შინაარსზე გადასვლა

სამშვიდობო განათლება

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამშვიდობო განათლება — ფასეულობების, ცოდნის, დამოკიდებულებების, უნარებისა და ქცევების შეძენის პროცესი, რათა ადამიანმა იცხოვროს ჰარმონიაში საკუთარ თავთან, სხვებთან და ბუნებრივ გარემოსთან.

მშვიდობის კონცეფციამ და მისმა როლმა განათლებაში დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცადა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს მუშაობა საერთაშორისო თანამშრომლობაზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა UNESCO, რომელმაც განსაზღვრა განათლების როლი მშვიდობის შექმნაში. ცივი ომის შემდეგ სამშვიდობო მოძრაობები ორიენტირდა განიარაღებასა და გარემოს დაცვაზე.

სამშვიდობო განათლების ინსტიტუციონალიზაცია დაიწყო 1950-1960 წლებში. 1959 წელს იოჰან გალტუნგმა საფუძველი ჩაუყარა სამშვიდობო კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტს და 1964 წელს დააარსა მშვიდობის კვლევების ჟურნალი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აქტივისტებმა კენეტ და ელის ბოულდინგებმა.

ბეტი რეარდონი, სამშვიდობო განათლების "დედა“, იყო პირველი, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში შეიტანა სამშვიდობო საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო გალტუნგი და ბოულდინგები ატარებდნენ კვლევებს და აფუძნებდნენ სამოქალაქო ორგანიზაციებს.

მიზნები და კომპონენტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამშვიდობო განათლება ემსახურება ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების დანერგვას კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად და მშვიდობიანად მოსაგვარებლად. მნიშვნელოვანია არაძალადობრივი მეთოდები და სოციალური სამართლიანობა.

სამშვიდობო განათლება მოიცავს სხვადასხვა თემებს: განიარაღებას, ადამიანის უფლებები, ოჯახური ძალადობა, ეკოლოგია და მისი ფორმები რეგიონების მიხედვით განსხვავდება.

გრძელვადიანი მშვიდობის შესაქმნელად აუცილებელია ხუთი ელემენტი: საყოველთაო განათლების სისტემა, თანაზიარობის განცდა, კონსტრუქციული კამათის პროცედურები, მოლაპარაკებებში ჩართვა და სამოქალაქო ფასეულობების დანერგვა.

სამშვიდობო განათლების მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

UNICEF აქტიურად იყენებს სამშვიდობო განათლებას მშვიდობის აქტუალიზაციაში. განათლება იცავს ბავშვებს ძალადობისგან, ქმნის უსაფრთხო გარემოს და კონფლიქტის ნორმალური მოგვარების გზებს. UNICEF მიიჩნევს, რომ განათლება ეხმარება უთანასწორობის და სხვა პრობლემების აღმოფხვრას, სპეციალური პროგრამებითა და მეთოდებით. მაგალითად, ნეპალში პროგრამა „სკოლა, როგორც მშვიდობის ზონა" წარმატებული აღმოჩნდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]