სამრეკლოს წმინდა სერაფიმის (საროველის) ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამრეკლოს წმინდა სერაფიმის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. დგას სოფელ სამრეკლოს ერთ-ერთ ძველ, სეჩენოვკად (სვიჩინოვკა) წოდებულ უბანში. უბნის სახელს რუსეთიდან 1826-1829 წლებში გადმოსახლებულ დეკაბრისტებს უკავშირებენ. ეკლესია უფრო გვიან, სავარაუდოდ, XIX საუკუნის მეორე ნახევარში უნდა იყოს აგებული. შენობა კარგად გათლილი, მოთეთრო ქვის კვადრებით და აგურითაა ნაგები. კედლები ძირითადად ქვისაა, აგურითაა გამოყვანილი კარ-სარკმელთა ღიობები, კონსტრუქციული ნაწილები და ფასადთა მორთულობის დეკორაციული ელემენტები. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიის ბირთვს გუმბათქვეშა რვაკუთხედი ქმნის, რომელსაც ოთხივე მხრიდან ერთვის სწორკუთა, კამარით გადახურული „მკლავები“. მათგან აღმოსავლეთისა დასრულებულია შვერილი, ნახევარწრიული აფსიდით, როელიც ძირითადი სივრცისგან მოკლე ბემითაა გამოყოფილი (შიგნითა ზომები ღერძებზე: სიგრძე — 17,3 მ, სიგანე — 13,2 მ). ეკლესიას მთავარი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, ამ მხრიდან მიდგმული სამრეკლოს პირველი სართულიდან. თითო კარი ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებშიცაა. აფსიდში ორი სარკმელია გაჭრილი ორი ფართო სარკმელი განივ სარკმელში, შესასვლელების თავზეა მოწყობილი. თითო სარკმელი დასავლეთ მკლავის გვერდით კედლებშიცაა. საკურთხევლის გვრედებზე თითო მცირე სათავსია. მათგან სამხრეთისას საკურთხეველი ბემაში გაჭრილი კარით უკავშირდება. ჩრდილოეთ სათვსს კი დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს -ჩრდილოეთიდან. სავარაუდოდ, ეს სადგომი ეკლესიის მსახურის ან მცველის საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. ეკლესიას დასავეთით თანადროული, სამსართულიანი სამრეკლო ეკვრის, რომლის პირველი სართული სამი დამოუკიდებელი სადგომისაგან შედგება. მათგან შუა კარიბჭეა, ჩრდილოეთ სადგომში კი მოწყობილია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. ეკლესიის ფასადები უხვადაა მორთული აგურით გამოყვანილი დეკორატიული ელემენტებით. მორთულობის ელემენტების და კედლის ზედაპირის ფერთა კონტრასტი შთმბეჭდავს ხდის ნაგებობის გარეგან სახეს. ფასადებიდან მორთულობით გამოირჩევა დასავლეთის ფასადი, რომლის შუა, საფეხურით შვერილ ნაწილს თაღოვანი პორტალი ამშვენებს. თაღის ფორმას მის თავზე მდებარე სარკმლის თავსართიც იმეორებს (პორტალის მსგავსი თაღებითაა მორთული ეკლესიის დანარჩენი სარკმლებიც). ფასადს ასრულებს ერთმანეთზე გადაბმული სამი თაღი. ეს მოტივი, მეტნაკლებად, ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზეც მეორდება. ეკლესია დროთა განმავლობაში სპორტულ დარბაზად გამოიყენებოდა და თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად ჰქონდა შეცვლილი. 2011-2012 წლებში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაები. (გამაგრდა საძირკველი და დაზიანებული კედლები. აღდგა ცენტრალური ნაწილის გუმბათოვანი გადახურვა, მკლავების გადახურვები და სამრეკლოს ფანჩატური, ეკლესია გადაიხურა თუნუქით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]