შინაარსზე გადასვლა

სამრეკლოს წმინდა ელიას სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამრეკლოს წმინდა ელიას სამლოცველო, ელიას მონასტერი — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, სოფელ სამრეკლოს მახლობლად, ელიას მთაზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. სავარაუდოდ, დაარსდა XI საუკუნის შემდეგ, არაუგვიანეს IX საუკუნისა. სამლოცველოს დაფუძნება დაკავშირებული უნდა იყოს წმინდა ასურელი მამის სტეფანე ხირსელის მიერ დაარსებულ მონასტერთან.

ძეგლის შესახებ ცნობას გვაწვდის ალექსანდრე დიუმა, რომლის თანახმად, მთის შუაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მაცხოვრებლები. გადმოცემით ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მოჰქონდა და რომ მან საკუთარი წამოსასხამი თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა.

სამლოცველოს თავდაპირველი ნაგებობებისგან არაფერია შემორჩენილი, ისინი შესაძლოა მთლიანად მოქცეული ყოფილიყო ბუნებრივ მღვიმეში, რომელიც იმ დროისთვის უფრო დიდი და საცხოვრებლადაც უფრო ვარგისი იყო. ის, რაც დღემდე შემორჩა ძეგლის მეორედ აღორძინების პერიოდის — XVI საუკუნის უნდა იყოს, როცა კახთა მეფის ალექსანდრე II-ის დროს კომპლექსი ფაქტობრივად ხელახლა აშენდა. 1616 წელს კახეთის აოხრებისას, სამლოცველო დაანგრიეს. აქ შემორჩენილი მთელი ქვევრები XVI საუკუნის მონასტრის უეცარი გაუკაცრიელების ნიშანია. სამლოცველო მესამედ ერეკლე II-ის დროს აღორძინდა. ძეგლი იმ დროისთვის უკვე საფუძვლიანად დანგრეული ყოფილა. აღარ ამოქმედებულა მარანიც. XIX საუკუნეში სამლოცველო პასიურად, მაგრამ მაინც მოქმედებდა. სავარაუდოდ,ამ დროს აღუმართავთ რუსებს მთის თხემზე არსებული რკინის ჯვარი. XX საუკუნეში გასაბჭოებული საქართველოს დროს, ძეგლი კვლავ განადგურდა. დარბაზული ეკლესიის კედლები შემორჩენილი იყო 0,5 – 0,6 სმ-ის სიმაღლეზე. შენობა სამხრეთის მხრიდან იმეორებდა რელიეფის კონფიგურაციას, სამხრეთ-დასავლეთ მხარე კი მომრგვალებული ჰქონდა. ნაგები იყო ნატეხი ქვის ცუდად დამუშავებული კვადრებით კირის ხსნარზე. ზოგან გამოყენებული იყო აგურიც. ეკლესიის შიდა სივრცე ვიწრო უნდა ყოფილიყო, აღმოსავლეთით დასრულებული ღრმა, ნახევარწრიული აფსიდით, რომლის გარეთ, სამხრეთ კედელზე, ფართო ოთხკუთხა ნიშა იყო მოწყობილი. 2004-2006 წლებში მამა ნიკოლოზის (ლომსაძის) და ბოდბელი ეპისკოპოსის — მეუფე დავითის თაოსნობით, ტაძარი მთლიანად აღადგინეს, რასაც წინ უსწრებდა არქეოლოგიური სამუშაოები (ხელმძღვანელი ი. გაგოშიძე). გათხრებმა ნათელი მოჰფინა ნაგებობის ქრონოლოგიასა და ძეგლის ისტორიას.