სამოციანელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამოციანელები, XIX საუკუნის 60-იანი წლების ქართული ლიტერატურულ-საზოგადოებრივი დაჯგუფება. სამოციანელების უმრავლესობას უმაღლესი განათლება რუსეთსა და ევროპის სასწავლებლებში ჰქონდა მიღებული. ისინი საფუძვლიანად იცნობდნენ რუსეთის რევოლიციურ-დემოკრატიულ აზროვნებას, ევროპის ქვეყნების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას, რამაც ხელი შეუწყო სამოციანელების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ შეხედულებათა და ლიტერატურულ-ესთეტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებას. პირველ ხანებში ისინი თანამშრომლობდნენ ჟურნალ „ცისკარში“, 1863 წლიდან ილია ჭავჭავაძის მეთაურობით — „საქართველოს მოამბეში“ (პ. ნაკაშიძე, ა. და გ. წერეთლები, ნ. ნიკოლაძე, დ. და მ. ყიფიანები, ს. აბაშიძე, კ. ლორთქიფანიძე, ვ. თულაშვილი, ა. ფურცელაძე, პ. უმიკაშვილი და სხვები). სამოციანელები ემსახურებოდნენ რეალისტური ლიტერატურის დამკვიდრებას, იბრძოდნენ ხელოვნების და მწერლობის დემოკრატიზაციისათვის. მათ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, რაც ემყარებოდა დებულებას — „ხალხია ენის კანონების დამდები“ (ი. ჭავჭავაძე). სამოციანელებმა ქართულ ლიტერატურაში დაამკვიდრეს კრიტიკული რეალიზმი, ხელი შეუწყვეს ბევრი ეროვნულ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ორგანიზაციის შექმნას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]