ოპოზიცია. ვითარება განსაკუთრებით სწრაფი ტემპით დაიძაბა მას შემდეგ, რაც 1991 წლის 18 აგვისტოს მოსკოვში მოწყობილი პუტჩის ხელმძღვანელობის მოთხოვნა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იმით გამოეხმაურა, რომ დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად თბილისი დატოვა და რკონის ხეობაში დაბანაკდა. 1991 წლის 2 სექტემბერს პოლიციამ იარაღის გამოყენებით დაარბია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) საინფორმაციო მიტინგი რუსთაველის ძეგლთან. თბლისში ფაქტობრივად პერმანენტული პოლიტიკურ კრიზისი დაიწყო. ეროვნ. დამოუკიდებლობის პარტიამ დაიწყო შიმშილობა ყოფილ "იმელის" შენობასთან, 10 სექტემბერს ბარიკადები აღიმართა რუსთაველის პროსპექტზე, იმართებოდა საინფორმაციო მიტინგები საქტელერადიოს შენობასთან, ედპ-ის შტაბ-ბინასთან ჟურნალისტების, შემოქმედებითი ინტელიგენციისა და სხვათა მონაწილეობით. თბილისის ზღვის მიდამოებში განლაგდა ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი. 4-5 სექტემბერს ხელისუფლებამ ძალით გაწმინდა რუსთაველის პროსპექტი, რის შედეგადაც დაიჭრა რამდენიმე კაცი. გვარდიის განდგომილი ნაწილის განიარაღების ცდასაც შეტაკება და რამდენიმე ადამიანის დაჭრა მოჰყვა. დააკავეს ედპ-ის ლიდერი გ.ჭანტურია, ჟურნალისტი გ.ხაინდრავა, "მხედრიონის" ლიდერი ჯ.იოსელიანი და სხვები. პოლიტ დაძაბულობა თბილისში ძლიერდებოდა.

1991 წლის 5 დეკემბერს რუსეთის, უკრაინის და ბელორუსიის ხელმძღვანელთა მიერ ე. წ. ბელოვეჟის ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად საბჭოთა კავშირმა, როგორც სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა. ამ მოვლენამ კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია. 19 დეკემბერს გაიმართა ოპოზიციის მიტინგი რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო ხელისუფლების მომხრეებისა - მთავრობის სასახლესთან. ოპოზიციის მომხრეები მთავრობის სასახლისკენ გაემართნენ. ეროვნული თანხმობის ორმხრივი ლოზუნგების მიუხედავად, შეთანხმება მაინც არ მოხდა. დაძაბულობამ დედაქალაქში კულმინაციას მიაღწია. ოპოზიცია მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ხელისუფლება მთავრობის სასახლესთან თავმოსაყრელად მოუწიოდებდა თავის მომხრე ძალებს და ოპოზიციისგან მორჩილებას და განიარაღებას მოითხოვდა. 21 დეკემბერს მოხდა სისხლიანი შეტაკება. თბილისში შემოვიდნენ გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი და "მხედრიონის" წევრები. თბილისის ცენტრი საომარი მოქმედების ასპარეზად გადაიქცა. ოპოზიციამ შეძლო პრეზიდენტის მომხრეთა ბლოკირება მთავრობის სასახლის ქვედა სართულში. მთავრობის ცდა ჩაეხშო ამბოხემა მარცხით დამთავრდა. ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ (თ. კიტოვანი, ჯ. იოსელიანი, თ. სიგუა). 1992 წლის 9 იანვარს, ღამით იზოლაციაშ მოქცეული ზვიად გამსახურდია თბილისს გაეცალა. ძმათამკვლელ ომში დაიღუპა 18, დაიჭრა 130-მდე კაცი, განადგურდა დედაქალაქის ცენტრის ნაწილი, დაიწვა უნიკალური შენობები - პირველი საშუალო სკოლა სასტუმროები „თბილისი“, „ინტურისტი“ (მხატვრის სახლი) საცხოვრებელი სახლები. სერიოზულად დაზიანდა მთავრობის სასახლე, კავშირგაბმულობის სახლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 517